რედაქტორისგან

ჯემალ ინაიშვილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პირველი კვარტლის ბოლოს და მეორე კვარტლის დასაწყისში ზედიზედ ორჯერ გამოაქვეყნა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პესიმისტური პროგნოზი, რომელიც ბევრად უარესია, ვიდრე წინა პროგნოზები. სულ ბოლო პროგნოზის მიხედვით მსოფლიოს ეკონომიკა 3,7%-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი კი წინა პროგნოზის მიხედვით 4,1% იყო, ხოლო 2007 წლის დეკემბრის პროგნოზით – 4,8%.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2008 წელს 0,5%-ია. ეს ბოლო ექვსი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტის საიმონ ჯონსონის აზრით, აშშ-ის ეკონომიკა ფაქტიურად სტაგნაციის პერიოდში შევიდა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ეს უდიდესი ეკონომიკა ჯერ არ შესულა რეცესიის ხანაში. მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის ეკონომიკის ასეთი შეფერხება შეაჩერებს ევროპისა და აზიის ქვეყნების, მათ შორის განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების ზრდას. რა ხდება მსოფლიოში – იბადება ახალი ეკონომიკა თუ არნახულ კრიზისში შევდივართ, საითკენ განვითარდება ბაზარი ხვალ და რა ტენდენციებს უნდა ველოდოთ მსოფლიო ბიზნესში? ეს კითხვები ეხება ყველას და მათ შორის საქართველოსაც, ამიტომ ეს ნომერი მიუძღვენით XXI საუკუნის ახალ ტენდენციებზე მსჯელობას. რა ელოდება ახალ ეკონომიკას აშშ-ში? ამ თემაზე გთავაზობთ პროფესორ ედვარდ რაუპის სტატიას (გვ.45). მინდა გითხრათ, რომ ბატონი რაუპი ჩვენი რედკოლეგიის წევრია და ეს სტატია მისი სავიზიტო ბარათია. ასევე გთავაზობთ ჩემი კოლეგის ემზარ ჯგერენაიას ნაშრომს ახალი კრიატულობის თეორიის შესახებ, რომელიც ასევე არის მცდელობა მეცნიერულად გავიაზროთ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თეორიული ასპექტები და საქართველოს სტრატეგიის შემუშავების პრინციპები (გვ.11). ამასთან შევეცადეთ ამ ნომერში გლობალურ ჭრილში განგვეხილა მიმდინარე ეკონომიკური პრობლემები და შემოგთავაზეთ პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის ნაშრომი გლობალიზაციის ზოგიერთ ასპექტებთან დაკავშირებით (გვ.96).
გასული პერიოდი განსაკუთრებული იყო ბიზნეს-ფორუმებით და კონკურსებით. მიმაჩნია, რომ მაშინ, როცა რუსეთის ბაზრის დაკარგვის გამო ქართულ ბიზნესში სერიოზული პრობლემებია, მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო სავაჭრო პალატის მიერ მინსკში გამართული ბიზნეს-ფორუმი. ბელორუსია საინტერესო ბაზარია ბევრ ასპექტში – პირველი, ამ 10-მილიონიანი მოსახლეობის ბაზარზე ქართულ პროდუქციას სერიოზული ბრენდინგი არ სჭირდება – ისედაც პოპულარულია, მეორე ის, რომ ეს ქვეყანა ძალიან ახლოს არის ევროპასა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან და ამ მხრივ ხელს შეგვიწყობს ამ ბაზრებზე ჩვენი ნაწარმის წინ წაწევის საქმეში და შეიძლება რაღაც მომენტში რუსულ ბაზარზეც მოვახდინოთ ზონდირება. ფორუმი მეტად წარმატებული და დატვირთული აღმოჩნდა, მის კონკრეტულ შედეგებზე და მომავლის პერსპექტივებზე (გვ.33). ასევე მნიშვნელოვანია სამშენებლო ბიზნესში საერთაშორისო გამოფენა, რომელიც მაისში თბილისში მოეწყობა. ეს დარგი სწრაფად მზარდია, მაგრამ აუცილებელია დასავლურ ტექნოლოგიებზე, მართვის თუ შენების ახალ მეთოდებზე გადასვლა. ამ მხრივ ეს ყოველწლიური გამოფენა დიდად შეუწყობს ხელს სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას. ვფიქრობთ, ბიზნესმენებს დააინტერესებთ ჩვენი მასალა და ეს გამოფენა მათი მხედველობის, ყურადღების არეში მოხვდება (გვ.31). საბანკო სექტორი და საფინანსო ბაზრის მონაწილეები ყოველწლიურ კონკურსზე შეიკრიბნენ. საბროკერო ბიზნესი ახალი, მაგრამ სწრაფად მზარდი სფეროა და მეტად მისასალმებელია ამ დარგში დამსახურების დაფასება. ეს ტრადიციული კონკურსი კიდევ ერთხელ გაიმართა მარტში და გამოვლინდა გამარჯვებული ბანკები, კომპანიები, თუ ბროკერები. გთავაზობთ 2007 წლის საუკეთესო ბროკერებისა და საფინანსო ორგანიზაციების ნომინაციაზე გამარჯვებულებს (გვ.29).
ჩვენი მკითხველისათვის საკმაოდ საინტერესო იქნება ჩვენი სამეცნიერო პორტალი, სადაც იხილება გარემოს დაცვისა და ტყის, მიწების გამოყენების ეკონომიკური ეფექტურობის საკითხები, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის და საინვესტიციო კლიმატის პრობლემები. ტრადიციულად გთავაზობთ საშინაო და საერთაშორისო ბაზრების მიმოხილვას და პროგნოზებს, თვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ნიუსებთან ერთად.
წარმატებებს გისურვებთ ბიზნესში!

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial