როგორ დავიწყოთ ბიზნესი საქართველოში

მაკა ღანიაშვილი

ბიზნეს-გეგმის შემუშავებისა და პირველი ნაბიჯის გადადგმის მცდელობის შემდეგ პირველი დაბრკოლება, რასაც მეწარმე აწყდება, არის ახალი კომპანიის დაფუძნებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. მათი გავლა აუცილებელია, რათა კომპანიამ კანონიერად დაიწყოს ფუნქციონირება. ახლადშექმნილ საწარმოთა რეგისტრაციის წესი – პროცედურები, ოფიციალური ვადები და ხარჯები, რომლებიც ახალმა საწარმომ უნდა გასწიოს იურიდიულად ფუნქციონირების დაწყებამდე – სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ქვეყნების უმრავლესობაში რეგისტრაციის ოფიციალური ხარჯები განსაკუთრებით მაღალია, ამის შედეგად კი იმ ქვეყნებში, სადაც რეგისტრაცია მკაცრად რეგულირდება, კორუფციის დონეც მაღალია და არაოფიციალური ეკონომიკის მაჩვენებელიც. მეწარმეებს პროცესის დასაჩქარებლად მოხელეების მოქრთამვა უწევთ, ზოგჯერ კი ბიზნესის უკანონოდ წარმოების შესახებაც იღებენ გადაწყვეტილებას. მძიმე და მოუქნელი სარეგისტრაციო პროცედურები კორუფციის უფრო მაღალ დონესთან ასოცირდება, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც თითოეული პროცედურა პირადი კონტაქტის საქმე და ქრთამის გამოძალვის საშუალებაა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მძიმე და მოუქნელი სარეგისტრაციო პროცედურები არ ზრდის არც წარმოებული პროდუქციის ხარისხს და არც სამუშაო პირობების უსაფრთხოებას. საპირისპიროდ კი ისინი ზღუდავენ კერძო ინვესტიციებს და ადამიანთა სულ უფრო მეტ რაოდენობას უბიძგებენ ჩრდილოვანი ეკონომიკისაკენ, ზრდიან სამომხმარებლო ფასებს და ხელს უწყობენ კორუფციას. მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის ქვეყნებში კი ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურები უფრო მარტივია. მაგალითად, მოზამბიკში საწარმოს შექმნისათვის სახელმწიფო მოთხოვნების შესასრულებლად, მეწარმემ უნდა გაიაროს 19 პროცედურა, რისთვისაც მინიმუმ 149 სამუშაო დღე და 256 აშშ დოლარია საჭირო, იტალიელი მეწარმე კი გადის 16 პროცედურას, იხდის 3946 აშშ დოლარს და სჭირდება მინიმუმ 62 სამუშაო დღე შესაბამისი ნებართვების მოსაპოვებლად. მოზამბიკისა და იტალიისაგან განსხვავებით კანადელ მეწარმეს შეუძლია ორ დღეში 280 დოლარად დაასრულოს და გაიაროს მხოლოდ 2 პროცედურა.
საწარმოთა რეგისტრაციის გამარტივებული და მოდერნიზებული პროცედურები დადებით ზეგავლენას ახდენს საწარმოთა შექმნაზე. რეგისტრაციის სწრაფ და მარტივ პროცედურებს შეუძლია ხელი შეუწყოს პროცედურასთან დაკავშირებული კორუფციის შემცირებას. ეს განსაკუთრებით მწვავე საკითხია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების და მათ შორის საქართველოსთვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველომ ამ სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. მსოფლიო ბანკის “Doing Business 2006”-ის რეიტინგის თანახმად, 2005 წელს საქართველოში კომპანიის დაფუძნებისათვის საჭირო იყო 8 პროცედურა, 21 დღე და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 13.7%. 2008 წლის რეიტინგში პროცედურების რაოდენობა შემცირდა ხუთამდე, ვადა – 11 დღემდე, ხოლო გადასახადი – 9.5%-მდე (ცხრილი 1). ამ შედეგების მიღწევას ხელი შეუწყო რეფორმებმა, რომელიც მოიცავდა სამეწარმეო და საგადასახადო რეგისტრაციის გაერთიანებას, ამის შედეგად საქართველო “Dოინგ Bუსინეეე 2008”-ის რეიტინგში საწარმოთა შექმნის კატეგორიის მიხედვით მე-10 ადგილზე აღმოჩნდა.
საქართველოში საწარმოს გასახსნელად საჭიროა 5 პროცედურა, 11 დღე და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 9.54%. გასავლელი პროცედურებია:
1. დამფუძნებლის დოკუმენტების ლეგალიზაცია და ნოტარიული წესით დამოწმება;
2. სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა;
3. სამეწარმეო რეესტრში და საგადასახადო ორგანოში რეგისტრაცია;
4. ოფიციალური/კომპანიის ბეჭდის დამოწმება;
5. ბანკში კორპორაციული ანგარიშის გახსნა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საწარმოთა შექმნის სიმარტივის მიხედვით საქართველო მე-10 ადგილზეა. პირველი ადგილი კი ავსტრალიას უჭირავს, რომელსაც მოსდევს კანადა, ახალი ზელანდია და შეერთებული შტატები. რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს – თურქეთი ამ რეიტინგის მიხედვით 43-ე ადგილზეა, სომხეთი – 47-ზე, რუსეთი – 50-ზე, აზერბაიჯანი კი – 64-ზე.
მაგრამ საწარმოთა დაფუძნების მხრივ საქართველოს ყველა მაჩვენებელი 5 ლიდერი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს გაცილებით ჩამოუვარდება (ცხრილი 2).
ავსტრალიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაში კომპანიის რეგისტრაციისათვის გათვალისწინებულია 2-ეტაპიანი პროცედურა: პირველ ეტაპზე ხდება განაცხადის წარდგენა ელექტრონულ რეჟიმში, ხოლო მეორეზე – საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირება.