რა კეთდება საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის?

მაკა ღანიაშვილი

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი 2005 წლის 17 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შექმნის შესახებ, ხოლო 2006 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება. ფონდის ერთ-ერთი ამოცანაა: ა) სამეცნიერო პოტენციალის გასაძლიერებლად ხელი შეუწყოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელებას სამეცნიერო გრანტების საშუალებით (მუხლი 2).

მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის დადგენილება სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ აწესრიგებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მისაღებად პროექტების კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების შესრულების კონტროლის წესს (მუხლი 1).
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი (სსგკ) წარმოადგენს მეცნიერების რეფორმის განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს. სსგ-ს მიზანია, ღიად გამოცხადებული კონკურსის გზით, დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე გამოავლინოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები.
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ადმინისტრირებას, საკონკურსო პირობების შემუშავებას, კონკურსის გამოცხადებას, საკონკურსო პირობების გაცნობის მიზნით საკონსულტაციო სემინარების ჩატარებას, პროექტების შეფასებასთან დაკავშირებით ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას, დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენას და მათ წარდგენას ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოსათვის დასამტკიცებლად უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

პროგრამული და ფინანსური მოთხოვნები
საკონკურსოდ წარმოსადგენი პროექტების განხორციელების მინიმალური ხანგრძლივობაა 6 თვე, ხოლო მაქსიმალური – 36. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობა უნდა იყოს კვარტლის ჯერადი – 6, 9, 12, 15, 18 და ა.შ. 36 თვემდე. გრანტის მოცულობა 6-თვიანი პროექტებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 25000 ლარს, 9-თვიანი პროექტისათვის – 37500 ლარს, 12- თვიანი პროექტისათვის – 50000 ლარს და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში წლიური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 50000 ლარს.
საგრანტო კონკურსის ეტაპები და პირობები:
1. ძირითადი ეტაპები:
ა) პროექტის მომზადება და ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარდგენა;
ბ) პროექტის შეფასება ეროვნული ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ;
გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოში წარდგენა;
დ) ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტების დამტკიცება;
ე) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ხელმძღვანელებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არამომგებიან) იურიდიულ პირებად ჩამოყალიბებულ მეცნიერთა ჯგუფებს, ასევე საქართველოს მოქალაქე როგორც რეზიდენტ, ასევე არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს – მხოლოდ რეზიდენტ ფიზიკურ პირს. სამეცნიერო ხელმძღვანელი და პროექტის მენეჯერი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი ფიზიკური პირი.
პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი და მენეჯერი. პროექტის ძირითად შემსრულებლებს (მენეჯერისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის ჩათვლით) არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორზე მეტ საკონკურსო პროექტში, ხოლო მაგისტრანტებსა და დოქტურანტებს – ერთზე მეტ საკონკურსო პროექტში. პროექტის ძირითადი შემსრულებლები არ შეიძლება იყვნენ ბაკალავრები.
საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ეთიკური ნორმების გათვალისწინებით, ექსპერტთა ვინაობის გამხელა დაუშვებელია პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიერ.
2007 წელს საკონკურსოდ შემოთავაზებული იყო შემდეგი სამეცნიერო მიმართულებები:
1. ქართველოლოგიური მეცნიერებები;
2. ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები;
3. მათემატიკა, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები;
4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
5. დედამიწისა და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები;
6. სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები;
7. საინჟინრო მეცნიერებები;
8. აგრარული მეცნიერებები.
კონკურსი 14 მაისს გამოცხადდა. პროექტების ფონდში წარდგენის ბოლო ვადა იყო 22 ივნისი. ივლისში დაიწყო და ნოემბრამდე გასტანა პროექტების ექსპერტიზამ, რომელთა შეფასებაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდა 750-მდე უცხოელი ექსპერტი მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან.
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მეორე კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების რაოდენობა (1085) პირველ კონკურსთან შედარებით 100-ით გაიზარდა. 2006 წლის კონკურსის სტატისტიკური მონაცენებია ცხრილი #1-ში. ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიზანია იმგვარი კონკურენტული გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სულ უფრო მეტი კონკურენტუნარიანი პროექტის წარმოჩენას. წლევანდელი საგრანტო კონგურსის შედეგები გვიჩვენებს, რომ ჩვენ განვითარების სწორ გზაზე ვდგევართ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მათია ჯოხაძემ.
პროექტების დაფინანსება დაიწყება 2008 წლის 1 იანვრიდან.
საერთაშორისო სამეცნიერო
პროექტები
ევროპულ სამეცნიერო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობისათვის სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ ორი ძირითადი პირობის შესრულება: უნდა არსებობდეს პროექტების თანადამფინანსებელი საქართველოს მხრიდან და ევროპული პარტნიორები, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ სამეცნიერო პროექტებზე. აღნიშნული პირობების შესრულება აუცილებელია ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებში, ე.წ. ჩარჩო-პროგრამებში, მონაწილეობისათვის. ჩარჩო-პროგრამების ამოქმედება დაიწყო 1984 წლიდან და ამჟამად მიმდინარეობს მე-6 ჩარჩო-პროგრამის განხორციელება. ყოველი ახალი პროგრამა ხასიათდება თავისი სპეციფიკით, მაგრამ ძირითად მიზნად რჩება ევროპული სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრაცია და ეფექტური გამოყენება ევროპის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის.
საქართველოს ჩარჩო-პროგრამებში მონაწილეობის გარკვეული გამოცდილება აქვს. მე-5 ჩარჩო-პროგრამაში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით შესრულდა 17 პროექტი, ხოლო მე-6 ჩარჩო-პროგრამაში, თავდაპირველად წარდგენილი 40 პროექტიდან სრულდება 2 პროექტი.
მონაწილეობის ასეთივე, ან უფრო დაბალი მაჩვენებელი დამახასიათებელია დსთ-ს ყველა ქვეყნისათვის (გამონაკლისია რუსეთი და უკრაინა), რაც ექსპერტების აზრით გამოწვეულია არა მარტო ზემოთ აღნიშნული ორი პირობის შეუსრულებლობით, კერძოდ, არასაკმარისად კომპეტენტური ევროპელი პარტნიორებით და საქართველოს მხრიდან თანადაფინანსების არარსებობით არამედ მონაწილეობისათვის აუცილებელი წესებისა და პროცედურების სირთულით. სწორედ ამიტომ ევროკავშირის კვლევებისა და ტექნოლოგიების განვითარების მე-7 ჩარჩო-პროგრამისათვის (FP7) რეკომენდირებულია აღნიშნული წესებისა და პროცედურების გამარტივება. აღსანიშნავია, რომ FP7 განსხვავდება წინამორბედი მე-6 ჩარჩო-პროგრამისაგან რიგი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით.
რა გაკეთდება საქართველოში მე-6 ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში?
2001 წლის 22 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ მომზადებული კვლევებისა და ტექნოლოგიური განვითარების ევროკავშირის მე-6 ჩარჩო-პროგრამის (FP6) საბოლოო რედაქცია. წინამორბედ პროგრამებთან შედარებით FP6-ში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ე.წ. მესამე ქვეყნების მონაწილეობის შესაძლებლობა, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკებისათვის. მათი დახმარების მიზნით ევროკომისიის მიერ განხორციელდა გარკვეული ღონისძიებები. კერძოდ, დაიდო ხელშეკრულება ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეცნიერებთან თანამშრომლობის მხარდამჭერი საერთაშორისო ასოციაცია – INTAS-თან, რომელსაც 2002-2006 წლების განმავლობაში გამოეყო 70 მილიონი ევრო.
INTAS-ის გენერალური ასამბლეის 2003 წლის გადაწყვეტილებით შეიქმნა საინფორმაციო ქსელი, რომლის ფარგლებშიც, 2003 წლის ბოლოდან დაიწყო FP6-ის ეროვნული საინფორმაციო ბიუროების ჩამოყალიბება ყოფილ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოში FP6-ის ეროვნული საინფორმაციო ბიურო მოქმედებს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბაზაზე.

INTAS-ი
ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა (ადს) მეცნიერებთან თანამშრომლობის მხარდამჭერი საერთაშორისო ასოციაცია (INTAS) დაარსდა 1993 წელს ბელგიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, ჰოლანდიის, პორტუგალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისს და ევროკავშირის მიერ. აღნიშნულ ქვეყნებს მიეცათ INTAS-ის წევრი ქვეყნების სტატუსი, ხოლო ადს-ის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ეწოდა INTAS-ის პარტნიორი ქვეყნები.
1993-2004 წლებში INTAS-მა დსთ-ს ქვეყნებში გასცა თითქმის 4500 გრანტი. დაფინანსების 93% უზრუნველყო ევროკავშირმა, ხოლო 7% – წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა, ასევე ევროპულმა ორგანიზაციებმა (იხ. ცხრილი #2).
2004 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და INTAS-ის აღმასრულებელმა მდივანმა ხელი მოაწერეს ოფიციალურ შეთანხმებას სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ. 2004 წლის შეთანხმება არის განახლება მხარეებს (საქართველოსა და INTAS-სს) შორის 1995 წლის 20 ივნისს დადებული შეთანხმებისა ურთიერთსასარგებლო საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.
სახელმწიფოს როლი:
საქართველოში INTAS-ის საქმიანობის ხელშესაწყობად მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც იღებს INTAS-ის გრანტს გათავისუფლდება:
INTAS-იდან მიღებული გრანტის თანხიდან სოციალური დაცვის შესატანისგან, დაქვითვების ან ნებისმიერი სხვა მსგავსი სახის გადასახადისგან;
INTAS-ის გრანტის თანხიდან მიღებული პირადი ან ბიზნესთან დაკავშირებული შემოსავლების დაბეგვრისგან, ან ნებისმიერი სხვა მსგავსი სახის გადასახადისგან, რომლებიც მიღებულია საქართველოში.
მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც მიღებული აქვს INTAS-ის გრანტი ნებისმიერი სამეცნიერო და ტექნიკური აღჭურვილობის ან მასალების შესაძენად, იმპორტირებული იქნება საქართველოში INTAS-ის აღნიშნული საქმიანობის შესასრულებლად, განთავისუფლებულდება იმპორტის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, იმპორტის საბაჟო მოსაკრებლის, სააქციზო, ან სხვა დანარჩენი, საქართველოში მოქმედი მსგავსი გადასახადისგან.
მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ შესაბამისი იმპორტირებული ტვირთი ყოველთვის დაუყოვნებლივ იქნება გამოშვებული შემოსვლის პუნქტიდან, ნებისმიერი, ზემოაღნიშნულ გადასახადებთან დაკავშირებული ანგარიშწორების მიუხედავად. იმპორტირებული ტვირთის საბოლოო მიმღები არ გადაიხდის ტვირთის საწყობებში შენახვის საფასურს, არცერთი სახის იმპორტირებული ტვირთი არ იქნება ბლოკირებული შემოსვლის პუნქტში.
მთავრობა ასევე იძლევა გარანტიას, რომ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც შემოაქვს იმპორტის სახით ზემოაღნიშნული აღჭურვილობა ან მასალები, შეუძლია, თუ იგი ამას მოითხოვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღნიშნული ტვირთის დროებით სარგებლობაში გადაცემის წესით. აღნიშნული აღჭურვილობა იმპორტისა და რეექსპორტირების დროს გათავისუფლებულია ყველა სახის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.
INTAS-ის გრანტით დაფინანსებული ნებისმიერი სახის შეთანხმება არ იქნება საქართველოში მოქმედ დოკუმენტურ დამოწმებასთან, რეგისტრაციასთან და სხვა ანალოგიურ პროცესებთან დაკავშირებული გადასახადების ობიექტი.
2004 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში რჩება 2006 წლის 31 დეკემბრამდე და შემდეგ ავტომატურად გრძელდება ერთი წლის ვადით, თუ კი ერთ-ერთი მხარე წინასწარ არ აცნობებს მეორეს შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
14-წლიანი თანამშრომლობის პერიოდში INTAS-ის მიერ დაფინანსდა დაახლოებით 250 სამეცნიერო პროექტი საქართველოს მკვლევართა მონაწილეობით, გამოიყო 4 მილიონ ევროზე მეტი. სხვადასხვა დროს გაიცა ე.წ. საკონფერენციო და სასტიპენდიო გრანტები 35 ახალგაზრდა ქართველ მეცნიერზე, დაფინანსდა საინოვაციო საქმიანობაზე მიმართული 3 პროექტი.
2006 წელს გამართულ სამხრეთ კავკასია – 2006 ერთობლივ კონკურსზე კონკურსისთვის შერჩეული 140 პროექტიდან დაფინანსება მიიღო 17 პროექტმა, რომელთაგან 12-ში მონაწილეობენ ქართველი მეცნიერები. კონკურსისთვის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ და ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოყო შესაბამისად 100 ათასი და 50 ათასი ევრო. INTAS-ის მიერ გამოყოფილი იქნა 300 ათას ევროზე მეტი (ქართველი მეცნიერების მონაწილეობისათვის). INთAშ-თან შეთანხმებით აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მიერ კონკურსისთვის შეთავაზებული იყო 6 პრიორიტეტული მიმართულება:
1) გარემოს დაცვის პრობლემები;
2) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები;
3) ბუნებრივი რესურსების გაუმჯობესებულად გამოყენება;
4) მათემატიკისა და ასტროფიზიკის თანამედროვე პრობლემები;
5) ეკოლოგიური განვითარება:
6) მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციური განვითარების პოლიტიკა.
ევროკავშირის კვლევებისა და ტექნოლოგიების განვითარების მე-7 ჩარჩო-პროგრამა (FP-7)
FP-7A არის FP-6-ის უშუალო მემკვიდრე. 2005 წლის 6 აპრილს ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ მიიღოFP-7-ის დებულება. პროგრამის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს ე.წ. ცოდნის სამკუთხედში (კვლევა, განათლება, ინოვაცია) კვლევების როლის გაძლიერება. პროგრამა 7 წელს (2007-2013) გაგრძელდება. გაზრდილია დაფინანსება – 73215 მილიონი ევრო. FP-7 განხორციელდება 4 პროგრამის სახით: თანამშრომლობა, იდეები, ადამიანური პოტენციალი და სამეცნიერო-კვლევითი შესაძლებლობები.
1. თანამშრომლობა – ევროკავშირის მიერ (FP7)-ზე გამოყოფილი მთლიანი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი გათვლილია უნივერსიტეტებს, სამრეწველო დაწესებულებებს, კვლევით ცენტრებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. თანამშრომლობა განხორციელდება ტრანსნაციონალურ დონეზე ერთობლივი კვლევებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების საკოორდინაციო ქსელების ფორმით და მოიცავს სამეცნიერო მიმართულებების ფართო სპექტრს. ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობა მესამე ქვეყნებთან ამ პროგრამის განუყოფელი ნაწილია. პროგრამა თანამშრომლობა დაყოფილია ქვეპროგრამებად:
– ერთობლივი კვლევები – ევროპული უპირატესობით
(FP7)-სთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი გამოყოფილი იქნება პროგრამისათვის: ერთობლივი კვლევები – ევროპული უპირატესობებით, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, უნივერსიტეტებს და კომერციული კომპანიების ლაბორატორიებს შორის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროგრამა მოიცავს 9 ვერტიკალურ პრიორიტეტულ თემატურ მიმართულებას:
1. ჯანდაცვა;
2. საკვები, სოფლის მეურნეობა და ბიოტექნოლოგიები;
3. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
4. ნანომეცნიერებები, ნანოტექნოლოგიები, ახალი მასალები და საწარმოო პროცესები;
5. ენერგეტიკა;
6. გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები;
7. ტრანსპორტი (მათ შორის აერონავტიკა);
8. სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
9. უსაფრთხოება და კოსმოსი.
პროგრამა თანამშრომლობის სხვა ქვეპროგრამებია: ერთობლივი ტექნოლოგიური ინიციატივები და ტექნოლოგიური პლატფორმები, ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობა, რომლის ძირითადი თავისებურებებია:
მესამე ქვეყნებიდან მეცნიერების და სამეცნიერო ორგანიზაციებისთვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საქმიანობის ყველა მიმართულებაში;
საერთაშორისო თანამშრომლობის სპეციალური საქმიანობა თემატურ სფეროებში, რომელიც მნიშვნელოვანია მესამე ქვეყნებისთვის და საინტერესოა ურთიერთ თანამშრომლობისათვის, მოიცავს კანდიდატი და მეზობელი ქვეყნების სამეცნიერო პოტენციალის განმტკიცებას; ერთობლივ საქმიანობას, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნების განვითარებასა და პერსპექტივების რეალიზაციაზე, ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაზე, როგორიცაა ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა.
2. იდეები – მოწინავე კვლევების სტიმულირება ინდივიდუალურ კვლევით ჯგუფებს შორის ღიაა კონკურენციის გზით. ნავარაუდევია ევროპული კვლევითი საბჭოს შექმნა მოწინავე კვლევების შერჩევისა და ხელშეწყობისათვის. ასეთი კვლევები უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური ჯგუფების მიერ, რომლებიც კონკურენტუნარიანი არიან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესაბამის სფეროში.
3. ხალხი – საქმიანობა, რომელიც მიმართულია სწავლების, მეცნიერთა მობილურობის და კარიერული ზრდის ხელშესაწყობად მარი კიურის პროგრამის ფარგლებში, ფოკუსირებული იქნება პროფესიული გამოცდილების მიღების, კარიერული განვითარებისა და ეროვნულ სისტემებთან კავშირების განმტკიცების საკვანძო ასპექტებზე.
4. შესაძლებლობები
კვლევის საკვანძო სფეროებში სამეცნიერო-კვლევითი და საინოვაციო პოტენციალის სტიმულირება სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის კოორდინაციისა და ხელშეწყობის მეშვეობით;
მცირე და საშუალო სიმძლავრის საწარმოების განვითარებისთვის გამიზნული კვლევების ხელშეწყობა;
გაფართოებული ევროპული სივრცის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაძლიერება;
ევროპაში ცოდნაზე დაფუძნებული, ეფექტური და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა;
საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში საქმიანობის ჰორიზონტალური მიმართულების განხორციელება.