სახელმწიფოს იმედად მყოფი ქართველი მეღვინეები

ლევან ასათიანი

ფინანსურმა რეცესიამ ღვინის ბაზარსაც დაატყო მომჭირნე ხელი, მსოფლიოში ღვინის ფასი მნიშვნელოვნად გაიაფდა და, როგორც ამბობენ, ყველაზე იაფიანი ფრანგული ღვინის რეალიზაციაც კი შემცირდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ქართული კომპანიების უმრავლესობას შარშან ნაწარმის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეწარმეები ალტერნატიული ბაზრების ძიებას სახელმწიფოსთან ერთად თუ დამოუკიდებლად კვლავ განაგრძობენ, სიტუაცია რთულია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2009 წელს, 11 თვის განმავლობაში ქართული ღვინო ექსპორტზე 46 ქვეყანაში გაიგზავნა. პროდუქციის დიდი ნაწილი უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ამერიკაში, პოლონეთში, ლატვიაში, გერმანიასა და ისრაელში გავიდა.
2009 წელს ღვინის ექსპორტი 2008 წელთან შედარებით 10%-ით შემცირდა. 2008 წელს საზღვარგარეთ 12 მლნ. 192 ათას 475 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, 2009 წელს ექსპორტი 1 მლნ. 224 ათას 314 ბოთლით შემცირდა და 10 მლნ. 968 ათას 161 ბოთლი შეადგინა. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ქართული ღვინის მთავარ სამიზნე ბაზარზე. 2009 წელს 2008 წელთან შედარებით, ექსპორტი უკრაინაში 32%-ითაა შემცირებული. 2009 წელს უკრაინაში 4 მლნ. 573 ათას 461 ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2008 წელს 6 მლნ. 747 ათას 668 ბოთლს აღწევდა. საგრძნობლად შემცირდა ექსპორტი ამერიკაში. 2008 წელს აშშ-ში 460 690 ბოთლი ღვინო გავიდა, 2009 წელს კი იქ ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ 369 832 ბოთლი შეადგინა. ღვინის ექსპორტი შემცირდა ლატვიაშიც, სადაც 2008 წლის 11 თვის განმავლობაში 813 089 ბოთლი ღვინო გავიდა, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ – 348 974 ბოთლი. მოხდა რამდენიმე ბაზრის სრულიად დაკარგვაც: კამბოჯის, კოტ დივუარისა და თურქმენეთის სახით.
არსებობს რამდენიმე დამაიმედებელი ტენდენციაც. 2009 წელს ღვინის ექსპორტისთვის ახალი ბაზრების მოძიება მოხერხდა. შარშან ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა დანიაში, ლუქსემბურგსა და უზბეკეთში. ექსპორტმა მოიმატა ყაზახეთში. 2008 წელს ყაზახეთში 965 420 ბოთლი ღვინო გაიგზავნა, 2009 წელს კი – 1 593 820 ბოთლი. ასევე იმატა ღვინის ექსპორტმა ბელორუსიაშიც. შარშან იქ 908 731 ბოთლი ღვინო გავიდა, გასული წლის 11 თვის მონაცემებით კი – 1 091 565 ბოთლი.
მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკილისი შემთხვევებია და ზოგადი ტენდენცია არცთუ სახარბიელოა. როგორც ექპერტები ხშირად აღნიშნავენ, რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემდეგ, ქართული ღვინის მწარმოებლები ორი ძირითადი პრობლემის წინაშე დადგნენ: ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვა-განხორციელება და მოგების მარჟის ოპტიმიზაცია საერთაშორისო ბაზარზე.
ღვინის ხარისხი
სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ღვინის მწარმოებელი კომპანია “მარანი ხეცურიანის” დამფუძნებელი, შალვა ხეცურიანი ღვინის ექსპორტის შემცირებას ქართული ღვინის ფალსიფიკაციის მაღალ დონეს უკავშირებს. ხეცურიანი მიიჩნევს, რომ დიდი ფალსიფიკაცია განსაკუთრებით დსთ-ის ქვეყნებში ფიქსირდება. მისი აზრით, მდგომარეობა თამაშის წესებისა და კანონმდებლობის დარეგულირების შემდეგ გამოსწორდება. “მნიშვნელოვანია ის, რომ განისაზღვროს ადგილწარმოშობების საზღვრები, ანუ ის, თუ რა ტიპის ღვინო უნდა იყოს ნაწრმოები ამა თუ იმ ადგილწარმოშობის ყურძნიდან. ასევე, დადგინდეს, თუ ვინ და რა ტექნოლოგიებით უნდა აწარმოოს ღვინო. არ შეიძლება ღვინოს ეწეროს “მუკუზანი” და ის საერთოდ არ იყოს ნაწარმოები მუკუზანისაგან, არამედ – ალაზნის ველის სხვადასხვა ადგილზე მოწეული ყურძნისაგან”, – აცხადებს სომელიეთა ასოციაციის ხელმღძვანელი პრესასთან საუბრისას.
რთული სათქმელია, რამდენად იცვლება თამაშის წესები და რეგულაციები ქვეყნის შიგნით ღვინის ხარისხის ამაღლებისათვის, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის ფალსიფიკაციისაგან დასაცავად უკვე ტარდება ღონისძიებები. საქართველოში დაცულ “ხვანჭკარას””, “თელიანს””, “ქინძმარაულსა” და კიდევ სხვა 18 დასახელების ღვინოს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთაღიარების შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, დაცვა ევროკავშირის ქვეყნებშიც მიენიჭება. “საქპატენტის” გენერალური დირექტორი, ირაკლი ღვალაძე აცხადებს, რომ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ღვინოების ჩამონათვალს სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებიც დაემატება. “როდესაც საუბარია, რომ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია ხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს პროდუქტს გარკვეული მომხმარებელი ჰყავს და აქვს თავისი ნიშა. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი ბევრი გვქონდა. სინამდვილეში, ამ ფალისიფიცირებულ ნაწარმს ქართულ ღვინოსთან საერთო არაფერი აქვს. ევროკავშირთან შეთანხმება საშუალებას მოგვცემს, რომ ქართული ბრენდები დავიცვათ, რაც, გარკვეულწილად, პროდუქციის ექსპორტსაც გააუმჯობესებს” – აღნიშნავს ღვალაძე.
ღვინის ფასი
ახალ საექსპორტო გზებზე გადამისამართებული ქართული მეღვინეობა ახალი გამოწვევის წინაშე დგას: გლობალურმა საფინანსო კრიზისმა მომხმარებელთა ქცევა ძირფესვიანად შეცვალა. ქართული ღვინის ექსპორტის შემცირების ერთ-ერთ ფაქტორად ისიც სახელდება, რომ ის საზღვარგარეთის ქვეყნებში საკმაოდ ძვირია და მაღალი ფასის გამო, ჩილესა და არგენტინის ღვინოებს კონკურენციას ვერ უწევს.
ფინანსურმა რეცესიამ თამაშის წესები ბაზრის ყველა სეგმენტში შეცვალა. გამონაკლისი არც ღვინის მსოფლიო ბაზარია. დიდ ბრიტანეთში, ქვეყანაში, რომელიც ღვინის და ღვინით ვაჭრობის მოდის თანამედროვე ტენდენციებს განსაზღვრავს, ღვინოზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, რასაც ფასების კლებაც მოჰყვა. პროდუქცია, ძირითადად, სამხრეთ ამერიკელმა და აფრიკელმა მეწარმეებმა გააიაფეს.
მას შემდეგ, რაც ფრანგული ღვინის (რომლის მინიმალური ფასი 6 ევროდან იწყებოდა) რეალიზაცია თითქმის ჩავარდა, ფრანგმა მეღვინეებმა მსოფლიო ფინანსურ კრიზისს თვალი გაუსწორეს და საკუთარი ნაწარმის ფასი გაანახევრეს.
მომხმარებელთა მსყიდველობითი უნარის შემცირებას საკუთარ ნაწარმზე საქართველოში ფასდაკლებით მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ უპასუხა. “ბადაგონმა”” ქართველი მომხმარებლისთვის “ახაშენის””, “ფიროსმანის””, “დიდროანის””, “ვაზისუბანის””, “ალაზნისველის”” (წითელი), “ალაზნისველის”” (თეთრი) და შუშხუნა ღვინო “პროსეკოს”” ფასი თითქმის გაანახევრა. ქართველ მომხმარებელს აქცია “თბილღვინომაც” შესთავაზა: ის, ვინც 12 ბოთლ ღვინოს იყიდის, სამს საჩუქრად მიიღებს. კომპანიამ საექსპორტო ბაზრისთვის განსხვავებული სტრატეგია შეარჩია და ყველა სახის ღვინო 5-12%-ით გააიაფა.
მაგრამ, როგორც ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, ევროპაში ექსპორტირებულ ქართულ ღვინოზე იმდენად მაღალია მოგების მარჟა, რომ იტალიურ და ფრანგულ ანალოგებს კონკურენციას ვერ ვუწევთ. შედარებისათვის, საფრანგესთა და იტალიაში მასობრივად წარმოებული ღვინის ფასი 2,5-3 ევროა, მაშინ, როდესაც ქართველი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის საბითუმო ფასი, ადგილობრივ ბაზარზე 5 დოლარია. ანუ, ამ მხრივ, ქართული ღვინო არაკონკურენტუნარია, თუკი თავად მეწარმეებმა კარდინალურად არ შეცვალეს მიდგომა ფასწარმოქმნის მექანიზმებთან დაკავშირებით. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი სიტუაცია დროულად არ შეიცვლება და მოგების მარჟა არ შემცირდება, მაშინ ქართული ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო შემცირდება.
გაყიდვების თვალსაზრისით, ღვინის ქართულ კომპანიებში მდგომარეობა არაერთგვაროვანია. ზოგი მათგანი წინა წლის შედეგებს მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს, ზოგიერთი პირიქით, უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება დიდი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა.
კომპანიამ “თელიანი ველი”” გასული წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასულ წელს მან დაახლოებით 2 მილიონი დოლარის პროდუქცია გაყიდა. 2008 წელთან შედარებით, 2009 წელს კომპანიის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა. 2009 წლის განმავლობაში საქართველოში ბოთლის ღვინის შიდა ბაზარი მთლიანობაში შემცირდა, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ შეინარჩუნეს თავისი ადგილი და ისევ აკონტროლებს ქართული ღვინის ბაზრის დაახლოებით 45%-ს. ბაზრის შემცირებამ კომპანიის საშინაო შემოსავლის 24%-ით შემცირება გამოიწვია, რაც კომპენსირებული იყო უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის გაზრდით. “ბუნებრივია, ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნება. ამიტომაც კომპანია ექსპორტს ახორციელებს 25-ზე მეტ ქვეყანაში: ბელორუსია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ფინეთი, ამერიკა, სინგაპური, თურქეთი და სხვა ქვეყნები. განსხვავებულია შეკვეთილი პროდუქციის სახეობებიც, თუმცა, ძირითადად, ეს არის წითელი და თეთრი ღვინო. მთლიანობაში, შარშან გაყიდვების დონე არ შეცვლილა”” – აცხადებენ კომპანიაში.
საკუთარი პროდუქციის გასაღება ძნელი აღმოჩნდა “საქართველოს ღვინოებისთვის””. კომპანიას გაყიდვები, ფაქტობრივად, ჩაუვარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი ადგილობრივ ბაზარზე არ მუშაობენ და მათთვის ძირითადი ბაზარი არის უკრაინა, ღვინოები ექსპორტზე ასევე გააქვთ გერმანიაში, ყაზახეთში, ამერიკაში, მაგრამ მთავარი მაინც უკრაინაა. “გამომდინარე იქიდან, რომ შარშან მსოფლიოში ფინანსური კრიზისი იყო, 2009 წელი კომპანიისთვის ნამდვილად არ აღმოჩნდა კარგი, წლეულს მხოლოდ 130-140 ათას ბოთლამდე გავიტანეთ. უნდა გითხრათ, რომ 2009 წელი (2006 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა) პირველი ცუდი წელი იყო. 2009 წელს 2007-სა და 2008 წელთან შედარებით, ჩვენი გაყიდვები საკმაოდ დაეცა. იმედი გვაქვს, რომ წელს ყველაფერი კარგად იქნება”” – აცხადებენ კომპანაში.
კომპანია “თელავის ღვინის მარანმა”” 2009 წლის 10 თვის განმავლობაში 15 ქვეყნის ბაზარზე მილიონ 100 ათასი ბოთლი ღვინო გაიტანა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია. ამას კომპანიაში კრიზისის გავლენით ხსნიან. კრიზისის მიუხედავად, 2010 წელს”თელავის ღვინის მარანი””გაყიდვების 30%-იან ზრდას გეგმავს.
რაც შეეხება კომპანია “თბილღვინოს””, მან 2009 წელს ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყანაში განახორციელა, მათ შორის იყო ახალი ბაზრები: უზბეკეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ირლანდია. ლევან შოთაშვილი, “თბილღვინოს” ექსპორტ-მენეჯერი: “2009 წელს კომპანიამ მოახდნია 1,3 მლნ ბოთლის რეალიზაცია. მათგან 90% გაიყიდა უცხოეთში, 10% – საქართველოში. მოლაპარაკებები გვქონდა ფინეთთან და ჩინეთთან ექსპორტის გაზრდის თაობაზე და წარმატებას მივაღწიეთ””. “თბილღვინოს”” პროდუქციის ყველზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებია: ყაზახეთი, ლიტვა, უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი და პოლონეთი.
იაპონიის ბაზარზე გააქვს ტრადიციულად დაყენებული ღვინოები კომპანია “ნაფარეულ – ძველ მარანს””. როგორც “ნაფარეული – ძველი მარნის”” დირექტორი, გელა გამტკიცულაშვილი აცხადებს: “ძველ მარანში ღვინო, ძირითადად, ტრადიციული წესით, ქვევრებში მზადდება და შემდეგ მინისა და პოლიეთილენის ბოთლებში ისხმება. ქვევრში დაყენებული ღვინით 2009 წელს იაპონელი ბიზნესმენი დაინტერესდა, რომელმაც კახური ღვინო “ტევანი”” იაპონიის ბაზარზე გაიტანა. ამ ეტაპზე, 500 ბოთლი ღვინოა გატანილი. იაპონიის მხარე ადგილობრივი ტელევიზიის და პრესის საშუალებით ქართულ ღვინოს პოპულარიზაციასაც უწევს. ქსპერტებმა დაადგინეს, რომ ქვევრში დაყენებული ღვინო უნიკალურია. გაზაფხულიდან ჩვენი ღვინო ექსპორტზე ლატვიაში გავა, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ ბიზნესმენებთან, რომელთაც ჩვენი ღვინის გატანა ამერიკის ბაზარზე უნდათ”. ძველი მარანი” წელიწადში 100 ტონამდე ღვინოს აწარმოებს. პროდუქციის ძირითადი ნაწილი სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.
როგორც ღვინის ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, არაპოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტად ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყნის ნაკლები ცნოდობა და ასევე, ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქტების კონკურენცია. ამ სიტუაციიდან ერთ-ერთ გამოსავლად სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა ხეცურიანი ქვეყნის მიერ ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის წარმოებაში ხედავს: “ერთობლივი მარკეტინგის წარმოება სახელმწიფომ უნდა დაიწყოს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ერთი და იმავეს ვამბობ, რომ სახელმწიფომ ინიციატივა თავის თავზე უნდა აიღოს. ამასვე იზიარებენ სხვა ღვინის მწარმოებლებიც, მაგრამ გამგონი არ არის, ქვეყნის ერთიან მარკეტინგში წამყვანი როლი სახელმწიფოს ეკისრება. ღვინო არის ქვეყნის სიმდიდრე და მის კეთილდღეობაზე და პოპულარიზაციაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს. თუმცა, პოპულარიზაცია მარტო რეკლამებით არ შემოიფარგლება. ექსპორტის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია, ასევე, არასწორი მარკეტინგული კამპანიის წარმოება სამიზნე ბაზრებზე”.
რამდენად შეძლებენ ქართველი ღვინის მწარმოებლები და სახელემწიფო უწყებები ერთობლივად, მეზობელი ქვეყნის ემბარგოსა და მიმდინარე გლობალური ეკონომიკური რეცესიის ადექვატური ანტიკრიზისული გეგმის დასახვა-შესრულებას, ამას განახლებული სტატისტიკური მონაცემები რამდენიმე თვეში გამოაჩენს.