როგორ დავტბორე ავსტრალია და როგორ შედგა პირველი არჩევნები, ანუ რატომ იყო დონ-ჟუანი მრავალსაფეხურიანი მარკეტინგის მამა

ემზარ ჯგერენაია

საოცარი წელი დაიწყო! რა ყოფილა ეს ვირთხა, კაცო! ყველაფერი თავდაყირა დააყენა – მოსკოვში +10C, მინსკში – 00C, კიევსა და სანქპეტერბურგში, რომ არაფერი ვთქვათ ჰელსინკზე, – +20C და თბილისში კი – -10-150C, ვორკუტაში – -50C, ვალეში – – 250ჩ! სად სამხრეთი და სად ჩრდილოეთი, აირია ბუნებაც კი. კლიმატის დათბობამ შეგვაწუხაო და ქვეყანა ავაწრიალეთ, არადა, საქართველოს შემხედვარე ამას ვერ ვიტყვით, პირიქით, გამყინვარება იწყება.

ეკონომიკას სად კვეთს კლიმატის მერიდიანიო – იტყვით თქვენ, გრინვიჩზე ბატონო და თბილისზეც! გაჩერდა ყველა მშენებლობა და შეფერხდა ტრანსპორტი, აშკარად შემცირდა ეკონომიკის ზრდა იანვრის თვეში. მე მგონი ვირთხა არ გამომძვრალა ჯერ თავის ღუნღულა სოროდან, ჯერ კიდევ ღორის წელია და ვირთხა თებერვალში მოდის და იმედი გვქონდეს ყველაფერს დაალაგებს – სამხრეთი სამხრეთი იქნება, ჩრდილოეთი კი – ჩრდილოეთი და ეკონომიკასაც ეშველება და ბიზნეს-განათლებასაც. თოვლიან ზამთარში ფიქრები მოგეძალება, თანაც ულევი! ზიხარ შენთვის ბუხართან, გარეთ ბარდნის და ყინვა სულს ზარავს, შენ თბილად ზიხარ და ფიქრობ ათას რამეზე, მათ შორის იმაზეც, რომ კომპასი აირია, კლიმატი, თუ საერთოდ ქვეყანა. განგებამ ხომ ფიქრისათვის გააჩინა ადამიანი, ვუცქერი, ახალ ტელევიზორს – დაბალანსებულს. როგორც ხედავთ აქტივ-პასივი და ბალანსი ეკონომიკიდან და ბუღალტერიიდან მედიაში გადავიდა, ახლა ჩვენ დაბალანსებული და ადექვატურები უნდა ვიყოთ. ამას წინათ პარლამენტის ერთ-ერთი ჩინოვნიკი გამოდიოდა ტელევიზიით და ასეთი ფრაზა თქვა – ეს საკითხი საკმაოდ სენსიტიურიაო, გაიგეთ? ყურებს არ დაუჯერე! მართლა ეს სიტყვა იხმარა, კი მაგრამ ვინც ინგლისური არ იცის, ქართულ არხს ვერ უნდა უყუროს? ან იმ პოლიტიკოსს, რომელმაც არც ისე სხაპასხუპით იცის ინგლისური, არავინ ურჩია რომ ეს არაა ლამაზი და მოდური?
“ეს თინეიჯერები მეტად კრიატულები და სენსიტიურები არიან და აშკარაა ამ ფართიზე იმიჯურად გამოიყურებოდნენ – ესეც მეორე დღესვე, მეორე ცნობილი არხით გავიგონე! მდაა… აირია ამ ახალ წელს ყველაფერი! გაიგეთ რამე? სადმე არის აქ ქართული? ეს კიდევ რა არის, გამოვრთე ტელევიზორი – საერთოდ ყურება და მოსმენა შეუძლებელი იყო. ერთ არხზე (საიდუმლოდ გეტყვით – მზეზე) პატარა გოგო სამეტყველო აპარატს (ტუჩებს) ისე ატრიალებდა, ვიფიქრე სადაცაა მოძვრება და ეკრანიდან გადმოუვარდება მეთქი, თან განრისხებული ყვიროდა – ავსტრალიაში დაიტბორა ყველაფერიო, გეგონება მე დამრჩა მოშვებული ონკანი და წყალი ჩაუშვი ქვევით მეზობელ ავსტრალიელებთან. ეს ახალგამოჩეკილი წამყვანი აშკარად ინგა გრიგოლიას ბაძავს, მაგრამ ის სენსიტიური პოლიტიკოსი ვის ბაძავდა ვერ მივხვდი, ალბათ, ამერიკელებს. ინგას ტუჩების ცმაცუნი რომ უნდოდა, დაიბერა მაინც და ახლა ცმაცუნის ნაცვლად ბათქუნი გამოსდის – ხან ჩვენს ყურებზე და ხან ‘ტაიმზე’. ამიტომ ინგა გრიგოლია თუ გინდა იყო, მარტო ტუჩის ნერვიულად ცმაცუნი არ ყოფნის მაგ საქმეს…
მოკლედ, გაბრაზებულმა რადიო ჩავრთე: წამყვანი გოგო მუსიკალურ რეჟისორთან მის ახალ ნაშრომს არჩევდა. ახალგაზრდას “ბრძნული ნათქვამით: “პრინციპში ეს კლიპი საუნდად შედგა და პალაჟენიაც წაიყვანა… ოო-დააა, ყურები დამიგრძელდა – მხოლოდ მეგრული არ ერია ამ რამდენიმე სიტყვაში!!! რა ხდება? რა ენაა? სად გაქრა საქართველო და იდენტურობა, ეს ენაა? ქვეყანაა?!
გასკდა გული და წასაკითხად ახალგამომცხვარი ჟურნალი ავიღე ხელში (რაღაცა ხომ უნდა ვქნა ამ ყინვაში, სულ მისი ბრალია, აბა ამ ჟურნალს ხომ ვერ ვნახავდი ვერასოდეს). ‘ჯოურნალს’ მრავლისმთქმელი სახელი აქვს – ბიზნეს ექსპრესი, სულ მესამე ნომერია გამოშვებული და ასეთი ჰედლაინი (მოგწონთ??? ჰა-ჰა-ჰა) ვნახე – ბიზნესის ანი-ბანი, მე ძალიან მაგარი ვარ! გაიხაროს მისმა შემოქმედმა – მაგრად ვიხალისე. მსოფლიოში დიდი პრობლემაა ბიზნესის გრედვეით (რამეს თუ ვერ გაიგებთ, მერე მკითხეთ), ბოლო მონაცემებით მაგისტრატურის 70% მსოფლიოში MBA-ზე მოდის. ბოლონიის პროცესიც ხომ თავს იკლავს: როგორი კურიკულუმებით ვატაროთ ჩვენი სტუდენტები, ვინ დაუნიშნოთ ტუტორებად, რა შევთავაზოთ სილაბუსებში და როგორი მოდულები ჯობია, რომ მივიღოთ ბაზრის ადექვატური, დამსაქმებელზე ორიენტირებული ბაკალავრი და მაგისტრი. ინოვაცია გვინდა ბატონო და მთელი დასავლეთის მენეჯმენტი 80-90-იან წლებში ამ ინოვაციების ძიებამ და დანერგვამ დაშრიტა, მილიარდები დაიხარჯა ბიზნესის მენეჯმენტის ოპტიმალური ვარიანტების ძიებაში და ყველაფერი ტყუილად. დასავლეთის ბიზნესი კარგავს პოზიციებს, მოდის აზია თავის “კაიძენით”. წარმოიდგინეთ რა რთულია ბიზნესის სწავლება – მაიკლ დელის არ დაუმთავერებია კოლეჯი, ბილ გეითს – ჰარვარდი, არც ორაკლის და გუგლის შემქმნელებს მოუკლიათ ბიზნესის სწავლებით თავი და არა აქვთ MBA-სერთიფიკათი, მაგრამ ეს “უწიგნურები” მსოფლიო ბიზნეს-მენეჯმენტის გიგანტები არიან. აბა გინახავთ დიდი ქიმიკოსი სპეციალური განათლების გარეშე? ან მათემატიკოსი, ან თუნდაც ლინგვისტი, ან ისტორიის პროფესორი? ხედავთ, ერთადერთი სფერო ბიზნესია, სადაც შეიძლება ყველაზე დიდი გიგანტი იყო და არ გქონდეს შესაბამისი ბიზნეს-განათლება. აი, როგორ უკუღმაა ბიზნესში ყველაფერი, ვერ გაარკვევ სადაა სამხრეთი და სად ჩრდილოეთი. არეულია, არადა, ყველაზე მეტი ადამიანი სწავლობს ბიზნესს მსოფლიოში, ყველა ეძებს ფორმულას, თუ როგორ იშოვოს ფული და ყველა წამყვანი ბიზნეს-სახელმძღვანელო (შარლატანების პასკვილების გარდა) ამით იწყება: თქვენ თუ ეძებთ ფულის შოვნის ფორმულას, თქვენთვის ეს წიგნი არაა! – რა შუაშია ეს შიშველი და ლოლუასავით გამჭვირვალე სიმართლე ახალ ჟურნალ – ბიზნეს ექსპრესთან? – იქ ეს პრობლემა უცებ გადაჭრეს, თან “მაგრა საკაიფოდ.
ამ სენსიტიური პრობლემის მიმართ კრიატიული პადხოდი გააჩალიჩეს მე-12 გვერდზე – მარკეტინგი და ბიზნეს-ტერმინები. ნამდვილად საახალწლო “ღადავად” ჩავთვლიდი რომ არა ლიდში მოცემული დაპირება – დამეხმარებოდნენ იმის გარკვევაში ვარ თუ არა ბიზნესის დასაწყებად მზად და რა სახის ბიზნესს ჯობს მოვკიდო ხელი, სად ვიშოვო ფული და ა.შ. იწყება მარკეტინგის განმარტების მცდელობით, მაგრამ ეს არაა საინტერესო! საინტერესოა მრავალსაფეხურიანი მარკეტინგის MLM-ის განმარტება – “თქვენ ფლირტი გაქვთ ლამაზ ქალბატონთან, შემდეგ მის უფროს დასთან, შემდეგ მის სიმპათიურ დეიდასთან და ა.შ. ეს მრავალსაფეხურიანი მარკეტინგიაო – ეს გარყვნილებაა ჩემო ძვირფასო და არა მარკეტინგი. სხვათა შორის, ეს დონ-ჟუანის ისტორიის პერეფრაზირებაა და აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დონ-ჟუანი დიდი ეკონომისტ-მკვლევარიც ყოფილა და მრავალსაფეხურიანი მარკეტინგის მამა. შენ გაიხარე მაინცდამაინც!
მერე გრძელდება ეკონომიკური ტერმინოლოგიის განმარტებები (პაატა გუგუშვილი საფლავში გადატრიალდებოდა): წვეულებაზე თქვენ ხედავთ ლამაზ ქალბატონს. მიდიხართ მასთან და ეუბნებით: მე ძალიან მაგარი მეგობარი მყავს, რომელსაც თქვენი გაცნობა უნდა და დარწმუნებული ვარ მასთან ურთიერთობით თქვენ აღფრთოვანებული დარჩებით – ეს სავაჭრო წარმომადგენლობააო. ეს სუტინიერობაა ჩემო კარგო!
და ბოლოს, კიდევ ერთ განმარტებას შემოგთავაზებთ ბიზნესის ახალი სკოლიდან, კერძოდ, ბატონ გიორგი ლორთქიფანიძის ნაშრომიდან: და ბოლოს შენ მიდიხარ წვეულებაზე, შენ ხარ სიმპათიური და საკუთარ თავში დარწმუნებული. შენ იცი, რომ ადვილად შეგიძლია მიიპყრო ყველაზე ლამაზი ქალის ყურადღება. მაგრამ წვეულებაზე ყველა ქალბატონი თავის კავალერთან ერთადაა და შენი სურვილი საღამო ლამაზი მანდილოსნის საზოგადოებაში გაგეტარებინა, აუსრულებელი რჩება – ეს საბაზრო ეკონომიკაა… ვერაფერს იტყვი! აი როგორ ადვილად უნდა ასწავლო ბიზნესი და გადაწყვიტო მარტივად მსოფლიო ეკონომიკისა და ასევე “გრედვეითის” პრობლემები. ძალიან გამიგრძელდა – ჰედლაინი გამომრჩა, მაგრამ მაინც გეტყვით, აირია ყველაფერი ვირთხის წელიწადში – სამხრეთი თუ ჩრდილოეთი, თბილი თუ ცივი. შეიცვალა სამყარო, სხვათაშორის დემოკრატიაც შეიცვალა და არჩევნებიც! თუმცა ასე იყო მუდამ, პირველი არჩევნების დროსაც, მაშინაც კი, როცა ადამს ევა მიუყვანეს და ცოლი აირჩიეო უთხრეს!
თბილისი, -10C, თოვლი