რა განძი იყიდეს ყაზახებმა და რა სიამოვნებას დაკარგავენ თბილისელები, აფსუს!

ემზარ ჯგერენაია
გამარჯობათ! მიხარია, ისევ რომ მაქვს თქვენთან მუსაიფის საშუალება. ეს სერიოზული შანსია – ერთმანეთს გავუზიაროთ ზაფხულის “ჰოლიდეის” (ვიბლატაოთ ფრანცისულად, ეს ახლა მოდაშია!) შთაბეჭდილებები და ისევ ვიფიქროთ ეკონომიკაზე. უჰ, ისე, კაი გვარიანი და თუხთუხა ზაფხული იყო. დიდი ხანია, ასეთი სანატრელი და საყვარელი მზიანი დღეები არ ყოფილა საქართველოში და ამდენი საინტერესო ამბავი არ გადაგვხდომია. ჰოდა, დახუნძლულები და დაფეხმძიმებულები ვართ შთაბეჭდილებებით და გვინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, მაგრამ ამ გაგანია საბაზრო ეკონომიკის პირობებში სად გვაქვს დრო უშუალო განხილვისათვის ჩასასხდომად და საჭუკჭუკოდ, ამიტომაც ვცდილობთ, კომუნიკაციის ელექტრონული თანამედროვე, მაგრამ მეტადრე ჩვეული სისტემები გამოვიყენოთ, მით უმეტეს, ისინი ისე უხვადაა: ახალი ქსელები, სხვადასხვა თაობისა და გვარტომეული წარმოშობის მობილურები, “სკაიპიო”, “აისიქუო” და კიდევ ვინ იცის, რა. ჰო, კიდევ ფორუმები! მართლა, ამ მსოფლიოს კომუნიკაციის მამებს ახალი რამე ჰგონიათ ეს ფორუმები.
რა არის ფორუმი? აი თქვენს მობილურებს აქვს “მენიუ”, სადაც შეგიძლიათ ერთდროულად ელაპარაკოთ რამდენიმე რესპონდენტს ანუ აბონენტს (აქ არ იგულისხმება “ის” უხილავი ყური, მუდამ რომ გვისმენს თუ უსმენს ჩვენს სატელეფონო ზარებს – ის ცალკე), ასევეა “მესინჯერში”, “სკაიპში” თუ “აისიქიუში”. დიდი რამე. მაგ ქაჯებმა არ იციან, რომ ეს საქართველოში დიდი ხანია დაინერგა. მარა რად გინდა? ვინ აფასებს. Yყველა თბილისელისათვის ცნობილია ეს ფორუმი. აი, მაგალითად, აიღებ ყურმილს და დაახლოებით ოთხი-ხუთი ჯგუფი ესაუბრება ერთმანეთს. შენ გესმის ჩვენებური ამბები და ტკბები. მიმიქარავს კურიერი, მთელი ახალი ამბები და ინფორმაცია – ბომონდის თუ სოციალური, სასიყვარულო თუ პოლიტიკური – ყველა ამბავი იქ იყრის თავს. შეგიძლია, წამოპლაკუნდე რბილ სავარძელში და ისმინო, რა ხდება დუნიაზე. და განა მარტო ეს? შეგიძლიათ, თქვენც ჩაერთოთ. ან მოგისმენენ ან ხრუშოვკის ხელას შეგაგინებენ. მაგრამ რად გინდა! Uსაბრალო კავშირგაბმულობის მესვეურებს აზრად არ მოსვლიათ საერთაშორისო ბაზარზე ამის დაპატენტება და გამოცდილების გაზიარება მსოფლიო კომუნიკაციის გიგანტებისათვის. აფსუს, რა ფული დაიკარგა! თან არ გეგონოთ, ეს ლოკალური ქსელია, არა – საერთაშორისო. მთელი მსოფლიო ერთვება, იმიტომ ვთქვი, დუნიის ამბები გესმის-მეთქი.
ამას წინათ სახლში ვრეკავდი პარიზიდან (ამაზე მერე გეტრაბახებით პარიზზე და მონმარტზე გატარებულ ვოიაჟზე, რა თქმა უნდა, ტელეფონით) ამბის გაგება მინდოდა, რა ხდებოდა თბილისში, პატარა ბავშვმა აიღო ყურმილი და ვერაფერი გავაგებინე, მაგრამ უამრავი ხმები ისმოდა: ჟუჟუ ებაზრებოდა ზიზის, ქსენია – ლიანას, ბონდო – ყარამანს, ნატაშა – ლესტამბერს და ჯუსტანი – ჯასტინს. სერიოზული ფორუმი გაიჩითა. ისე, მაგარი ზუზუნი იყო, მაგრამ ყველფერი გავიგე, რა ხდება პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ვინ ვის უღალატა, ვინ დაითრია მაგარი კაცი; ამ გაგანია ზაფხულს რა ტუსოვკები და ფართები იყო. თან მაგარი გინება იღვრებოდა. ჟუჟუნას დაეძაბა სიტუაცია თავის სიყვარულოვიჩთან, სიყვარულოვიჩმა კინაღამ გააუპატიურა ნინუცა, ამაზე ანეკდოტიც მოუყოლიათ თურმე: ბავშვი უყვება მამას: მა, იციო? დღეს ბარში ბიჭები შემოვარდნენო და ციცას გარდა ყველა გაგვაუპატიურესო. მამას უკითხია, ის რატო არ გაუპატიურესო, მას არ უნდოდაო? რას არ გაიგებ ფორუმში. კმაყოფილმა და ინფორმირებულმა დავკიდე ყურმილი. გავიხარე, ყველაფერი კარგად ყოფილა-მეთქი.
საოცარია ჩვენი ნიჭი, რას არ გამოვიგონებთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საერთაშორისო მარკეტინგ-ფულის კეთებაში მოვიკოჭლებთ – მორცხვები ვართ. არადა, შენ ნახე, ყველაზე საშინელება ისაა, რომ ტელეფონის მრავლის მომსმენი კაბელებიც ვერ უძლებენ ზოგჯერ, ისეთი ამბები ტრიალებს ფორუმზე და ითიშებიან. აი, მერე ნახე 99999! ჯერ რეკავ დაზიანების ბიუროში, იქ გეუბნებიან – კაბელი დაზიანდა და ახლავე გავაკეთებთო. ასე ერთი თვე გაწვალებენ, გილახავენ ადამიანურ უფლებას – მიიღო ინფორმაცია, რა ხდება ქალაქში და დუნიაზე. სუბარიც ხმას არ იღებს ამ ვანდალიზმსა და ინფორმაციულ დისკრიმინაციაზე. ის კი არა, ყაზახებმა რომ იყიდეს ეს სატელეფონო ქსელი, გაოგნებულები არიან – ეს რა ვნახეთო! ამას როგორ ახერხებთო! ეს რა ბაბილონის გოდოლიაო! თურმე აპირებდნენ ამის ასტანაში დანერგვას, მაგრამ ნურას უკაცრავად. თურმე ისე კარგად აქვთ გასისინებული კაბელები ჩაწყობილი, რომ ქართული ფორუმისათვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა – არ გადადის ხმები ერთმანეთში და ახლა აპირებენ ამ კაბელების ამოყრას და ყაზახეთში წაღებას. ისე, ქონება მათია და მშვიდობაში მოახმაროთ ღმერთმა თუ წაიღებენ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოწყენილობა იქნება თბილისში, როგორ გავიგებთ ჩვენებურ ამბებს. არადა, სერიალივითაა – მერე გაინტერსებს, ის ამბავი როგორ დამთავრდა და რა ქნა საბოლოოდ სიყვარულოვიჩმა. ჰოდა, სანამ დროა, თუ თქვენი ხაზი ჯერ არ გაუთიშიათ, აიღეთ ყურმილი და ისიამოვნეთ მსოფლიო საოცრებით – თბილისის სატელეფონო კავშირით და მასში მიმდინარე თუხთუხით – უკაცრავად, ფორუმით. რა საყვარლობაა. Lლამისაა ვთხოვოთ ყაზახებს, არაფერი შეცვალონ და ნუ მოაკლებენ ბომონდს არსებობის საინფორმაციო წყაროს. არის აზრი, შეიქმნას სატელეფონო ფორუმის დაცვის საზოგადოება და ეს ქართული კოლორიტი შევუნახოთ საზოგადოებას, უფრო მეტიც – ბოლო-ბოლო, გავუზიაროთ მსოფლიოს ჩვენი უნკალური გამოცდილება! ისინიც დატკბნენ, ნახონ, 21-ე საუკუნეში რა სატელეფონო სისტემა გვაქვს. ამის რეალიზაციით საექსპორტოო პოტენციალსაც გავზრდით და სავალუტო რეზერვებსაც. რა განძი გვაქვს მიწის ქვეშ? ყაზახებმა სატელეფონო სადგური კი არა, ნამდვილი თბილისური კოლორიტი იყიდეს და არც კი იციან მისი ეკონომიკური და სოციალურ-ადამიანური ფასი.
დროზე შემოდით ფორუმში და მოყევით ზაფხულის ცინცხალი ამბები, გააგებინეთ თქვენს შესახებ ქალაქს, უბრალო ადამიანებს, თუ არა – “იმათმა” ისედაც იციან.