ეკონომიკის გლობალიზაციის მოდელები

ელგუჯა მექვაბიშვილი, სრული პროფესორი მარიამ მექვაბიშვილი, ბაკალავრი

ეკონომიკის გლობალიზაციის დღეისათვის გაბატონებულ მოდელს საფუძვლად უდევს “ვაშინგტონის კონსესუსის” დოქტრინა და “საბაზრო ფუნდამენტალიზმის” მეთოდოლოგია. ვაშინგტონის კონსესუსი არის შეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკსა და აშშ-ს ადმინისტრაციას, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შორის, რომელიც ადგენს “სწორი” თამაშის წესებს ეკონომიკური საქმიანობის სფეროში განვითარებადი და პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის.

საბაზრო ფუნდამენტალიზმი კი განსაზღვრავს ამგვარი ქცევის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, ესენია: ეკონომიკის საყოველთაო ლიბერალიზაცია და დერეგულირება; კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე; ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საზღვრების გამჭვირვალეობა. ამ მოდელის ინტენსიურ განხორციელებას საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. იგი განაპირობა რიგმა ობიექტურმა და სუბიექტურმა გარემოებებმა, რომელთაგან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: მსოფლიო ეკონომიკაში მომხდარი ძირეული სტრუქტურული ცვლილება და მოთხოვნის სახელმწიფო სტიმულირებაზე დამყარებული ნეოკეინზური დოქტრინის კრიზისი. 70-იანი წლების დასაწყისში მომხდარმა ირან-ერაყის გაჭიანურებულმა სამხედრო კონფლიქტმა, რომელიც 1980 წელს ამ ორ სახელმწიფოს შორის სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა, დიდი ხნით ჩაკეტა სპარსეთის ყურე, საიდანაც დასავლეთის ქვეყნები ნავთობით მარაგდებოდნენ. “ნავთობის შიმშილმა” ენერგეტიკული კრიზისი წარმოშვა, რასაც მწვავე ეკონომიკური კრიზისი მოყვა. შექმნილმა სიტუაციამ დღის წესრიგში დააყენა ახალ, პროგრესულ, რესურსდამზოგავ ტექნოლოგიებზე მასობრივად გადასვლისა და ეკონომიკის საყოველთაო “რაციონალიზაცია-ოპტიმიზაციის” ამოცანები. მეორე მხრივ, მეტისმეტად გაზრდილმა სახელმწიფო ხარჯებმა, რაც იმ პერიოდში თითქმის ყველა ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნისათვის იყო დამახასიათებელი და მოთხოვნაზე ორიენტირებული კეინზური მოდელის პრაქტიკული განხორციელების შედეგს წარმოადგენდა, სახელმწიფო ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი წარმოშვა და საგრძნობლად გააძლიერა ინფლაციური პროცესები. აღნიშნული ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, 70-იანი წლების შუახანებიდან 80-იანი წლების დასაწყისამდე პერიოდში დასავლეთში “აგორდა” ძლიერი ნეოკონსერვატიული ტალღა, რომელმაც წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ხელისუფლებაში მოიყვანა თავისუფალი ბაზრის თავგამოდებული მომხრეები – მარგარეტ ტეტჩერი დიდ ბრიტანეთში და რონალდ რეიგანი აშშ-ში. მათ საქმიანობას ყოველმხრივ დაუჭირა მხარი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა.
ეკონომიკის გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის დანერგვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც დაიშალა მსოფლიო სოციალისტური სისტემა და დაიწყო პოსტკომუნისტური საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესი. ყოველივე ამან შესძლებელი გახადა პიროვნული და სამეწარმო თავისუფლების სფეროების გაფართოება, ეკონომიკის ფუნქციონირებაში სახელმწიფოს ჩარევის მაქსიმალური შეზღუდვა, საყოველთაო და სწრაფი პრივატიზება, მკაცრი ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება. პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის შედეგად კაპიტალისტურმა საბაზრო ეკონომიკამ პრაქტიკულად საყოველთაო ხასიათი შეიძინა მთელ მსოფლიოში. უმეტესი ქვეყნების ეროვნული ეკონომიკები ექსპორტზე ძლიერ დამოკიდებულნი აღმოჩნდნენ, გაძლიერდა კონკურენცია, ერთი მხრივ, გლობალურ ტრანსნაციონალურ კომპანიებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და ეროვნულ სახელმწიფოებს შორის. XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე არსებითად შეიცვალა ეკონომიკის გლობალიზაციის განხორციელების ხასიათი. თუ ადრე იგი ძირითადად სტიქიურად მიმდინარეობდა, ამჟამად ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ტენდენცია: ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დონეზე ეკონომიკის დერეგულირება და ზესახელმწიფო დონეზე რეგულირების გაძლიერება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეკონომიკის გლობალიზაცია მართულ პროცესად გადაიქცა. ეს არის თანამედროვე გლობალიზაციის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე კანონზომიერება. სხვადასხვა ქვეყნების მეურნეობრივი ცხოვრების სინქრონიზაცია, რაც გლობალიზაციის დამახასიათებელი ნიშანია, განაპირობებს კრიზისული მოვლენების სინქრონიზაციას და ინტერნაციონალიზაციას. ერთ ქვეყანაში დაწყებული კრიზისი სწრაფად და ადვილად ვრცელდება სხვა ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბებს იძენს. სწორედ ასე მოხდა გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შესაბამისად, თუ წინათ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის ეროვნული სახელმწიფოს ძალებიც იყო საკმარისი, ამჟამად ეს შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოთა ერთიანი ძალისხმევითა და საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური ორგანოების აქტიური ჩარევით. გლობალურ ეკონომიკასთან ერთად ყალიბდება მისი მართვის ინსტიტუციურ-სამართლებრივი კარკასი გლობალიზაციის აქტიური სუბიექტების – ტრანსნაციონალური კომპანიების, ტრანსნაციონალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური ორგანოების და აშშ-ს მთავრობის აქტიური მონაწილეობით. ამ სისტემას ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ჯ.სტიგლიცი უწოდებს “გლობალურ მართვას გლობალური მთავრობის გარეშე”1 და შენიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკის მართვის ეს სუბიექტები “უმეტეს შემთხვევაში ფარულ გადაწყვეტილებებს იღებენ”.2 ეკონომიკის გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის პრაქტიკული რეალიზაციის საბოლოო მიზანია გლობალური კაპიტალიზმი, რის შესახებაც აშკარად და პირდაპირ მიუთითებს ბევრი მეცნიერი, მათ შორის ამ პრობლემის აღიარებული ამერიკელი მკვლევარი თ. ფრიდმანი “… გლობალიზაცია ნიშნავს თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის გავრცელებას მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში”.3 მეცნიერთა უმეტესობა ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკის გლობალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, ინდუსტრიულად განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების ინტერესების გამომხატველია4 და ეს არც არის გასაკვირი. საკმარისია გავიხსენოთ ის ისტორიული ფაქტი, რომ ფრიტრედერობა, როგორც ეკონომიკის თანამედროვე გლობალიზაციის წინაპირობა, წარმოიშვა ინგლისში, რომელიც იმ დროს ყველაზე ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო იყო. ეკონომიკის გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელი დღეისათვის ერთადერთ ზესახელმწიფოს – აშშ-ს ინტერესებს შეესაბამება. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ იგი ხშირად მოიხსენიება “ამერიკანიზაციისა” და “ვესტერნიზაციის” სახელწოდებით.
ეკონომიკის გლობალიზაცია, რა თქმა უნდა, ობიექტური პროცესია, რომელიც ბევრ პროგრესულ ცვლილებას განაპირობებს თანამედროვე მსოფლიოში, თუმცა მას თან ახლავს მრავალი მწვავე პრობლემა და წინააღმდეგობა, რომელთა შესახებ ქვევით უფრო დაწვრილებით ვიმსჯელებთ. ბევრი მკვლევარი ღიად აფიქსირებს იმ ფაქტს, რომ ეკონომიკის გლობალიზაცია აღრმავებს უთანასწორობას როგორც ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებსა და ე.წ. “განვითარებად სამყაროს”, ისე ცალკეულ სახელმწიფოებში მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის ცხოვრების დონეთა შორის.5 მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, დედამიწის მოსახლეობის იმ ერთ მესამედს, რომელსაც მიეკუთვნება ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და იაპონიის მცხოვრებლები, ხვედრით წილად მოდიოდა მსოფლიო შემოსავლის 80%, ანუ ერთ სულ მოსახლეზე დღიურად საშუალოდ 70 აშშ დოლარი. იმავე დროს მსოფლიოს 63 უღარიბესი ქვეყნის მოსახლეობის, რომელიც დედამიწის ბინადართა 57% შეადგენს, ხვედრით წილად მოდიოდა მსოფლიო შემოსავლის 16% ანუ ერთ ადამიანზე დღეში საშუალოდ 2 აშშ დოლარზე ნაკლები.6 დღეში ერთ დოლარზე ნაკლებს ამჟამად მსოფლიოში 1,2 მილიარდი ადამიანი იღებს. ყველაზე ღარიბი მოსახლეობის სამი-მეოთხედი სოფელში ცხოვრობს ანუ შეიძლება ითქვას, რომ “გლობალური სიღარიბე” “გლობალური სოფლის” დაავადებაა. პლანეტის ყველაზე უზრუნველყოფილი მოსახლეობის 20% მოიხმარს საქონლისა და მომსახურების 86%-ზე მეტს. გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში მსოფლიოში შიმშილობდა 826 მილიონი ადამიანი, მათგან 95% – განვითარებად ქვეყნებში.7 უკიდურესი სიღარიბე ხშირ შემთხვევაში ეკონომიკის გლობალიზაციის შემაფერხებელ ფაქტორად იქცევა. აღნიშნულთან დაკავშირებით საინტერესოა გავიხსენოთ ის ისტორიული ფაქტი, რომ XX საუკუნის დასაწყისში კატასტროფული შედეგებით გამორჩეული მსოფლიოს დეზინტეგრაციის უმთავრესი მიზეზი ქვეყნებს შორის და ქვეყნებს შიგნით საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის ღრმა ეკონომიკური უთანასწორობა იყო. როგორც გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი მიუთითებდა: “49 ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანა, სადაც მსოფლიო მოსახლეობის 10% ცხოვრობს, პრაქტიკულად არ მონაწილეობს მსოფლიო ვაჭრობაში და არ იღებს არავითარ ინვესტიციებს.” დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი საკმარისად აცნობიერებს ამ საფრთხეს და აქტიურად ეძებს სიტუაციიდან გამოსვლის გზებს. 2000 წელს ნიუ-იორკის “ათასწლეულის სამიტზე” მსოფლიო ლიდერებმა თხოვნით მიმართეს ე.წ. “ოქროს მილიარდის” ქვეყნებს, რათა ამ უკანასკნელებს გაეხსნათ შიდა ბაზრები უღარიბესი ქვეყნების ყველა საქონლისათვის, იარაღის გამოკლებით. ამ მოწოდებას შედეგი არ მოჰყოლია. განვითარებულ ქვეყნებს კეთილი ნება რომც გამოეჩინათ, ჩამორჩენილი ქვეყნები მაინც ვერ გამოიყენებდნენ მინიჭებულ პრეფერენციებს, რადგან მათ არ შეუძლიათ თანამედროვე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. ისინი მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ ნედლეულისა და მასალების მიმწოდებლები არიან.
მსოფლიო სოციალისტური სიტემის დაშლისა და პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით მის საწყის ეტაპზე, სიღარიბე ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისთვისაც გახდა დამახასიათებელი. ეკონომიკურმა კრიზისმა, ლიბერალურმა საბაზრო რეფორმებმა უაღრესად გააღრმავა ქონებრივი უთანასწორობა გარდამავალ პერიოდში. საზოგადოების მცირე ნაწილი არნახულად გამდიდრდა, უდიდესი ნაწილი კი გაღატაკდა. როგორც მსოფლიო ბანკის მოხსენებაშია აღნიშნული, პოსტკომუნისტური რეფორმების დაწყებიდან ათი წლის შემდეგ ამ ქვეყნების მოსახლეობის 20% დღეში 2,15 აშშ დოლარზე ნაკლებ შემოსავალს იღებდა. სხვა ტიპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ღარიბები უპირატესად მაღალი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე ადამიანები არიან, რომლებიც სიღატაკეში საზოგადოებრივი წყობის შეცვლის გამო აღმოჩნდნენ. “წარმოიქმნა სოციალური ფსკერი და იზრდება ხანგრძლივი სტრუქტურული სიღარიბის საფრთხე” – აღნიშნულია მოხსენებაში. ცნობილი პოლონელი ეკონომისტი გ. კოლოდკო პოსტსოციალისტური ქვეყნების განვითარებულ ქვეყნებთან ეკონომიკური დაახლოების პროცესის კვლევის საფუძველზე აკეთებს საინტერესო დასკვნებს. იმისათვის, რომ რეალურ მსყიდველობით პარიტეტზე გაანგარიშებული მშპ-ს მაჩვენებლით პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა მიაღწიონ ერთ სულ მოსახლეზე 30000 დოლარს, სლოვენიამ მშპ-ს მოცულობა 2,0-ჯერ უნდა გაზარდოს (საუკეთესო მაჩვენებელი), ჩეხეთმა და ესტონეთმა – 3,1-ჯერ, ლატვიამ – 4,3-ჯერ, ლიტვამ – 7,7-ჯერ, სომხეთმა – 10,0-ჯერ, აზერბაიჯანმა და საქართველომ – 14,3-ჯერ, ტაჯიკეთმა – 39-ჯერ9 (ყველაზე უარესი მაჩვენებელი). კოლოდკო გვთავაზობს განვითარებულ ქვეყნებთან გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების დაახლოების საპროგნოზო ვადებს – “ოპტიმისტური”, “ზომიერი” და “პესიმისტური” სცენარების შესაბამისად. მშპ-ს დონით განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლის (30000 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე) მიღწევა, მეცნიერის აზრით, ალბანეთს შეეძლება “ოპტიმისტური” სცენარის მიხედვით 2041 წლისათვის, “ნეიტრალურისა” – 2060 წლისათვის, ხოლო “პესიმისტურის” თანახმად – 2100 წლისათვის, ტაჯიკეთს შესაბამისად – 2051, 2075 და 2124 წლისათვის (ყველაზე უარესი მაჩვენებელი). ჩეხეთსა და ესტონეთს შესაბამისად – 2016, 2023 და 2038 წლებისათვის; სომხეთს – 2032, 2047 და 2090 წლებისათვის; აზერბაიჯანს – 2037, 2047 და 2090 წლებისათვის, საქართველოს – 2037, 2055 და 2090 წლებისათვის.10 ეკონომიკური განვითარების დონეებში განსხვავება პოსტსოციალისტურ და ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს შორის უკანასკნელი ათი წლის მანძილზე არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ამ განსხვავების დასაძლევად, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევის შემთხვევაშიაც, პოსტსოციალისტური ქვეყნების უმრავლესობას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. მაშასადამე, თანამედროვე მსოფლიოში სიმდიდრის განაწილებაში წარმოიშვა ძალიან დიდი ასიმეტრია, რაც უმეტესწილად ეკონომიკის გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის რეალიზაციის პირდაპირი შედეგია. ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ხასიათის წინააღმდეგობებს ემატება ცივილიზაციურ-კულტურულოგიური პრობლემები. ბევრი სახელმწიფო მტკივნეულად აღიქვამს გლობალიზაციას და მასში ხედავს ეროვნული თვითმყობადობის დაკარგვის, ცხოვრების ტრადიციული წესის განადგურების მთავარ საფრთხეს. მეორე მხრივ, ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში განუხრელად მატულობს ე.წ. “სიღარიბის ანკლავები”, რომლებსაც ხშირად ეთნიკური შეფერილობა აქვთ. ეკონომიკური გაჭირვება და ეთნიკურ-სარწმუნოებრივი ფუნდამენტური ფასეულობების ხელყოფის განცდა ადამიანებს უბიძგებს რელიგიური ექსტრემიზმისაკენ, რაც ტერორიზმის მასაზრდოებელი ნოყიერი ნიადაგი ხდება. ტერორიზმი დღეს გლობალიზაციის თანმდევ უმწვავეს პრობლემად იქცა. ტერორიზმი არის ტერორის პოლიტიკა და ტაქტიკა. “ტერორისტები ერთადერთ ენაზე საუბრობენ. ამ ენას ძალადობა ჰქვია.”11 ტერორიზმის საფრთხის გაძლიერება წმინდა “ტექნოლოგიური” მიზეზებითაც არის გამოწვეული, კერძოდ, მასობრივი განადგურების საშუალებათა “მინიატურიზაცია”; გლობალური კომუნიკაციური საშუალებების არნახული განვითარება; ტრანსასაზღვრო გადაადგილების თავისუფლება; მიგრაციული ნაკადების ზრდა, რაც უკიდურესად ართულებს ტერორისტების აღმოჩენას; ტერორისტული საქმიანობის ორგანიზაციაში თანამედროვე ქსელური მოდელების გამოყენება და ა.შ. როგორც გამოცდილებიდან ჩანს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისმიერ-პოლიციური კომპონენტი დაბალეფექტიანია და მთავარი აქცენტი მისი წარმოშობის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მიზეზების დაძლევაზე უნდა გაკეთდეს. განსაკუთრებით რთული, არაერთგვაროვანი და წინაღმდეგობრივია გლობალიზაციის დამოკიდებულება როგორც ზოგადად დემოკრატიის იდეასთან, ისე მისი განხორციელების პროცესთან პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, და კერძოდ, საქართველოში. დემოკრატია ნიშნავს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას, რაც პოლიტიკას აუცილებელ ლეგიტიმაციას ანიჭებს. პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციისთვის მოქალაქეები ირჩევენ კონკურენტულ პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ამომრჩევლების წინაშე და ითვალისწინებენ მათ ინტერესებს გადაწყვეტილებების მიღების დროს. დემოკრატიის იდეის ცენტრში დგას ორი სუბიექტი – მოქალაქე და ხელისუფლება.
გლობალიზაციის პროცესში დემოკრატია სერიოზულ გამოწვევას ეჯახება. საერთაშორისო სტრუქტურები ფორმალურად არ წარმოადგენს ზეეროვნული მმართველობის ინსტიტუციურ სტრუქტურებს, მაგრამ რეალურად ისინი არსებით ზეგავლენას ახდენენ ეროვნული სახელმწიფოების მმართველი ელიტის მიერ მიღებულ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე და ეს გავლენა განუხრელად ძლიერდება. დემოკრატიის ზემოთ აღნიშნული აქტიორების (მოქალაქე-ხელისუფლება) ურთიერთობა სულ უფრო მეტად ხდება ასიმეტრიული, ანუ პოლიტიკური ელიტის ანგარიშვალდებულება გლობალური აქტიორების წინაშე ძლიერდება, ხოლო საკუთარი მოქალაქეების მიმართ კი სუსტდება. ამასთანავე, მოქალაქეებს არ აქვთ გლობალურ აქტიორებზე ზემოქმედების ინსტიტუციური მექანიზმები (ბერკეტები). მაშასადამე, მთელი რიგი პოლიტიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც ეროვნულ სახელმწიფოთა მთავრობები იღებენ, არ ექვემდებარება მოქალაქეთა მხრიდან კონტროლს და გამორიცხავს მათ მონაწილეობას უმნიშვნელოვანეს პროცესებში.
საქართველოს სინამდვილეში აღნიშნული პრობლემა ორ გარემოებაში ვლინდება. პირველი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებში ანგარიშვალდებულია გლობალური აქტიორების წინაშე, რის გამოც ხშირ შემთხვევაში იძულებულია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეთანხმებული არ არის საკუთარი მოსახლეობის შეხედულებებთან და მოთხოვნებთან (ინტერესებთან). მეორე, ბევრი გადაწყვეტილება ლეგიტიმურად მიიჩნევა არა მათი დემოკრატიულობის მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ მათ მხარს უჭერენ გლობალური აქტიორები. ნათელია, რომ ხშირად ეს ერთი და იგივე არ არის. ასეთ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების დროს ერთადერთი არგუმენტია ის, რომ იგი ამკვიდრებს საზღვარგარეთ აპრობირებულ რაღაც მოდელს. გადაწყვეტილების მიღების ასეთი ფორმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ანუ საზოგადოების მიერ საკუთარი პოლიტიკის თავად განსაზღვრის პრინციპს და უმეტეს შემთხვევაში იწვევს გატარებული რეფორმების არაეფექტიანობას.
ეკონომიკის გლობალიზაციის ამჟამინდელი მოდელი, როგორც აღინიშნა, უპირატესად პასუხობს ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების ინტერესებს, თუმცა მისი ზემოქმედება ამ ტიპის ქვეყნებზეც არ არის ერთმნიშვნლოვანი და მხოლოდ პოზიტიური. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს განვითარებულ ქვეყნებში გლობალიზაციის შედეგად დასაქმების პრობლემის გამწვავება. ამ პრობლემამ ყველაზე მეტად იჩინა თავი გასული საუკუნის 70-იან წლებში (რა თქმა უნდა, თუ მხედველობაში არ მივიღებათ 30-იანი წლების “დიდ დეპრესიას”). იგი დაკავშირებული იყო რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების მასობრივ გამოყენებასთან, რამაც ცოცხალი შრომის დიდი ეკონომია გამოიწვია და გაზარდა უმუშევართა რიცხოვნობა. ამასთანავე იმ პერიოდში ეკონომიკური კონიუნქტურის საერთო გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად შეარბილა პრობლემა. უმუშევრები შედარებით სწრაფად ახერხებდნენ ახალი სამუშაოს პოვნას და მათი ცხოვრების დონე საგრძნობლად არ დაქვეითებულა. სიტუაცია არსებითად შეიცვალა 90-იან წლებში და გლობალიზაციის პროცესის გაღრმავებას დაუკავშირდა. საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციამ განაპირობა განვითარებულ ქვეყნებში საქონლის მასობრივი შემოდინება იმ ქვეყნებიდან, რომლებიც გამოირჩეოდნენ მუშახელის სიიაფით. ამის გამო ბევრი ადგილობრივი საწარმო დაიხურა და იქ დასაქმებული ადამიანები უმუშევარნი დარჩნენ. ბუნებრივია, რომ ამ პრობლემით შეწუხებული ქვეყნების მთავრობებმა მისი გადაწყვეტის ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. თეორიულად მოიაზრებოდა საკითხისადმი სამი მიდგომა. პირველი, ქვეყნის ეკონომიკური კარგახსნილობის შემცირება და შიდა ბაზრის დაცვა. გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელი საფუძველშივე გამორიცხავს ამ მიდგომის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობას. მეორე, უახლესი ტექნოლოგიური ბაზისის გამოყენებით ეკონომიკის ძირეული სტრუქტურული გარდაქმნა, რომელიც შესაძლებელს გახდის მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე პროდუქციის წარმოებას და რეალიზაციას. ყოველივე ეს მწარმოებელ ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს არა მარტო აანაზღაუროს ტრადიციული მასობრივი მოხმარების საქონლის იმპორტის ხარჯები, არამედ სოლიდური მოგებაც მიიღოს. სწორედ ასეთ პოლიტიკას ატარებს ამჟამად აშშ, თუმცა სხვა ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების შესაძლებლობები ამ სფეროში გაცილებით შეზღუდულია. მესამე, სამუშაო ძალის ღირებულების ხელოვნური შემცირება და სოციალური ხარჯების შეზღუდვა, რაც უაღრესად არაპოპულარული ღონისძიებაა და საზოგადოებაში იწვევს სოციალურ დაძაბულობას. მაშასადამე, ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში გლობალიზაციის ზეგავლენით წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის: ზოგიერთი მათგანი ორიენტირებულია წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, სხვებს კი პირველ რიგში დასაქმებისა და სოციალური გარანტიების მაღალი დონე აინტერესებთ. გლობალიზაციამ, როგორც აღვნიშნეთ, განაპირობა მიგრაციული ნაკადების განუხრელი და მაღალი ტემპებით ზრდა და ეს განსაკუთრებით შეეხო დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. იმიგრაცია იქ თავდაპირველად განიხილებოდა მხოლოდ დადებით კონტექსტში, როგორც იაფი მუშახელის მოზიდვის გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარების საუკეთესო საშუალება. გასული საუკუნის ბოლოს იმიგრაციის ზრდა დაემთხვა ამ ქვეყნებში ეკონომიკური კონიუნქტურის საერთო გაუარესების გამო დასაქმების პრობლემის გამწვავებას. უცხოეთიდან ჩამოსულ იაფ მუშახელზე მოთხოვნა პრაქტიკულად შეწყდა, მაგრამ შემოდინების პროცესი კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ადგილობრივ მოსახლეობაში ამან მზარდი უკმაყოფილება გამოიწვია, კერძოდ, უცხოელ მუშებში შრომის ბაზარზე საკუთარ კონკურენტებს ხედავდნენ. სიტუაციას ამწვავებდა ის გარემოება, რომ შემოსულთა უმეტესობა მუსულმანური ქვეყნებიდან იყო, რომლებმაც დასავლეთ ევროპაში შეიტანეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის უცხო, ზოგჯერ კი საერთოდ მიუღებელი მენტალიტეტი, ფასეულობათა სისტემა და ცხოვრების წესი. ზემოაღწერილი პროცესების მასშტაბურობაზე ნათელ წარმოდგენას იძლევა შემდეგი მონაცემები: 1970-იანი წლების დასაწყისში დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა დაახლოებით 300 ათასი არაევროპელი, ხოლო 2025 წლისათვის, ექსპერტთა გაანგარიშებით, იცხოვრებს დაახლოებით 37 მილიონი უცხოელი მოქალაქე, რომელთა უმეტესი ნაწილი მიგრირებული იქნება აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან.12 უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ მრავალ განვითარებულ ქვეყანაში მიგრაციის მასშტაბების ზრდის პარალელურად მცირდება ადგილობრივი მოსახლეობის ხვედრითი წილი. მაგალითად, აშშ-ს კალიფორნიის შტატში ადგილობრივი მოსახლეობა უკვე უმცირესობას წარმოადგენს. აშშ-ში სწარაფად მატულობს ცენტრალური ამერიკიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული მოსახლეობა. გერმანიაში თურქების, ხოლო საფრანგეთში არაბების სწრაფი მატება შეინიშნება.13 დღევანდელი ემიგრანტები, მათი წინა თაობებისაგან განსხვავებით, ნაკლებად ცდილობენ ადგილობრივი სახელმწიფო ენის შესწავლას, ადგილობრივი ყოფისა და კულტურის ელემენტების შეთვისებას, პირიქით, ისინი ესწრაფიან საკუთარი მყარი უმცირესობების შექმნას და ამ გზით მათთვის უცხო გარემოში საკუთარი ეროვნული, ეთნიკური და რელიგიური თვითმყობადობის შენარჩუნებას. ამგვარი ქცევა ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. ისინი უფრო მეტად უჭერენ მხარს იმ მემარჯვენე რადიკალურ ნაციონალურ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც მთავრობებს მოუწოდებენ იმიგრაციული წესების გამკაცრებისკენ.
ზოგიერთი ეკონომისტი გლობალიზაციის ნეოლიბერალურ მოდელს უკავშირებს მისი “ბნელი ორეულის” ანუ ჩრდილოვანი, ასოციალური, დანაშაულებრივი საქმიანობის გლობალიზაციის ფაქტს.14 კერძოდ, აღინიშნება, რომ უკანასკნელი ორი-სამი ათწლეულის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკაში საგრძნობლად გაიზარდა ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილი. ეს შეეხება იმ ქვეყნებსაც, სადაც ადრე ჩრდილოვანი ეკონომიკა ნაკლებად იყო გავრცელებული. მაგალითად, ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში იგი გაიზარდა 2-6%-დან (1975წ.) 10-12%-მდე (2002წ.)15 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების წევრ ქვეყნებში ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული იყო სამუშაო ძალის საერთო რაოდენობის 15,3% და იწარმოებოდა მთლიანი ეროვნული პროდუქტის 16,7%. მსოფლიო მასშტაბით ჩრდილოვან ეკონომიკაში ყოველწლიურად ბრუნავს დაახლოებით 9 ტრილიონი დოლარი, რაც აშშ-ს მთლიანი ეროვნული პროდუქტის ტოლია.16 ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ნათლად აჩვენებს დასავლეთის ქვეყნებში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების ზრდას (ცხრილი 1.)

ლინცის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორები ფ. შნაიდერი და დ. ენსლე ზემოაღნიშნულ პროცესს მრავალი მიზეზით ხსნიან, თუმცა პირველ პლანზე ისინი მაინც ტრანსნაციონალური კომპანიების გააქტიურებას აყენებენ. კერძოდ, მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ ტნკ-ები ნაკლებად ემორჩილებიან სახელმწიფო რეგულირებას და ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ გადასახადებს. მსოფლიო ეკონომიკის პერიფერიაში ჩრდილოვანი ეკონომიკის ხვედრითი წილი შეუდარებლად მაღალია. მაგალითად, ნიგერიასა და ეგვიპტეში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუახანებისთვის იგი შეადგენდა შესაბამისად 68% და 76%, მექსიკასა და პერუში – 46% და 60%, ჩილეში, ვენესუელასა და ბრაზილიაში – 25%-იდან 35%-მდე და ა.შ.
ნეოლიბერალური გლობალიზაციის აღნიშნულმა და კიდევ ბევრმა სხვა წინააღმდეგობამ ეს პროცესი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახადა. მას აკრიტიკებენ მეცნიერები, პოლიტიკოსები, რელიგიური მოღვაწეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი იდეოლოგიური შეხედულებები ხშირად განსხვავებულია, თუმცა თანხმდებიან იმაში, რომ ამ სახის გლობალიზაცია არის სოციალურად უსამართლო და საფრთხის შემცველი კაცობრიობის განვითარებისათვის. კრიტიკოსთა შორის არიან ავტორიტეტული მეცნიერები, ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში ჯ. სტიგლიცი და მ. ალე, ცნობილი ეკონომისტები პ. კრუგმანი და ჯ. საქსი, გლობალისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი უ. ბეკი და სხვები.17 ჯ. სტიგლიცი ნაშრომში – “გლობალიზაცია: შემაშფოთებელი ტენდენციები”, რომელიც აშშ-ში 2002 წელს გამოიცა, მწვავედ აკრიტიკებს ეკონომიკის გლობალიზაციის ნეოლიბერალურ მოდელს. კრიტიკა მოცემულია, უპირველეს ყოვლისა, გასული საუკუნის 90-იანი წლების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ფინანსური კრიზისის კონტექსტში. იგი თვლის, რომ კრიზისის გამომწვევი ორი მთავარი მიზეზი იყო: ადგილობრივი ბაზრების მეტისმეტად სწრაფი და ფართო ლიბერალიზაცია, რაც ნეოლიბერალური დოქტრინის პრაქტიკული დანერგვის პირდაპირი შედეგია და საერთაშორისო ფინანსური ორგანოების, პირველ რიგში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაშვებული შეცდომები, რასაც მეცნიერის ვარაუდით, განაპირობებდა ამ ორგანიზაციის იდეოლოგიზებულობის მაღალი ხარისხი, მიღებული გადაწყვეტილებების ზედმეტი პოლიტიკური მოტივაცია.18
გლობალიზაციის ნეოლიბერალური მოდელის საპირისპიროდ ჯ. სტიგლიცი საზოგადოებას სთავაზობს ე.წ. “პოსტვაშინგტონის კონსესუსს”, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს როლის გააქტიურებას ეკონომიკაში და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეორგანიზაციის პროექტს: ფონდის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურის გადასინჯვას მისი დემოკრატიზაციის და გამჭვირვალეობის გაძლიერების თვალსაზრისით და მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ცნობილი გერმანული ჟურნალის “შპიგელის” თანამშრომლებმა ჰ. მარტინმა და კ. შუმანმა 1996 წელს გამოაქვეყნეს ნაშრომი სათაურით “გლობალიზაციის ხაფანგი. შეტევა დემოკრატიასა და კეთილდღეობაზე”, სადაც აღნიშნულია: “გლობალიზაციის ძალა აერთიანებს მსოფლიოს და ამავე დროს ანგრევს მას. უდიდესი ინვესტიციური სახსრებისა და მსოფლიო კონცერნების მფლობელები თავიანთ პირობებს კარნახობენ სუსტ ეროვნულ სახელმწიფოებს”19 ეკონომიკის გლობალიზაციის განსაკუთრებით მწვავე კრიტიკა განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელთა მხრიდან. რ. ჰარისი და მ. სეიდი ნაშრომში “გლობალიზაციის კრიტიკული პერსპექტივები და ნეოლიბერალიზმი განვითარებად ქვეყნებში” განვითარებადი სამყაროს ჩამორჩენის მთავარ მიზეზად ე.წ. “ტექნოლოგიურ ნეოკოლიანიზმს” მიიჩნევენ. ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნები ყველაზე მაღალეფექტიანი ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე აწარმოებენ და საექსპორტოდ გააქვთ მეცნიერებათტევადი საქონელი და მომსახურება, ხოლო განვითარებადი ქვეყნები კი ძირითადად ყიდიან ნედლეულსა და მასალებს. მსოფლიო ბაზარზე ყალიბდება ე.წ. “ფასების მაკრატელი” განვითარებული ქვეყნების სასარგებლოდ, რაც მათ ასობით მილიარდი დოლარის ზემოგებას აძლევს. ეს ზემოგება კი ფაქტობრივად წარმოადგენს “ტექნოლოგიურ კვაზირენტას.”20 კიდევ უფრო კატეგორიულია თავის გამონათქვამებში ვენესუელას პრეზიდენტი უ. ჩავესი, რომელიც რადიკალური პოლიტიკური შეხედულებებით არის ცნობილი: “ჩვენ გვჭირდება ახალი მსოფლიო, რომელშიც იარსებებს წონასწორობა. …ჩვენ გვჭირდება პლანეტა, რომელიც იცხოვრებს მშვიდობასა და ჰარმონიაში. ნეოლიბერალური მოდელი კი უნდა დაინგრეს. იგი უნდა იქცეს ისტორიის გადაშლილ გვერდად21 ამრიგად, ზემოაღნიშნული მწვავე პრობლემები საფუძველს აძლევს მსოფლიო საზოგადოებას შეშფოთება გამოხატოს თანამედროვე გლობალიზააციის მიმართ იმ თვალსაზრისით, რომ ეს უკანასკნელი საფრთხეს უქმნის ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტს და ეროვნულ ფასეულობებს. ამიტომ სულ უფრო აქტუალური ხდება არჩევანი: გლობალიზაციის ალტერნატივა თუ ალტერნატიული გლობალიზაცია? პირველს ემხრობა თანამედროვე მსოფლიო ანტიგლობალისტური მოძრაობის ყველაზე რადიკალური ფრთა: რიგი ბუნებადამცველი ორგანიზაციები, სტუდენტური მოძრაობის ნაწილი, ბევრი ისლამური დაჯგუფება, ანარქისტები და სხვ. ისინი ცდილობენ ნებისმიერი მეთოდების გამოყენებით გლობალიზაციის პროცესების შეჩერებას. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემისადმი ამგვარი მიდგომა არ შეესაბამება ობიექტურ რეალობას და უპერსპექტივოა. აქ კიდევ ერთხელ მოგვიხდება გავიმეოროთ, რომ გლობალიზაცია კანონზომიერი პროცესია და ძალისმიერი მეთოდებით მისი შეჩერება შეუძლებელია.
გლობალიზაციის ნეოლიბერალურ მოდელს დღეს შეიძლება დაუპირისპირდეს მხოლოდ ალტერნატიული გლობალიზაციის მოდელი, რომელსაც ხშირად “ალტერგლობალიზმს” უწოდებენ. აღნიშნულ ფენომენთან მიმართებაში ხშირად საუბრობენ აგრეთვე “გლობალიზაციის სოციალურად ორიენტირებულ მოდელზე”, “გლობალიზაციაზე ადამიანის სახით”, “დემოკრატიულ გლობალიზიაციაზე” და ა.შ. ამ განსხვავებულ სახელწოდებებში, როგორც წესი, მსგავსი შინაარსია მოქცეული.
ალტერგლობალიზმი არის მეტასისტემა, რომელსაც იერარქიული სტრუქტურა გააჩნია. ამ უკანანსკნელს კი წარმოქმნის სოციალური, პოლიტიკური, ზნეობრივი, კულტუროლოგიური, ეკონომიკური და სხვ. ბლოკების (დონეების) ერთიანობა. მეტამოდელში ეკონომიკური ბლოკი დაქვემდებარებულია სხვა დონეების მიმართ და პროცესის განვითარების კვალობაზე ამგვარი დაქვემდებარების მნიშვნელობა და ხარისხი განუხრელად მატულობს. სოციოკულტურული თვალსაზრისით გლობალიზაციას საფუძვლად უდევს მსოფლიოს ერთიანობის იდეა. ადამიანებს, თავიანთი განსხვავებული რასის, კულტურის, ეთნოსის, ისტორიის, ტრადიციების, სარწმუნოების და ა.შ. მიუხედავად ის აერთიანებს, რომ ისინი საერთო “სახლის”- -დედამიწის ბინადარნი არიან. ეს ერთიანობა არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს არც “ცივილიზაციური ყოფიერების ერთიან ნიმუშს” და არც “ერთიან უნივერსალურ დასავლურ სტანდარტებს” ან “ეტალონურ” (ამერიკულ, რუსულ, ჩინურ და ა.შ.) ცხოვრების წესს. პირიქით იგი მრავალფეროვნებათა ისეთი ერთიანობაა, რომელიც თითოეულისაგან არ მოითხოვს საკუთარ ინდივიდუალურობასა და თვითმყოფადობაზე უარის თქმას. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ჭეშმარიტად მაღალი ფასეულობის მქონე ძალიან ბევრი “ლოკალური”, “კერძო”, “ინდივიდუალური” ხშირად ზოგადსაკაცობრიო დონეზე მაღლდება, საერთო მნიშვნელობას იძენს და გლობალურ ფენომენად იქცევა. მრავალფეროვნება ნებისმიერი სისტემის მდგრადობისა და განვითარების აუცილებელი პირობაა და გულისხმობს ზოგადცივილიზაციური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტისადმი “სინერგეტიკულ-არაწრფივ მიდგომას.22
ალტერგლობალიზმის დამახასიათებელი ნიშანია ანტიკაპიტალიზმი, რომელიც გულისხმობს: ა) თანამედროვე კაპიტალიზმის, როგორც ადამიანის მიერ ბუნების მითვისების “ტექნოგენური ფორმის” უარყოფას და მდგრად – ეკოლოგიურ-ეკონომიკურ განვითარებაზე აქცენტირებას; ბ) პოსტმატერიალური ფასეულობებისა და ნორმატიული ეთიკოცენტრისტული აზროვნების პრიმატს სამომხმარებლო გედონიზმსა და ინსტრუმენტალურ აზროვნებაზე. XXI საუკუნე, წინა საუკუნისგან განსხვავებით, პოსტმოდერნიზმის საზოგადოების ეპოქაა და ამ საზოგადოების არსის გაგება მხოლოდ პრინციპულად ახალი პარადიგმის და ჰოლისტური მიდგომის საფუძველზე არის შესაძლებელი. აღნიშნული თეზისი მთლიანად მიესადაგება გლობალიზაციის პრობლემასაც. ალტერგლობალიზმის საკუთრივ ეკონომიკური კომპონენტი გულისხმობს: ა) ერთპოლუსიანი (მონოპოლარული) მსოფლიო ეკონომიკის შეცვლას – მრავალპოლუსიანი (პოლიპოლარული) გლობალური ეკონომიკით; ბ) თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებისა და ეკონომიკური რეგულირების მექანიზმების შეხამებას ეროვნულ და ზეეროვნულ დონეებზე; გ) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების რეალურ დემოკრატიზაციას; დ) საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური ორგანოების ძირეულ რეფორმირებას მათი საქმიანობის გამჭვირვალეობის, დეიდეოლოგიზაციისა და ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების მიმართულებით; ე) ტრანსნაციონალური კორპორაციების საქმიანობაზე ზემოქმედების მიზნით ანტიმონოპოლიური რეგულირების საერთაშორისო ორგანოს შექმნას; ვ) რეალური ბერკეტებით აღჭურვილი გარემოს დაცვის საერთაშორისო სამსახურის შექმნას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურებში; ზ) საერთაშორისო სავალუტო ფონდის, როგორც უკანასკნელი ინსტანციის კრედიტორის როლის ამაღლებას, რაც გულისხმობს მის განკარგულებაში არსებული ფულადი რესურსების გაზრდას; შედარებისთვის აღვნიშნავთ, რომ ამჟამად სსფ-ს განკარგულებაშია მსოფლიო ლიკვიდობის მხოლოდ 3%, რაც აშკარად არასაკმარისია გლობალური ეკონომიკის ფინანსური სეგმენტის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად; თ) მსოფლიოში შექმნილი “ტექნოლოგიური კვაზირენტის” საფუძველზე გლობალური ტექნოლოგიური ფონდის ჩამოყალიბებას, რომლიდანაც უნდა განხორციელდეს ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებში ინოვაციური პროგრამებისა და პროექტების დაფინანსება. ალტერგლობალიზმის უმნიშვნელოვანესი პრინციპია გლობალური ეკონომიკის სოციალური ორიენტაციის გაძლიერება, როცა წინა პლანზე გამოდის არა მოგების კრიტერიუმი, არამედ ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბებით სწრაფვა საყოველთაო კეთილდღეობისაკენ, შექმნილი მატერიალური და სულიერი დოვლათის სამართლიანი განაწილებისაკენ. ამგვარი მოდელის ცხოვრებაში დამკვიდრების ერთადერთი გზაა კონსტრუქციული დიალოგი განსხვავებული ეთნიკური და ცივილიზაციურ-კულტურული ერთობების წარმომადგენლებს შორის ყველა მხარის თანასწორობის და ინტერესთა დაცვის, პარტნიორების მიერ ერთმანეთისა და საერთო მომავლის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გაცნობიერების პირობებში. უეჭველია, რომ მომავალი ეკუთვნის სოციალურად ორიენტირებული გლობალიზაციის მოდელს.