რა ეღირება საწვავი საქართველოში?

ნინო არველაძე

შეიშალა მსოფლიო! – ეს ფრაზა ზედმიწევნით შეეფარდება დღევანდელ ფასებს ნავთობის ბაზარზე. ვინ წარმოიდგენდა 2004 წლის აპრილში, როცა 35-დოლარიანმა საწვავმა შეარყია მსოფლიო, რომ ბარელზე 100 დოლარსაც ადვილად გადაიტანდა სამყარო. საწვავის გაძვირება არა მარტო მსოფლიოსთვის ხდება საშიში, ეს პირადად ჩვენს ქვეყანასაც ეხება, ეს ჩვენთანაც გარდაუვალია. მაგრამ გამყარებული ლარი იმპორტიორებს შესაძლებლობას აძლევს პროდუქტი შეძლებისდაგვარად იაფ ფასში მიჰყიდოს მოსახლეობას. საერთაშორისო ტენდენციებისა და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს JSC Wissol Petroleum Georgia-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე:

– ბატონო სოსო, რა მდგომარეობაა საერთაშორისო ბაზარზე?
– დამეთანხმებით, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა ვითარებამ კულმინაციას მიაღწია, რაც მხოლოდ ნავთობს არ ეხება. მუდმივად ვეცნობით სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებისა და ბანკების მიერ გამოშვებულ ანგარიშებს, რადგან განვითარებული მოვლენების თითოეული ნიუანსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საწვავის ბიზნესი მეტად დინამიური ხდება და ასევე გვაწუხებს ბენზინის ასე გაძვირება, ამიტომ გვაქვს ეკონომიკური პაკეტი – ვყიდით არაევროპულ ორ პროდუქტს, ასევე დასავლეთ-ევროპულ ოთხ პროდუქტს, ამიტომ აუცილებელია ყოველდღიურად გავაანალიზოთ, საერთაშორისო ბაზრის მდგომარეობა, რადგან ყოველდღიური შეხება გვაქვს შესყიდვასა და განბაჟებასთან და უნდა ვიცოდეთ მოსალოდნელი პროგნოზები.
გულახდილად რომ გითხრათ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამას ვერ ვახერხებთ, რადგან საწვავის ფასი კატასტროფლად იზრდება. “მორგან სტენლი” მიმდინარე წლის თებერვალში აცხადებდა, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 100 დოლარს მიაღწევდა, მაგრამ მის აზრს არავინ იზიარებდა. საინვესტიციო ფონდები და ჰეჯ-ფონდები სპეკულაციური მოთხოვნების გამო დიდი რაოდენობით იძენენ ნავთობპროდუქტებს. არსებობს ნავთობის გაძვირების სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა პოლიტიკური ფაქტორები. ანალიტიკურ ანგარიშებს თუ გადავხედავთ, ერთ დასკვნას გამოვიტანთ – ნავთობის ფასი ობიექტური გარემოებების გამო იზრდება, რაც ბანალური მიზეზით – მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის დარღვევის გამო ხდება. ცნობილია, რომ მთელი წლის განმავლობაში აზიის ქვეყნებში, კონკრეტულად კი ჩინეთსა და ინდოეთში როგორ იზრდება მოთხოვნა საწვავზე. საწვავზე მოთხოვნა იზრდება ისეთ განვითარებად ქვეყანებში, როგორიცაა ბრაზილია და არგენტინა. საბოლოო ჯამში, გაჩნდა დისბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ამგვარი დისბალანსის გამოსწორება გამორიცხულია წონასწორობის აღდგენის გარეშე. როდესაც ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 80 დოლარს მიაღწია, ბევრი მიიჩნევდა, რომ ფასი 95 დოლარამდე ვერ გაიზრდებოდა, თუმცა მან ამ ნიშნულსაც გადააჭარბა და დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ ის რამდენიმე ხანში 100 დოლარსაც გადააჭარბებს.
– ორი ფაქტორი მოქმედებს, მოპოვება-გადამუშავება დღეში 31-32 მლრდ ტონის ფარგლებშია. მსოფლიოში დაიწყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განვითარებისა და მშენებლობის შემცირების ტენდენცია.
– ძირითად მიზეზებში მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი არ იგულისხმება. ნავთობპროდუქტების გაძვირების ერთ-ერთი ობიექტური ფაქტორი სავალუტო კურსია. ნავთობპროდუქტები დოლარებში იყიდება. როგორც კი დოლარის გაცვლითი კურსი ეცემა, ის დიდ გავლენას ახდენს – ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები ნაკლებ პროდუქციას უშვებენ, რადგან მათ მაღალი შემოსავლის მიღება სურთ. ასევე ამერიკა და სხვა ქვეყნები, რომლებიც ნავთობს ყიდულობენ და მათი ვალუტა დოლართან მიმართებაში იწევს, ნაკლებად ზარალდებიან, რადგან პროდუქტს უფრო იაფად ყიდულობენ. ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მომავალ სხდომაზე არ გამორიცხავენ საპროცენტო განაკვეთების ნახევარი პროცენტით დაწევას. ეს ნავთობის ფასის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან როგორც კი ფედერალური სარეზერვო ბანკი განაკვეთებს დაწევს, დოლარზე მოთხოვნა ნაკლები იქნება. მთელი რიგი მიზეზების გამო დოლარის მდგომარეობა გართულებულია, ანუ დოლარის კურსის დაცემა ნავთობის ფასის აწევას გამოიწვევს.
60-იანი წლების ბოლოს ამერიკაში მწვანეთა მოძრაობა დაიწყო. ეკოლოგიური ფაქტორების გამო აშშ-ში დაახლოებით 40 წელია რაც ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ აშენებულა. აშშ-ის ეკონომიკას ნავთობის ფასზე დიდი გავლენა აქვს. რადგან ის მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20-22%-ს მოიხმარს, ამიტომ ნებისმიერი კატაკლიზმი და მოთხოვნის ზრდა აშშ-ში ნავთობის ფასზე აისახება. ბოლო წლებში დინამიურად იზრდება ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა, პარალელურად ამერიკასა და ევროპაში მწვანეთა მოძრაობის ძლიერი ლობის გამო ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები არ შენდება. ამას გარდა, არსებულ ქარხნებს სათანადო სიმძლავრეები არ აქვს, მაგალითად, როტერდამში, “შელს” ან BP-ისა და Eხონ-ს ძველი 20-30 წლის წინ აშენებული ქარხნები აქვთ, მას შემდეგ ამერიკაში მსგავსი ქარხანა არ აშენებულა.
– აზიაში თუ შენდება ასეთი ქარხნები?
– დიახ, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში შენდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ფაქტორი 10 ან 20 წლის წინ დიდ პრობლემებს არ იწვევდა, მაგრამ ახლა ის სერიოზული პრობლემაა. ყველაფერს ამძაფრებს ერთი ფაქტი – 2001 წლის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები შთამბეჭდავია, მსგავსი პრეცენდენტი 90-იან ან 80-იან წლებში არ ყოფილა. მართალია, მაშინ იზრდებოდა “აზიის ვეფხვების” ეკონომიკა, მაგრამ ბოლო ოთხი წელია მთლიანად მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ფართოვდება და თითქმის ყველა ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აღინიშნება. ბუნებრივია, ყოველივე ეს ნავთობპროდუქტებზე, მისი ფასისა და მოთხოვნის ზრდაზე აისახება. გარემოებებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ნავთობის ფასის კლების შესახებ პროგნოზის გაკეთება.
რა გავლენას ახდენს ბიოსაწვავი?
– ბრაზილიას ყველაზე დიდი რაოდენობით შაქრის ლერწამი აქვს, ბრაზილიის სახელმწიფო კომპანიამ, შეიძლება ითქვას, რომ თავიდანვე თადარიგი დაიჭირა. ბრაზილიაში ღარიბების დიდი მასა ცხოვრობს, ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამდეც კი მანქანების 25% ბუნებრივ აირს მოიხმარდა. ბიოსაწვავის მხრივ რაღაც ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ერთი ქვეყნის ანალიზის მიხედვითაც კი ვერ ვივარაუდებთ, რომ ბიოდიზელის გამო ნავთობპროდუქტების ფასი შემცირდება. BP-ის ვიცეპრეზიდენტი აცხადებს, რომ ალტერნატიულმა საწვავმა შესაძლოა რეალური გავლენა დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოახდინოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ფასები ნავთობპროდუქტების ალტერნატივის არარსებობას ადატურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ფასი 90 დოლარს ვერ მიაღწევდა. მოვაჭრეებს აქვთ ფსიქოლოგიური ნიშნულები, 90 დოლარი ერთ-ერთი მათგანია.
– რა როლს თამაშობს რუსეთი საერთაშორისო ბაზარზე?
რუსეთი OPEC-ის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ის მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელიც დაახლოებით 9.5 მლნ ბარელ ნავთობს აწამოებს ყოველდღიურად, რუსეთი გაზის მოპოვებასა და ფაქტიურ ექსპორტში #1 ქვეყანაა, ანუ გაზის ინდუსტრიაში “გაზპრომი” მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა. ის, რაც საერთაშორისო ბაზარზე ხდება, წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს, თუ დღევანდელ ფასებს გადავხედავთ ფაქტია, რომ რუსეთი დაახლოებით 9 მლნ დოლარს შოულობს ყოველდღე ნავთობის სარეკორდო ფასის გამო. ასეთი საერთაშორისო ფონის დროს, რუსეთს ფასის დარეგულირება არ შეუძლია, მით უმეტეს, როდესაც თვითონ მისთვის არ არის ხელსაყრელი ნავთობპროდუქტების გაიაფება – მისი ეკონომიკა ძირითადად ენერგომატარებლებზეა აწყობილი და ეკონომიკის დივერსიფიკაცია მაღალი არ არის.
– კატარიც OPEC-ში შევიდა?
– კატარი ხუთეულში შედის, მას გაზის საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, ასევეა ირანიც.
– ე.ი. OPEC-ი უფრო გაძლიერდა? რუსეთი რატომ არ შედის ამ გაერთიანებაში?
– OPEC-ში კატარი დიდი ხანია შესულია. OPEC-ის გაერთიანება გეოგრაფიულადაც უკავშირდება ერთმანეთს, წევრები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია. კიდევ ერთი ფაქტორია ის, რომ მსოფლიო ნავთობის 35-40%-ს აწარმოებს და ეს საერთო ნავთობის მოპოვებაში მისი წილია. OPEC-ი პროამერიკულ და პრო-დასავლურ ქვეყნებს, ასევე თვით ამერიკასა და ვეროპასაც საპირწონედ უდგას. ასე, რომ თუ ნავთობის ფასი ძალიან მაღალია დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, მაშინვე კეთდება განცხადებები საზოგადოების სხვადასხვა წევრების მიერ, რომ OPEC-მა უნდა გაზარდოს კვოტები, რათა ბაზარს უფრო მეტი ნავთობი მიაწოდოს, რაც ფასებს შეამცირებს, ანუ რუსეთის განცხადება OPEC-ში გაწევრიანების შესახებ არამომგებიანი იქნება. ამ შემთხვევაში OPEC-ის წილი მსოფლიო ნავთობის მოპოვებაში 45%-ს გადააჭარბებს, რაც მონოპოლიაა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მას ისედაც მონოპოლიური ადგილი უჭირავს, OPEC-ზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნავთობის ფასი, მაგრამ გადაწყვეტით ვერ ვიტყვით, რომ ფასს სწორედ OPEC-ი განსაზღვრავს.
– კონკრეტულად რას ნიშნავს 100 დოლარი ერთ ბარელ ნავთობზე? რა იქნება ბენზინის შესასყიდი ფასი და დაახლოებით რამდენად გაიყიდება 1 ლიტრი ბენზინი?
– უნდა აღინიშნოს, რომ 100 დოლარში შედის ობიექტური და სპეკულაციური მიზეზები, ასევე პოლიტიკურიც. ერთი მეტრიკული ტონა ბენზინის ფასი 800 დოლარამდე ადის მაშინ, როდესაც ბრენტი 89 დოლარია, მისი ფასიდან გამოდის პლატცის ფასი, რომელიც დასავლეთ ევროპაში პროდუქციის შესასყიდად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ 88-89 დოლარამდე ერთი ბარელი ნავთობის ფასი იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ იგი ვერ აისახა ნავთობპოდუქტების ფასებში. ყოველთვის ასე ხდება – ნავთობი ნავთობპროდუქტების ფასებს ასწრებს. თუ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს მიუახლოვდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთი მეტრიკული ტონა ბენზინის ფასი 900 დოლარი იქნება. იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან ვყიდულობთ და შემოგვაქვს, მას ემატება 20-დან 60 დოლარამდე. გასაყიდი ბენზინის ფასი ლიტრაზე დაახლოებით 1,75-1,80 ლარი იქნება.
– ბარელზე 100 დოლარის ფასის შემთხვევაში საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2 ლარი იქნება?
– 1.80 ლარი დღეს ჩვენთან ყველაზე მაღალი ფასია, ყველაზე დაბალი კი 1.45 ლარია. თუ ჩვენ ერთი ლიტრი საწვავი 1.80 ლარი დაგვიჯდება, კომპანიის მოგების გარეშე ფასი 2.15 ლარი უნდა ღირდეს.
– მთელ საქართველოში რამდენი ტონა საწვავი მოიხმარება?
– დაახლოებით 30-35 ათასი ტონა ბენზინი და იგივე რაოდენობით დიზელი თვეში.
-ფასების ზრდის გამო თუ შეიძლება მოხმარებული საწვავის რაოდენობის შემცირება?
– მსოფლიოში საინტერესო ფენომენი არსებობს, ცნობილი ეკონომისტები და ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, როდესაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარს მიაღწევდა, მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, ფასებთან ერთად საწვავზე მოთხოვნაც იზრდება, მაგალითად, ამერიკაში ოქტომბერში მოთხოვნა 1,2%-ით გაიზარდა. მოთხოვნის ზრდა კი ფასს კიდევ უფრო ზრდის. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს შემთხვევაშიც, ფასების ზრდას მოთხოვნის კლება ჯერ არ გამოუწვევია.
-რას იტყვით ეკონომიკის იმ დარგებზე, რომლებიც უშუალოდ საწვავზეა მიბმული?
– უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ფასების მომატებაში გარკვეული ჩამორჩენა იყოს, ანუ ვცდილობთ საერთაშორისო ბაზარზე ფასის აწევა მაშინვე არ აისახოს საქართველოში გაყიდულ საწვავზე. მაგრამ, მთელ მსოფლიოში თითქმის ყოველდღიურად იცვლება ფასები, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზეა დამოკიდებული, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში სოციალურად შეჭირვებული ფენა არსებობს, ვცდილობთ სადამდეც შეგვიძლია ფასის შენარჩუნებას. მაგრამ ბუნებრივია, ჩვენ საწვავი 3-4 კვირის გათვლით შემოგვაქვს, მარაგების ამოწურვის შემდეგ კი სხვა გზა არ გვრჩება, ჩვენ არც პროდუქციის მწარმოებლები ვართ და არც მისი გადამამუშავებლები. ვართ უბრალოდ გამტარი, ამიტომ ფასები ჩვენგან დამოუკიდებლად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნავთობის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ქვეყანაა, იქ ავტოგასამართ სადგურებზე ფასების ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს მწარმოებელი ხარ თუ არა, ფასების ზრდის შეჩერება შეუძლებელია, როდესაც ბაზარზე დაფიქსირებულია კონკრეტული ფასი და მწარმოებელი ქვეყანა შიდა ბაზარზე არ გაყიდის პროდუქციას და უფრო ძვირად გაყიდის გარე ბაზარზე. მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანა მწარმოებელია თუ გადამამუშავებელი. თუ არსებულ მდგომარეობას პოლიტიკურ სიტუაციას და გეოპოლიტიკურ პრობლემებსაც დავუმატებთ და ყველაფერს ერთ ქსელში გავაერთიანებთ ვნახავთ, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება გარდაუვალია.
-ვისოლი დაკავშირებულია “აპ”-თან, ლუკოილ-ს ბულგარეთიდან შემოაქვს საწვავი, “ეკოს” კი – საბერძნეთიდან. საქართველოში არის SOCAR-ი, ახდენს თუ არა ის რაიმე ზემოქმედებას ფასებზე?
– არა, არ ახდენს. როდესაც პროდუქციაზე მაღალი ფასია, ნებისმიერი სუბიექტი, საცალო, ბითუმად მოვაჭრე, გადამამუშავებელი ქარხანა, თუ ნებისმიერი სხვა დაინტერესებული ადამიანი, ყოველთვის შეეცდება საკუთარი პროდუქციის მაღალ ფასში გაყიდვას. ერთადერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყნებში, სადაც ძალიან მაღალი ფასებია საწვავზე, სახელმწიფოს შეუძლია გადამუშავებასა და მოპოვებაზე გადასახადების შემცირების ზრდით პროდუქტის თვითღირებულება შეუმციროს მწარმოებლებს და შესაბამისად, შესაძლებელია მათ ფასების კორექტირება მოახდინონ.
– რატომ ვერ განვითარდა საქართველოში გაზზე მომუშავე მანქანების სეგმეტი?
– ჩვენმა კომპანიამ ჩაატარა კვლევა, სადაც გათვალისწინებული იყო საერთაშორისო პრაქტიკაც, გამოვლინდა შემდეგი ტენდენცია – არსებობენ ქვეყნები, სადაც ბუნებრივი აირის მოხმარება 10-15%-ს აღწევს, მაგრამ ეს მაჩვენებელი მხოლოდ მანქანებს ეხება და საუბარი არ არის ინდუსტრიულ მოხმარებაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სფეროს განსავითარებლად გარკვეული ინვესტიციები ჩაგვედო. გავითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები – გავიგეთ თუ როგორი იყო საერთაშორისო ტენდენცია. საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, საქართველოში არსებობს გაზზე მომუშავე მანქანები და მასზე გადასვლის მსურველებიც. კიდევ ერთი მიზეზი გავითვალისწინეთ – ძალიან სწრაფად იზრდებოდა ფასები ნავთობზე. მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩვენი პირველი გაზგასამართი სადგური გაიხსნა თბილისში. ვითვალისწინებთ, რომ საქართველოში შეჭირვებული ფენა არსებობს, კომპანია კი სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით აქტიურობს და ყოველწლიურად ვქმნით ზომიერ ბიუჯეტს, რომელიც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გვაქვს გაწერილი. თუ ნავთობის ფასები უფრო მაღლა აიწევს, ან ამ ნიშნულზე დარჩება, მივიჩნევ, რომ ბუნებრივ გაზზე მომუშავე მანქანების რიცხვი გაიზრდება. თუ ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერად განვითარდება და მოსახლეობაში სიმდიდრე დაგროვდება, ბუნებრივია, ბუნებრივ აირზე მანქანების გადაყვანის ტენდენცია შემცირდება, რადგან ნავთობპროდუქტებს თავის ხიბლი აქვს და თუ ადამიანს არ უჭირს, ის ბუნებრივ აირზე არ გადავა. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ თუ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს მიაღწევს, მაშინ ბუნებრივი გაზის წილი გაზის გაყიდვებში გაიზრდება.
– პირობითად თუ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენ ბუნებრივ აირს უდრის 1 ლიტრი ბენზინი, რომელიც 1.80 ლარი ღირს?
– ერთი ლიტრი ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი ღირს 1.45 ლარი, ერთი კუბური მეტრი გაზი კი – 75 თეთრი, თუმცა გააჩნია მანქანას და იმ ტექნოლოგიას, რომელიც მანქანაშია დამონტაჟებული, მაგრამ ბუნებრივი აირი თითქმის ნახევარი ფასი ღირს და ის იმდენივე მანძილს გაივლის, რასაც გაივლიდა 1 ლიტრი ბენზინით. ჩვენ კომპანიას დაახლოებით 15-20 გაზგასამართი სადგურის აშენება სურს, რაც საკმაოდ ძვირია. თუმცა მივიჩნევ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ბუნებრივ აირზე დიდი მოთხოვნა მანქანების მხრივ აღარ იქნება, ის მომავლის საწვავი არ არის. როგორც კი მოსახლეობაში ბევრი ადამიანი დასაქმდება და ეკონომიკურად ქვეყანა განვითარდება, ანუ საზოგადოებაში დაგროვდება რეალური კაპიტალი, მასზე მოთხოვნაც შემცირდება. ბუნებრივი აირი შეჭირვებული ფენისთვისაა განკუთვნილი, როდესაც ღარიბები საშუალო ფენაში გადაინაცვლებენ, ისინი ბენზინს ამჯობინებენ.
– რამდენად უსაფრთხოა ბუნებრივი აირის საწვავად გამოყენება?
– მინარევებიდან გამომდინარე, ეკოლოგიურად ის ყველაზე სუფთა საწვავია, ნავთობის წარმოებისას ის პირველი კონდენსტატია. საშიშია მხოლოდ დახურული სივრცის პირობებში, მაგრამ ის ჰაერზე მსუბუქია და მისი გაჟონვის შემთხვევაში ის ჰაერში მიდის. ბენზინი, დიზელი, თხევადი გაზი, ყველა მათგანი ჰაერზე მძიმეა და ეკოლოგიური თვალსაზრისით გარემოს აბინძურებს, ანუ ბუნებრივი აირის ნებისმიერი ალტერნატიული საწვავი ეკოლოგიურად ბინძურია და პირობითად, უფრო საშიში. მაგრამ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი: ევროპაში არსებობს მანქანები, რომლებიც ქარხნული წესით გამოდის ბუნებრივ გაზზე, ერთი მოდელის გამოშვებას ზოგჯერ 3 წელიც კი სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში დილეტანტი ხელოსნის მიერ გადაკეთებული კონსტრუქციების უსაფრთხოების შესახებ საუბარი რთულია.
– საქართველოს რომელ ადგილებში აპირებთ გაზგასამართი სადგურების გახსნას?
– ერთი გაიხსნა თბილისში, უახლოეს მომავალში ვაპირებთ საჩხერეში, ზესტაფონსა და ხაშურში. ასეთი საგურების გახსნას ძირითადად თბილისის გარეთ ვგეგმავთ, რადგან მოთხოვნა რაიონებში უფრო დიდია. ჩვენი კომპანიისთვის ეს მხოლოდ ეკონომიკური შემოსავალი არ არის, არამედ იმიჯია, რადგან მხოლოდ მდიდარ ფენას არ ვემსახურებით.
– ლარის გამყარებული კურსი რა გავლენას ახდენს საწვავის ფასზე საქართველოში?
– ერთადერთი, რითაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს დაგვეხმაროს, ეს ლარის მყარი კურსია. თუ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.70 იქნებოდა, ეს ფასებს გააძვირებდა. ჩვენ მყარი ლარის დახმარებით შედარებით დაბალ ფასს ვინარჩუნებთ. თურქეთში საწვავი უკვე 2 დოლარზე მეტი ღირს და ამ ფაქტს ყველა შეეგუა.
– თუ ფიქსირებული კურსით წავალთ და სავალუტო საბჭო დაადგენს, რომ ორი ლარი გახდება ერთი დოლარი, საწვავის ფასი კი 3 ლარს მიუახლოვდება?
– ცხადია, რომ ლარის კურსის აწევა ზოგადად იმპორტზე დადებითად მოქმედებს. როდესაც საუბარია ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ამასთან 1 ბარელი ნავთობი 100 დოლარი ღირს, ბუნებრივია ეს ჩვენთვის ხელსაყრელია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial