ნახშირის მრეწველობის ეკონომიკური ასპექტები

სოლომონ ხვიჩია, ტექ. მეცნ. კანდიდატი

ნახშირი დღევანდელი ელექტროენერგეტიკის ერთ-ერთი უმთავრესი და სათბობებში ყველაზე იაფი ნედლეულია, ამიტომაც, თანამედროვე პირობებში საინტერესოა ნახშირის მრეწველობის მდგომარეობა და პერსპექტივა. ამისათვის განვიხილოთ ქვემოთ მოტანილი ცხრილი 1, სადაც მოცემულია 1991-2000 წწ მსოფლიოს 6 ქვეყანაში ტონა ქვანახშირის ექვივალენტის (ტქე) მოპოვების დინამიკა და მასზე გაწეული სუბსიდიის მოცულობა.

ამ ცხრილიდან ჩანს, რომ განსახილველ პერიოდში, ჩამოთვლილ ქვეყნებში, ქვანახშირის მოპოვება სისტემატურად კლებულობდა და 2000 წელს 1991 წელთან შედარებით მან შეადგინა: საფრანგეთში – 31,4%, გერმანიაში – 50,3%, იაპონიაში – 44,2%, ესპანეთში – 89,5%, თურქეთში – 62,7% და ინგლისში – 55,2%.

რაც შეეხება სუბსიდიის სიდიდეს ტქე-ზე, იგი დროის ამ მონაკვეთში მერყეობს, მაგრამ მისი ზრდის ტენდენცია ეჭვს არ იწვევს. აქ გამონაკლისია მხოლოდ ინგლისი, სადაც სუბსიდიის მოცულობა არსებითად შემცირდა და ზოგიერთ შემთხვევაში ნულს უდრის.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ამ ათწლეულის განმავლობაში ქვანახშირის მოპოვების ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი დადებითი ძვრები მოხდა, რასაც თვითღირებულების დაბლა დაწევა და შედეგის სახით ტქე-ზე სუბსიდიის შემცირება უნდა განეპირობებინა, რადგან ეს არ მოხდა, უნდა ვივარაუდოდ, რომ ამ პერიოდში სამთო-ტექნიკური პირობების გაუარესებით გამოწვეული ნეგატიური მოვლენები სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მეშვეობით ვერ დაიძლია, რის გამოც, დაფიქსირებულია არასასურველი მოვლენა. რაც შეეხება ინგლისს, აქ, როგორც ჩანს, სამთო-ტექნიკური პირობების პირობების გაუარესება უმნიშვნელოა, რის გამოც სუბსიდიის სიდიდე დაკლებული, ზოგჯერ კი, ნულის ტოლია.

ჩამოთვლილ ქვეყნებში გამოღების შემცირების ერთადერთი მიზეზი სუბსიდირების აუცილებლობაა. მათი მოთხოვნა ნახშირზე ზრდადია და წარმოშობილი დეფიციტი იმპორტით იფარება.

ფინანსურ დახმარებას იღებს ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის ნახშირის მრეწველობა. აქვე მოცემულია ამ დახმარების მოცულობა მლნ აშშ დოლარის მიზედვით.

უნდა ითქვას, რომ ფინანსური დახმარება ორი მიმართულებით ნაწილდება: ნახშირის მოპოვების ტექნოლოგიაში და სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში.

უნგრეთში 2000 წლის I კვარტალში ნახშირის მოპოვება ფეკეტევოლჯის, ხოლო III კვარტალში კი, პატნოკის საბადოზე შეწყდა. 2000 წლის პირველ ნახევარში ლენსეჰეგის საბადოს შახტები 47,2 მლნ აშშ-ს დოლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, ამის შემდეგ მათი საქმიანობა მხოლოდ კომერციულ საფუძვლებზე გაგრძელდება. გერმანიაში შემუშავებულია ქვანახშირის მრეწველობის ფინანსური დახმარების (მლრდ გერმანული მარკა) გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მოყვანილია .

სუბსიდიის აბსოლუტური სიდიდის დაკლება განპირობებულია, ძირითადად, ენერგეტიკული და საკოქსე ქვანახშირის მოპოვების შემცირებით.

ასეთი მოვლენების ფონზე განვიხილოთ 2020 წლამდე პერიოდში ნახშირის მრეწველობის პერსპექტივები მთელ რიგ წამყვან ქვეყნებში, რის შესახებაც წარმოდგენას გვაძლევს ცხრილი 4.

როგორც ცხრილი 4 გვიჩვენებს, ენერგეტიკულ და საკოქსე ქვანახშირის მწარმოებელი ჩამოთვლილი 16 ქვეყნიდან 7-ში მოპოვების თანდათანობითი შეკვეცა და 2020 წლისათვის შეწყვეტაა განსაზღვრული. ამ ქვეყნების რიცხვშია ისეთი მაღალგანვითარებული და ქვანახშირის მრეწველობის ტრადიციების მატარებელი ქვეყნები, როგორებიცაა: საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი. ამ ქვეყნებში გამოღების მაქსიმუმი (მლნ ტონა) სათანადო წლის ჩვენებით შესაბამისად, შემდეგია: 57,7, 1958, 148,4, 1964, 228,5, 1952. ასევე განზრახულია ქვანახშირის წარმოების მნიშვნელოვანი შემცირება ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში. აქვე აღსანიშნავია, რომ გერმანიაში 2020 წლისათვის ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტის მიუხედავად გამოიღებენ საკმაოდ სოლიდური მოცულობის (43,2 მლნ ტქე) მურა ნახშირს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ნაკლები თბოუნარიანობის მქონე ნახშირის მოპოვება არ მოითხოვს სუბსიდირებას, ანუ მისი გამოღება ეკონომიკურად მიზანშეწონილია. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ 2000 წელს ამ ქვეყნებში მოპოვება მსოფლიო წარმოების 30%-ს აღემატებოდა.

7 ქვეყანაში ენერგეტიკული და საკოქსე ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტის მიუხედავად, დანარჩენი 9 ქვეყნის ძალისხმევით ოც წელიწადში ამ ტიპის ქვანახშირების წარმოება 26%-ით გაიზრდება.

მურა ნახშირის გამოღება ამ პერიდში ცალკეული ქვეყნების მიხედვით, მართალია, ასე თუ ისე მერყეობს, მაგრამ მისი წარმოების წლიური მოცულობა, პრაქტიკულად, მაინც ერთი და იგივეა.

ამრიგად, მოყვანილი მონაცემები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ უახლოესი ოცწლეულისათვის მკვიდრდება ისეთი ტენდენციები, რომელთა თანახმადაც, ქვანახშირის მოპოვების სუბსიდირება მიზანშეწონილი არ არის, ე.ი. ამ სფეროში საქმიანობა, როგორც თანამედროვე მსოფლიოში, საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით უნდა წარიმართოს. ზემოთქმულის აშკარა შედეგი ასეთია: ტყიბულ-შაორის საბადოს იმ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა, თუკი აქ მოპოვებულ ქვანახშირს არ დასჭირდება სუბსიდიერება. ტყიბულის შახტების რეაბილიტაციის შემთხვევაში ზომიერი სუბსიდირება საწყის ეტაპზე დასაშვებია.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial