ევრობანკი რუსთავის მინი-საამქროსთვის 28 მილიონიან კრედიტს გამოყოფს

რედაქციისაგან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) კრედიტის სახით შპს “ქართულ ფოლადს” 28 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს რუსთავში მინი-ფოლადის საამქროს მშენებლობასა და ექსპლუატაციისთვის.

სრული სიმძლავრით ამოქმედებული საამქრო წელიწადში 180,000 ტონა პროდუქციას გამოუშვებს. საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების – სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანია აპირებს გამოუშვას სამშენებლო მრეწველობისათვის გამოსადეგი ფოლადის მილები. შპს “ქართულ ფოლადს” საამქროს ექსპლუატაციაში ჩაშვებიდან პირველ წელიწადს განზრახული აქვს 29,000 ტონა ფოლადის გამოშვება, რაც ფუნქციონირების მეოთხე წლისთვის 158,000 ტონამდე გაიზრდება.
ევრობანკის დაფინანსება შეწყვილებული “ა/ბ” სტრუქტურით გამოიყოფა, საიდანაც კრედიტის “ა” კომპონენტი – 14 მილიონი აშშ დოლარი, ევრობანკის საკუთარი რესურსებიდან გამოიყოფა, ხოლო “ბ” კომპონენტი – დანარჩენი 14 მილიონი დოლარი სინდიცირებული იქნება ინდოეთის სახელმწიფო ბანკთან.
შპს “ქართული ფოლადი” შექმნის მცირე ზომის, ეკონომიურ და მოქნილ ფოლადის საამქროს. კომპანია ისარგებლებს საქართველოს ბაზარზე არსებული ლითონის ჯართის მნიშვნელოვანი რესურსით. ის ნედლეულის მოწოდების საკითხებზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს ადგილობრივ კომპანიებთან.
შპს “ქართული ფოლადი” ერთობლივი საწარმოა, რომლის დამფუძნებელი-პარტნიორები არიან ფოლადის ბრიტანული სარეალიზაციო კომპანია “ჰარდიპ სინგხი” და ინდოეთის წამყვანი ფოლადის მწარმოებელი შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია – “GSW სტილი”. ეს უკანასკნელი ახლად შექმნილ კომპანიას შემატებს საკუთარ გამოცდილებას და ტექნიკურ ცოდნას, რათა დასახული გეგმების რეალიზაცია მოხდეს და ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური უკუსვლით დაზარალებულ რაიონში 350 ადამიანზე მეტი დასაქმდეს.
ევრობანკის კავკასიის რეგიონალური დირექტორის, მაიქლ დეივის თქმით ეს ინვესტიცია სხვა ინვესტორებისთვის მკაფიო სიგნალი იქნება საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინვესტიციების სარგებლიანობის შესახებ. “კავკასიის ქვეყნებში ძლიერი ზრდა შეინიშნებოდა ბოლო წლებში და ეხლა ყველას პრიორიტეტი უნდა გახდეს ამ სულისკვეთების შენარჩუნება. ისეთი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა, რომელიც შპს “ქართულ ფოლადში” განხორციელდა განვითარების ტენდენციის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია” – დასძენს ის.
ევრობანკის მიერ საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციები აბსოლუტურ გამოხატულებაში 400 მილიონ ევროს აღემატება და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკის ყველა ძირითად სფეროს. საქართველო არის ევრობანკის ეკონომიკური გარდაქმნის ადრეულ ეტაპზე მყოფი ქვეყნების ინიციატივის წევრი. ეს პროგრამა 2004 წლის აპრილში დაინერგა და მასში გაერთიანებულნი არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, მოლდავეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. დაფინანსების მიზანმიმართული მიდგომის გამოყენებით ეს ინივიატივა მიზნად ისახავს მეტი ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური რეფორმების სტიმულირებას.