საქართველოს ეროვნული საინოვაციო სისტემის კონცეფციის პრეზენტაცია

რედაქციისაგან

2008 წლის 20 ივნისს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: “საქართველო გლობალური გამოწვევების პირისპირ, ეროვნული საინოცავიო სისტემის კონცეფცია”, რომელიც შეიმუშავა სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრმა (ICSRPA) გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

ეს ღონისძიება მიეძღვნა გლობალიზაციის, სტრატეგიული მართვის, ინოვაციების, და პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების თანამედროვე სტრატეგიის საკითხებს, რომლებიც მოითხოვენ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთქმედებას მთავრობას, უნივერსიტეტებს, კერძო სექტორსა და მედიას შორის ახალი პროგრესული რეფორმების განხორციელებისათვის. ღონისძიებაზე ასევე წარმოადგინეს კვლევა თემაზე: “საქართველოს ეროვნული საინოვაციო სისტემის კონცეფცია”, რომლის ავტორებია – გიორგი ივანიაშვილი-ორბელიანი, კობა კიკაბიძე, დავით ლოსაბერიძე. როგორც ამ ნაშრომის შესავალშიც ვკითხულობთ: “დღევანდელ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, გლობალური ტრანსფორმაციისა და ღრმა ძირეული ცვლილებების ფონზე, აუცილებელია პრობლემებისადმი ახლებური მიდგომა, მათი ინტერდისციპლინარულ ჭრილში გაანალიზება და მათი გადაწყვეტისათვის კომპლექუსრი გზების ძიება. ამიტომ საქართველოს კონკურენტუნარიანობისა და ეროვნული საინოვაციო სისტემის შემუშავებისათვის საჭიროდ მიგვაჩნია მრავალრიცხოვან მეცნიერთა და ექსპერტთა პოზიციების შესწავლა და მათი შედარებითი ანალიზი.” ნაშრომში გამოყენებულია სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობისა და სტრატეგიული მართვის თანამედროვე მეთოდოლოგია – პორტერის “ალმასის მოდელი”, ბენჩმარკინგი, SWOT ანალიზი.
როგორც სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრში აღნიშნავენ დღევანდელი ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოში ინდა დამკვიდრდეს თანამედროვე ფასეულობები – ცოდნის საზოგადოების, ლიდერობის, პოლიტიკური აზროვნების, მერიტოკრატიული პრინციპებისა და ზნეობრივ-ეთიკური ნორმები, რომლებიც დასავლეთის წარმატებული ქვეყნებისათვის დიდი ხანია უმთავრეს პრიორიტეტებად იქცა. ამიტომ ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე აუცილებლად მიიჩნიეს გლობალური კონკურენციის პირობებში საქართველოს სტაბილური განვითარებისთვის ახალი გზების გამონახვა, რაც ინოვაციურ მიდგომებსა და თანამშრომლობის ახალი ფორმების დანერგვას, ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის აუცილებელი მიკრო და მაკროეკონომიკური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს.