უმუშევრობის პრობლემა და უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში

მაკა ღანიაშვილი
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 14% უმუშევარია (ცხრილი 1). მაგრამ ეს ოფიციალურად, არაოფიციალურად უმუშევართა რაოდენობა გაცილებით მეტია. უმუშევრობის სავალალო სტატისტიკა საქართველოში ივნისის თვეში კიდევ უფრო დამძიმდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, წელს სკოლას დაახლოებით 62000 მოზარდი ამთავრებს, მათგან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მხოლოდ 15444 გახდება. რა ბედი ელის 47000-მდე ახალგაზრდას? არსებობს თუ არა მათი დასაქმების ალტერნატიული გზები? თუ ისინიც უმუშევართა არმიას შეუერთდებიან? ამას დაემატება უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა რაოდენობაც, დაახლოებით 35000 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილიც ასევე დასასაქმებელია და ლოგიკური გამოთვლებით, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა ერთ თვეში რამდენიმე ათეული ათასით გაიზრდება.
კვალიფიციური კადრების აღზრდა და ახალგაზრდობის დასაქმება არამარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, არამედ ევროპაშიც უკვე საკმაოდ მასშტაბურ არალეგალურ შრომასა და შრომისუნარიანდაქვეითებულთა დასაქმების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის დასაქმების პრობლემა. ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობა ახალგაზრდათა შორის ორჯერ და მეტად აღემატება უმუშევრობის საერთო დონეს და 18%-ს შეადგენს. ევროპაში ამ პრობლემის მოგვარება ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია, რისთვისაც რადიკალური რეფორმებია საჭირო. ექსპერტები, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი ტექნიკური პროგრესისა და გლობალური კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ შრომის ბაზრის ელასტიურობასა და დასაქმების პერსპექტივას შორის წონასწორობის დამყარებას.
როდესაც საუბარია ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებაზე, მსოფლიო ტენდენციებით, რამდენიმე დილემა იჩენს თავს:
მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მეტი მოზარდი ამთავრებს დაწყებით სკოლას და ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბით დიდი ინვესტიციები იდება, უწიგნურობა მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.
რატომაა უმაღლესკურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი უმუშევარი თვეების ან სულაც წლების განმავლობაში, მაშინ როცა ბიზნესი უჩივის კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას?
რატომ ირჩევს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ცხოვრების არაჯანსაღ წესს (ნარკოტიკი, სასმელი, აგრესია) მაშინ, როცა სულ უფრო მეტი ორგანიზაცია იქმნება როგორც ქვეყნის შიგნით ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო მაშტაბებითაც ამ პრობლემებთან საბრძოლველად?
ეს კითხვები განსაკუთრებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ჩნდება, გამონაკლისი არც საქართველოა. არსებობს რამდენიმე სტრატეგიული ნაბიჯი რეფორმებისაკენ:
განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ადამიანთათვის შესაძლებლობათა გაფართოება. დასაქმებაში ხელშეწყობა.
ახალგაზრდების ჩართვა ნებისმიერ პროცესში. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ გადაწყვეტილებათა მიღებისას მათი აზრი და პოზიცია არის ადეკვატურად მიღებული და გათვალისწინებული.
მოზარდს სჭირდება შესაბამისი ცოდნა და უნარები იმისათვის, რომ გახდეს კვალიფიციური მუშა, კარგი მშობელი ან თუნდაც პასუხისმგებელი მოქალაქე. განათლება და სწავლა აუცილებელია ყველგან – სახლში, სკოლაში, სამუშაო ადგილზე, მაგრამ მათგან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მაინც სკოლას და აქ მიღებულ უნარ-ჩვევებს უკავია. მიუხედავად იმისა, რომ განვითარებად ქვეყნებში რეფორმების კვალდაკვალ მდგომარეობა დაწყებით სკოლებში შედარებით უმჯობესდება, ეს საკმარისი არ არის. კვლავ იგრძნობა გაცილებით უფრო კვალიფიციური უნარებისა და ცოდნის საჭიროება.
აუცილებელია ბავშვის მომზადება შემდეგი ეტაპისათვის, რაც გულისხმობს სათანადო უნარების გამომუშავებას მეორე და მაღალ საფეხურზე სწავლისათვის. უნდა ისწავლებოდეს პრაქტიკული საგნები, აზროვნება, ყოფა-ქცევა, თავდაჭერა. აუცილებელია მასწავლებელთა კვალიფიციური კადრები. გლობალურმა ეკონომიკურმა, სოციალურ-კულტურულმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დააყენა ძირეული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელების აუცილებლობის წინაშე, რომლის მიზანსაც მოსწავლეთათვის თანამედროვე ხარისხის განათლების მიცემა წარმოადგენს. რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი მასწავლებელთა პროფესიული მომზადებაა. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში. მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი სხვადასხვა სასწავლო პროგრამების, ტრეინინგების დანერგვა-განვითარებას.
უმუშევრობისა და დასაქმების პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სამუშაო ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრების აღზრდა. რა კეთდება ამისათვის? რა მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმები უმაღლესი განათლების სისტემაში?
ბოლონიის პროცესი
ევროკავშირის ქვეყნების აქტივობა განათლების სფეროში მიმართულია საერთო ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შექმნისაკენ. პირველად ეს საკითხი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის განათლების მინისტრებმა დასვეს 1998 წელს სორბონის უნივერსიტეტის იუბილეზე და მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს საგანმანათლებლო სივრცის გაერთიანებისაკენ. დოკუმენტი “სორბონის დეკლარაციის” სახელითაა ცნობილი. 1999 წელს ბოლონიაში ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი “ბოლონიის დეკლარაციით” შეუერთდა სორბონის დეკლარაციას. დეკლარაციის დებულებები გავრცელდა და სრულყოფილ იქნა ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნების განათლების მინისტრების მიერ 2001 წლის პრაღის, ხოლო 2003 წელს-ბერლინის კომუნიკეში. ბოლონიის პროცესის წევრად საქართველო 40 ქვეყნის განათლების მინისტრმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა 2005 წლის 19-20 მაისს, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში გამართულ სამიტზე აღიარეს. საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა 2007 წელს ბოლონიის პროცესის ფარგლებში დადებითად შეფასდა. შეფასება 5-ბალიანი სისტემით 11 ინდიკატორის მიხედვით მოხდა, საქართველომ უმაღლესი შეფასება შემდეგი მიმართულებებით მიიღო: აკადემიური ხარისხების სამსაფეხურიანი სისტემის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) და ევროპული კრედიტების სისტემის დანერგვა; უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ უარყოფითი შეფასება საქართველოს არცერთი კრიტერიუმის მიხედვით არ მიუღია.
რას ნიშნავს ბოლონიის პროცესი?
თითოეული ადამიანის სურვილია ქონდეს დასაქმების მრავალგვარი შესაძლებლობა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ამისთვის კი საჭიროა ხარისხიანი უმაღლესი განათლება, მობილობა, კვალიფიკაციის აღიარება და კონკურენტუნარიანობა. ბოლონიის პროცესის მიზანია 2010 წლისათვის უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნა. პროცესის მონაწილეა 46 ქვეყანა, ევროკომისია, ევროსაბჭო და ორგანიზაციები – ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია, სტუდენტების ეროვნული კავშირები ევროპაში, პროფესიული უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია და იუნესკო-სეპესი. პარალელური პროცესები – ყოველ ორ წელიწადში იმართება მინისტრების სამიტები; ბოლონიის სამდივნო, კომიტეტი და საბჭო; არსებობს 4 სამუშაო ჯგუფი: სოციალური და გარე განზომილების, შედეგების შეფასებისა და ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოში. ყველა ეს რგოლი ზედამხედველობს და აკონტროლებს ბოლონიის პროცესის 10 მთავარი ამოცანის შესრულებას. ეს ამოცანებია:
ადვილად გასაგები და შესადარებელი კვალიფიკაციები;
სამსაფეხურიანი სისტემა (BA. MA. PhD);
საკრედიტო სისტემა (ECTS);
მობილობა;
ხარისხის უზრუნველყოფა და აკრედიტაცია;
ევროპული განათლების მიმზიდველობა;
უმაღლესი განათლების დაწესებულებები და სტუდენტები;
ცხოვრების მანძილზე სწავლა;
ევროპული განზომილება უმაღლეს განათლებაში;
განათლებისა და კვალიფიკაციის შერწყმა.
ბოლონიის პროცესის დონეებია: საერთაშორისო დონე; ეროვნული დონე – ბოლონიის პროცესის მხარდამჭერი გუნდი; ინსტიტუციური დონე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
ტერმინები და ტენდენციები, რომელსაც ბოლონიის პროცესი ამკვიდრებს: ადამიანური, სოციალური, კულტურული და მორალური კაპიტალი, ცოდნაზე დაფუძვნებული საზოგადოება; დეცენტრალიზაცია; მასიფიკაცია; ინტერნაციონალიზაცია; პროფესიონალიზაცია; ინდივიდუალიზაცია; თვითდასაქმების უნარი და მდგრადი განვითარება.
თანამედროვე საზოგადოებაში ცოდნის მნიშვნელობა და რვა საკვანძო კომპეტენცია:
1. კომუნიკაციის უნარი მშობლიურ ენაზე;
2. კომუნიკაციის უნარი უცხოურ ენაზე;
3. საბაზო ცოდნა მათემატიკაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში;
4. ციფრული კომპეტენცია;
5. სწავლა სწავლისათვის;
6. სამოქალაქო და ინტერპერსონალური კომპეტენციები;
7. სამეწარმეო კომპეტენცია;
8. კულტურული თვითგამოხატვა.
ბოლონიის პროცესის საკრედიტო სისტემა:
ევროპული კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემა – ECTS – ჩამოყალიბდა 1989 წელს ევროკავშირის პროგრამა ერაზმუსის ფარგლებში, რაც გულისხმობს სტუდენტების დატვირთვას წელიწადში 60 კრედიტით, 30 კრედიტი სემესტრში. 1 კრედიტი 25-30 საათის დატვირთვისაა. რაც კვირაში 40 საათს-1,5 კრედიტს ნიშნავს.
ბოლონიის პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია დიპლომის დანართი, რომელიც დიპლომთან ერთად გაიცემა უფასოდ და საერთაშორისო ენაზე. მასში აღწერილია კვალიფიკაციის შინაარსი, დონე, კონტექსტი და სტატუსი:
დიპლომის დანართი ადვილად გასაგები და შესადარებელია საზღვარგარეთ;
მოიცავს სრულ ინფორმაციას აკადემიური პროგრამისა და სწავლის პერიოდში შეძენილი კომპეტენციის შესახებ;
ობიექტური ინფორმაცია სტუდენტის კომპეტენციისა და მიღწევების შესახებ;
აადვილებს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისა და მუშაობის შესაძლებლობას;
ზრდის სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობებს-დიპლომის დანართში არსებული ინფორმაციის საფუძველზე დამსაქმებელი უფრო ინტერესდება სტუდენტის პროფილით.
ბოლონიის პროცესის ბერლინის სამიტზე (2003წ.) მინისტრებმა განსაზღვრეს მონაწილე დაწესებულებებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებლობა, შეთანხმდნენ პროგრამებისა და ინსტიტუციების შიდა და გარე შეფასებაზე, სტუდენტების მონაწილეობასა და შედეგების გამოქვეყნებაზე. აკრედიტაციის, ლიცენზირებისა და მსგავსი პროცედურების შემოღებაზე, საერთაშორისო მონაწილეობასა და თანამშრომლობაზე.
კვალიფიკაციების ეროვნული ჩარჩო და მისი აღწერა 5 მახასიათებლის მიხედვით:
1. დატვირთვა – კრედიტები;
2. დონე – ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი;
3. სწავლის შედეგი – ცოდნა, უნარები და კომპეტენციები სასწავლო საფეხურების დამთავრების შემდეგ;
4. კომპეტენცია – შემეცნებითი, ფუნქციური, პიროვნული, ეთიკური – კომპეტენცია უნდა შეესაბამებოდეს კვალიფიკაციას. კვალიფიკაცია კურსდამთავრებულს ენიჭება კომპეტენციის მიხედვით;
5. პროფილი – ჰუმანიტარული, ტექნიკური და სხვა.
ბოლონიის პროცესის მორიგი კონფერენცია 17-18 მაისს ლონდონში გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა. 46 სახელმწიფოს განათლების მინისტრებმა კონფერენციაზე ხელი მოაწერეს “ლონდონის კომუნიკეს”, რომელშიც განისაზღვრა 2007-2009 წლების სამოქმედო პრიორიტეტები:
სამსაფეხურიანი სწავლის სისტემის (მაგისტრი, ბაკალავრი, დოქტორი) განვითარების ხელშეწყობა;
სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა მონაწილე ქვეყნებს შორის ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მობილობის ხელის შემშლელი დაბრკოლებების დაძლევა, გრანტებისა და სესხების სისტემის განვითარება, ვიზებისა და სხვა ქვეყანაში მუშაობის უფლების მიღების გამარტივება;
უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასათვის;
შესაბამისი პირობების შექმნა სტუდენტებისათვის, რათა მათ ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების გამო სწავლის დასრულების პრობლემები არ შეექმნათ;
შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება, რაც გულისხმობს პოტენციური დამსაქმებლების ჩართვას სასწავლო პროგრამების შედგენაში, ამა თუ იმ პროფესიაზე მისაღები კონტინგენტის განსაზღვრაში.
2008 წლიდან ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესაბამისად, უმაღლესი განათლების რეფორმა საქართველოში მეორე ეტაპზე გადადის. ორგანიზაციული რფორმების შემდეგ იწყება ხარისხის სრულყოფისა და პროგრამულად დასავლეთის უნივერსიტეტებთან დაახლოების ეტაპი. იქმნება უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების სამსახური და პროფესიული აკრედიტაციის ეროვნული სააგენტო, რომლის კომპეტენციაშიც შედის ეროვნული სისტემის სწავლის ხარისხის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან. მანამდე კი არსებულ სურათს გადავხედოთ – რას სთავაზობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა სტუდენტებს?
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – რეფორმის პირველი ნაწილი -კონკურსები, პროფესურის მიღება და სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელებულია, დაინერგა “მინორ” და “მაჯორ” სწავლების მეთოდები. იწყება პროგრამული აკრდიტაციის ეტაპი. პროგრამები რეცენზირებას ჯერ ფაკულტეტებზე გადიან, შემდეგ კი შედეგები საზღვარგარეთ გაიგზავნება. მაგალითად, ეკონომიკის ფაკულტეტზე რეცენზირებული პროგრამები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გაიგზავნება და იქ გაივლის შემოწმებას. რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, დაგეგმილია ამერიკელ ექსპერტთა მონაწილეობა კურუკულუმის შემუშავებაში. მსგავსმა ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების დასავლეთის პროგრამებთან დაახლოებას.
რაც შეეხება პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებს, მაგალითად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, EშM-თბილისში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს. ის, რაც მათ დანარჩენი უმაღლესი სასწავლებლებისაგან გამოარჩევს, არის კარგად აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სწავლების დასავლურ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული პროგრამები, მჭიდრო კავშირები სხვადასხვა დასავლურ უნივერსიტეტებთან. ეს უფრო რეალურს ხდის სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი პროცენტული მაჩვენებლები.
მაგრამ ერთია მიმზიდველობა და მეორე – შესაძლებლობა. საქართველოში ბევრს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ წელიწადში 12000 ან თუნდაც 5000 ლარი გადაიხადოს (დანართი). გარდა ამისა მოსალოდნელია სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო ვაუჩერებზე ფასის ზრდა, რაც შეიძლება გარდაუვალიც გახდეს, სხვანაირად ისინი სათანადო კონკურენციას კერძო უმაღლეს სასწავლებლებს ვერ გაუწევენ. საქართველოში სწავლა ძვირდება, პარალელურად სახეზე გვაქვს დინამიკა, რომლის მიხედვითაც უმაღლეს სასწავლებელში მისაღები კონტინგენტის რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება – ერთიანი ეროვნული გამოცდებით პირველ წელს სტუდენტი დაახლოებით 28000 აბიტურიენტი გახდა, შარშან – 17000, წელს კი მისაღები კონტინგენტი 15000-მდე მცირდება. გამოდის, რომ უმაღლესი განათლება ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო ნაკლები ადამიანისათვისაა ხელმისაწვდომი მაშინ, როცა საპირისპიროდ – იმატებს პოტენციურ სტუდენტთა რაოდენობა, თუ წელს დამამთავრებელ კლასში 62000-მდე მოსწავლე ირიცხება, 10 კლასში მათი რაოდენობა დაახლოებით 66000-ია.
არსებობს თუ არა გამოსავალი?
როდესაც ქვეყანაში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, პარალელურად კი მეწარმეები კვალიფიციური კადრების ნაკლებობას უჩივიან, პროფესიული განათლების სისტემის დანერგვა-განვითარება ამ ორი პრობლემის გადაჭრის წინაპირობა უნდა გახდეს. უკვე არსებობს საკანონმდებლო ბაზა – კანონი “პროფესიული განათლების შესახებ”, რომელსაც პრეზიდენტმა 2007 წლის 28 მარტს მოაწერა ხელი.
საბჭოთა მბრძანებლურ-ადმინისტრაციული ეკონომიკის პირობებში, როდესაც სამუშაო ადგილებს არა ბაზრის მოთხოვნა, არამედ საგეგმო კომიტეტი განსაზღვრავდა, პროფესიული-ტექნიკური სასწავლებლები ერთგვარ საგანმანათლებლო ჩიხს წარმოადგენდა, რომლის კურსდამთავრებულებიც ძირითადად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დაბალი აკადემიური მაჩვენებლის მქონე მოსწავლეები, პრაქტიკულად მოკლებული იყვნენ შემდგომი პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდის დასაწყისში სახელმწიფომ პრიორიტეტულად არ მიიჩნია პროფესიული განათლება – მოსამზადებელი პროფესიების სტრუქტურისა და სწავლების შინაარსისა თუ ნორმატიული ბაზის განუახლებლობამ უარყოფითად იმოქმედა სწავლების პროცესსა და ხარისხზე, რასაც პროფესიულ სასწავლებელთა პრესტიჟის კიდევ უფრო დაცემა მოყვა.
დღეს პროფესიული განათლების სისტემა საქართველოში განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. კანონი “პროფესიული განათლების შესახებ” პასუხობს იმ ამოცანებს, რომელთაც ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება აყენებს. პროფესიულმა განათლებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დამყარებული ეკონომიკური სისტემის განვითარებისა და მოსახლეობის დასაქმების პროცესში: “ამ კანონის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების ფუნქციისა და ადგილის განსაზღვრა, პროფესიული განათლების სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად მზარდი შრომის ბაზრის მოთხოვნებს” – ვკითხულობთ კანონის შესავალში (თავი I, მუხლი I).
უნდა შეიქმნას ახალი ტიპის პროფესიული განათლება, ახალი ინფრასტრუქტურით, სწავლების მაღალი ხარისხით, სასწავლო-საწარმოო პარტნიორობით, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო დაწესებულების, დამსაქმებლის, ორგანიზაციებისა თუ სხვა დაინტერესებული წრეების აქტიურ ჩართვას პროფესიული განათლების დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში. მნიშვნელოვანია ორიენტაცია შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინება, ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის მისადაგების ხელშეწყობა მის მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების გზით – ყველა ეს პირობა ჩადებულია პროფესიული განათლების მიზნებში.
ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ხასიათი, გლობალიზაციის სწრაფი ტემპი მოითხოვს ნებისმიერი რეფორმისა და ცვლილების, მათ შორის პროფესიული მომზადების პროცესისა და შინაარსის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან, პირველ რიგში კი ევროპულ მოთხოვნებთან. შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელის არსებობა ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი წინაპირობაც არის. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2006 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2005 წელს არსებული 450 მილიონი აშშ დოლარიდან 1.140 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც თავისთავად განაპირობებს სამუშაო ადგილების შექმნასა და კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნის ზრდას.
პროფესიული განათლების მიღების უფლების სრულად რეალიზების მიზნით პროფესიული სწავლების ცენტრები ახორციელებენ პროფესიულ ორიენტაციას, რომლის მიზანია პროფესიული განათლებით დაინტერსებულ პირებთან, მათ შორის აბიტურიენტებთან, პროფესიულ სტუდენტებთან და სტუდენტებთან კონსულტაციების გამართვა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ. პროფესიული ორიენტაციის განხორციელების მიზნით პროფესიული სწავლების ცენტრები თანამშრომლობენ დამსაქმებლებთან (თავი I, მუხლი 7).
პროფესიული განათლების სახეებია სახელობო განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება, რომელიც შეიძლება იყოს ფორმალური ან არაფორმალური. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიული სწავლების განმახორციელებელ აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით. არაფორმალური განათლების მიღება არ ხდება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის შედეგად და არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას.
სახელობო განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის შემდეგ. რაც შეეხება პროფესიულ უმაღლეს განათლებას, მისი მიღება მხოლოდ სრული ზოგადი განათლების საფუძველზეა შესაძლებელი. ამჟამად საქართველოში 11 პროფესიული ცენტრი და 66 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები – საქართველოს მთავრობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ეროვნული პროფესიული სააგენტო, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი – პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებს სასწავლო-სამეწარმეო პრინციპის საფუძველზე.

1

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial