ქართული პიარის ფუძემდებელი (ევრიპიდე)

ემზარ ჯგერენაია
2400 წლის წინ ათონის მთაზე ბოლოჯერ შეხედა მზეს კაცობრიოის უდიდესმა ტრაგიკოსმა და საქარ- თველოს უბადლო პიარისტმა ევრიპიდემ, ბოლოჯერ გაიხსენა სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე კოლხეთი და მედეა. თვითონ იმქვეყნად წავიდა, მაგრამ ამ ქვეყნად კაცობრიობას დაუტოვა ყველაზე ცნობილი ქართველის – მედეას უკვდავი საქართველო. იმ დღიდან საქართველოს მედეას სამშობლოდ იცნობენ. თუმცა თვით ევრიპიდემაც კი არ უწყოდა, რომ საქართველოს უდიდესი პიარისტი იყო.
იდიდოს პიარის ძალამ. მას მეტი მეგავატი აქვს, ვიდრე ენგურის ელექტროსადგურის ყველა ტურბინას ერთდროულად. თან საოცარი რამეა თანამედროვე პიარი, მეტად განსხვავებული ძველისაგან – კლასიკურისაგან.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ადამიანს შემატოთ გარკვეული მომხიბვლელობა წვერის, სათვალეებით დინჯი გამოხედვისა და დაყენებული პოზის სახით და მერე, ოსტაპ ბენდერისა არ იყოს, გამოაცხადოთ, რომ იგი არის დემოკრატიისა და ეკონომიკის მამა ან დედა, გააჩნია როგორ დაგჭირდებათ. ატრიალოთ ყველა ბრუნვაში ტელევიზიის ყველა არხზე და ყოველ შეკრებაზე გამოიყვანოთ უაზრო პრეზენტაციით და უცებ გამოცხვება ახალი აზროვნების გიგანტი, ჩვეულებრივი ლაყე კი გახდება დიდი მეცნიერი, პოლიტიკოსი ან ექსპერტი. რად გინდათ, რა თავში იხლით?
რას ბრძანებთ, პირდაპირ განძია! ვთქვათ, გინდათ რაიმე “კოჭლი” იდეის გატანა ხალხში – გინდათ დააჯეროთ, რომ დედამიწას ლელოს ბურთის ფორმა აქვს, ან თქვენ მიერ გაკეთებული ის საქმეები პოლიტიკაში, თუ საერთოდ მმართველობაში, რომლებმაც კრახი განიცადეს, არც თუ ისე ცუდი იყო, ან თქვენ არც თუ ისე პირსისხლიანი ბიზნესმენი ბრძანდებით, როგორც საზოგადოებას ჰგონია და არც ისე უტვინო. მაშინ ამოქმედებთ თქვენს იარაღს და ის გამოვა ყველა არსებული მედიის საშუალებით, დამოძღვრავს ხალხს – ვახმე ჩხირიჭამიაშვილი დიდი ერის ქომაგია და სრულიად საქართველოს კეთილდღეობის გარდა არა ადარდებს რა. მერე რა რომ უწიგნურია, ეს უკეთესიცაა! სად გინახიათ მწიგნობარმა კაცმა ვინმეს სიკეთე მოუტანოს, ისინი ძალიან ჯიუტები არიან და ამიტომ მათ ჯორდანო ბრუნოსავით კოცონზე წვავენ. აგერ ჩხირიჭამიაშვილი კი ალალი და უბრალო კაცია, ყველაფერზეა თანახმა, ოღონდ მას ფული და დიდება არ მოაკლდეს, თუ გინდა დღეში ასჯერ იტყვის ტყუილს და მერე თვითონვე ათასჯერ გაასწორებს.
დიდრონი თვალები და ღაბუა გამოხედვა აქვს, როგორც ბატკანს შეწირვის წინ. თუმცა შუბლი ისეთი სქელი აქვს, რა საძაგლობა გინდა იმას დაიტევს. დიდი ერის კაცია, სულიერებაზე ფიქრობს, აბა სხვა რა ძალა აქვს, თუმცა სული საერთოდ არა აქვს. ასეთი ლექციის შემდგომ ხალხი დაიჯერებს, აბა რას იზამს, მას იგი ჭკვიანი, წვერებიანი ექსპერტი და დიდი კაცი ჰგონია, სულ არ იცის, დემაგოგი რომაა და იმიჯიც გაუმრთელდება უცებ ვახმე ჩხირიჭამიაშვილს და ისევ იბოგინებს ხალხის ტყავზე, როგორც ყოველთვის. პიარის შედეგად შეიქმნა წვერებიანი და მას შეაქმნევინა პიარით დიდების შარავანდედი. მიხვდით ახლა?
ვერა? ძნელია, მაგრამ ასე უკუღმაა ყველაფერი, დიდი ძალაა პიარი. კიდევ კაი, ევრიპიდე ცოცხალი არაა, თორემ ამ ტრაგედიას ვერც გაიგებდა და ვერც გადაიტანდა. მოუძველდა გენიოსს მეთოდები, შეიცვალა დრო და პიარიც. საზოგადოება ორ ნაწილად დაიყო: პიარის მკეთებლებად და პიარის მომხმარებლებად, გამარტივდა ყველაფერი. კიდევ? ჰო! კიდევ არის ის ნაწილი, რომელსაც ახსოვს ევრიპიდეს გარდაცვალების 2400 წლისთავი, პიარის დაწყების ეპოქა და კიდევ სჯერა, რომ
საუკუნეები კეცავენ ათასწლეულებს,
მედეა ისევ კურნავს სნეულებს,
თავისკენ უხმობს პიარით გზაბნეულებს,
ჩვენ გვტოვებს მუდამ ეულებს
და პიარის გრძნეულებს,
დაფნის გვირგვინს ახურავს წყეულებს.
ეჰ, რა დრო იყო…. გახსოვთ ევრიპიდეს პიარის ეპოქა?!
მაშინ არ იყო პიარი ეკონომიკური კატეგორია, თუმცა, ალბათ, ჩხირიჭამიაშვილები მაშინაც იქნებოდნენ, აბა როგორ, ისინი სულ არიან, როგორც მასხარები მეფის კარზე.