ქართული წიაღისეული საბადოები ინვესტიციების მოლოდინში

თათა თორია

რუსეთის ბლოკადა საქართველოს მიმართ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. ყველას სურს საქართველოს დახმარება, განსაკუთრებით ახალი ბაზრების მოპოვებისა და ინვესტიციის მოზიდვის საქმეში,Mმაგრამ როცა ვესაუბრებით უცხოელ პოლიტიკოსებსა თუ ბიზნესწრეებს, ვრწმუნდებით, რომ მათ არა აქვთ წარმოდგენა საქართველოს ბუნებრივ, წიაღისეულ თუ ადამიანურ რესურსებზე, რომელიც იქნება ინვესტიციების მიზანი, საქართველოში ბიზნესის კეთების ობიექტი და საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია.

რუსეთის ბაზარს საქართველომ ალტერნატივა არა მარტო ბაზრის კუთხით უნდა მოუნახოს ემბარგოში მოხვედრილ საქონელზე, მაგალითად ღვინოზე, ხილზე და მინერალურ წყლებზე, არამედ ექსპორტის სასაქონლო ანატომიაც უნდა შეიცვალოს და გაფართოვდეს მისი კალათის შემადგენელი ნაწილები.
არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი” აგრძელებს დისკუსიას საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე და ჩვენი უცხოელი მეგობრების თხოვნით გთავაზობთ დისკუსიას საქართველოს რესურსებზე და ინვესტორის გიდს.

მისათვის, რომ გაგვეგო ბოლო მონაცემებით მინერალური რესურსების რა პოტენციალს ფლობს საქართველო, ვესაუბრეთ კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მეცნიერს, საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, “საქართველოს მინერალურ-რესურსული პოლიტიკის კონცეფციის” ერთ-ერთ ავტორს და რედაქტორს, გეოლოგ ვაჟა ბუაძეს.
მითითებულ კონცეფციაზე დაყრდნობით და ბატონი ვაჟას განცხადებით, საქართველოს განვითარების ფართო პერსპექტივების მქონე წიაღისეულ-რესურსული ბაზა გააჩნია. ქვეყანა სასარგებლო წიაღისეულის 70-ზე მეტი სახეობის 450-ზე მეტ საბადოს ფლობს. წიაღისეულ-მარაგების სახეობები საქართველოში შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:
1. წიაღისეული, გამიზნული სათბობ-ენერგეტიკული დარგის განვითარებისთვის. ესენია: ნავთობი, ნახშირები, მათი თანმხლები საწვავი გაზი, და თერმული წყლები.
საქართველოს ნახშირების სამი საბადოდან (ტყიბული-შაორი, ტყვარჩელი, ახალციხე) ყურადღება ძირითადად ეთმობა ტყიბული-შაორის საბადოს, რომელიც სამრეწველო მარაგების ოდენობით 350 მლნ. ტონა და წიაღისეულის ხარისხით ნახშირის მრეწველობის განვითარების ბაზას წარმოადგენს. ტყიბული-შაორის საბადოს მნიშვნელოვანი პერსპექტივა გააჩნია ნახშირების თანმხლები გაზის მარაგების მოპოვების თვალსაზრისით.
თერმული წყლების საორიენტაციო პროგნოზული რესურსი 250-300 მლნ. კუბურ მეტრს შეადგენს წელიწადში, ხოლო დათვლილი და დამტკიცებული მარაგი 90 000 მ3-ს. საქართველოში გეოთერმული რესურსებიდან დღეისათვის საექსპლუატაციოდ უკეთაა მომზადებული თბილისისა და ზუგდიდის საბადოები. ზუგდიდის საბადოზე გაბურღული 25 ჭაბურღილი ჯამურად იძლევა 30 000 მ3/დღ. 85 – 1000 ტემპერატურის წყალს.
2. წიაღისეული – შავი მეტალურგიის განვითარებისთვის. აქ იგულისხმება მანგანუმი და რკინა. საქართველოში მანგანუმის მრეწველობის ბაზას ჭიათურის საბადო წარმოადგენს. მანგანუმის მადნების სამრეწველო მარაგები მთლიანობაში 210 მლნ. ტონას შეადგენს. რაც შეეხება რკინას, ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებულია სხვადასხვა დონეზე შესწავლილი რკინის მცირე მასშტაბის საბადოები – ფოლადაურის, ძამის, შროშა-უბისის, შავი ზღვისპირეთის და სხვა.
3. წიაღისეული კეთილშობილი მეტალების მომპოვებელი მრეწველობისა და ფერადი მეტალურგიის განვითარებისთვის. აქ საუბარია, ოქროს რესურსების ბაზის გაფართოების პერსპექტივებზე; ვერცხლის, სპილენძის, ტყვიის, თუთიის, ალუმინის მეტალურგიის განვითარებაზე; ზესუფთა დარიშხანის მიღების და სტიბიუმის წარმოების განვითარებაზე; ფერადი მეტალურგიის სხვა ასპექტებზე. თუმცა პრიორიტეტული დარგებიდან, პირველ რიგში, წინა პლანზე უნდა წამოიწიოს საქართველოს ტერიტორიის პერსპექტივებმა ოქროს ახალი საბადოების გამოვლენასთან მიმართებაში. ბატონი ვაჟას განცხადებით, ქვეყნის გეოლოგიური სტრუქურები ფართოდაა სპეციალიზირებული ოქროზე, თუმცა ოქროს სამრეწველო მარაგების მასშტაბურობით საქართველო ჯერჯერობით ვერ დაიკვეხნის.
ოქროს სამრეწველო მარაგები (45,5 ტონა) დათვლილია მხოლოდ ბოლნისის მადნიან რაიონში. აქ ლითონის მოპოვება კაზრეთის მომპოვებელი საწარმოს ბაზაზე წარმოებს. სხვა რეგიონებში ოქროს საბადოების მოძიების პროცესი არ არის იმ დონემდე აყვანილი, რომ ოქროს ნედლეულის ბაზა ჩამოყალიბდეს.
ეს პრობლემა მეტად აქტუალურია და ამავე დროს მოგვარებადი. თუმცა, ბატონი ვაჟას განცხადებით, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი სახელმწიფო დონეზე. საქმე იმაშია, რომ საქართველო დღემდე არ ფლობს ტრადიციებს ოქროს საბადოების ძებნა-პროგნოზირების სფეროში. ეს ხარვეზი რამდენადმე შეივსო კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მიერ, სადაც ბოლო წლებში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ბაზაზე შემუშავდა ოქროს ახალი საბადოების ძებნისა და პროგნოზირების მეთოდოლოგია. ხელისუფლების მხრიდან მხადაჭერის შემთხვევაში, საქართველოში, კონკრეტულად კი ზემო რაჭაში, გურიაში, აჭარის რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, კახეთის რაიონში და ქვემო ქართლის მთელ ფართობზე შეიძლება აღმოჩენილ იქნას ოქროს მნიშვნელოვანი მარაგები და შეიქმნას ოქროს მომპოვებელი მრეწველობა. მაგრამ არსებობს დაბრკოლება: სრული ციკლით არ არის დამთავრებული გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები, ინვესტორი კი ითხოვს ობიექტების საინვესტიციო მიმზიდველობის გარანტიების გამოკვეთას.
კეთილშობილი და ფერადი მეტალების საბადოების პროგნოზირების, ძებნის და დაძიების (სპეციალიზირებული რუკების შედგენით, ძვირადღირებული სამთო და ბურღვითი სამუშაოების ჩატარებით, გეოფიზიკური და გეოქიმიური კვლევებით და სხვა.) სრული ციკლის დასასრულებლად, ბატონი ვაჟას თქმით, 300-400 მილიონი დოლარია საჭირო, რისი გაღებაც ბიუჯეტიდან არარეალურად უნდა იქნეს მიჩნეული. თუმცა ის სხვა ორიენტირს გამოკვეთს. ესაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოქროზე და ფერად მეტალებზე ობიექტებისა და პერსპექტიული ტერიტორიების საინვესტიციო მიმზიდველობის წარმოჩენა, რათა ინვესტორებს მიეცეთ გარანტია ქვეყანაში ინვესტიციების დასაბანდებლად. ამ ამოცანის გადასაჭრელად 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი დოლარის გაღებაა აუცილებელი
რაც შეეხება სპილენძს, დაძიებულ მარაგებზე დაყრდნობით, სათანადო ბაზას ქმნიან მადნეულის და წითელსოფლის სპილენძის საბადოები. მთლიანი ქვეყნის მასშტაბით სპილენძის დაძიებული მარაგების ოდენობა 800 000 ტონამდეა. ეს მოცულობა და მასთან ერთად მარაგების ტერიტორიული განთავსება ვერ წარმოაჩენს სპილენძის მეტალურგიის განვითარებისთვის აუცილებელ ბაზას. მისი სრულყოფა ოქროს სანედლეულო ბაზის სრულყოფის სინქრონულად უნდა მოხდეს.
ტყვიისა და თუთიის საბადოების რესურსულ ბაზას კვაისის კვანძი წარმოადგენს. მადნების დაძიებული მარაგები აქ 5278000 ტონას შეადგენს. მათში ტყვია – 83 400ტონა, თუთია – 229 500 ტონა, ხოლო ვერცხლი 64,4 ტონაა.
ასევე საყურადღებოა მეტალური სტიბიუმის მიღებისთვის აუცილებელი სანედლეულო ბაზა (ზოფხითის საბადო ზემო რაჭაში).
5. საქართველოში მნიშვნელოვანია ზესუფთა დარიშხანის წარმოებისთვის და მის ბაზაზე ნახევარგამტარების წარმოებისთვის აუცილებელი რესურსული ბაზა. ესაა ლუხუმის საბადო ზემო რაჭაში და ცანის, ქვემო სვანეთში. სტიბიუმის მარაგები კი 41,1 ათასი ტონის ოდენობითაა დათვლილი ზოფხითის საბადოზე, ზემო სვანეთში.
6. წიაღისეული სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებისთვის. სათანადო ბაზა წარმოდგენილია მოსაპირკეთებელი და საკედლე ქვებით, სააგურე და საკრამიტე თიხებით, ინერტული მასალებით ბეტონის წარმოებისთვის, წიაღისეულით ცემენტის საწარმოებლად და ა.შ.
მოსაპირკეთებელი ქვები წარმოდგენილია სხვადასხვა დონეზე შესწავლილი 65 საბადოთი. რომელთა ჯამური სამრეწველო მარაგი 155 308 მ3ს შეადგენს. 45 საბადოთია წარმოდგენილი სააგურე და საკრამიტე თიხები. წიაღისეულის ჯამური მარაგი 98,6 მლნ. მ3-ია.
საყურადღებოა ბეტონის მსუბუქ შემავსებელთა მარაგები: განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარავნის მაღალხარისხოვანი პერლიტის საბადო, სადაც დაძიებული მარაგები – 13, 5 მლნ. ტონას შეადგენს; ბეტონის მსუბუქი შემავსებლების რანგში გადის აგრეთვე ვულკანური წიდა. დღეისათვის ამ წიაღისეულის 16 საბადოა ცნობილი, ჯამური მარაგით -189,9 მლნ.მ3. ეს მოცულობა აკმაყოფილებს სამშენებლო ინდუსტრიის მოთხოვნილებებს განუსაზღვრელი ვადით. ბეტონის შემავსებლების კატეგორიას მიეკუთვნება, აგრეთვე, ღორღი ბუნებრივი ქვისგან. ამ უკანასკნელის ბაზას ქმნიან კირქვებისა და ქვიშაქვების საბადოები. დღეისათვის დაძიებულია 14 ასეთი საბადო, რომელთა ჯამური მარაგი 196 მლნ.მ3-ია.
სამშენებლო ინდუსტრიაში მნიშვნელოვან პოზიციას იჭერს ფურცლოვანი (საფანჯრე) მინის წარმოება. ამ დარგის განვითარებისთვის სანედლეულო ბაზას წარმოადგენს ბაჯითის კვარცის ქვიშების საბადო საჩხერის რაიონში. დაძიებული მარაგი აქ 6,5 მლნ. ტონას შეადგენს.
საშენ მასალათა წარმოების ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვან პოზიციას იჭერს სამშენებლო კირის წარმოება. დღეისათვის საქართველოში აღრიცხულია საკირე კირქვების 26 საბადო, რომელთა ჯამური მარაგი – 15026 ტონაა.
ცემენტის წარმოება საქართველოში წარმოდგენილია ცემენტის 2 ქარხნის – კასპისა და რუსთავის ფუნქციონირებით. კასპის ცემენტის ქარხნის სარეზერვო ბაზას კირქვებზე, კავთისხევისა (363 მლნ.ტონა) და სასხორის (143,6 მლნ.ტონა) საბადოები წარმოადგენენ, ხოლო სარეზერვო ბაზას საცემენტე თიხებზე კავთისხევისა და კასპის საბადოები (60,7 მლნ. ტონა) ქმნიან.
ცემენტის წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტის – თაბაშირის 5 საბადოა საქართველოში ცნობილი. მათი ჯამური მარაგი – 16,4 მლნ. ტონაა.
სამშენებლო სფეროს განეკუთვნება ახალი დარგი – პეტრურგია. ბაზალტის ლღობის სფერო, რომელიც მიმართულია ბაზალტის მინისა და ბოჭკოს დამზადებაზე. ნალღობი ბაზალტიდან ნავთობსადენი, გაზსადენი თუ წყალსადენების წარმოებაზე. ბაზალტის გავრცელებით განსაკუთრებით გამოირჩევიან ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეები.
7. ნედლეული მინის წარმოებისთვის. ამ სფეროში საქართველოს გააჩნია მარაგების დიდი რაოდენობა, კონკრეტულად, ბოლნისის რაიონში.
8. აღსანიშნავია მარაგების არსებობა კერამიკის წარმოებისთვის. სათანადო ნედლეულის ბაზას ქმნიან ტრაქტიტები (ციხისუბნის საბადო გურიის მხარეში); ფაიფურის ქვა (ბექთაქარის და ბოლნისის საბადოები ქვემო ქართლის მხარეში); პეგმატიტები (შროშის საბადო იმერეთის მხარეში); გრანიტები (იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეებში).
9. საქართველოს სერიოზული განაცხადი აქვს გაკეთებული ქიმიური მრეწველობის განვითარების საქმეში. კერძოდ, ლითოფონის ქარხნის ბაზაზე (ქუთაისი) ქიმიური მრეწველობის ახალი ცენტრის ფორმირების დიდი პერსრექტივა არსებობს. აქ ორიენტაცია კეთდება საყოფაცხოვრებო ქიმიის განვითარებაზე.
ქიმიური მრეწველობის განვითარებისთვის ქვეყანაში მასშტაბურია ბენტონიტური თიხების, ცეოლითების, პერლიტების ბაზა. კერძოდ, ცნობილია გუმბრისა და კუმისთავის საბადოები იმერეთში; ასკანის, მთისპირის და ვანისქედის საბადოები გურიაში; კაკაბეთის საბადო კახეთში.
10. მნიშვნელოვანია ბარიტის მომპოვებელი მრეწველობის განვითარებისთვის აუცილებელი ბაზა. (ის წარმოდგენილია დავით-გარეჯის და მადნეულის საბადოებით ქვემო ქართლში; ხაიშის საბადოთი სამეგრელო-ზემო სვანეთში; ჩორდის საბადოთი რაჭაში; მექვენის და რცხილათის საბადოებით იმერეთში); ფართოა კვების მრეწველობის განვითარებისთვის აუცილებელი ბაზა. ის აერთიანებს დიატომიტებს (წარმოდგენილია ქისათიბის საბადოთი სამცხე-ჯავახეთში.) მისი სამრეწველო მარაგი 8 მლნ. ტონაზე მეტია; პერლიტებს (ფარავნის საბადო) სადაც წლიურად 12 ათას ტონა ნედლეულის მოიპოვება შეიძლება; კირქვებს (სათანადო რესურსულ ბაზას ქმნიან, შიდა ქართლში ბრილის და ქვემო ქართლში დედოფლისწყაროს საბადოები) და ა.შ.
11. საყოველთაოდაა ცნობილი საქართველოს პოტენციალი წყლის ინდუსტრიასთან მიმართებაში. (სასმელი მტკნარი, მინერალური და სამკურნალო წყლები.)
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მარაგი თითქმის 50 მილიონ კუბურ მეტრს დღ.ღ-ში აღწევს. მათგან 60% მოდის დას. საქართველოზე.
ქვეყანაში მინერალური წყლების 2000-მდე ბუნებრივი წყარო და ჭაბურღილია დაფიქსირებული.
12. წიაღისეულის ბევრი სახეობაა ორიენტირებული სოფლის-მეურნეობის განვითარებაზე, ნიადაგების გაკეთილშობილებაზე. ესენია, კირქვა, თაბაშირი, მურანახშირი და ბევრი სხვა.
13. საქართველოს ტერიტორიაზე მოიპოვება სანაკეთო და საიუველირო ქვები. თუმცა რესურსული ბაზა ჯერჯერობით ფართო სპექტრით არ გამოირჩევა. (იასპი, ოპალი, მთის ბროლი, ძოწი, აქატი, პერლიტი.)
საერთო ჯამში საქართველოს მინერალური ნედლეულის პოტენციალი (ღირებულება), ბატონი ვაჟას განცხადებით, 181,8 მილიარდი დოლარით ფასდება.
ზემოთ მოყვანილი მიმოხლვა საქართველოს მინერალური ნედლეულის ბაზის ფართო სპექტრს და ნედლეულის მომხმარებელი ბევრი კონიუნქტურული დარგის განვითარების შესაძლებლობას წარმოაჩენს. თუმცა აქვე უნდა გამოვყოთ ის პრობლემები, რომლებიც დღესდღეობით ამ სფეროში დგას. ბატონი ვაჟას თქმით, ესენია: ბაზის განვითარება-გაფართოება საერთაშორისო კონიუნქტურებიდან გამომდინარე; ობიექტებისა და ტერიტორიების საინვესტიციო მიმზიდველობის სრულყოფა; მკაცრად დასაბუთებული საინვესტიციო პოლიტიკის გატარება.
განსაკუთრებით საყურადღებოა საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტურობა. საინტერესოა, ამ მიმართულებით რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და ახლო მომავალში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ. ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით, ვესაუბრეთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების სამსახურის უფროსს – ბატონ ზვიად ჭეიშვილს.
ბატონი ზვიადის განცხადებით, ბუნებათსარგებლობის ხელშეწყობისთვის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. რეფორმა ამ სფეროში გასული წლის აგვისტოს თვეში დაიწყო. კონკრეტულად, საქართველოს გეოლოგიურ სამსხურში ჩამოყალიბდა სივრცული ინფორმაციის ცენტრი, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით შეკრებილ იქნა ინფორმაციები ქვეყანაში არსებული წიაღისეულ-რესურსების მარაგების შესახებ და განთავსდა სამინისტროს ვებ-გვერდზე. თუმცა, როგორც ბატონი ვაჟა ბუაძე აცხადებს, აღნიშნული საინფორმაციო ბაზა საქართველოს მინერალური რესურსების ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით შეიქმნა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით მიღებულია ახალი კანონი ლიცენზიების შესახებ, რომელიც თვისებრივად ლიცენზიის ახალ ტიპს წარმოადგენს და ჰქვია – სარგებლობის ლიცენზია. აღნიშნული კანონის მიღებამდე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე ლიცენზიის გაცემა კონკურსის სახით ხდებოდა, რაც სუსტი ადმინისტრირებისა და გაბერილი ბიუროკრატიის პირობებში კორუფციის წყაროს წარმოადგენდა. გართულებული იყო ლიცენზიის მიღების პროცედურები, რაც, ბუნებრივია, უამრავ დაბრკოლებას ქმნიდა და ამავდროულად დიდ დროსაც მოითხოვდა. ეკონომიკაში კი, მოგეხსენებათ, დრო ფულია, და რაც უფრო იწელება პროცედურა, მით უფრო ნელა ვითარდება ეკონომიკა. ამიტომ ეს მოთხოვნები გაუქმდა და დაწესდა აუქციონი. რეფორმის დადებითი მხარე ის არის, რომ ამ ფორმით გაცემული ლიცენზია გახდა ვაჭრობადი, გაყიდვადი ანუ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამა თუ იმ ბუნებრივი რესურსის მოპოვებაზე აღებული ლიცენზია მფლობელს შეუძლია დაყოს ნაწილებად, ნაწილი გაყიდოს, ნაწილი დააგირავოს, დააქირავოს და ა.შ. ფაქტობრივად, ლიცენზიამ ფასიანი ქაღალდის ფუნქციები შეიძინა. ეს მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ვინაიდან ეკონომიკურ აგენტს აძლევს სტიმულს, ლიცენზიები მოაქციოს საბაზრო ბრუნვაში.
რაც შეეხება ლიცენზიის მფლობელთა ვალდებულებებს სახელმწიფოს მიმართ: არსებობს მთელი რიგი ტექნიკური რეგლამენტები და მოთხოვნები. უფრო კონკრეტულად, ისინი მოვალენი არიან, არ გააფუჭონ ის წიაღისეული, რომლის სარგებლობაზეც ლიცენზიას მიიღებენ და არ დააზარალონ, საფრთხის წინაშე არ დააყენონ საზოგადოება. დანარჩენი კი რას გააკეთებს და როგორ, ეს მფლობელის საქმეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარემოს დაცვის ინსპექცია, მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც წელიწადში ერთხელ ამოწმებს ლიცენზიის მფლობელთა საქმიანობას. იმ შემთხვევაში, თუU ის არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, სახემწიფო შეუწყვეტს ხელშეკრულებას.
წიაღისეულის შესახებ ახალი კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის გაყიდვის უფლებასთან ერთად, ლიცენზიის მფლობელს პირობების სრულად დაცვის შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელების უფლება მიეცემა იმავე ვადით, რა ვადაც მითითებული იყო სალიცენზიო ხელშეკრულებაში. წიაღისეული, როგორც ბატონმა ზვიადმა აღნიშნა, იყოფა 2 ნაწილად – ამოწურვად და განახლებად წიაღისეულად. ვადების ავტომატურად გაგრძელება ეხება განახლებად წიაღისეულს. რაც შეეხება ამოწურვადს, პირს, რომელიც სალიცენზიო ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში ვერ მოახერხებს ამავე ხელშეკრულებაში აღნიშნული რესურსების მარაგის ამოღებას, ამ შემთხვევაში მას გაუგრძელდება სალიცენზიო ვადა. თუ, რა თქმა უნდა, რაიმე სერიოზული დარღვევა არ ექნება.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებასთან ერთად იგეგმება მიწის გაყიდვა. ამაში კონკრეტულად იგულისხმება: წიაღის შესახებ მოქმედ კანონში ჩადებული ნორმის თანახმად, წიაღისეულით მოსარგებლე ვალდებულია, სარგებლობის პერიოდის დასრულების შემდეგ მოახდინოს მიწის რეკულტივაცია (მიწის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა). ეს მოთხოვნა რეალურად ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან ხშირად არ სრულდებოდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. ამიტომაც, წიაღისეულის ლიცენზიასთან ერთად აუქციონზე მიწის იმ ფართობის გატანაც იგეგმება, რომელზეც საბადო მდებარეობს, ანუ მიწა გადავა კერძო საკუთრებაში. რის მოტივაციას ახდენს ამ ნაბიჯით სამინისტრო? პირი, რომლის საკუთრებაშიც იქნება მიწა, გააკეთილშობილებს და მის გამოყენებას ეცდება. რაც ბატონი ზვიადის აზრით, მნიშვნელოვანი მოტივაციაა. მისივე განცხადებით, უფრო და უფრო რეალური ხდება წიაღისეულის კერძო საკუთრებაში გადასვლის პერსპექტივები.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ინვესტიციების მოსაზიდად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. თავისი ინიციატივით ამზადებს მნიშვნელოვანი საბადოების პაკეტს და 2006 წლის ნოემბრის თვის ბოლოსთვის მის აუქციონზე გატანას გეგმავს. პარალელურად მუშავდება ელექტრონული ვერსიები ქართულ და ინგლისურ ენებზე საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ადგილობრივი დაწესებულებების დასაინტერესებლად და ინვესტიციების ნაკადის მოსაზიდად.
ზემოთ მოყვანილი მარაგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ წიაღისეულ-რესურსების შესწავლა-გამოყენებისკენ მიმართული ღონისძიებები ქვეყანაში უფრო ინტენსიურად წარიმართება. ამისთვის არსებობს ბაზა. თუმცა ჯერ კიდევ გადასაჭრელია მთელი რიგი პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად საჭიროა მიზანმიმართული შრომა, როგორც გეოლოგიური სამსახურისა და ინსტიტუტების, ისე ხელისუფლების მხრიდან, რათა დარგის განვითარება ქვეყნის საერთო ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდეს.