ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ოქტომბერში ბანკის ოპერაციათა ქვეყნების რიცხვში თურქეთის მიღების საკითხს გადაწყვეტს

რედაქციისაგან

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ოქტომბერში ბანკის ოპერაციათა ქვეყნების რიცხვში თურქეთის მიღების საკითხის გადაწყვეტას გეგმავს,- განაცხადა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის ახალმა პრეზიდენტმა ტომას მიროვმა. “გადაწყდა თურქეთისთვის ბანკის ოპერაციის ქვეყნის სტატუსის მინიჭება და ვფიქრობ, ოქტომბერში ამ გადაწყვეტილებას ჩვენი აქციონერების კენჭისყრაზე გამოვიტანთ”, – განაცხადა მან.

“რია ნოვოსტის” ცნობით, მიროვი ელის, რომ კენჭისყრის შედეგად აქციონერები თურქეთს მიიღებენ იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საინვესტიციო და სხვა პროექტებს ახორციელებს. “თურქეთმა განაცხადი შემოიტანა და სურს, გაიზიაროს ჩვენი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუნიციპალური მეურნეობა, საბანკო სექტორი და სხვ.” – განმარტა ბანკის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის მიღების შემდეგ ბანკი გარკვეული დროით შეისვენებს და ოპერაციათა ქვეყნების რაოდენობას ახლო მომავალში აღარ გაზრდის.
რიგ ევროპულ ქვეყნებში ბანკის ოპერაციების შესაძლო შეწყვეტის შესახებ დასმულ კითხვაზე მიროვმა მიუგო, რომ ჩეხეთს, რომელიც ბანკიდან 2007 წელს “გაეწერა”, შეიძლება მიყვნენ ევროკავშირის სხვა ახალი წევრი ქვეყნებიც. “ყველა ის ქვეყანა, რომელიც ევროპის კავშირში ჩეხეთთან ერთად გაწევრიანდა, 2010 წლამდე უნდა “გაწერონ”, – აღნიშნა მან.
2004 წლის 1 მაისიდან ევროკავშირის გაფართოების შედეგად მის შემადგენლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოპერაციათა რვა ქვეყანა შევიდა – ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვენია, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. მიროვის სიტყვებით, ევროკავშირში 2007 წელს გაწევრიანებულმა რუმინეთმა და ბულგარეთმა ასევე უნდა დატოვონ ბანკის ოპერაციათა ქვეყნების შემადგენლობა, ოღონდ მოგვიანებით.
ტომას მიროვი პირველ უცხოურ ვიზიტს სექტემბრის დასაწყისში სერბეთსა და ბოსნიაში გეგმავს. სერბეთში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ სერბ პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან ამ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის, ასევე ბანკის ენერგეტიკულ, ინფრასტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო პროექტებში მონაწილეობის საკითხის განხილვას აპირებს.
კოსოვოში ბანკის საქმიანობის შესახებ დასმულ კითხვაზე მიროვმა მიუგო, რომ ამ რეგიონში ბანკის ოპერაციების წარმოების გადაწყვეტილება აქციონერებმა უნდა მიიღონ. “ეს არის არა იმდენად ოპერაციათა წარმოების, არამედ ქვეყნის სტატუსის საკითხი. ვფიქრობ, ჩემი ვიზიტისას ამ თემას ჩემი პარტნიორები წამოჭრიან”. – აღნიშნა მიროვმა.
ზოგადად, ბანკის ახალი პრეზიდენტის სიტყვებით, ახლო მომავალში ბანკი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: დაეხმარება ოპერაციათა ქვეყნებს მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგების დაძლევაში, საწარმოთა ენერგოეფექტურობისა და ეკოლოგიურობის გაუმჯობესებაში, დახმარებას გაუწევს აგროსამრეწველო კომპლექსს და კვებით მრეწველობას სურსათის გაძვირების პირობებში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის გასავითარებლად 1991 წელს შეიქმნა, დღეს ოპერაციებს ახორციელებს ეკონომიკისა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-ისა და შუა აზიის 28 ქვეყანაში.
გერმანელი ტომას მიროვი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ამა წლის 3 ივლისიდანაა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial