როდის ეცოდინება მთავრობას საარსებო მინიმუმის სიდიდე (მცირე შენიშვნა)

ნიკა ვარდიშვილი, ია ვარდიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები

რამდენიმე დღის წინათ ყველამ საინფორმაციო საშუალებით ვიხილეთ, რომ მთავრობის ერთმა წევრმაც არ იცოდა თუ რამდენს შეადგენს საქართველოს საარსებო მინიმუმი. რამაც თავისთავად, მაყურებლის ღიმილი გამოიწვია, მაგრამ როდესაც მასმედიით რამდენიმე ეკონომიკური ექსპერტის მოსაზრებას გავეცანით, გადავწყვიტეთ ჩვენი შეხედულება მედიის საშუალებით გაგვევრცელებინა, რადგან ექსპერტებს სწორად დასმული აქცენტები არ ქონდათ.

ჩვენი აზრით, საარსებო მინიმუმის მოცულობის საყოველთაო არცოდნის მიზეზი, არა მთავრობის წევრთა დაუინტერესებლობის ან მახსოვრობის, არამედ, საქართველოში მისი მეთოდურად არასწორად დადგინების პრობლემაა.
საარსებო მინიმუმს სტატისტიკის დეპარტამენტი განსაზღვრავს და, ცხადია, ყოველთვიურად განსხვავებულ სიდიდეს იძლევა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, იგი კანონით უნდა განისაზღვრებოდეს. კონსტიტუციის ეს ნორმა შესასრულებლად აუცილებელია არა მარტო იმიტომ, რომ ის ქვეყნის ძირითადი კანონის მოთხოვნაა, არამედ იმიტომ, რომ მის გარეშე საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას. განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, სოციალური პროგრამებისა და სოციალური პოლიტიკის შემუშავებისა და რეალიზაციისათვის; მოსახლეობის ცხოვრების დონის შესაფასებლად; პენსიისა და შრომის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის; ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირებისათვის.
მრავალ ქვეყანაში საარსებო მინიმუმის სიდიდე წარმოადგენს აბსოლუტური სიღარიბის კრიტერიუმს და განისაზღვრება მოსახლეობის ცალკეული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფებისათვის (შრომის უნარიანი, პენსიონერი და მოზარდი), მინიმალური სამომხმარებლო კალათისა და აგრეთვე აუცილებელი გადასახდელებისა და მოსაკრებლების საფუძველზე. სამომხმარებლო კალათა კვების პროდუქტების, მინიმალური არასარსუსათო საქონლისა და მომსახურების ერთობლიობაა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობისა და შრომის უნარიანობის შენარჩუნებისათვის. სამომხმარებლო კალათის ფორმირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის მოთხოვნა ცილებსა და ენერგიაზე, კვების რაციონის მრავალფეროვნების შესაძლებლობა კალათის მინიმალური ღირებულების პირობებში, სამომხმარებლო კალათის მაქსიმალური მიახლოება კვების პროდუქტების ტრადიციულ მოხმარებასთან. სასურსათო კალათის დადგენაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ჯანდაცვის ორგანო; ინფორმაციულ ბაზას უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შიდა მეურნეობების კვლევის მონაცემები. არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე (ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, თეთრეული, ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო საგნები, პირადი ჰიგიენის, გათბობის, განათების წყლის, ტრანსპორტის) აუცილებელი ფულადი ხარჯები შეიძლება განისაზღვროს მოსახლეობის პირველი დეცილური ჯგუფის ფაქტობრივი ხარჯების მიხედვით.
საზოგადოების ყველა დაინტერესებულმა პირმა რომ იცოდეს საარსებო მინიმუმის სიდიდე და მასზე იყოს საერთო ეროვნული თანხმობა, აუცილებელია სამომხმარებლო კალათის განსაზრვრის მეთოდიკა, სამომხმარებლო კალათის სტრუქტრა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტმა და მისცეს კანონის სახე.
სამომხმარებლო კალათა გადასინჯული უნდა იქნეს პერიოდულად მაგრამ არა უმეტეს ხუთ წელიწადში ერთხელ. საარსებო მინიმუმი კი წარმოადგენს სამომხმარებლო კალათის ღირებულების შეფასებას, მისი კონკრეტული სიდიდე მოსახლეობის ცალკეული სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფისათვის დგინდება მთავრობის მიერ და ის უნდა გადაისინჯოს ყოველ კვარტალში ან ექვს თვეში მაინც, კვების პროდუქტებზე, არასასურსათო საქონელსა და მომსახურეობაზე ფასების ცვლილებების გათვალისწინებით. საარსებო მინიმუმის განსაზღვრის ზემოთ აღწერილ მეთოდს ლიტერატურაში ეწოდება ნორმატიულ- სტატისტიკური მეთოდი, რომელიც ძირითად გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში (არსებობს კიდევ სხვა მეთოდები, მაგალითად აშშ-ში). ასეთი წესით განსაზღვრული საარსებო მინიმუმის სიდიდე ვეღარ იქნება სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან მანიპულირების ობიექტი, რაზეც მიუთითებდნენ ექსპერტები თ. გიორხელიძე და ს. ცისკარიშვილი “კომერსანტისათვის” მიცემულ ინტერვიუში და არც ძალიან ძნელი და ძვირი იქნება მისი გაანგარიშება, როგორც გაზეთ “რეზონანსის” 24 იანვრის ნომერშია აღნიშნული. რაც მთავარია საარსებო მინიმუმის სიდიდე ეცოდინებათ არა მარტო მთავრობის, არამედ საზოგადოების ნებიესმიერ წევრს და მას შეეძლება მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციები შეასრულოს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial