ყველა თავისთვის

რედაქციისაგან

ყველა თავისთვის – ასეთი რეცეპტი გამოუწერეს მსოფლიო ეკონომიკას მკურნალობისათვის “დიდი შვიდიანის” ქვეყნების მთავარმა ფინანსისტებმა
მსოფლიო ფინანსური ელიტის მორიგი მცდელობა ერთიანი ანტიკრიზისული ზომების მიღების შესახებ უშედეგოდ დასრულდა.

ტოკიოში შეხვედრაზე “დიდი შვიდიანის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები იძულებული გახდნენ მიეღოთ ფორმულა-რეცეპტი, რომელიც იაპონიის ფინანსთა მინისტრმა შესთავაზა. ფუკუსირო ნუკაგას აზრით, ყველა ქვეყანამ ცალ-ცალკე უნდა გადაწყვიტოს, თუ რა უნდა გააკეთოს.
ეს რეცეპტი შეტანილია კომუნიკეში, რომელიც შეიმუშავეს იაპონიის დედაქალაქში შეხვედრის დროს. დოკუმენტში მოცემულია ეკონომიკის ვარდნის მიზეზები: ამერიკის იპოთეკური ბაზრის ვარდნა, საფინანსო ბაზრებზე არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით ნავთობისა და სხვა ნედლეულის ფასების ზრდა, რიგ ქვეყნებში ინფლაციის გაძლიერება. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ჰენრი პოლსონის თქმით, “დიდი შვიდიანის” ქვეყნების ეკონომიკების სიძნელეები დასასრულისგან ჯერ კიდევ შორსაა. ასეთივე დასკვნაა “არასტაბილურობის” ფინანსური ფორუმის სამუშაო ჯგუფის ანგარიშში, რომელიც შეხვედრაზე წარმოადგინა ამ ჯგუფის თავმჯდომარემ, იტალიის ცენტრალური ბანკის მმართველმა მარიო დრაგიმ.
ეკონომიკის ვარდნა სახეზეა, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ში. ბირჟებზე უკვე 6,7 მლრდ დოლარის ზარალია დაფიქსირებული. ფასები 4%-ზე მეტად გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ სააღრიცხვო განაკვეთის 2,25 პუნქტით შემცირებამ შედეგი არ გამოიღო.
ევროპის ფინანსთა მინისტრების აზრით, საქმე ისაა, რომ ამერიკის ბანკებში დარჩა 150 მლრდ დოლარის დაუფარავი იპოთეკური სესხები. აშშ-ის ეკონომიკის არასახარბიელო მდგომარეობის მთავარ მიზეზად ისინი უდიდეს სახელმწიფო ვალსა და ამერიკელების დანაზოგების შემცირებას მიიჩნევენ. ამერიკელები თავიანთ ევროპელ კოლეგებს ბრალს დებენ იმაში, რომ ისინი არ იღებენ სათანადო ზომებს ეკონომიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად, რამაც ამერიკისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის კამათი გამოიწვია. ტოკიოს შეხვედრაზე ერთ-ერთი ყველასათვის მისაღები პუნქტი გახდა ოპეკში შემავალი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის მოპოვების გაზრდისკენ მოწოდება, რაც თავის მხრის ნავთობის ფასის შემცირებას შეუწყობს ხელს.
რის გაკეთებას აპირებენ “დიდი შვიდიანის” წევრები ეკონომიკური საფრთხის თავიდან ასაცილებლად? აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კანადა სააღრიცხვო საბანკო განაკვეთების შემცირებას გეგმავს. ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ ტრიშე კი პირიქით თვლის, რომ ეს ხერხი შედეგს არ გამოიღებს, სანამ ინფლაციის შემცირება არ დაიწყება.
ტოკიოს შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მდიდარ ქვეყნებზე ეკონომიკური კრიზისი სხვადასხვანაირად აისახება. ამიტომ მათი თავიდან ასაცილებლად ყველა ქვეყანამ ადგილობრივი სპეციფიკის მიხედვით უნდა იმოქმედოს. მაგალითად, სულ ახლახანს ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა ეკონომიკის გასაძლიერებლად ვაშინგტონის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ გეგმას, რაც ითვალისწინებს ბიუჯეტიდან 152 მლრდ დოლარის გამოყოფას. ამ თანხას მიიღებს 130 მლნ ამერიკელი კომპენსაციის სახით, მათ მიერ გადახდილი გადასახადებისათვის.
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მარკელი კი საექსპორტო განაკვეთს შიდა მოხმარებისათვის წამგებიანს ხდის. 2007 წელს ხელისუფლებამ წარმოებებისათვის გადასახადები შეამცირა, რაც კომპენსირებული იყო საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი ზრდით. საფრანგეთი ეკონომიკაში სახელმწიფო თანხების ჩადების წინააღმდეგია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იძლევა დაპირებებს, რომ დაეხმარება კერძო კომპანიებს და პენსიონერებს.