რაში “მოვუჯოკრეთ” ლაპლანდიას

ემზარ ჯგერენაია

ამ ზაფხულს ლაპლანდიაში სანტა კლაუსის მოსანახულებლად ჩავედი. მართლა, მართლა, ახლა სიმართლეს ვამბობ!!!

ზოგჯერ ასეც ხდება, რომ სრულიად არ ვიტყუები (დაეკარგა ტყუილს ფასი, ყველამ მიყო ამ საქმეს ხელი და მოწოდებამ გააჭარბა მოთხოვნას და როგორც ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევაში, გაუფასურდა ტყუილი და არ ღირს მოტყუება). ვიცი, გიჭირთ ჩემი დაჯერება, მაგრამ ასეა. კონფერენციაზე ფინეთში ვიყავი და შანსი არ გაუშვი, რომ სანტა მენახა. ისე ლაპლანდია არ მომეწონა – ერთი ჩვეულებრივი ტუნდრაა, ზღვის დონიდან 1000 მეტრზეა და მაინც და მაინც არც ნაძვებია ხშირი. მკაცრი, უჟმური ბუნება და სრულიად კეთილი და განუმეორებელი სანტა. ჩემი და სანტას შეხვედრა მეტად საქმიანი იყო და საახალწლო სამზადისს შეეხებოდა. შეიძლება ბევრს გაეცინოს და ქილიკით მითხრას – მაგის მხოლოდ შენ 4 წლის შვილიშვილს ლუკას თუ სჯერაო, მაგრამ არც ასე მარტივად არის საქმე და თუ არ გჯერათ… ბევრი გარიგება მოხდა ჩემსა და სანტას შორის და იმედი მაქვს, რომ ეს ახალი წელი სიურპრიზებით, დაპირებებით თუ საჩუქრებით სავსე იქნებოდა ჩემს ქვეყანაში. მაგრამ ეს იყო აგვისტოში!
ჩვენი შეთანხმების თანახმად, შევეხმიანე სანტას, როგორც კი ახალი წლის მოახლოების ხმა გავიგე ყინულიან შარაზე. გამაოცა სანტას პასუხმა – თქვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციებს ვიღებთ პრესიდან და ტელევიზიიდანო, ისეთი თოვლის ბაბუები გამოგიჩნდნენ ამ საახალწლოდ თუ საარჩევნოდ, რომ მე იქ ნამდვილად ზედმეტი ვარო, მათ ფონზე ჩემი თოვლის ბაბუობა რა მოსატანიაო, ჩემ ზღაპრებსაც კი სერიოზულად გადააჭარბესო.
ისე საქართველოს ასეთი საინტერესო ახალი წელი და ამდენი დაპირებები და საჩუქრები არ ჰქონია. ყველაფერს იფიქრებდა ადამიანი, მაგრამ ამ სუსხში შაკირას გარუჯული უკანალის ნახვას თუ ვეღირსებოდით რიყეზე, ნამდვილად არ მეგონა. ვინ წარმოიდგენდა ხელფასებისა და პენსიების ასეთ გაზრდას, დასაქმების და სხვა მრავალი საახალწლო საჩუქრის თუ დაპირების მიღებას. განუმეორებელი ახალი წელი და საოცარი რამაა არჩევნები.
ხომ შეიძლება შევთანხმდეთ და ტრადიციად ვაქციოთ ყოველ ახალ წელს თითო არჩევნების ჩატარება, ჩვენ ეს ხომ კარგად გვეხერხება. უფრო მეტიც, ერთი ჟურნალისტი მოსთქვამდა – რა გვეშველება იმის ნახევარიც რომ შესრულდეს რასაც გვპირდებიანო, ინფლაცია ხომ გაიზრდებაო. ნუ დარდობ მეთქი ვუთხარი, თუ შეასრულეს, ისეთი რამეები გაიზრდება, ინფლაცია რა მოსატანია მეთქი. ისე, ზედმეტი ყველაფერი მავნებელია, მათ შორის საახალწლო დაპირებებიც.
არა, მაინც უნდა დავრეკო ლაპლანდიაში და ჩამოვამსერო ის სანტა აქ! უნდა ნახოს როგორი უნდა იყოს ნამდვილი სანტა და საერთოდ, დროა ლაპლანდიამ შეიცვალოს ადგილი და სახელიც! აწი მსოფლიოს საახალწლო აჟიოტაჟის ადგილი საქლანდია იქნება! მორჩა! ესეც ასე, ამასაც “მოვუჯოკრეთ” და პირველ ადგილზე გავედით! რაში გავედით პირველ ადგილზე? – მკითხავთ თქვენ, რა მნიშვნელობა აქვს? ხომ გავედით! ბედნიერი შობა-ახალი წელი და დაპურებული მშვიდობიანი ვირთხა დაგბედებოდეთ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial