მეწარმის პასუხისმგებლობა მისი მუშაკისთვის მიყენებული ზიანისათვის

თამარ შუდრა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი

თანამედროვე საქმიან სამყაროში, სადაც მობილურობა და დროის ეფექტური მართვა წარმატებული საქმიანობის პირველი საფეხურებია, რთულია წარმოვიდგინოთ ორგანიზაცია თუ საქმიანი ადამიანი, რომელიც თავისი მოქმედების არეალის გაფართოებას სხვათა დახმარებით არ ცდილობდეს. ეს სხვათა” კი სწორედ მის მიერ კოორდინირებული და კონტროლირებადი შემსრულებლებია, რომლებიც მრავლად არიან საქმიან წრეებში.

ცხოვრებისეული სირთულეების პირობებში, როცა ადამიანები თავის შეცდომებზე უსასრულოდ სწავლობენ, ხშირია ხელქვეითთა მიერ შესრულებული არასწორი სვლები, რაც (სამართლებრივი თვალთახედვით) მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანში გამოიხატება.
ზიანი ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების ან კეთილდღეობის დამცირება, განადგურებაა. ზიანის მიყენება სამოქალაქო სამართალდარღვევაა, რომელიც ბიძგს აძლევს რიგ ვალდებულებითი ინსტიტუტების ამოქმედებას. ამ ინსტიტუტების დანიშნულება მრავალფეროვანი და მრავალმიზნობრივია.
ძირითადად, ისინი ასრულებენ აღდგენით და გამაფრთხილებელ ფუნქციებს. აღდგენითი ფუნქცია შლის” მართლსაწინააღმდეგო ქმედების უარყოფით შედეგებს, რომელიც აისახება დაზარალებულის მატერიალურ თუ არამატერიალურ სიკეთეზე. გამაფრთხილებელი ფუნქცია კი ხელს უწყობს კანონის შესრულებას და ითხოვს ფაქიზ” დამოკიდებულებას სამართლის მიერ დაცული მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთეებისადმი.
მაგრამ ვინ არის ამ ვალდებულებითი ინსტიტუტების სამიზნე ობიექტი? ვინ უნდა აანაზღაუროს შემსრულებლის მიერ მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი? მართლწესრიგი ითხოვს, რომ საკითხი განხილულ იქნას სამართლიანობის ჭრილში, სამართლიანობა მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა-მიწოდების ციკლი კი – ბრალი-პასუხისმგებლობა” ერთობლივად განიხილება, თუმცა შესაძლებელია, პასუხისმგებლობის ჩარჩოებში ზიანის ანაზღაურების საკითხი ბრალის გარეშეც კი გამოიკვეთოს.
ზოგადად, პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც ჩაიდინა წინდაუხედავი ქმედება, თუმცა დასაშვებია ერთი პირის პასუხისმგებლობა მეორეს წინაშე მესამე პირის ქმედებისათვის, როდესაც სახეზეა ცალკეული წინაპირობები.
სამუშაოს მიმცემს მისი მუშაკის მიერ გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ:
ზიანი მიყენებულია მისი მუშაკის მიერ;
მუშაკის მხარეს არის ე.წ. გენერალური დელიქტის” ყველა ელემენტი (მარლთსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი, ბრალი);
ზიანი მიყენებულია მუშაკის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.
მეწარმისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოტივაციის გაშიფვრის მრავალი ხერხი არსებობს:
1. დამსაქმებელი აკონტროლებს მუშაკს, აძლევს მითითებებს რა, სად და როგორ გააკეთოს – ეს მოსაზრება არამყარი აღმოჩნდა და სიღრმისეულად ” ვერ ახსნა მეწარმის პასუხისმგებლობის არსი, რადგანაც დღესდღეობით, მაღალკვალიფიციურ მუშაკთა რაოდენობამ ბაზარზე საგრძნობლად იმატა, რამაც შესაბამისად, შეამცირა კონტროლი და მითითებები დამსაქმებლის მხრიდან;
2. სამუშაოს მიმცემმა მუშაკის არჩევაში უგულისყურობა გამოიჩინა, ვერ შეძლო სათანადოდ შეეფასებინა მისი კომპეტენტურობა და პროფესიული უნარ-ჩვევები – ვერც ამ მოსაზრებამ ახსნა სრულყოფილად მეწარმეზე პასუხისმგებლობის დაკისრების მოტივაცია, რადგან სრულყოფილი მუშაკიც კი არ არის დაზღვეული პროფესიული უზუსტობისაგან;
3. მეწარმისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თანამედროვე გაგება საკმაოდ პრაგმატულია და დამყარებულია სოციალურ შეგნებასა და უხეშ” სამართლიანობაზე. სამუშაოს მიმცემს ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე მის შემსრულებელს. მეწარმის მიერ გადახდილი თითოეული ზედმეტი თეთრი გაზრდილ ფასებში აისახება, რაც უკუპროპორციულად ირეკლება საზოგადოების ფინანსებზე. სამუშაოს მიმცემი მესამე პირისათვის ზიანის ანაზღაურებისას უფრო რბილ” ფინანსურ დარტყმას იღებს, ვიდრე მისი შემსრულებელი და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – მეწარმე მოგებას იღებს მუშაკის მიერ შესრულებული სამუშაოსაგან და შესაბამისად, მანვე უნდა იკისროს კომერციულ რისკთან დაკავშირებული ხარჯები – ვინც იღებს მოგებას, მან უნდა იკისროს ვალდებულებაც.

მუშაკი
მუშაკი არის პირი, რომელიც მეწარმის ხელმძღვანელობით ასრულებს სამუშაოს შრომითი ან სამოქალაქო ხელშეკრულების საფუძველზე, ოღონდ იმ პირობით, რომ ის მოქმედებდა ან უნდა ემოქმედა ფიზიკური ან იურიდიული პირის მითითებით ან მისი მეთვალყურეობით. მუშაკი ამხანაგობისა და კოოპერატივის წევრიცაა და შესაბამისად, ეს ორგანიზაციებიც პასუხისმგებლები არიან მათი წევრების ქმედებაზე, რამდენადაც ისინი სამეწარმეო საქმიანობას კოოპერატივის ან ამხანაგობის სახელით ეწევიან (თუმცა შრომითი ხელშეკრულების გარეშე).
ხედვის რაკურსი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაფუძნებულ ურთიერთობებში სუბიექტს აღიქვამს” მუშაკად, ორ ძირითად ასპექტს შეიცავს – კონტროლი და მითითებები. მაგალითად, რენტგენის აპარატის მომსახურებისათვის ექიმის მიერ დაქირავებული მედდა შემსრულებლად მიიჩნევა, მაგრამ თუ რენტგენის აპარატი ექიმს გადასცა საავადმყოფომ და მას უფლება არ აქვს ექთანს აპარატის მუშაობის შესახებ მითითებები მისცეს – ექიმი პასუხისმგებელ პირად არ განიხილება. კონტროლი და მითითებები აგრეთვე ის ბერკეტია, რომლის მეშვეობითაც მუშაკისა და დამოუკიდებელი მეწარმის ერთმანეთისაგან გამიჯვნა ხდებოდა. მიჯნის პოვნა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც დამოუკიდებელი მეწარმის შემთხვევეში, ზიანის მიყენების დროს, პასუხისმგებლობის სუბიექტად ეს უკანასკნელი და არა დამკვეთი გვევლინებოდა. ინგლისელები დამოუკიდებელი მეწარმის და მუშაკის გასამიჯნად საკონტროლო ტექსტის” კრიტერიუმს იყენებდნენ. თანამშრომელი რომ ჩათვლილიყო დამოუკიდებელ მეწარმედ (და არა მუშაკად), ის მაღალპროფესიონალური უნდა ყოფილიყო, ცოდნოდა რა, სად და როგორ უნდა შესრულდეს. თუმცა – დროთა სვლამ” ცხადყო, რომ საკონტროლო ტექსტის” კრიტერიუმსაც გააჩნია თავისი ხარვეზი. საზოგადოებრივი განვითარების კვალდაკვალ, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმიანი უნარ-ჩვევების ეპოქაში, გაიზარდა იმ მუშაკთა რაოდენობა, რომლებიც მათი პროფესიული საქმიანობის სფეროში, დამქირავებლის კონტროლსა და კოორდინაციაზე ნაკლებად არიან ორიენტირებულნი. ამის შედეგად თანამედროვე საკონტროლო ტექსტის” კრიტერიუმის ადგილი ბიზნეს-ინტეგრაციის ტესტმა” დაიკავა, სადაც აქცენტი კეთდება იმაზე, თუ მუშაკის სამუშაო რამდენადაა მეწარმის ბიზნეს-ინტერესების შემადგენელი ნაწილი.

მუშაკის ბრალი
მეწარმეზე მისი მუშაკის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია მუშაკის ბრალი.
ბრალის ორი ფორმა არსებობს – განზრახვა და გაუფრთხილებლობა. გაუფრთხილებლობაც, თავის მხრივ, ორგვარია – მარტივი და უხეში. უხეში გაუფრთხილებლობა პოპულარულ ენაზე შეიძლება განიმარტოს, როგორც გაუგებრობა იმისა, რაც ყველას ესმის”.
მართლწესრიგი მოსამსახურის ბრალს განიხილავს, როგორც მეწარმის ბრალს, (ვინც მოქმედებს სხვისი მეშვეობით – მოქმედებს თავად). ხელქვეითი მეწარმის მეორე მე”, მისი ხელია, შესაბამისად, მუშაკის ბრალეული ქმედება მეწარმის ბრალეულ ქმედებად აღიქმება, თანაც ეს ფაქტი მეწარმეს ავალდებულებს წინდახედულობის განსაკუთრებული ზომები მიიღოს ზიანისაგან მესამე პირის დასაცავად, რაც წყალს ასხამს” სამართლებრივი უსაფრთხოების წისქვილზე.

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ფარგლები
ჩვენს რეალობაში, ცხოვრების აჩქარებული რითმის ფონზე, როდესაც სამსახური პირად ცხოვრებაშიც კი შეიჭრა”, რთულია განვსაზღვროთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ფარგლები, თუმცა ეს უკანასკნელი მეწარმეზე პასუხისმგებლობის დაკისრების სასიცოცხლო” პირობაა, რადგანაც მისი პასუხისმგებლობის საკითხი სწორედ მაშინ დგება, როცა მუშაკი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მესამე პირს ზიანს მიაყენებს.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება გულისხმობს იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან (შრომითი ან სამოქალაქო) და აგრეთვე ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ განხორციელებული ქმედებებიდან, თუ ის სამუშაო პროცესთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირშია.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესის განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი იმ საძირკვლის შემადგენელი ნაწილია, რომელზედაც ფუძვნდება მეწარმის პასუხისმგებლობა მისი მუშაკის მიერ მიყენებული ზიანისათვის – მეწარმე პასუხს აგებს მხოლოდ ისეთი ზიანისათვის, რომელიც მისმა დაქირავებულმა თანამშრომლებმა მიაყენეს თავის ვალდებულებათა ჩარჩოებში, რომელთა შესასრულებლად არიან დაქირავებულნი.
სად იწყება და სად მთავრდება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესი? მუშაკის გზა სამსახურისკენ და სამსახურიდან შინისაკენ არ არის დაკავშირებული სამსახურეობრივი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან – შესაბამისად მეწარმე პასუხს არ აგებს იმ ინციდენტისათვის, რაც ამ პერიოდში მოხდა, თუმცა თუ სამუშაოს დასრულების შემდეგ მუშაკი აიღებს ხელფასს და კოლეგას გაუფრთხილებლობით დააზიანებს საწარმოს ტერიტორიაზე, ჩაითვლება რომ ზიანი მიყენებულია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, შესაბამისად უნდა აანაზღაუროს ზიანი სამუშაოს მიმცემმა.
თუმცა მუშაკის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ჩადენილი ყველა ქმედება, რომელმაც მესამე პირს ზიანი მიაყენა, არ ჩაითვლება მეწარმისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალ ფაქტორად. აუცილებელია შინაგანი ლოგიკური კავშირის არსებობა მოვალეობის შესრულებასა და მიყენებულ ზიანს შორის. საკითხის უკეთ გასაანალიზებლად მოვიყვანოთ მაგალითი – მუშაკი თამბაქოს ეწევა სამუშაო საათებში და აჩენს ხანძარს. როგორია ამ დროს სამუშაოს მიმცემის პასუხისმგებლობა? თუ მუშაკის მოვალეობაა ხანძართან დაკავშირებული მოვალეობის შესრულება ( ხანძარსაშიში მასალებით მომარაგება ან ხანძარსაშიში სპეციალური სამუშაოს შესრულება), რასაც უსაფრთხოების განსაკუთრებული ღონისძიების მიღება სჭირდება – პასუხისმგებელია მეწარმე, რამდენადაც მან თავის პერსონალს ხანძრის დიდ რისკთან დაკავშირებული ამოცანების შესრულება დაავალა. მაგრამ თუ სატვირთო მანქანის მძღოლი სიგარეტის მოკიდების შემდეგ ასანთს კაბინიდან გადაისვრის, რომელიც ხანძარს გამოიწვევს, მეწარმე პასუხს არ აგებს.
შესაძლებელია, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებამ ზიანის მიყენების გარკვეული პირობები შექმნას, მაგრამ ლოგიკური კავშირის არარსებობის გამო მან მეწარმის პასუხისმგებლობა არ გამოიწვიოს, მაგალითად, სასამართლომ სამუშაოს მიმცემს პასუხისმგებლობა არ დააკისრა, როდესაც მისმა შემსრულებელმა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში (ატარებდა სახლის სარემონტო სამუშაოებს) მეზობლის სახლი პირადი მტრობის მოტივით დაწვა.
როგორ წყდება საკითხი, როდესაც მუშაკი სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს? საკითხი შეიძლება აღქმული იყოს სუბიექტური და ობიექტური თვალთახედვით : კერძო კომპანიამ სოციალური გამოკითხვის ჩასატარებლად თანამშრომლები დაიქირავა, რომლებიც ოჯახებში დადიოდნენ. ერთ-ერთი მუშაკი ბინაში ამ კომპანიის წარმომადგენლის სახელით შევიდა და გაძარცვა. სუბიექტურად ბინის მფლობელის მხრიდან მუშაკი აღიქმებოდა როგორც კომპანიის წარმომადგენელი და შესაბამისად, ზიანს აანაზღაურებს კომპანია. ობიექტურად, მუშაკი არ ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას და შესაბამისად, პასუხისმგებლობა მეწარმეს არ დაეკისრება. ფრანგული სამართლის მიხედვით, მეწარმე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ მისი თანამშრომლის ქმედება გასცდა იმ ფუნქციათა ფარგლებს, რომელთა შესასრულებლად ის დაიქირავეს, მოქმედებდა უნებართვოდ და იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც არ არის დაკავშირებული მის უფლებამოსილებასთან – ამდენად ფრანგული სამართალი ობიექტურ თეორიას უჭერს მხარს.
მუშაკის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მსგავსად, უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევაშიც ცალსახა პასუხი არ გამოიკვეთება მეწარმეზე პასუხისმგებლობის დაკისრება-არდაკისრების თაობაზე: თუ მძღოლმა, მიუხედავად აკრძალვისა, დაარღვია მეწარმის ინსტრუქტაჟი და შედეგად ავარია მოხდა,ზიანი ჩაითვლება მძღოლის მიერ პირადი მიზნებით გამოყენებული სამსახურეობრივი მოვალეობის გამო” და არა მის შედეგად ჩადენილად – შესაბამისად, მეწარმეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. თუ ხელმძღვანელის ამგვარი პირდაპირ გამოხატული აკრძალვის აშკარად დამრღვევი ქმედებაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ჩარჩოებშია” და ხელქვეითი აგრძელებს სამუშაოს მიმცემის მიერ დასახული კომერციული მიზნის რეალიზაციას (მძღოლი ამ ქმედებას ტვირთის სწრაფად ჩატანის მოტივით ამართლებდა), სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებიდან ამოვარდნილი” ქმედება, თავდაპირველ კალაპოტს” დაუბრუნდება და პასუხისმგებლობის სუბიექტად კვლავ მეწარმე გვევლინება.

მეწარმის ბრალი
1949 წელს ჩამოყალიბდა იურიდიული პირის პასუხისმგებლობის კონცეფცია მისი მუშაკების ქმედების გამო, როგორც საკუთარი ქმედება და საკუთარი ბრალი. სამართლის სისტემათა უმრავლესობა ამ კონცეფციას იზიარებს და მუშაკის ქმედებას განიხილავს დამქირავებლის ქმედებად, შედეგად, მეწარმეზე პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის მისი პირადი ბრალი არ გვევლინება აუცილებელ წინაპირობად.
მეწარმის ყველა მცდელობა ამტკიცოს, რომ მან ყოველი ღონე იხმარა თანამშრომლის შერჩევისა და კონტროლისათვის, ფუჭია, თუ სახეზეა სხვა წინაპირობები (მუშაკის მიერ მიყენებული ზიანი, მუშაკის ბრალი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესი).
თუმცა საკითხი არც ისეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, მრავალფეროვანი ცხოვრების უკიდეგანო სივრცეებში” გამონაკლისები ყოველთვის გვხვდება. გერმანულ სამართალში ხელმძღვანელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია მისი პირადი ბრალის არსებობა, რაც მუშაკის შერჩევასა და არასათანადო ზედამხედველობაში გამოიხატება. პირადი ბრალის არსებობის შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. თუმცა ამ კონსერვატიულ შეხედულებას თავისი მოწინააღმდეგეებიც გააჩნია. სამართლიანობის ჭრილში განხილული დაზარალებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და რამდენადაც მეწარმე ხელქვეითის მიერ შესრულებული სამუშაოსაგან იღებს მოგებას – მანვე უნდა იკისროს ამ მოგებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯები. მაგრამ მიიჩნეოდა, რომ მრეწველობის დარგებისათვის (მით უმეტეს, მცირე გლეხური მეურნეობისათვის) ეს ტვირთი მძიმე იქნებოდა და დაზარალებულის ინტერესების დაცვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ გარკვეული ტიპის საწარმოთა მიმართ სპეციალური კანონებისა და იძულებითი დაზღვევის შემოღებით. დაზარალებულის სასარგებლოდ პრეზუმირებულია აგრეთვე მეწარმის ბრალი, რომელსაც მოპასუხის მსგავსად მტკიცების ტვირთი აწევს (ავსტრიაშიც, გერმანული სამართლის მსგავსად, მეწარმისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია მისი პირადი ბრალის არსებობა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ დაზარალებული უფრო ხელფეხშეკრულია”, რადგანაც მეწარმის პირადი ბრალის არსებობის მტკიცების ტვირთი მას აწევს).
მოცემული საკითხის რეგულირება გერმანიაშიც არ ხდება ცალსახად. გერმანიის სასამართლო პრაქტიკას შემუშავებული აქვს შემდეგი პრინციპი: თუ ხელქვეითი დავალებული მოქმედების შესრულებისას ზიანს მიაყენებს მესამე პირს მარტივი გაუფრთხილებლობით და მეწარმის პირადი ბრალი ვერ დადასტურდება, მუშაკს შეუძლია სამუშაოს მიმცემისაგან მოითხოვოს მთლიანი ან ნაწილობრივი გათავისუფლება მესამე პირის სარჩელისაგან (იმ მოტივით, რომ მომუშავის შეცდომები, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა, ახასიათებს ადამიანთა ნებისმიერი სახის საქმიანობას, არის სამეწარმეო რისკის განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად, მეწარმეც პასუხისმგებელი უნდა იყოს მოცემული ზიანის ანაზღაურებაზე, მიუხედავად მისი პირადი ბრალის არარსებობისა).
მეწარმეს მისი მუშაკის მიერ მიყენებული ზიანისათვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგანაც მუშაკი მისთვის იმ ბიზნეს-ბერკეტს” წარმოადგენს, რომელიც მას მოგების მიღებაში ეხმარება, მაგრამ მეგობრულ ბიზნეს-ურთიერთობებში” ხშირია შემთხვევები, როცა პირი თანამშრომელს სხვა პირს ათხოვებს”. ვინ ხდება ამ დროს პასუხისმგებლობის სამიზნე ობიექტი? პასუხისმგებლობის სასწორის” პინა იხრება იმისკენ, ვინც უფლებამოსილია მისცეს მითითებები ნათხოვარ” თანამშრომელს (შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით). თუმცა თანამედროვე ეპოქაში, მაღალი პროფესიონალიზმის პირობებში, როდესაც მუშაკი ნაკლებადაა მეწარმის მითითებებზე
დამოკიდებული, შეიძლება აქცენტი გაკეთდეს აგრეთვე იმაზე, თუ ვისი ინტერესებისათვის ასრულებდა ნათხოვარი” თანამშრომელი სამუშაოს.
ამრიგად, ქაოტური ურთიერთობების პირობებში მართლწესრიგმა მეტნაკლებად მოაწესრიგა სამკუთხედი – მეწარმე, მუშაკი, მესამე პირის” სამართლებრივი ურთიერთობები. მათი ურთიერთობა ჩაისვა სამართლებრივ ჩარჩოებში”, თუმცა საზოგადოებრივი ცნობიერება ცვალებადია, სამართლებრივი ხედვა კი თავის ფოკუსს ამ ცნობიერებაზე ასწორებს”. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა საბოლოო არ არის, ამიტომ შესაძლოა უახლოეს მომავალში ის სულ სხვა ფორმით წარმოგვიდგეს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial