ვინ მოგვპარა გაზაფხული?

ემზარ ჯგერენაია
“ინფლაცია ქურდობაა!” რობერტ ქრისტიანსენი, IMF-ის წარმომადგენელი საქართველოში

გაზაფხულს უიმედოდ ელიან თბილისელები და არა მარტო ისინი. ის კი ჯიუტად იგვიანებს. ზამთარი გაგრძელდა და ალბათ რამდენიმე კვირაში ზაფხულიც მოვა. შევშფოთდით, რატომ არ დგება გაზაფხული, რა ხდება, არის რეკვა ამინდის ბიუროებში, ერთი ალიაქოთი და ვიშვიში. სად გაგონილაო აპრილში ასეთი თოვლი, რა ამბავია ასეთი სიცივე და ყინვებიო, ლამისაა ტვინი და საერთოდ ყველაფერი გაგვეყინოსო.
ტყუილად ვწუწუნებთ, გაზაფხულს უკვე აგებინეს პასუხი და მიაბრძანეს იქ, სადაც საჭიროა. საიმედო ინფორმატორმა გვაცნობა, რომ გაზაფხულს ჯერ კიდევ შარშანდელი ვალები დაუგროვდა თურმე. სითბოში ჰქონია დანაკლისი,
ამიტომაც იყენებდნენ 2006 წელს გათბობისა და სხვა მიზნებისათვის გაზს ზედმეტად, რამაც გაზარდა მოთხოვნა გაზსა და ელექტროენერგიაზე. შედეგმაც არ დააყოვნა – შარშან გაზი გაძვირდა, წელს კი – ელექტროენერგია, თუ პირიქით, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ამის უკან თვით მისი ულამაზესობა და აღმატებულება გაზაფხული იდგა და ეს ამბავი აბა “იმათ” როგორ გამორჩებოდა… და დაიბარეს გაზაფხული ჯერ კიდევ ზამთარში შარშანდელ საკითხებზე. გაზაფხულმა თურმე შარშან სითბო გაანიავა, რის გამოც გაიზარდა ოფისების შენახვის ხარჯები და ბიუჯეტს უზარმაზარი თანხები დააკლდა. ჯერ საბიუჯეტო ორგანიზაციების შენახვის ხარჯები გაიზარდა, შემდეგ ფირმებს გაეზარდათ თავიანთი ოფისებისა და მდივნების გაღუღუნების თანხები, რომელიც მერე ხარჯებში გაატარეს ბალანსში და დასაბეგრი მოგებაც შემცირდა. შესაბამისად, მოგების გადასახადებიდან ბიუჯეტმაც ნაკლები მიიღო. ჰოდა, ყოველივე ამას გაზაფხულს აბრალებენ, სერიოზული ბრალდებაა… ეს კიდევ არაფერი – “შესაბამისმა ორგანოებმა” ცაში წერილი გააგზავნეს და გადაამოწმეს გაზაფხულის საქმიანობა… და სასწაული… რას არ გაიგებს კაცი – აღმოჩნდა, რომ გაზაფხულს ჩვენი წილი სითბო და “სანშაი” ამინდები ევროპისათვის მიუცია, ამიტომაა, ევროპაში საშინლად ცხელა და მზეზე შიშხინებენ (ამბობენ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იმიტომ იყო საოცრად მაღალი დასწრება, რომ ხალხი კონდიციონერების ხათრით მიდიოდა უბნებში, რათა სახლსა და ოფისებში ელექტროენერგია დაეზოგათ და ცოტა გაგრილებულიყვნენ), ჩვენ კი ვიყინებით. ჰოდა, ისიც გაბაზრდა, რომ ამაში გაზაფხულს დიდი ქრთამიც აუღია, მოკლედ, ევროპელებისგან ქრთამის აღებისა და ჩვენი წილი სითბოს გასხვისებისთვის მეორე მუხლს ტენიან. ეგ არაფერი, შარშანდელი ინფლაცია 12-14% და წლევანდელი 10-14% – ესეც გაზაფხულს წაუყენეს თურმე ბრალად. აბა რა ეგონა?! როგორც დიდი ეკონომისტები და საერთაშორისო ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, ინფლაცია კლასიკური ქურდობაა. აბა წარმოიდგინეთ, თქვენი ხელფასი 1000 ლარია, ინფლაცია – 14%, ე.ი. რეალურად თქვენ გიხდიან 860 ლარს, დანარჩენი მოგპარეს. თუ წელს ხელფასიც და ინფლაციაც უცვლელი დარჩება, მაშინ თქვენი ხელფასი იქნება 700 ლარი. თუ ბესო ჯუღელის პროექტი გავიდა და გაზსა და წყალზე მეტი გადაგვახდევინეს, ვიდრე გაზაფხულის ცელქობის გამო უნდა გადაგვეხადა, მაშინ ხელფასი საერთოდ 450 ლარი გახდება – ქურდობაა აბა რა. ჰოდა ეს ქურდობა გადაიანგარიშეთ 700 ათას დასაქმებულზე, 1,2 მილიონ თვითდასაქმებულზე და ეს ბრალდება მთლიანად გაზაფხულს წაუყენეს.
საწყალი გაზაფხული… მეცოდება. სეზონთაშორისო და საერთაშორისო სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თუ გაზაფხულს დაუმტკიცდა ეს თაღლითობა, მას 30 მილიონი სინათლის წელიწადით პატიმრობა ელოდება – ვინ შეარჩენს ქართველების ტანჯვასა და გაყინვას. ჰოდა, ამბობენ, რომ ზის გაზაფხული სადაც საჭიროა და აბა აქ როგორ მოვიდოდა? ასეა, არ შერჩება, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, თოვლის და წვიმის გამო რომ ვიყინებით. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია, არ დაგჭირდებათ ლაბადა. ამასთან მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვართ, სადაც გაზაფხული გაუქმებულია, ესეც მეტად მნიშვნელოვანია. ასევე პირველები ვართ, ვინც გაზაფხულს პასუხი აგებინა. არის კიდევ ერთი პრობლემა – არ შემიძლია არ გითხრათ, იგივე საიმედო წყაროს ცნობით, საკანში გაზაფხულს მობილური უშოვია და გადაურეკავს ნეპტუნისთვის და შურისძიებას აპირებსო – წყალდიდობასა და ღვარცოფს მოგვივლენსო. მზესთან შეკრულს, ნეპტუნს პირობა წამოუყენებია, ან გაზაფხულს გამოუშვებთ, ბრალდებას მოუხსნით და გადაიტანთ იმაზე, ვისაც მართლა მიუძღვის ბრალი, ან წყალდიდობა არ აგცდებათო. ჰოდა, არის ახლა დიდი ბჭობა, მოუხსნან თუ არა ბრალდება ან ნაწილობრივ მაინც შეუმსუბუქონ, დატოვონ ინფლაცია ან ბიუჯეტის ზარალი და მიუსაჯონ 9 თვე, რომ მომავალ მარტს დაგვიბრუნდეს. რა ვიცი აბა, ისე საპროცესო შეთანხმების მიღწევაც კი შეიძლებოდა, თუ გაზაფხული ჩვენებას მისცემს მის ზემდგომებზე, ან საერთოდ გამოუშვებდნენ, მაგრამ უარზეა თურმე, არც თანხას არ იხდის. სიმართლე კი გითხარით, მაგრამ ვერაფრით გაგახარეთ, გაზაფხული მაინც არ მოდის. ნეტავ ვინ მოგვპარა გაზაფხული? ან რა ეკონომიკურ დანაშაულში მიუძღვის ბრალი? ნეტავ გაისად მაინც თუ მოვა?
თოვლსაც ავიტანთ, ნიაღვარსაც და წყალსაც, მთვარია მოპარული გაზაფხული დაგვიბრუნონ.
არა, მაინც ვინ მოიპარა გაზაფხული???

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial