ეკონომიკური პოლიტიკის თეორია (მეცნიერული ეკონომიკური პოლიტიკა): საგანი, მიზნები და ამოცანები

რევაზ გველესიანი, თსუ-ს სრული პროფესორი

ეკონომიკური პოლიტიკის საგნის ანალიზმა ყოველთვის ორი ასპექტი უნდა გაითვალისწინოს, ერთის მხრივ, გამოიკვლიოს თეორიული საფუძვლები (ეკონომიკური პოლიტიკის თეორია), მეორეს მხრივ კი, მეცნიერული ანალიზის პრაქტიკაში გადატანას (პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკა) გაუწიოს ოპონირება. ამის მიხედვით ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გავიგოთ, როგორც მეცნიერებისა და პრაქტიკის ერთობლიობა.

ეკონომიკური პოლიტიკა მოიცავს როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების გამტარებლის მოქმედებას, ასევე ამ მოქმედების მეცნიერულ (თეორიულ) საფუძვლებს. ის ემყარება დისციპლინებს: ეკონომიკურ თეორიას, პოლიტიკურ მეცნიერებას (პოლიტოლოგია), სოციოლოგიას, სახელმწიფოსა და ადმინისტრირების სამართალს და სხვა კომპლექსურ კვლევებს.
ეკონომიკური პოლიტიკა ზოგადი პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ეკონომიკურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკური მიზნები და ინტერესები. ასე მაგალითად, ევროპული სავალუტო კავშირის შექმნა ევროს, როგორც ერთიანი ვალუტის შემოღებით, არის ფართო ეკონომიკური მნიშვნელობის ნაბიჯი, რომელიც მტკიცე ნების გარეშე პოლიტიკური ინტეგრაციის გაღრმავებაში ძნელად რეალიზებადი იქნებოდა. ეკონომიკური პირობები, თავის მხრივ, უკუქმედებას ახდენს პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაციასთან ბრძოლა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა კონკურენციის განვითარების ხელშეწყობით (საკონკურენციო პოლიტიკის ფარგლებში) არის არა მხოლოდ ეკონომიკური რელევანტობის (ბაზრის ფუნქციონირების უნარიანობა), არამედ შეძლებისდაგვარად ჩვენი დემოკრატიის ექსისტენციალური წინაპირობა.
გადაწყვეტილებებისათვის ორივე სფეროში აუცილებელია ცენტრში იყოს კონფლიქტების რეგულირება (საზოგადოებრივი ინტერესების დაბალანსება), მაშინ, როცა ზოგადი პოლიტიკის მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გააწონასწოროს განსხვავებული ინტერესები და ამისათვის შექმნას საჭირო ჩარჩო-პირობები (სახელმწიფო წყობა, ხელისუფლების სისტემა, პარტიების სისტემა) და დაწესებულებები (სამართლებრივი უფლებამოსილება, საჯარო მართვა და ა.შ.). ეკონომიკური პოლიტიკა არის ზოგადი პოლიტიკის სფერო, რომელიც მიმართულია ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისა და რეალიზაციისაკენ, რითაც საბოლოოდ გავლენას ახდენს ეკონომიკური სუბიექტების საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფაზე. ამასთან იგი მოიცავს იმ გადაწყვეტილებებსაც, რომლებიც ადგენენ როგორც ეკონომიკური საქმიანობის ჩარჩოებს, ასევე არეგულირებენ ეკონომიკური აქტივობის მიმდინარეობასაც. ეკონომიკური წესრიგის ფორმირება (კოორდინაციის პრობლემის გადაჭრა და საკუთრების ფორმის დადგენა) ამასთან ცენტრალურ ადგილს იკავებს.
ეკონომიკურ-პოლიტიკური საქმიანობა, როგორც პრაქტიცირებული ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება ავხსნათ და გავიგოთ, თუ გავითვალისწინებთ კომპლექსური ზემოქმედების ერთიანობას ზოგადი პოლიტიკის სხვა სფეროებთან. ეკონომიკური პოლიტიკა ამ თვალსაზრისით წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ იგი დაეყრდნობა ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის შემეცნებას. ამასთან, თეორიულ ანალიზსა და მის პრაქტიკაში გადატანას შორის კავშირი არასდროს არ არის წინააღმდეგობისაგან თავისუფალი. შემეცნებას იძულებით კი არ მივყავართ ეკონომიკური პოლიტიკის თეორიიდან შესაბამის ღონისძიებებამდე ფულად, – საფინანსო, – კონიუნქტურულ, – ან გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროებში, არამედ ეკონომიკურ-პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად ფაქტიურად გასატარებელ ღონისძიებათა მიმართ მეცნიერულ რჩევებს შორის შეიძლება უფრო მეტად ნაწილობრივ მნიშვნელოვანი გადახრები წარმოიქმნას. ამის მიზეზი შეიძლება მრავალი რამ იყოს, კერძოდ, პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც ზოგადი პოლიტიკის სფერო, ექვემდებარება სხვადასხვა სახის ზემოქმედებას და შედეგებს, რომლებსაც ეკონომიკურ-პოლიტიკური რჩევების დროს ხშირად არასაკმარისად ითვალისწინებენ.
ასე შეიძლება ეკონომიკურ-პოლიტიკური მიზნის განხორციელებას შეექმნას საფრთხე (მაგალითად, უმუშევრობის შემცირება), რადგან ის კონფლიქტშია ეკონომიკურ ან პოლიტიკურ მიზანდასახულობებთან (მაგალითად, ფულის მსყიდველობითუნარიანობის სტაბილიზაცია, სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდაცია). მიზნები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს (მაგ. უმუშევრობის შემცირების ნაცვლად პრიმატი ფულის მსყიდველობითუნარიანობის სტაბილიზაციას მიენიჭოს). მატერიალური და ფინანსური რესურსების სიმცირე გვაიძულებს კომპრომისებზე წასვლას. ჯგუფური ინტერესებისა და საქმიანობის გავლენა ეკონომიკურ-პოლიტიკურ ნებაზე ართულებს მეცნიერული რჩევების დანერგვას. ეს ეხება არა მხოლოდ ეკონომიკური კავშირების, პროფკავშირების და ორგანიზაციების ინტერესებს, არამედ მოიცავს აგრეთვე ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელთა პირად ინტერესებს. გარკვეულ ამომრჩეველთა ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას იმის გამო, რომ ხელმეორედ აარჩევინონ თავი, ხშირად მივყავართ ეკონომიკურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებამდე, რაც ზედმეტად ხაზს უსვამს ღონისძიებათა უშუალო ზემოქმედებას და დროის დაყოვნებით გამოწვეული ზეგავლენით უგულებელყოფილი ხდება. განსაკუთრებით დიდხანს იგნორირებული იყო სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების პრობლემა იმით, რომ ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესები მხოლოდ ერთ-თითქოსდა მყარად დეფინირებულ-საერთო ინტერესის (საყოველთაო კეთილდღეობა) ასპექტში განიხილებოდა.
არსებობს სხვადასხვა შეხედულება იმის შესახებ, თუ როგორი დაყოფაა მიზანშეწონილი ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში. ვხვდებით როგორც დაყოფას – წესრიგისა და პროცესის პოლიტიკად, რომელიც მძლავრ ფენომენად წარმოდგება, ასევე რაოდენობრივ და თვისობრივ ეკონომიკურ პოლიტიკად. სხვა დაყოფა დაიყვანება ისეთ თვისებებზე, როგორიცაა ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები და მოქმედების სფეროები. ამავდროულად არსებობს ცნებები, რომლებიც მკითხველს ორიენტაციას არ უადვილებს. მარტო ეკონომიკური პოლიტიკის თეორიისათვის გამოიყენება ისეთი ცნებები, როგორიცაა მეცნიერული ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკის ან თეორიული ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლები. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, წინა პლანზე წამოვწიოთ ცნებების დაყოფა და გამიჯვნა. ამასთან ჩვენ მეთოდოლოგიურად ვხელმძღვანელობთ იმ მოსაზრებით, რომ გამიჯვნის პრობლემები მიზანშეწონილობის თვალსაზრისით უნდა გადაიჭრას.
ეკონომიკური პოლიტიკის თეორია (მეცნიერული ეკონომიკური პოლიტიკა) ხასიათდება ეკონომიკური მდგომარეობის აღწერითა და ახსნით, იგი იკვლევს ეკონომიკურ-პოლიტიკური საქმიანობის მოტივებს, გამოვლენის ფორმებს და შედეგებს, აანალიზებს მიზნებს, მიზანთა შორის დამოკიდებულებებს და ადგენს პროგნოზებს დაგეგმილი ან განუხორციელებელი ღონისძიებების ეკონომიკაზე ზემოქმედების შესახებ.
მისი ამოცანა, ერთის მხრივ, მდგომარეობს ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების წარმოდგენასა და ისეთი საშუალებების (ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტები) განვითარებაში, რომლებიც მიზნების განხორციელებისას პრაქტიკულ ეკონომიკურ პოლიტიკას დაეხმარება. მაგრამ დეფინიცია იქნებოდა ძალზე მწირი, მის ამოცანებს მხოლოდ ამით თუ შემოვფარგლავდით. უფრო მეტად, მეორეს მხრივ, საქმე ეხება იმას, რომ მივაღწიოთ თეორიულ შემეცნებით პროგრესს, რომელიც უშუალოდ პრაქტიკული ეფექტის კრიტერიუმად არ შეფასდება.
პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც მთელი სახელმწიფო პოლიტიკის სფერო, განიხილავს კონკრეტულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ღონისძიებებს და მის ინსტიტუციონალურ წინაპირობებს. ისინი გამომდინარეობენ ეკონომიკურ პროცესებზე ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლების მიერ ეკონომიკურ-პოლიტიკური ზემოქმედების სურვილიდან და შესაძლებლობებიდან.
პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შედარებას დასახულ მიზნებთან. დიაგნოზირებული გადახრები გავლენას ახდენს გატარებული ღონისძიებების მოცულობასა და ინტენსიურობაზე. ეს წინა პლანზე აყენებს კომპლექსურ ინფორმაციებსა და შემეცნებებს ეკონომიკის მდგომარეობისა და შესაძლებელი განვითარების ტენდენციების შესახებ, ასევე არსებულ ზემოქმედებათა ურთიერთკავშირზე და ღონისძიებათა მოსალოდნელ შედეგებზე. პოლიტიკური კონსულტაცია, რომელსაც სურს გავლენა მოახდინოს პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკის პროგრესზე, უნდა დაექვემდებაროს ამ მოთხოვნებს. ამასთან იგი ძირითადად ეყრდნობა ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული საფუძვლების ანალიზის შედეგებს.
ეკონომიკური პოლიტიკის თეორია, თავის მხრივ, იყოფა ორ დიდ სფეროდ: ზოგად ეკონომიკურ პოლიტიკად და სპეციალურ ეკონომიკურ პოლიტიკად. ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საგანს წარმოადგენს ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლები, რომელსაც ეკონომიკის ყველა სფეროსათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ საყოველთაო საფუძვლებს მიეკუთვნება საზოგადოებრივი მიზნების სისტემა, მიზან-საშუალებების პრობლემატიკა ან მიზეზების ადეკვატური ეკონომიკურ-პოლიტიკური ღონისძიებების შერჩევა.
ამის საპირისპიროდ სპეციალური ეკონომიკური პოლიტიკა კონცენტრირებას ახდენს საკითხების დასმაზე, რომლებიც ეხება ეკონომიკის სექტორებს (სექტორული ეკონომიკური პოლიტიკა) ან რეგიონებს (რეგიონული პოლიტიკა). სექტორული ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია ცალკეული ეკონომიკური დარგების ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ თავისებურებებზე (მაგალითად, მრეწველობის და აგრარული პოლიტიკა, სავაჭრო პოლიტიკა, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის პოლიტიკა). ეკონომიკაზე სექტორული და რეგიონული განვითარების ზემოქმედებას იკვლევს სტრუქტურული პოლიტიკა.
საყოველთაოდ ცნობილია ეკონომიკური პოლიტიკის დაყოფა ფინალური თვალსაზრისით. იგი გამომდინარეობს უშუალოდ ეკონომიკური პოლიტიკის დასახული მიზნებიდან, მაგალითად, ფულადი და საფინანსო პოლიტიკა, კონიუნქტურისა და დასაქმების პოლიტიკა, შემოსავლებისა და განაწილების პოლიტიკა, საგარეო ეკონომიკისა და განვითარების პოლიტიკა, ასევე გარემოს დაცვის პოლიტიკა. ასეთი დაყოფა მიზეზების ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკის საკითხის დასმის შესაძლებლობას იძლევა.
ეკონომიკურ ლიტერატურაში წესრიგის პოლიტიკად და პროცესის პოლიტიკად დაყოფას განსაკუთრებული ადგილი უკავია. წესრიგის პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონკურენციის წესის დამფუძნებელ პრინციპებს ოიკენის მიხედვით. წესრიგისა და მიმდინარე პოლიტიკის გვერდით სტრუქტურული პოლიტიკა განვითარდა დამოუკიდებელ სფეროდ, რომელიც განუყოფლად არის დაკავშირებული პოლიტიკის ამ სფეროებთან.
ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის მიზანია თვისებრივ ჩარჩო-პირობების ფორმირება. იგი განიხილავს ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკის მნიშვნელობის პროცესზე. წესრიგის პოლიტიკა შემდეგი გადაწყვეტილებების საფუძველზე აწესრიგებს ურთიერთობებს კერძო ეკონომიკურ სუბიექტებს შორის. ეს გადაწყვეტილებები ეხება:
საკოორდინაციო მექანიზმს (დეცენტრალიზებული ბაზრით ან ცენტრალური მართვით);
საკუთრების წესრიგს (წარმოების საშუალებებზე კერძო ან საზოგადოებრივი საკუთრება);
სამართლებრივ სისტემას (სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკის კონსტიტუციური პრინციპები, კონკურენციის უფლება საბაზრო-ეკონომიკური საქმიანობის დასამკვიდრებლად, სატარიფო სამართალი, საგადასახადო სამართალი, დაბალანსების დებულებები ან დასაქმებულთა საწარმოს მართვაში მონაწილეობის რეგულირება);
დაწესებულებების შექმნას (პირველ რიგში ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელთ) და მათი უფლებამოსილებების დადგენას.
წესრიგის პოლიტიკა არეგულირებს ურთიერთობებს კერძო ეკონომიკურ სუბიექტებს შორის. მან აგრეთვე უნდა გაანაწილოს ფუნქციები (ამოცანები) სახელმწიფო და კერძო ეკონომიკურ სუბიექტებს შორის. აქ ისმება საკითხი: ეკონომიკის რომელ სუბიექტს რომელი ამოცანის გადაჭრა შეუძლია საკუთარი სახსრებით უფრო ეფექტურად. ამის პასუხზე გავლენას ახდენს საზოგადოებრივი მიზან-სისტემა, რაც არ არის წინააღმდეგობებისაგან თავისუფალი. ასე იმყოფება რესურსების ოპტიმალური ალოკაციის ინტერესები არცთუ იშვიათად კონფლიქტში განაწილების სამართლიანობის პრინციპის უფრო სრულყოფილად განხორციელებასთან, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს სახელმწიფოს ამოცანებისა და ხარჯების გაფართოებასთან (ვაგნერის კანონი მზარდი სახელმწიფო ხარჯების შესახებ).
წესრიგის პოლიტიკის გადაწყვეტილებები გარკვეულ გავლენას ახდენს ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებსა და საშუალებებზე (ინსტრუმენტებზე). ასე მაგალითად, გადაწყვეტილება დეცენტრალიზებული საკოორდინაციო მექანიზმის ბაზრის შესახებ გავლენას ახდენს როგორც კერძო ეკონომიკური სუბიექტების (მაგალითად, მწარმოებელთა შორის კონკურენცია, სწრაფვა უფრო მაღალი მოგებისაკენ, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ავტონომია ტარიფებზე მოლაპარაკების დროს), ასევე კერძო ეკონომიკურ სუბიექტებსა და სახელმწიფოს შორის (მაგალითად, ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებას სიტუაციის მიხედვით მთლიანი ეკონომიკური წონასწორობის დარღვევისას შედეგად მოსდევს საბაზრო კონფორმიზმი) ურთიერთობაზე.
პროცესის (მიმდინარე) პოლიტიკის მიზანია არსებული წესრიგის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს ეკონომიკაში მოკლევადიანი ჩარევის დახმარებით მიზანმიმართული გავლენა მოახდინოს საბაზრო პროცესებზე. იგი მეტწილად შემოიფარგლება ეკონომიკის მაკროეკონომიკური რეგულირებით, მაშინ როცა მიკროეკონომიკური მართვა ბაზრის მექანიზმის პრეროგატივად რჩება (წესრიგის კონფორმისტული ეკონომიკური პოლიტიკა).
წესრიგისა და პროცესის პოლიტიკა წარმოადგენს ერთობლიობას, რომელშიც წესრიგის პოლიტიკას მეტი ავტორიტეტი აქვს. პოლიტიკის ამ სფეროებს შორის შეიძლება გაჩნდეს გადაკვეთის წერტილები. ფაქტია, რომ წესრიგის პოლიტიკის ღონისძიებებს მივყავართ პროცესის პოლიტიკურ შედეგებამდე. ასე მაგალითად, თუ დავუშვებთ სავაჭრო ცენტრების მუშაობის დროის გახანგრძლივებას ახალი კანონის მიხედვით, იგი წარმოადგენს წესრიგის პოლიტიკურ ღონისძიებას, რომელიც მყიდველთა მოქმედებისა და მყიდველთა ნაკადის ცვლილებით მთელ რიგ მიმდინარე პოლიტიკურ შედეგებს იწვევს: მაგალითად, სამუშაო დროის ინდივიდუალურ მოწესრიგებას, შეძლებისდაგვარად ცვლილებებს სამუშაო ადგილების სტრუქტურაში (სრული ან ნაწილობრივი სამუშაო დროით დასაქმებულთა თანაფარდობა). და პირიქით: ღონისძიებებს პროცესის პოლიტიკის სფეროში შეუძლიათ გამოიწვიონ წესრიგის პოლიტიკური შედეგები.
სტრუქტურული პოლიტიკა წარმოადგენს ეკონომიკურ პროცესებზე სახელმწიფოს ზეგავლენის მესამე არსებით სფეროს. მისი მიზანია, სხვადასხვა როგორც წესრიგის პოლიტიკური, ასევე პროცესის პოლიტიკური ინსტრუმენტების დახმარებით შესაძლებელი გახადოს საჭირო რეგიონული ან სექტორული პროცესების შესაბამისობაში მოყვანა, ამასთან, წინა პლანზე უნდა იყოს პოლიტიკა, რომელიც სექტორებს (ან რეგიონებს) შესაძლებლობას მისცემს ადეკვატურად წარმოდგენილი წესრიგის პოლიტიკური ჩარჩოს ფარგლებში შეიცვალონ საბაზრო ძალების გავლენით. საბაზრო ეკონომიკური ძალების ამ არაპირდაპირი ზემოქმედების პირისპირ დგას პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამტარებელთა (ინტერვენციონისტული ჩარევა) პირდაპირი ზეგავლენა. ამასთან ტარდება სტრუქტურულ-პოლიტიკური ღონისძიებები, მაგალითად, ფულადი დახმარების გაწევა, რომელმაც შეცვლილ ეკონომიკურ პირობებთან ადაპტაცია უნდა გააადვილოს. თუმცა არსებობს საშიშროება იმისა, რომ აქ გამიზნული ფინანსების დიდი ნაწილი უფრო მეტად გამოიყენონ ძველი სტრუქტურების შესანარჩუნებლად, ვიდრე განახლებისა და ახალ პირობებთან ადაპტირებისათვის.
ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის შემეცნების ობიექტი არის პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკა. ამასთან, ყურადღების ცენტრში დგას ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელთა მოქმედება, რომლებიც გავლენას ახდენენ ეკონომიკურ მოვლენებზე და მის ჩარჩო-პირობებზე. ჩვენ მნიშვნელოვანწილად შემოვიფარგლებით სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ასპექტებით. რა თქმა უნდა, არასახელმწიფო (კერძო) ორგანიზაციები და გაერთიანებები შეეცდებიან სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას და თავიანთი ჯგუფური ინტერესების დამკვიდრებას. ხელისუფლება მართალია ეკონომიკური პოლიტიკის უზენაესი გამტარებელია, მაგრამ ის არ ფლობს აბსოლუტური გადაწყვეტილების თავისუფლებას. ამ თვალსაზრისით ეკონომიკური პოლიტიკა არის საზოგადოებრივი (სახელმწიფო) დაწესებულებების ყოველგვარი სწრაფვის, მოქმედებისა და ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება რომელიმე დარგში ან სფეროში ეკონომიკური პოლიტიკის მიზნების დასამკვიდრებლად -ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობაზე ზემოქმედების ან მისი ჩარჩო-პირობების დადგენის და მასთან შესაბამისობაში მოყვანის გზით. აქედან გამომდინარე უკვე იკვეთება სამი არსებითი ამოცანა, რომლებთანაც ეკონომიკური პოლიტიკის თეორიას უწევს დაპირისპირება:
ეკონომიკური პოლიტიკის თეორია განიხილავს ყველა ეკონომიკური აქტივობის ერთობლიობას, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენისაკენ (ღონისძიებებისათვის თავის დანებებაც შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკურ პოლიტიკად, თუკი უკუქმედება შეგნებულად ხდება), ამის წინაპირობაა მოქმედებათა შორის კავშირების, საშუალებების (ინსტრუმენტები) და მოტივების ცოდნა.
ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია თავისი მიზნების დამკვიდრებისაკენ. ეკონომიკური პოლიტიკის თეორიამ უნდა ახსნას ეს მიზნები და გაარკვიოს თუ რა საშუალებებია ვარგისი მათ მისაღწევად.
ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება ორიენტირებული იყოს მთელ ეკონომიკაზე, სექტორზე (მაგ, აგრარული პოლიტიკა, ენერგეტიკული პოლიტიკა, ტრანსპორტის პოლიტიკა) ან რეგიონზე (მაგალითად, რეგიონების განვითარებისათვის ხელშეწყობა) ზემოქმედებისათვის. სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური პოლიტიკის საერთაშორისო ასპექტები, მაგალითად, ევროკავშირის ფარგლებში ან საერთოდ გლობალიზაციის პროცესში.
ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის ცენტრალური კვლევის საგანია წესრიგისა და პროცესის (მიმდინარე) პოლიტიკური საკითხების დასმა. ასეთი ზოგადი მოთხოვნები მაინც არ იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესახებ. მაშასადამე, იკვეთება საკითხი, თუ რა პრეტენზიები უნდა წავუყენოთ წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკას.
რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა გეგმაზომიერადაა მიმართული ყოვლისმომცველი, კარგად მოფიქრებული და თავის თავში აწონილ-დაწონილი მიზნობრივი სისტემისაკენ, ამასთან იგი აღწევს ზედმიწევნით მიახლოებას საზოგადოებრივ იდეალთან, რომელიც შესაძლებელია კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით.
წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მაშასადამე, გეგმაზომიერად ანგარიშვალდებულია საზოგადოებრივი მიზან-სისტემის წინაშე. ეს მიზან-სისტემა უნდა იყოს ყოვლისმომცველი და არ უნდა უგულებელყოს მიზანურთიერთობების განსხვავებული ხასიათი. ცალკეულ მიზნებს შორის, რომლებიდანაც საზოგადოებრივი (სოციალურ-ეკონომიკური) მიზან-სისტემა ყალიბდება, შეიძლება წარმოიშვას კონკურენცია. ეს შესაძლებელი კონფლიქტი უნდა გადაიჭრას კომპრომისების საფუძველზე. ცალკეული მიზნები ამგვარად შეიძლება განხორციელდეს, როგორც დამატებითი სარგებლიანობა (ზღვრული სარგებლიანობა), რომელიც წარმოიშობა ამ მიზანთან შემდგომი დაახლოებით და არა მარგინალური ნაკლით საკონკურენციო მიზნებთან მიმართებაში (ალტერნატიული ხარჯები). ამასთან გაურკვეველია, როგორ გაიზომება ეს სარგებლიანობა. პრობლემები შეიძლება წარმოიშვას კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდანაც. არის მართლა შეუძლებელი მიაღწიო უფრო მაღალ მიზანს, თუ არ არსებობდა ამ მიზნის ნება?
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ილუზორულია მივდიოთ რაციონალურ ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენ ვიზიარებთ ამ შეფასებას, და მაინც რაციონალურ ეკონომიკურ პოლიტიკაზე წარმოდგენას აქვს აზრი. ჩვენ გვჭირდება სანიმუშო სისტემა, რომლითაც გავზომავთ ფაქტიურ ეკონომიკურ პოლიტიკას. ისე, როგორც მაგალითად, წესრიგის პოლიტიკისათვის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს კონკურენციის წესი ან ფულადი პოლიტიკა ორიენტირებულია თეორიულ კონცეფციაზე.
პრეტენზია რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ მეტად დიდია და მისი კომპლექსურობის გამო მისი შესრულება თითქმის შეუძლებელია. საზოგადოებრივი მიზანსისტემის განსაზღვრა ხდება არა მარტო რაციონალური გავლენის ფაქტორებით. შეფასებების პროცესი მოიცავს მის განსაზღვრასაც. ეს კი ართულებს სამართლიანად შეფასდეს ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებები.
ეკონომიკურმა პოლიტიკამ, როგორც მეცნიერებამ, უწინარეს ყოვლისა, უნდა გააანალიზოს სამი ძირითადი საკითხი:
(1) რა მიზნებს ისახავს სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა?
რა მიზნები და მოტივები უდევს საფუძვლად ეკონომიკურ-პოლიტიკურ საქმიანობას?
რა წინაპირობები არსებობს სასურველი მდგომარეობისათვის?
როგორი განვითარებაა საერთოდ სასურველი?
(2) რას აკეთებს სახელმწიფო, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი?
როგორია აქტუალური ეკონომიკური მდგომარეობა?
რა პერსპექტივები იკვეთება?
რა გადაწყვეტილებებს იღებს სახელმწიფო და რატომ?
(3) რა საშუალებებს, ინსტრუმენტებს იყენებს სახელმწიფო მიზნის რეალიზაციისათვის?
რა საშუალებები, ინსტრუმენტები არსებობს ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად?
რა ეფექტი მოაქვს დაგეგმილ ღონისძიებებს და რა შედეგი მიიღწევა, თუ არაფერი მოხდება?
არსებობს ოპტიმალური მიზან-საშუალების კავშირი?
რომელი საშუალება როდის და რა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ?
ამ და სხვა საკითხებზე პასუხის გაცემაში ეკონომიკური პოლიტიკის თეორიას თავისი წვლილი შეაქვს იმით, რომ ასრულებს შემდეგ ამოცანებს:
(1) არსებული სიტუაციის აღწერა და ახსნა აქტუალური სიტუაციის განვითარების შესახებ სტატუს-კვო-პროგნოზის ჩათვლით, თუ არავითარი ღონისძიებები არ განხორციელდება.
(2) სასურველი სიტუაციის აღწერა
საფუძველმა უნდა შექმნას ნათელი წარმოდგენები, თუ რა სიტუაცია (მიზნები) უნდა იქნას დასახული. ღირებულებების შეფასებიდან გამომდინარე ეკონომიკურ პოლიტიკაში არსებული შეხედულებებით მიზნები ფაქტად აღიქმება და არ დასტურდება. მისი ამოცანა უფრო მეტად მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს მიზნის, შინაარსისა და მიზნის განზომილებების ზუსტი დეფინიცია ან ინტერპრეტაცია და მიზან-სისტემა შესაძლებელი მიზან-კონფლიქტების (მიზანთა კონსისტენციის) კუთხით გადამოწმდეს. რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, მაშასადამე, წინაპირობად აყენებს, რომ მიზნები თვისებრივად და რაოდენობრივად ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს (მიზნების ოპერაციონალურობა) და დანერგვის თვალსაზრისით ერთმანეთთან შეთანხმებადი იყოს.
(3) შესაბამისი საშუალებების გამოყენების განსაზღვრა, რათა არსებული სიტუაცია სასურველ სიტუაციას გაუთანაბრდეს. მასში შედის აგრეთვე ზემოქმედების პროგნოზი (მიზნის პროექცია), რომლის დროსაც შეფასდება საშუალებების გამოყენების მოსალოდნელი შედეგი.
(4) საშუალებათა გამოყენების კონტროლი და ევოლუცია გაუმჯობესებათა თვალსაზრისით.
პოზიტიური ეკონომიკის ძირითადი ამოცანაა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, რომელიც შედგება: (1) დიაგნოზისაგან (არსებული სიტუაციის აღწერა და მისი ახსნა) და ასევე (2) შემდგომი განვითარების (პროგნოზი) წინასწარმეტყველებისაგან. იგი მთავრდება (3) არსებული მოქმედების მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღებით.
დიაგნოზის ამოცანაა აღწეროს და ახსნას გარკვეულ დროის მონაკვეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა (არსებული სიტუაციის ადგილის განსაზღვრა). ამ თვალსაზრისით დიაგნოზი – ისევე როგორც პროგნოზები – ასრულებს ორ ფუნქციას: ჯერ ერთი, ის წარმოადგენს საფუძველს, რომელსაც ემყარება ეკონომიკური პოლიტიკა. მეორეც, იგი ემსახურება ეკონომიკური მეცნიერებების თეორიების შექმნას და გადამოწმებას. დიაგნოზის არსი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია არსებული ინფორმაციების ხარისხზე.
მთელი ეკონომიკური სიტუაციის დიაგნოზისათვის გერმანიაში, როგორც წესი, გამოიყენება 4 მიზნობრივი ინდიკატორი, რომლებიც გამომდინარეობს სტაბილურობის კანონის მიზანდასახულობებიდან (ეკონომიკის მუდმივი და ზომიერი ზრდა, ფასთა დონის სტაბილურობა, დასაქმების მაღალი დონე, საგარეო ეკონომიკური წონასწორობა). ასეთ აღწერას მოსდევს მიზეზთა ანალიზი, რომელმაც მიგვიყვანა აღწერილ ეკონომიკურ მდგომარეობამდე (მიზეზთა ანალიზი ანუ ეკონომიკური მდგომარეობის ახსნა). უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას რატომ? ეს ხდება ეკონომიკური კავშირურთიერთობების აღმოჩენით ზოგადად და განსაკუთრებით ემპირიული კანონზომიერებებით.
მიზეზების ანალიზისას დამამძიმებლად შეიძლება დამატებით წამოიჭრას მთელი რიგი პრობლემები:
(1) ზოგიერთ სფეროში (მაგალითად, კეთილდღეობის, კონკურენციის და ზრდის თეორიაში) არ არსებობს ემპირიულად შინაარსიანი თეორიები. მათ ადგილზე აღმოჩნდება ხოლმე დეფინიციური ან ნორმატიული გამონათქვამების სისტემები.
(2) სხვა სფეროებში (დემოგრაფია – მაგალითად, მიგრაცია, სამომხმარებლო საქმიანობა – რეკლამა) მართალია, არსებობს ემპირიულად შინაარსით სავსე ბაზისი, მაგრამ არ გვხვდება აღიარებული თეორიები. ჰიპოთეზების გამოყენება, რომელთა სინამდვილის რაობა გაურკვეველია, ზუსტ კვლევას არ აადვილებს.
(3) ზოგიერთ სფეროში დამატებით ერთმანეთთან მეტოქეობს განსხვავებული თეორიები (ჰიპოთეზების მოდელები, მაგალითად, კონიუნქტურულ და ინფლაციის თეორიაში).
დიაგნოზით არსებული ეკონომიკური მდგომარეობის აღწერისას, პროგნოზმა უნდა ასახოს მისი განვითარება მომავალში. პროგნოზების საუკეთესო საფუძველი იქნებოდა ემპირიულად გადამოწმებული თეორიები. მაგრამ რადგანაც ასეთი მტკიცე თეორიები ეკონომიკური მეცნიერების ყველა ქვესფეროს არ გააჩნია, ამიტომ პროგნოზები ხშირად ფართოდ ეფუძნება დაკვირვებასა და გამოცდილებას. ისინი დედუქციურად გამოიყვანება ჰიპოთეზებიდან და ჩარჩო-პირობებიდან (მაგალითად, სივრცე – დროის ასპექტი). სტატუს-კვო-პროგნოზი გვაწვდის ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება სავარაუდოდ არსებული მდგომარეობა, თუ არ განხორციელდება ეკონომიკურ-პოლიტიკური ღონისძიებები. მათი დახმარებით დგინდება არსებობს თუ არა მოქმედების მოთხოვნა ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამტარებლების მხრიდან. ასეთი პროგნოზის შედეგად ვლინდება ეკონომიკური პრობლემა – თავისთავად გადაიჭრება, თუ საჭიროა ეკონომიკური პოლიტიკის ჩარევა.
ამის საპირისპიროდ ზემოქმედების პროგნოზი იკვლევს გარკვეულ ეკონომიკურ-პოლიტიკური ღონისძიებების გავლენას (ეკონომიკურ-პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება) მდგომარეობის განვითარებაზე. ზემოქმედების პროგნოზების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს არსებული მოქმედების მოთხოვნა. მისი ამოცანაა წინასწარ იქნას განჭვრეტილი ეკონომიკურ-პოლიტიკური ჩარევის მოსალოდნელი შედეგები.