გლობალიზაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები – მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

რედაქციისგან 

სამეცნიერო კონფერენციები საუკეთესო საშუალებაა სამეცნიერო კვლევის შედეგების დემონსტრირების, ახალი სამეცნიერო იდეების გაცვლის, პრობლემურ საკითხებზე მსჯელობის, მიმდინარე უახლესი აქტუალური საკითხების გაცნობისათვის და სხვა. თემატიკა, რომელსაც 2010 წლის 11 დეკემბერს მესამე საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, მეტად აქტუალურია და შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების პრობლემატიკის ვერც ერთი ასპექტი ვერ აუვლის გვერდს. 

      ტრადიციად მკვიდრდება საინტერესო კვლევის შედეგების და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მეტად საყურადღებო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემცველი მოხსენებების წარმოდგენა. ამჯერად კონფერენციაზე გაშუქდა გლობალიზაციის შესახებ სხვადასხვა ხედვის ამსახველი მიდგომები; მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის საკითხები; რეგიონული ინტეგრაცია; მათ შორის, ევროპულ სივრცეში საქართველოს ინტეგრირების გამოწვევები და პერსპექტივები; ოპტიმალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ფორმირების საკითხები; მოსახლეობის, მ.შ. სამუშაო ძალის საერთაშორისო მიგრაცია; საერთაშორისო მარკეტინგის საკითხები; საქართველოს ინოვაციური განვითარების პერსპექტივები; ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები; დარგობრივი ეკონომიკის (ტურიზმი და სოფლის მეურნეობა) განვითარების პრობლემები; მეწარმეობისადმი დამოკიდებულების საკითხები,  მისი სტიმულირებისა და კრეატიული ბიზნესის უპირატესობები; დაზღვევისა და ფინანსური ანგარიშგების საკითხები; მეცნიერებისა და განათლების კონკურენტუნარიანობა, მასთან დაკავშირებული კადრების მომზადების, დასაქმების პოლიტიკა, უნივერსიტეტების განვითარების მარკეტინგული სტრატეგია. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები სხვადასხვა კუთხით ეხმიანებოდა თანამედროვე გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ პრობლემებს. 
      პროფ. შ. ვეშაპიძისა და პროფ. ნ. ბაბუაძის მოხსენებაში აღინიშნა ჩვენი ერის უდიდესი პიროვნების – ილიას დამოკიდებულება საგარეო ეკონომიკური კავშირებისადმი, რომელიც უმთავრეს ორიენტირად გვისახავდა სხვა ქვეყნების მოწინავე გამოცდილების გაზიარებას და ამისთვის კონკრეტულ გზებსაც გვთავაზობდა. მას სამაგალითოდ მიაჩნდა “ევროპიული განათლება, მმართველობა და გამგებლობა ქვეყნისა, ევროპის წესი და რიგი”. გვმოძღვრავდა, რომ კარი გაგვეღო ევროპული ცივილიზაციისათვის, რადგან ის ყველაზე მოწინავე, პროგრესული იყო. მიიჩნევდა, რომ მოწინავე გამოცდილებას ყველა ქვეყნისას უნდა ვითვალისწინებდეთ, რადგან “ხალხებს შორის კარგი ურთიერთობების გარეშე, საქართველოს ხსნის გზა არ არსებობს”. მისი მთავარი დასკვნა ასეთია: ზოგადად მოწინავე სახელმწიფოებიდან ყველაფერი უნდა გადმოვიღოთ, რასაც მოითხოვს ქვეყნის სიკეთე და ბედნიერება. 
      გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის ოპტიმალური ინტეგრირების გზების წარმოჩენას მიეძღვნა პროფ. პ. კოღუაშვილის, პროფ. ნ. პაპაჩაშვილის, პროფ ე. სეფაშვილის, პროფ. ი. ნათელაურის, პროფ. ლ. ჯამაგიძის მოხსენებები. აღინიშნა, რომ თანამედროვე ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შედეგად წარმოშობილი ნეოპროტექციონიზმის ტალღის პირობებში საჭიროა სათანადო ეკონომიკური პოლიტიკის გატარება საქართველოშიც და უახლესი საერთაშორისო საინფორმაციო სისტემების (GთA) გამოყენების ხელშეწყობა. 
      წინა წლებისაგან განსხვავებით, კონფერენციაზე ფართოდ გაშუქდა ქვეყნის ინოვაციური განვითარების, განათლების, მეცნიერების საკითხები. 
      მეტად საინტერესო იყო მეცნიერთა დისკუსია გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური  განვითარების უპირატესობათა ფორმირების შესახებ. პროფ ი. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მეხუთე ტექნოლოგიური ციკლის ძირითადი მახასიათებელია ღერძული მაგისტრალური ინოვაცია – კომპიუტერული ტექნოლოგიები. მეექვსე ტექნოლოგიური ციკლის პერიოდში დომინირებადი იქნება კომპიუტერული და  ნანობიოტექნოლოგიების მრავალმხრივი გამოყენების სფეროს ფორმირება, ხოლო ძირითადი ეკონომიკური მახასიათებელი წარმოების მასშტაბის მზარდი ეფექტის პროცესის გლობალიზაცია. განვითარებულ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური ინტეგრაცია დაექვემდებარება მასშტაბის მზარდი ეფექტის საფუძველზე ორგანიზებული ინტელექტუალური პროდუქტის წარმოებაში კოოპერირებისა და სპეციალიზაციის პროცესებს. განვითარებად მცირე ღია ეკონომიკებს (მათ შორისაა საქართველო) საგარეო ვაჭრობისთვის იმ პროდუქტებისა და მომსახურების წარმოება ექნებათ, სადაც მასშტაბის მზარდი ეფექტი არ წარმოიქმნება. საქართველოს ეკონომიკაში ლოჯისტიკური პროცესების დიფერენცირების საფუძველზე ვიწრო სპეციალიზებული საფინანსო და სასაქონლო ნაკადების მოძრაობასთან გვექნება საქმე. ქვეყნის ისტორიული მისია ხელოვნებისა და სულიერ  ფასეულობათა შექმნისა და გავრცელების სფეროშია. ამდენად, სწორედ ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს  საქმიანობა. განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს საქართველოს ინტელიგენციის როლი და ფუნქციები, რაც გრძელვადიან პერიოდში წარმატების გარანტია იქნება.  
      შეუძლებელია ქვეყნის ინოვაციური განვითარება მეცნიერებისა და განათლების სექტორების განვითარების გარეშე. პროფ ი. გაგნიძემ წარმოადგინა განათლება და მეცნიერება საქართველოში მსოფლიო და გლობალური კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლების ასპექტით და კვლევის შედეგად დასძინა, რომ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკაში  ორ სიბრტყეში მოქმედი კლასტერების – სამეცნიერო-საგანმანათლებლო და ტრადიციული –  ჩამოყალიბება. პროფ ე. ლეკაშვილმა გაგვიზიარა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების ესტონური გამოცდილება და აღნიშნა, რომ განვითარებულ ქვეყნებში სტრატეგია ორიენტირდება ცოდნასა და გამოყენებაზე განათლების მიღების ყველა საფეხურზე და ესტონეთის გამოცდილების შესწავლამ გვიჩვენა, რომ თანამედროვე კონკურენციიის მოთხოვნების საპასუხოდ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეშიც უნდა დაიწყოს მზადება ელექტრონული სასწავლო კურსების შემუშავებასთან დაკავშირებით. ცოდნის საზოგადოებაში, გლობალიზაციის პირობებში მცირე ქვეყნის ინტეგრირების ყველაზე ეფექტიანი გზა ცოდნასა და ტექნოლოგიებზე გადის. პროფ მ. მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში განათლების როლის გადახედვის აუცილებლობასა და ტურიზმის სწავლების და პროფესიული გადამზადების მოდელებზე. 
      გლობალურ სივრცეში ინტეგრირება, უპირველეს ყოვლისა, დიდი გამოწვევაა მეწარმეობისადმი. პროფ. ი. ნაცვლიშვილმა წარმოადგინა საქართველოში მეწარმეობისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების სპეციფიკური ნიშნების შესწავლის  მიზნით  2010 წლის ივლის-სექტემბერში  ჩატარებული პილოტური კვლევის შედეგები. კვლევის შედეგები ხაზგასმით წარმოაჩენენ საქართველოში მეწარმეობისადმი დამოკიდებულების სპეციფიკას თბილისის მაგალითზე. რესპონდენტთა 91,5% ისურვებდა ყოფილიყო თვითდასაქმებული. ამ მხრივ, ევროპელები ბევრად უფრო თავშეკავებულნი არიან და ნაკლებად გამოთქვამენ თვითდასაქმების და მეწარმეობის დაწყების სურვილს. 
      სამეწარმეო სექტორის აქტიურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, კონცეფტუალურად რამდენად სწორად არის შერჩეული მოდელი, რა პრინციპებზე და როგორ არის აგებული დაბეგვრის ეროვნული სისტემა, რამდენად არის ის ჰარმონიზებული საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობასთან. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა პროფ. ზ. ვაშაკიძისა და მ. მიქელაშვილის მოხსენება, სადაც დასკვნის სახით აღინიშნა, რომ საგადასახადო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და მეწარმეების კომერციული ინტერესების შეთანხმებული მოქმედება. 
      მცირე და საშუალო საწარმოების გარე ბაზრებზე გასვლის უცხოური გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა პროფ. შ. შაბურიშვილის მოხსენების თემას,  რომელიც მიიჩნევს, რომ მოწინავე უცხოური გამოცდილების გაზიარებით შესაძლებელია საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების ეფექტიანობის ამაღლება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დამატებით დასაქმებას, სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესის შედეგების წარმოებაში დანერგვას, საექსპორტო პოტენციალის და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. 
      კონფერენციაზე გაშუქდა საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციის, მ. შ. შრომითი მიგრაციის საკითხები. პროფ. მ. ხმალაძემ წარმოადგინა კვლევის შედეგები, რომლებიც მეტად მტკივნეულ პრობლემას ეხება. აღინიშნა, რომ 1992 წლიდან დღემდე, მიგრაციის და შობადობის შემცირების შედეგად, საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 1082 ათასით, რომელთაგან 400 ათასი არის შრომითი მიგრანტი.  
           მიგრაციის მართვის არსებულ პრობლემებს ეძღვნებოდა პრაღის უნივერსიტეტის დოქტორანტის მოხსენება, რომელმაც კვლევა ჩაატარა ჩეხეთში, საქართველოს უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებისა, რომლებიც დღესდღეობით სწავლობენ ან მუშაობენ ჩეხეთის რესპუბლიკაში ლეგალურად. მისი დასკვნები საყურადღებოა “ტვინების გადინების” მარეგულირებელი პროექტებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისთვის. 
      კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები საქართველოდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან. მოხსენებებში აისახა მეცნიერთა და დოქტორანტთა კვლევის შედეგები, რომლებშიც  გლობალიზაციის კონტექსტში განხილულია ეროვნული ეკონომიკური აქტივობისა და განვითარების ფართო სპექტრი: მომხსენებლები ოთხ სექციაში გადანაწილდნენ: 
       გლობალიზაცია და რეგიონალიზაცია: თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები და ეკონომიკური განვითარების პრობლემები; 
       ქვეყნის ინოვაციური განვითარების პერსპექტივები გლობალიზაციის პირობებში; 
       ეკონომიკური და სოციალური რეფორმები და გლობალიზაცია; 
       გლობალიზაცია და ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები. 
      კონფერენციის დასასრულს შემუშავდა რეზიუმე, რომელმაც ასახა წარმოდგენილი კვლევების შედეგად გაკეთებული დასკვნები და რეკომენდაციები. 
      საორგანიზაციო კომიტეტმა თითოეული მონაწილის თანადგომით უზრუნველყო საკონფერენციო მოხსენებების დასტამბვა სამეცნიერო ნაშრომთა კრებულის სახით, რაც უკვე ტრადიციად მკვიდრდება. გამოცემულია სამივე კონფერენციის მასალები. 
      კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებებში ბევრი საყურადღებო და საინტერესო მასალა, დასკვნა და რეკომენდაციაა პოლიტიკოსების, მკვლევარების, სტუდენტების და აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
ეად ნ. პაპაჩაშვილი

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial