კეინსი ქუთაისიდან, ანუ რა შეცდომები აღმოუჩინეს ქართველმა მეცნიერ ეკონომისტებმა ჯონს

ემზარ ჯგერენაია
“..დავიწყოთ ინვესტიციებიდან. ჩვეულებრივ სიტყვათხმარების დროს ამაში გულისხმობენ ცალკეული პირების ან კორპორაციების მიერ რაიმე ქონების – ძველის ან ახლის შესყიდვას. ზოგჯერ ამ ტერმინს ზღუდავენ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ყიდვით, მაგრამ შეიძლება ასევე ლაპარაკი ინვესტიციებზე, მაგალითად, სახლის ან მანქანის ყიდვისას, ამასთან მზა პროდუქცის მარაგების ან დაუმთავრებელი წარმოების დაგროვებისას და საერთოდ, ახალი ინვესტიციები ზეინვესტიციებისაგან განსხვავებით ნიშნავს ყოველგვარი კაპიტალური ქონების ყიდვას .”
ჯონ მეინარდ კეინსი, დასაქმების, პროცენტის და ფულის ზოგადი თეორია, ქუთაისი, 1995წ. გვ. 88.
აუ, ძალიან მძიმედ დავიწყე, ისე მძიმედ, რომ მე თვითონ გამიკვირდა. ეს ინვესტიციების ერთ-ერთი კლასიკური და პრინციპში, დღემდე უცვლელი განსაზღვრებაა და ნამეტნავად უხდება გაზაფხულს.. გაზაფხულზე ბევრი სატკივარი ჩნდება. ჯერ არის და 60 ათასზე მეტი ახალგაზრდა ამთავრებს სკოლას და 30 ათასზე მეტი – უმაღლესი სასწავლებლის პირველ საფეხურს, 5 ათასი – პროფესიულ სასწავლებელს და 5000 – მაგისტრატურას. აქედან მხოლოდ 15000 გააგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში და დანარჩენი შრომის ბაზარზე გავა სამუშაოს საძებნელად, სადაც ექსპერტების გათვლებით დღეისთვის სულ 1500 სამუშაო ადგილია.
არ გეგონოთ ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება, იმ მუდამსახსენებელ მსოფლიოშიც იგივე ვითარებაა – ჭირს ახალგაზრდების დასაქმება. აბა კეინსი რა შუაშია?
ამ კემბრიჯელმა ეკონომიკის მამამ აღმოაჩინა საზოგადოების “ძირითადი ფსიქოლოგიური კანონი” – ადამიანის მისწრაფება მოხმარებაზე უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი დაინტერესება შემოსავლის გადიდებით. მაგრამ კეინსი როცა კემბრიჯში ამ თავის პოსტულატებს ქმნიდა, რატომღაც არ იგულისხმა საქართველო, სადაც მოხმარება იგივეა თითქმის 98% შემთხვევაში, რაც შემოსავალი. რატომ? იმიტომ, რომ კეინსი არ გვიყვარს და ჩვენ მის ასობით გვერდიან სახელმძღვანელოებს არ ვეყრდნობით? თუ იმიტომ, რომ ქართულ ეკონომიკურ სკოლას თავისი მამები ჰყავს და თავის გზით მიდის, ან იქნებ ქართული ეკონომიკა საერთოდ ობოლია? არა, არა და არა!!!!!…
ჩვენ ჩვენი ნაციონალური თავისებურებები გაგვაჩნია და კეინსი რომ ცოცხალი იყოს, ამას ასევე ამაყად ვეტყოდი პირში – ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩვენ მხარჯველი და მოქეიფე ხალხი ვართ და ვიყავით ოდითგანვე. ამიტომ კეინსის ეს ფუნდამენტალური მოდელები და სქემები ჩვენთან არ მოქმედებს. აი თუნდაც მისი დამოკიდებულება უმუშევრობას, ინფლაციასა და ფულის მასას შორის.
ჩვენ ან ნეოკეინსიანელები ვართ, ან კიდევ უკეთესი – ანტიკეინსიანელები.
საქართველოში ინვესტიციების ბუმია, რასაც მოჰყვა ინფლაციის ბათქანი და უმუშევრობის ბრაგვანი. კეინსი ამბობს, რომ არის ნებაყოფილობითი უმუშევრობა და სრული დასაქმების ილუზიაო. ჩვენ, ქართველი ეკონომისტები კიდევ უფრო წინ წავედით და შევქმენით თვითდასაქმების კატეგორია. კეინსის და მისი მასწავლებლების – ა. მარშალის და ა. პიგუს დროსაც არსებობდა საოჯახო მეურნეობები, მაგრამ არც კი უფიქრიათ თვითდასაქმების კატეგორიაში გადაეტანათ ეს. ჰოდა, ჩვენ მოვიფიქრეთ და თვითდასაქმება შთანთქავს სწორედ სავარაუდოდ ამ ახალ გამოჩეკილი უმუშევრების 100 000-იან არმიას. დიახაც, ამბობენ კვალიფიკაცია არ უვარგათო დასავლეთში და ჩვენთან ახლადშექმნილ დასავლურ ლაჟვარდოვან ფერებში შეღებილ ინსტიტუტებში არ უსწავლიათო. სწორია? სწორია. ჩვენ ახლა სულ დასავლური MBA>PHD და ასეთები გვინდა. დანარჩენი? დანარჩენი – თვითდასაქმებაში. კი მაგრამ ეს დასავლური მარკები და ხარისხები წელიწადში 5000 ევრო და 12000 დოლარი ღირს და საქართველოში ასეთი სპეციალისტების ხელფასი ოპტიმისტურ ვარიანტში რომ 500-800 დოლარია? ოო, აი მიხვდით რა შუაშია ინვესტიცია? აქაც, ამ განსაზღვრებაშიც, შეცდომა დაუშვა კეინსმა – უნდა დაემატებინა სწავლაში ინვესტირება. არ დაამატა და ახლა თავის თავს დააბრალოს. ჩვენ დავამატეთ და ახალი თეორიების კასკადი შევქმენით – სასწავლო ინვესტიციები. ერთი პრობლემა გვაქვს მარტო, ისევ კეინსის მიხედვით. როცა ის საუბრობს კაპიტალის ზღვრულ ეფექტიურობაზე (გვ159), არ გამოდის ამ დარგის ეფექტურობის მაჩვენებელი მაინცდამაინც სახარბიელო?! არა უშავს, ამაზე ახლა ქართული ეკონომიკური მეცნიერება მუშაობს და გამოვიყვანთ. მთავარია, რომ დასაქმების ახალი სახეობა აღმოვაჩინეთ – თვითდასაქმება. ჰოდა, იმ 100 000 ახალგაზრდას მინდა უთხრა, რომ ახლა დროზე დაისაქმონ თვითდასაქმებაში თავიანთი თავი. რას ნიშნავს ეს? ოო, ამისათვის ინსტიტუტებში კეინსი კი არ უნდა გესწავლათ, არამედ – ზოგიერთი ქართველი ეკონომისტის ინვესტიციის თეორია და მიხვდებოდით პრობლემაც არ გექნებოდათ. ქუთაისში ამაზე უკვე იზრუნეს და გამოაქვეყნეს ქართულად კეინსის დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია. ასე ამბობენ, ზუსტად ჩვენზეა დაწერილიო, მაგრამ ვინ უჯერებს კეინსს ქუთაისიდან, აი კემბრიჯიდან რომ ყოფილიყო, სხვა საქმეა! და ახლა არ დამიწყოთ ეს ის კეინსიაო, ის თუ არის, ქუთაისში რა უნდოდა და ამდენი შეცდომა როგორ დაუშვა!!!
ნეტა სად წავა ის 100 000 ახალგაზრდა? ან რა პასუხს გაგვცემდა კეინსი ცოცხალი რომ იყოს? არა, ისევ კეინსი უნდა გადავფურცლო, იქნებ ვიპოვო რამე თვიდასაქმების გარდა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial