I რედაქტორისგან

ჯემალ ინაიშვილი

ივლისი საერთაშორისო ბიზნესისათვის 6 თვის შედეგებისა და წლიური რეპორტინგის პერიოდია. მნიშვნელოვნად უარყოფითი მოლოდინი გამართლდა – ძირითადად აშშ-ს და ევროპის ბიზნეს-გიგანტებმა, გარდა ნავთობკომპანიებისა (მარტო BP-იმ მიიღო 6.75 მილიარდი ფუნტი მოგება, დღეში 37 მილიონი ფუნტი), ეს პერიოდი ზარალით დაამთავრეს.

საგულისხმოა ფარმაცევტული გიგანტების და კვების მრეწველობის და ვაჭრობის სფეროში დასაქმებული ტრანსნაციონალური კომპანიების სერიოზულად დაბალი მაჩვენებელი. ვარდნის დონე ფარმაცევტულ კომპანიებში 18-20%-მდეც კი აღწევს. საკმაოდ დიდია დანაკარგი ფინასურ-საბანკო სფეროში. აქ კრიზისის პიკი, ექსპერტების აზრით, ჯერ კიდევ წინაა. უფრო მეტიც, ის ახალ მიმართულებებს შეეხო. ნობელის პრემიის ლაურეატმა მუჰამედ იუნუსმა (რომელსაც ნობელის პრემია სწორედ მიკრო სესხების სისტემის განვითარებაში მისცეს) განაცხადა ივლისში: “The world’s biggest banks risk creating a subprime-style arisis for millions of the poorest people if they Continue to plough money into the booming microfinance sector” (FT, 29 july, pg.8). ამასთან მიკრო-საფინანსო სფეროს ჩართვა ამ კრიზისში მეტად ნიშანდობლივია ჩვენთვის და საშიში იმ მხრივაც, რომ მოსახლეობის სასესხო დავალიანება ხშირად მატერიალურ შემოსავლებს აღემატება. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საფინანსო კრიზისი და აშშ-ს ეკონომიკის რეცესიის პიკი ჯერ შორსაა. ფედერალური სარეზერვო სისტემა ცვლის სტრატეგიას და აგვისტოდან აქცენტს გააკეთებს არა ეკონომიკის ტემპების ზრდაზე, არამედ ინფლაციის მოთოკვაზე.FED-ის ბორდის წევრი ფრედერიკ მიშკინი (ჩვენთვის ცნობილია მისი სახელმძღვანელოები საბანკო-საფინანსო და ფულად პოლიტიკაზე) ივლისის ბოლოს აცხადებს: “The Federal Reserve should adopt a specific numerical inflation objective”. მან ასევე მიანიშნა სააღრიცხვო პროცენტის ზრდაზე და უმუშევრობის მოსალოდნელ მატებაზეც. არადა, საინტერესო დინამიკა აქვს Lიბორ-ის მაჩვენებელს წამყვან ვალუტებში. თვალი გადავავლოთ სამთვიან საბაზო Libor-ს:
1. დოლარში 2007 წლის სექტემბერში ის იყო 5.8%, ხოლო Fed-ის სააღრიცხვო პროცენტი – 5.25%, 2008 წლის იანვარში დოლარზე სამთვიანი ლიბორი 3%-მდე დაეცა, ივლისში კი – 2.8%-მდე;
2. ბრიტანულ ფუნტზე სამთვიანი ლიბორი იმავე პერიოდში იყო 6.8%, ჩამოვარდა 5.5%-მდე და ახლა 5.8%-ია.
3. იმავე პერიოდში ინგლისის ბანკის საპროცენტო განაკვეთი იყო 5.75%, 5.5% და ახლა 5.0%-ია;
4. ევროპის სამთვიან ლიბორზე იგივე მაჩვენებლები 4.8%, 4.4%-ს უდრიდა, ამჟამად 4.8%-ია, როცა ევროპის ცენტრალური ბანკის კურსი იყო სულ 4.0% და ივლისში გაიზარდა 4.25%-მდე;
5. ინფლაციის გრიგალი მძვინვარებს მთელს მსოფლიოში, აშშ-ს გარდა ყველა ცენტრალური ბანკის პოლიტიკა ანტიინფლაციური იყო, მაგრამ დიდი შედეგები ვერ მიიღეს მსოფლიოში ფასების არნახული ზრდის გამო. Fed-ის პოლიტიკის ცვლილება იმას ნიშნავს, რომ კიდევ სერიოზული ინფლაციური ზეწოლის მოწმეები გავხდებით;
6. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ სპეციალური სტატია შემოგთავაზოთ, კერძოდ, ექსკლუზიური მასალა ლონდონიდან იმის შესახებ, თუ რა ხდება ევროპაში ინფლაციასთან მიმართებაში და რა რეაგირება აქვთ წამყვან საფინასო ბაზრებს – გთავაზობთ ჩემი კოლეგის ემზარ ჯგერენაის მიმოხილვას (გვ.20), რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ჩვენი ქვეყნის შიდა პრობლემებთან ისევე, როგორც პოლიტიკურად ცვლილებების მომლოდინე მსოფლიოს ახალ ფაბულას. ვინ იქნება აშშ-ს ახალი პრეზიდენტი და რა ცვლილებებს ელის მსოფლიო, არის თუ არა დღეს სამართლიანი ქვეყანა.
წელს მსოფლიო დემოკრატიული ძალები კრომველის გარდაცვალებიდან 350 წლისთავს ზეიმობს, რა დარჩა და რა შეიცვალა ევროპული იდეალებიდან, რა სიახლეს ელის მსოფლიო, მათ შორის ეკონომიკური გადანაწილების სფეროში – ამის შესახებ გთავაზობთ მეტად საინტერესო სტატიას (გვ.8).
27 ივლისს ჟენევაში აშშ-ს, ინდოეთის და ჩინეთის წარმომადგენლებმა დაიწყეს მოლაპარაკება სავაჭრო ბარიერებთან დაკავშირებით. მსოფლიო კვლავ უბრუნდება (და უფრო მწვავედაც) WTO-ს დოჰას რაუნდის რეზოლუციების შესრულების თემას. ეს მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. ჩვენ ამ ნომერში გთავაზობთ ევროკავშირთან არასავაჭრო ბარიერებზე მსჯელობას და ასევე სტუდენტურ გვერდში საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების პრობლემების განხილვას. თურქეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც სავაჭრო ბრუნვით, ისე სუფთა სტრატეგიულად. ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დიდ იმედებს ვამყარებდით. რა მოხდა, სად შეფერხდა წინსვლა. დღეს, როცა თურქეთი რეალურად იწყებს ყარსი-ახალქალაქი-ბაქო-ს რკინგზის მშენებლობას, ამ მომავალი საუკუნის პროექტისა და ახალ გაზსადენზე რეალურ ომს – ნაბუქოს პროექტზე, ალბათ უნდა დავხვეწოთ ურთიერთობა ამ მეზობელ ქვეყანასთან და მათ შორის თანაბარ საწყისებზე ავაგოთ იგი (გვ.56).
საინტერესოდ მივიჩნიეთ ჩვენი ჟურნალისტის მაკა ღანიაშვილის კვლევა მედიის თავისუფლებაზე, მის მისიაზე საზოგადოებაში და ბიზნესის განვითარების პრობლემებს შორის კავშირზე. დღეს ეს მეტად აქტუალურია – მედიის თავისუფლების წყარო არის ბიზნესის განვითარება და პოლიტიკური ნება. მედია და ბაზარი მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია, მოჯადოებული წრეა – მედია არის ბიზნესის ტრანსფერაბელურობის, კონკურენტუნარიანობის, თუ გნებავთ, ზოგადად ბიზნეს-განათლების დონის აწევის ერთ-ერთი ბერკეტი და მის გარეშე ამ სფეროში წინსვლა წარმოუდგენელია და პირიქით, თავისუფალი მედია, ეს, პირველ რიგში, თავისუფალი სარეკლამო ბაზარია (გვ.28).
ტრადიციულად გთავაზობთ მსოფლიოსა და შიდა ბაზრის სტატისტიკას, ეკონომიკურ ნიუსებს და სამეცნიერო ნაშრომებს.
გისურვებთ ბედნიერ დასვენებასა და იმედია, არ გაგვიწყრებით ამდენ პოლემიკაში რომ ჩაგითრიეთ ამ ლამაზი დასვენების ჟამს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial