15 მილიონი დოლარი იპოთეკური სესხებისათვის

რედაქციისაგან

15 მილიონი დოლარი იპოთეკური სესხებისათვის ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია FMO-მ და სააქციო საზოგადოება “თიბისი ბანკმა” 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის თაობაზე ოფიციალური ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას “თიბისი ბანკის” მენეჯმენტი, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში და FMO-ს აზიისა და ცენტრალური ევროპის რეგიონალური დირექტორი დაესწრო.
მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება “თიბისი ბანკის” მიერ იპოთეკური სესხების დაფინანსებას, ქართულ ბაზარზე საკმაოდ მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით. ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) 40 ქვეყანასთან თანამშრომლობს და მისი მიზანია, ინვესტიციების განხორციელებით ხელი შეუწყოს განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას. 2000 წელს საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ “Standard & Poor’s”-მა კომპანიას უმაღლესი – “AAA” რეიტინგი მიანიჭა. “თიბისი ბანკ”-სა და FMO-ს შორის თანამშრომლობა 2006 წლიდან დაიწყო. კერძოდ, 2006 წლის დეკემბერში FMO-ს მიერ “თიბისი ბანკი”-სათვის გამოყოფილ იქნა ქართულ ლარში ნომინირებული საკრედიტო ხაზი 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტით, ხოლო 2007 წლის მაისში – 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხი.

ეროვნული ბანკის საპროცენტო
განაკვეთი 12%-ია
14 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთი კვლავ 12% იქნება, რადგან საპარლამენტო არჩევნების გამო იკლო კაპიტალურმა შემოსავლებმა. “წინა საარჩევნი პერიოდში კაპიტალური შემოსავლები შემცირდა, თუმცა პროგნოზების თანახმად, ის კვლავ დაუბრუნდება ადრეულ მაჩვენებელს და წლის ბოლომდე მაღალი დარჩება”, განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში. მონეტარული პოლიტიკის საბჭოს შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფლაციის რისკი გასული თვის შემდეგ არ გაზრდილა და სავარაუდოდ ის წლის ბოლომდე 8%-ი იქნება. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მარტის ბოლოს 12,3% იყო, იანვარში კი – 10.7%, ხოლო თებერვალში – 10.9%. გასულ თვეში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 11%-დან 12%-მდე ასწია.

“საქართველოს ბანკი” ბელორუსიის ბანკს ყიდულობს
“საქართველოს ბანკმა” ბელორუსიის სახალხო ბანკის აქციების 70% შეიძინა, მას უფლება აქვს დანარჩენი 30% სამ წელიწადში შეიძინოს.
ბელორუსიის სახალხო ბანკის აქტივები 24.5 მლნ დოლარიანი კაპიტალით 50 მლნ დოლარისაა. ეს დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული საქართველოს ბანკის რიგით მესამე შენაძენია. “საქართველოს ბანკი” განვითარებისა და თანამშრომლობის ბანკის 100% აქციებს ფლობს. “საქართველოს ბანკს” ეკუთვნოდა აზერბაიჯანის ტექბანკის 2%, რომელიც მოგვიანებით გაყიდა. 2003 წლიდან “საქართველოს ბანკმა” “თბილუნივერსალბანკი”, “ინტელექტბანკი” და “კასკადბანკი საქართველო” შეიძინა.
“საქართველოს ბანკი” საქართველოს საბანკო სექტორის ლიდერია აქტივების მიხედვით. ბანკის აქტივები 2008 წლის 1 აპრილს 2 724 690 681 ლარი ღირდა.
“საქართველოს ბანკი” საქართველოს ბაზარზე უკვე 13 წელია მოღვაწეობს.