დამისხი, დამალევინე!

შოთა მაქაცარია
თბილისში ჩატარებული დსთ-ს სავაჭრო-სამრეწველო პალატების სამიტის შემდეგ ყველას გაუჩნდა კითხვა ქართულ საქონელსა და კერძოდ, ნატურალურ ღვინოებთან დაკავშირებით. მოხსნის თუ არა რუსეთი ემბარგოს? მოხდა თუ არა რაიმე ძვრები მათ პოზიციებში? რა უნდა გაკეთდეს ახლა, როცა ამ ძვრების შესახებ მინიშნებები უკვე გაჩნდა?
ყველა კითხვაზე პასუხის გაცემამდე, მინდა ვთქვა, რომ ამ სიტყვების ავტორს, ისევე როგორც საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ეჭვი ოდნავადაც არ ეპარება იმაში, რომ ემბარგოს მიზეზი პოლიტიკური მოტივი იყო. აქედან გამომდინარე, მხოლოდ პოლიტიკურ ნებას შეუძლია იმ ბარიერის გადალახვა, რომელიც ბატონმა ონიშჩენკომ და მისმა მსგავსებმა აღმართეს.
უპირველესად, ჩვენც ჩავწვდეთ ამ პრობლემაში, ეს კი დაგვეხმარება რუს კოლეგებთან ერთად მოვახდინოთ მისი დემონტაჟი იმ შემთხვევაში, თუ, იქიდან გავიგონებთ თანხმობის ჩუმ სიგნალს.
ბოლო წლებში ქართული ღვინის წარმოებისა და ექსპორტის მკვეთრი ზრდა ძირითადად ჩვენი მევენახეებისა და მეღვინეების გმირული ძალისხმევის შედეგია. მათი ოპტიმიზმითა და მამაცობით შესაძლებელი გახდა ფაქტიურად გაპარტახებული და დეპრესირებული დარგი ახალ, უფრო თანამედროვე დონეზე აეღორძინებინათ.
1995 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 3,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2005 წელს – 82 მილიონ დოლარს და საექსპორტო საქონლის ნუსხაში პირველი ადგილი ეკავა. ექსპორტის 74% მოდიოდა რუსეთის ფედერაციაზე. ბოლო წლებში რუსეთის ბაზრებზე ქართული ღვინის მიწოდების ფიზიკური ნამატი არნახული ტემპებით – საშუალოდ 40-45%-ით იზრდებოდა. 2006 წლის აპრილამდე ქართული ღვინო რუსეთში იმპორტული ღვინის ბაზრის 9% შეადგენდა, ანუ თითოეული მეთერთმეტე ბოთლი ქართული ბრენდით იყო წარმოდგენილი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული მხარე წარსულში არაერთხელ აღიარებდა – ადგილი აქვს ჩვენი ბრენდების მითვისებას, ღვინის ფალსიფიცირება კი იმ დონემდე ხდებოდა, რომ ზოგჯერ მასში ყურძნის ნასახიც არ იყო. სპირტის, წყლის, ლიმონმჟავისა და საღებავების ნაზავი და კიდევ ღმერთმა უწყის რა კომბინაცია საკმაოდ კარგად იყიდებოდა 50-60 თეთრის სხვაობით. ამჟამად ეს ფაქტები წარსულს ჩაბარდა, თუმცა სამარკო ღვინოების წარმოება ყურძნის ტექნიკური ჯიშებიდან, საეჭვო კუპაჟები და დანამატები ცალკეული ვაიღვინისმწარმოებლების მიერ ახლაც არც თუ ისე იშვიათად ხდება და ნაღდ ქართულ ღვინოს ეს დიდებას ნამდვილად არ მატებს.
შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო ქართულ კონიაკთან დაკავშირებით. 2004 წელს მას ეკავა რუსეთში იმპორტული კონიაკის ბაზრის 7,6%, 2005 წელს – უკვე იმპორტული ბაზრის 9,6%, ანუ რუსეთის მთელი კონიაკის ბაზრის 2,8%. წელიწადში მიწოდების ფიზიკურმა ნამატმა 30% შეადგინა. ამ მიღწევას საქართველო უნდა უმადლოდეს ფირმა “სარაჯიშვილი-ენისელიდან” გ. ბუბუტეიშვილისა და მისი გუნდის დიდ ენთუზიაზმს, ასევე სხვა სერიოზულ მწარმოებლებს (ვაზიანი, GWS, KTW, TB და ა. შ.) სამწუხაროა, რომ მათ გვერდით კონიაკის ბიზნესს გამყალბებლებიც აწარმოებენ. ჩვენი ამოცანაა, ფალსიფიკატორებს მუდმივად შევუქმნათ ისეთი ბარიერები, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევს მათ თუნდაც მხოლოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე მასობრივი ექსპორტით გასვლაში. ეს იქნება პირველი ნაბიჯი. პარალელურად უნდა ვეცადოთ, რომ იმპორტის ქვეყნებიდან პარტნიორებსა და კოლეგებთან ერთად ლიკვიდაცია გავუკეთოთ იმ სუროგატებს, რომლებიც მათ ქვეყანაში ქართული ბრენდის სახელით მზადდება.
რას გავაკეთებთ კონკრეტულად ამ მიმართულებით? დსთ-ს ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების სამიტზე შემოთავაზებული წინადადებები კონსტრუქციულია და ადვილად შეიძლება მისი რეალიზაცია.
მაგრამ საინტერესოა რუსეთში ვინ, როგორ და რატომ ცდილობს ჩვენი პროდუქტის გაყალბებას? მაგალითად, 2006 წელს თვითონ რუსეთის ღვინის მწარმოებლებმა 20%-ით გაზარდეს საკუთარი წარმოება. იბადება კითხვა, რომელი რესურსების ხარჯზე? აი პასუხიც: ღვინომასალების იმპორტი გაიზარდა 180%-ით. რა არის ეს ღვინომასალები? რა ხარისხისაა და რისი მიღება შეიძლება მისგან? ალბათ, იგივესი, რასაც აწოდებდნენ ჩვენი სენაკელი, გორელი და სხვა კუთხის ჯგუფები. სხვათაშორის, რუსეთის ბაზრებზე ფრანგებმა საკუთარი წილი გაზარდეს 2-ჯერ, ესპანელებმა – 2,5-ჯერ, გერმანელებმა და იტალიელებმა კი – 3-ჯერ. ეს ტენდენცია ჩვენთვისაც ძალიან სერიოზულია. გულხელდაკრეფილნი არც ჩვენ, ქართული მხარე, ვიყავით. აღვნიშნავ მხოლოდ იმ ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ჩაატარა. თბილისში პირველად ჩატარდა ქართული ღვინოების უმსხვილესი კონკურსი საერთაშორისო მსაჯების მონაწილეობით. დეგუსტაციისათვის ექსპონატების შეძენა ასევე პირველად მოხდა ქალაქის ჩვეულებრივ მაღაზიებში. კონკურსის შედეგებიც მნიშვნელოვანწილად მოულოდნელი აღმოჩნდა. მაგალითად, მშრალი და ნახევრადმშრალი ღვინოების კონკურსში გაიმარჯვა ყველასათვის უცნობმა ფირმა “ვაზი+”-ის “ბინეხმა”. საფრანგეთის, გერმანიის და ჰოლანდიის ექსპერტებისა და სომელიელების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: “ქართული ღვინის ექსპორტი. შესაძლებლობები და პერსპექტივები”. პალატამ ორგანიზება გაუკეთა ქართული ღვინისა და სხვა საექსპორტო საქონლის გამოფენა-პრეზენტაციებს ვარშავაში, სტამბულში, პეკინში, ასტანაში, ბაქოში, რიგაში, კიევში და დონეცკში. შედეგები გამოიხატება იმაში, რომ ქართული ღვინო იპყრობს ახალ ბაზრებს, ხოლო თავის არსებობას ძველ ბაზრებზე აფართოებს. მაგალითად, უკრაინაში ერთი წლის მანძილზე ჩვენი ღვინის მიწოდება გაიზარდა 48%-ით, ბელორუსიაში – 106%-ით, პოლონეთში – 136%-ით, ყაზახეთში – 509%-ით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ბაზრის დაკარგვით ჩვენ ღვინის ექსპორტზე უნდა დაგვეკარგა 60 მლნ დოლარი, დივერსიფიკაციის ხარჯზე ჩვენ დავკარგეთ 16 მლნ დოლარით ნაკლები. ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ წლევანდელ წელს რეალური დანაკარგები კიდევ 15-20%-ით ავინაზღაუროთ. ასეთი შთამბეჭდავი ტემპების შემთხვევაშიც კი იმისათვის, რომ რუსეთის ბაზრის დაკარგვით გამოწვეული დანაკლისი შევავსოთ, მინიმუმ 4 წელია საჭირო.
მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთის ბაზრისადმი ინტერესი არ ჰქონდეს. ეს ინტერესი არ დაუკარგავთ არც ქართველ მეღვინეებს, ისევე როგორც დაუკმაყოფილებელი რჩება რუსი მომხმარებლების ინტერესი ნამდვილი, ხარისხიანი ქართული ღვინისადმი. ეს განპირობებულია საუკუნოვანი კავშირებით, გემოვნებითა და ჩვევებით, ლოგისტიკით, ადვილად ხელმისაწვდომობით და ა. შ. პარადოქსი კიდევ ის არის, რომ საქართველოში მრავალი ღვინის საწარმოს მფლობელი არის რუსული ბიზნესჯგუფი. ახალი ქარხნები აგებულია რუსული ფულით და რუსულ ბაზრებზეა გამიზნული. სწორედ ამიტომ ჩვენ რუს მოკავშირეებთან ერთად ქვეყნის შიგნით უნდა ჩავატაროთ ისეთი სამუშაო, რომელიც გარკვეულ ბარიერებს შეუქმნის ფალსიფიკატორებს. ასეთივე კრიტერიუმების მიღება იქნება საჭირო ღვინის წარმოების მთელ საექსპორტო პროდუქციაზე, მომავალში კი – შიდა ბაზარზეც.
ამრიგად, პირველ ნაბიჯი უნდა იყოს ექსპერტთა ქართული და რუსული ჯგუფების შექმნა პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის საკითხში (საქართველოსა და რუსეთის პროფილური სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაკები). მათ ქართულ და რუსულ მხარესთან პოზიციები და მოთხოვნები უნდა შეათანხმონ (რუსეთის მომხმარებელთა კავშირი, სამტრესტი, საბაჟო და სხვ.). ეს მუშაჯგუფები უნდა მუშაობდნენ მუდმივ რეჟიმში, ანუ რუსეთში ჩვენი ღვინის მიწოდების განახლების შემდეგაც. მთავარია, მომხმარებლისათვის მიწოდებული ალკოჰოლური პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სისტემისადმი ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი კონტროლთან დაკავშირებული ყველა მოქმედებანი ერთად ჯაჭვში – ვაზის მოყვანიდან მის წარმოებამდე და ღვინის პროდუქციის გატანა-შემოტანაზე.
მკითხველის ყურადღებას არ გადავღლით ყველა იმ ღონისძიებათა ჩამოთვლით, რომელსაც გვთავაზობს რუსული მხარე. ეს ძირითადად არის ტექნოლოგიური საკითხები. აღვნიშნავთ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსს. რუსეთში ნატურალური ღვინო ამჟამად 7-ჯერ უფრო დაბალი აქციზური განაკვეთით იბეგრება, ვიდრე არანატურალური, თუმცა, ნატურალურობაზე მოთხოვნები სერიოზულად არის გამკაცრებული. რუსეთში, ესეც სიახლეა, ფუნქციონირება დაიწყო თავისი მონაწილეებისათვის პროფილური ბიზნესის-გაერთიანების თავდებობის ინსტიტუტმა. სწორედ ამას გულისხმობდა ბატონი ე. ნ. პრიმაკოვი, როდესაც თბილისში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან ქართული ღვინოების თავდებად დადგომის მზადყოფნაზე ლაპარაკობდა. რა თქმა უნდა, მანამდე ჩვენმა მხარემ უნდა შეარჩიოს ის საწარმოები და ფირმები, რომლის პროდუქციაზეც შეიძლება თავდებად დადგომა და რომლებიც რუსეთის სამომხმარებლო მეთვალყურეობის მხრიდან შემოწმებას გაივლიან.
დიდი მუშაობის ჩატარება მოუწევს საქართველოს პროფილურ უწყებებსაც. იგი უნდა ჩატარდეს ყველა შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად. ეს მუშაობა ითვალისწინებს მთელი მევენახეობისა და ღვინის მწარმოებელი საწარმოების ინვენტარიზაციას, კონტროლს ღვინის ხარისხსა და თითოეული ჯიშის რაოდენობაზე; შესაბამისობის დაცვას მიღებულ ღვინოსა და მოცემული ჯიშის მოკრეფილ ყურძენს შორის (ანუ დეკლარირებისა და კონტროლის შემოღება მოკრეფილი ყურძნის დეკლარირებად რაოდენობასა და მისგან მიღებულ ღვინოზე); სასუქისა და სხვა ბიოტექნოლოგიების გამოყენების საკითხების შეთანხმებას და რაც მთავარია – ალკოჰოლური პროდუქციის ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გამოცდის ანალიზებს.
რუსეთის მხრიდან რეკომენდაციები და სურვილები ცარიელ ადგილზე არ წარმოქმნილა. მათ საფუძვლად უდევს უკანასკნელი ორი წლის მანძილზე რუსეთში მიღებული სახელმძღვანელო დოკუმენტები და ყველა ექსპერტს მოუწევს ამ წესებს მოერგოს, თუ მათ სურთ წარმატებულად გაუწიონ კონკურენცია რუსეთის ბაზარზე. ქართულ მხარეს რაც შეეხება, ჩვენ ვეწყობით ევროკავშირის სტანდარტებს.
თბილისში ჩატარებული პალატების სამიტზე ითქვა, რომ ქართული ღვინისა და კონიაკის პროდუქციის დაბრუნებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი რეკომენდაციები და წინადადებები შეთანხმებულია მათი ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, თუმცა რა დონეზე, იქ ნათქვამი არ ყოფილა. ამის შესახებ არც ლაპარაკობენ.
ამგვარად, დავიწყოთ იმის კეთება, რაც აუცილებელია ჩვენი წამყვანი ინდუსტრიის საკეთილდღეოდ. ვაჟა-ფშაველას სიტყვები გავიხსენოთ: “ეგება წაღმა იფიქრონ სოფლის უკუღმა ტრიალი”.
ოღონდ ღვინო “ოხერ-ტიალი” არ უნდა იყოს.