დიდი ეკონომიკის პატარა სამოთხეები

ნინო არველაძე

“პატარა საქართველო” – ხშირად გავიგონებთ ჩვენს ქვეყანაზე საუბრის დროს. ის, რომ ჩვენი ქვეყანა პატარაა ხშირად ეკონომიკური პრობლემების ახსნის საფუძველი ხდება. მაგრამ თუ თვალს გადავავლებთ ევროპის 7 მცირე სახელმწიფოს ეკონომიკებს, რომლებთან შედარებითაც საქართველო უზარმაზარ ქვეყნად მიიჩნევა, ვნახავთ, რომ არსებული რესურსების გონივრულად გამოყენებით, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, ტურიზმისა და მომსახურების სექტორების განვითარებით საქართველოს ცხოვრების სტანდარტების ევროპის სტანდარტებთან მიახლოვებაა შესაძლებელი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს ამის პოტენციალი აქვს.

ცხადი ხდება ისიც, რომ მცირე ზომის ქვეყანა არ შეიძლება მსოფლიო არენაზე მარტო იყოს, მას აუცილებლად სჭირდება ძლიერი მეგობარი ქვეყანა. გვერდს ვერ აუვლით საერთაშორისო ორგანიზაციების როლს ქვეყნის განვითარების საქმეში, მაშინ როდესაც ევროკავშირში მისაღებად აუცილებელი მთელი რიგი კანონების დახვეწა და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება რამდენიმე წლითაა გადადებული. გამოიყენებს საქართველო თავის შანსებს ისე, როგორც ეს ევროპის უმცირესმა სახელმწიფოებმა შეძლეს? ჯუჯა სახელმწიფოების მსგავსად, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანას მრავალ შესაძლებლობის სთავაზობს, შანსი კი თუ არ გამოიყენე, ვერაფერს მიაღწევ.
მიკროსახელმწიფოებია: ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, სან-მარინო, ანდორა, მონაკო, ვატიკანი, მალტა.
ლუქსემბურგი – გიგანტური მცირე სახელმწიფო: უდიდესი უმცირესთა შორის – ის ევროპის მცირე სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდია და საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის საზღვარზე მდებარეობს. ლუქსემბურგი ევროპის კავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელია. ლუქსემბურგი მცირე სახელმწიფოების რიცხვში არ შევიდოდა ტერიტორიების დიდი ნაწილის შენარჩუნების შემთხვევაში, ის თავდაპირველად ოთხჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლაა.
ანდორა – საგადასახადო სამოთხე: ის პირინეის მთებში საფრანგეთსა და ესპანეთს შორისაა. უხეში გათვლებით, ანდორას მშპ-ის 80% ტურიზმის სექტორზე მოდის. ანდორას ზამთრისა და ზაფხულის კურორტებს ყოველწლიურად 9 მლნ ტურისტი სტუმრობს. ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს “საგადასახადო სამოთხის” სტატუსის მქონე საბანკო სექტორი. ანდორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 27 000 ევროა. წარმოების (უმეტესად თამბაქოს) და სერვისის მზარდი სექტორი მშპ-ის 5%-ს შეადგენს. საჭიროა უმეტესი საქონლის იმპორტი, ქვეყანაში არსებობს სტრუქტურული სავაჭრო დეფიციტი. ანდორას ეკონომიკაზე გავლენას ახდენს მისი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკები
მალტა – შუა მიკროსახელმწიფო: სიცილიის კუნძული, მალტური ენა არაბულს ენათესავება. ის მსოფლიოს სხვა არაევროპული მცირე სახელმწიფოების მსგავსად კუნძულია და ხმელთაშუა ზღვის ზუსტად შუაში მდებარეობს. მას არ ჰყავს მეზობელი და მოძმე დიდი სახელმწიფო, არც მეზობელი ქვეყნის ენას იყენებს სალაპარაკოდ. მას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების ფარგლებში გამოიყენოს მეზობელი ქვეყნების საქონლის გადაზიდვები და საგადასახადო სისტემა, სწორედ ამიტომ ევროპის მცირე სახელმწიფოებს შორის ყველაზე ღარიბია, მაგრამ მის ეკონომიკურ პოზიციებს ქვეყნის მშვენიერება ამყარებს, რაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.
ლიხტენშტეინი – საქმიანი მცირე სახელმწიფო: შვეიცარიისა და ავსტრიის საზღვარზე მცირე ზომის სამთავრო, რომელიც ლიხტენშტეინის ოჯახმა დააარსა და მას იგივე გვარი მართავს. მას ხშირად ბიზნესსახელმწიფოდ არც თუ უმიზეზოდ მოიხსენიებენ. ის ევროპის ყველაზე ინდუსტრიული სახელმწიფოა, იქ ბიზნესზე დაბალი გადასახადები და კორპორატიული კანონები მოქმედებს, რაც ბიზნესის მოზიდვას აიოლებს.
სან-მარინო – თავისუფალი მიკროსახელმწიფო: მსოფლიოს უძველესი რესპუბლიკა იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში. ის თითქმის ათასწლეულის განმავლობაში არადემოკრატიული იტალიის ნახევარკუნძულზე დემოკრატიის კუნძული იყო. ამერიკელი მონების გათავისუფლებისათვის აბრაამ ლინკოლნი სან-მარინოს საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. II მსოფლიო ომმა ქვეყნის ეკონომიკაზე მკაცრად უარყოფითი გავლენა მოახდინა, ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა ძალიან ნელა ვითარდებოდა. მან ლიხტენშტეინის მაგალითს მიბაძა და უცხოურ კომპანიებს გაიოლებული პირობები შესთავაზა, მაგრამ ამან რეგიონში არასტაბილური საბანკო სისტემის გამო არ გაამართლა, ლიხტენშტეინს კი ზურგს შვეიცარიის სანდო ბანკი უმაგრებდა.
მონაკო – მცირე სახელმწიფოების არისტოკრატი: დაახლოებით 2კმ2 ტერიტორია. ის ალპების ფერთხით, ხმელთაშუა ზღვის საფრანგეთის სანაპიროზე მდებარეობს, ვატიკანის მსგავსად მონაკოც ქალაქ-სახელმწიფოა.
ვის არ სმენია მონტე-კარლოს კაზინოს შესახებ? მონაკო იმაზე მეტად ცნობილიც კი არის, ვიდრე ის მას იმსახურებს. ის მსოფლიოში მეორე უმცირესი სახელმწიფოა, ცისფერსისხლიანთა სამთავრო კი ამ პატარა ტერიტორიას, რომელიც დედამიწაზე ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული, განუმეორებელ ელეგანტურობას ანიჭებს. ის ერთ დროს მეჩხერად დასახლებული სანაპირო იყო, 1861 წელს კი პრინცმა ჩარლზ III-მ მონაკოს ტერიტორია ეფექტურად დაუთმო კაზინოს, დიდ მოგებას, სახელგანთქმულობასა და ქვეყანაში მდიდრების შემოდინებას. ის მთლიანად ურბანული სახელმწიფოა, საყურადღებოა მისი მიწისქვეშ აშენებული შენობები. მონაკოს ადგილმდებარეობას თავისუფლად შეგვიძლია იდეალური ვუწოდოთ, ტურისტს თავისუფლად შეუძლია დღის პირველ ნახევარში ალპებში ისრიალოს, მეორე ნახევარში კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაირუჯოს. მოსახლეობის უმეტესობა უცხოელები არიან, ნამდვილი მონაკოელები კი მხოლოდ 1/6-ია.
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც შემოსავალზე გადასახადის გადახდა არ მოგეთხოვებათ – ეს მონაკოა! ამიტომ მონაკო შეუდარებელ საგადასახადო სამოთხედ არის აღიარებული და სწორედ ამიტომ იზიდავს ეს პაწაწინა ქვეყანა ამდენ მდიდარ და წარმატებულ ადამიანს. მონაკო ბიზნესისათვის იდეალური ადგილია, ეს განსაკუთრებით მომსახურებისა და საბანკო სექტორებს ეხება.
ოფშორულ კომპანიებს მონაკოში შემდეგი უპირატესობებით შეუძლია სარგებლობა:
გარანტირებულია ფინანსური და ბიზნესის სტრატეგიის კონფედენციალობა, ამიტომ ინვესტორებს თამამად შეუძლიათ მონაკოს მიაშურონ;
დიდი შეღავათები გადასახადების არქონის გამო;
მონაკოში ყველა დარწმუნებულია, რომ მისი ქონება და ინვესტიციები დაცულია, საბანკო სისტემა კონფედენციალურობის გარანტია;
გაადვილებულია მემკვიდრეობის გადაცემა;
გაადვილებულია საკუთრების გადაცემა ოფშორული კომპანიის სახელით აქციების გაყიდვით ან გაცვლით;
სხვა გადასახადებთან მიმართებაში, ოფშორულ კომპანიებს არ ევალებათ არაფრანგ მოსახლეზე გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი;
მონაკო ევროპის ისეთ ადგილზეა მოთავსებული, რომ ადვილად მისაწვდომია მთელი მსოფლიოდან და ის იდეალური ბიზნეს-ცენტრია.
ვატიკანი – პაპის მცირე სახელმწიფო: იტალიითა და რომით გარშემორტყმული პაწაწინა სახელმწიფო, პაპის სახლი და რომანული კათოლიკური ეკლესიის “სათაო ოფისი”. ის რომის პაპისთვის სპეციალურად შეიქმნა.
რა აერთიანებთ ამ მცირე სახელმწიფოებს? – წარმატება!
როგორ უნდა ავამუშაოთ პატარა სახელმწიფოს ეკონომიკა მძიმე მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის ბუმის, იმ სხვა ეკონომიკური სექტორების გარეშე, რომლებზეც დიდი და ძლიერი ქვეყნის ეკონომიკები დგას?
ვერავინ უარყოფს, რომ ყველა ჩამოთვლილ პატარა სახელმწიფოს კარგად მოფიქრებული და აწონილ-დაწონილი ეკონომიკები აქვთ, მათი უმეტესობა მძიმე მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას მცირე დატვირთვით თუ იყენებს. იქნებ მათი ეკონომიკური მოდელი დიდი ზომის სახელმწიფოების მომავალს წარმოადგენს? რა ეკონომიკურ საიდუმლოს ფლობენ პატარა სახელმწიფოები, რომლებიც უფრო რეგიონებს გვანან, ვიდრე მთლიან ქვეყნებს. ევროპის ყველა მცირე სახელმწიფო იმდენად პატარაა, რომ მათ რუქაზე თითქმის არასოდეს აღნიშნავენ. თუ თვალს გადავავლებთ ევროპის რუქას ზღვის სანაპიროს მხოლოდ ერთ პატარა სახელმწიფოს – მონაკოს ვნახავთ.
ევროპის კავშირის თანამედროვე პოლიტიკური კლიმატის ფონზე ასეთი რეგიონები საერთაშორისო არენაზე დიდ ყურადღებას იქცევენ, ვიდრე ეს როდესმე მომხდარა. პარადოქსია, მაგრამ ამ მცირე ზომის სახელმწიფოებს ან მცირე ზომის არმია ჰყავს, ან საერთოდ არ ჰყავს შეიარაღებული ძალები. კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი – ანდორას მსოფლიოში უმაღლესი ცხოვრების დონე აქვს, მეორე ადგილზე კი სან-მარინოა. ამ მცირე სახელმწიფოებს შეუძლიათ უმუშევრობის შესამჩნევად დაბალი მაჩვენებლით იამაყონ.
რამდენად დამოუკიდებელნი არიან პატარა ზომის სახელმწიფოები?
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობისათვის სულ მცირე რამაა საჭირო: ტერიტორიის კონტროლი, პერმანენტული მოსახლეობა, მთავრობა, დამოუკიდებლობა და დიპლომატიური აღიარება. საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, პირდაპირი მნიშვნელობით, ნიშნავს საერთაშორისო აღიარებას, მაგრამ ეს ძალიან რთული მისაღწევია. პრესტიჟულია გაეროს წევრობა, რაც შესაძლოა სხვა ორგანიზაციებისკენ მიმავალ გზებს აიოლებდეს. 1993 წელს ანდორა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა და მოკლე ვადებში მოიპოვა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების: ITU, UNESCO, EUTELSAT, WIPO წევრობის უფლება. ლიხტენშტეინი მზადაა გადაიხადოს ყველაზე მაღალი გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე გაეროს წევრობის სანაცვლოდ, სამაგიეროდ ის მსოფლიოსთვის ცნობილი სახელმწიფო ხდება. იგივე უნდა ითქვას ლუქსემბურგზე, რომელიც გაეროს წევრობისთვის ლიხტენშტეინის შემდეგ ყველაზე მაღალ გადასახადს იხდის.
სიმართლე ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს სახელმწიფოები ჩამოთვლილ აუცილებლობებს ვერ აკმაყოფილებენ. ქვეყანას, რომელსაც არ ჰყავს, ან უმნიშვნელო ზომის შეიარაღებული ძალები ჰყავს, რომელიც ხშირად მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ მოდელს იყენებს, არ აქვს საკუთარი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ., შეუძლებელია იყოს დამოუკიდებელი და მით უმეტეს წარმატებული სახელმწიფო დიდი სახელმწიფოს დახმარების გარეშე.
ევროპის მცირე სახელმწიფოების ეკონომიკები
პატარა სახელმწიფოების ეკონომიკები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მათი ეკონომიკები საკუთარი და მეზობელი ქვეყნის ეკონომიკების სინთეზს წარმოადგენს. წლების განმავლობაში თითოეული მათგანი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ მოდელს იყენებდა, ამის გამო პატარა სახელმწიფოები სოფლის მეურნეობის ღარიბ სახელმწიფოებად ითვლებოდა. თანამედროვე ეპოქაში პატარა სახელმწიფოებმა სოფლის მეურნეობაზე უარი თქვეს და საკვები პროდუქტების იმპორტს ახორციელებენ. ვატიკანი და მონაკო მთლიანად ურბანულ სახელმწიფოებად გადაიქცნენ, თუმცა მათ მიერ დაკავებული მიწა სასოფლო-სამეურნეო არასოდეს ყოფილა. სოფლის მეურნეობის წარმოებით ცნობილია მხოლოდ მალტა, რომელიც კარტოფილისა და ხახვის ექსპორტს ჰოლანდიაში აწარმოებს. ყველა პატარა სახელმწიფოს ადგილმდებარეობა იძლევა ვაზის გაშენების შესაძლებლობას, ამ მხრივ ცნობილია ლუქსემბურგი, რომელსაც სოფლის მეურნეობისათვის ევროპის პატარა სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი ზომის მიწა აქვს დათმობილი, ლუქსემბურგი ღვინის ტურიზმს წარმატებულად ავითარებს.
1800-იან წლებში ანდორამ აღმოაჩინა, რომ თამბაქო მომგებიანი საქონელი ხდებოდა, ამიტომ ფერმერებმა მის მოსაყვანად გამოყოფილი მიწის მოცულობა გაზარდეს. როდესაც საფრანგეთმა და ესპანეთმა თამბაქოს იმპორტზე მაღალი გადასახადები დააწესეს, მისი კონტრაბანდა ქონების დაგროვების საუკეთესო საშუალება გახდა. იდეა, რომელიც ანდორას გამოყენებას გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით ეხებოდა, თავის გზა იპოვა და სხვა საქონელსაც შეეხო. ანდორას კანონიერი “საქონლის გადაზიდვა” მის მთავარ ინდუსტრიად გადაიქცა, განსაკუთრებით 1930-იან წლებში, როდესაც გაიხსნა საფრანგეთისა და ესპანეთის გზები. ბიზნესი დღემდე გრძელდება, დღგ-ის დაბალი გადასახადი უამრავ ტურისტს იზიდავს, ანუ ტურიზმიც განვითარებულია და ვაჭრობაც.
ტრანსფორმაციები
ანდორას ეკონომიკური ტრანსფორმაცია ევროპის სხვა მცირე სახელმწიფოებმა სხვადასხვა ფორმებით გაიზიარეს. საუკუნეების განმავლობაში ცნობილი იყო, რომ ლუქსემბურგი დაბალხარისხიანი რკინის მადნით მდიდარი ქვეყანა იყო. ახალი ტექნოლოგიების დახმარებით 1800-იან წლებში ლუქსემბურგი სოფლის მეურნეობის ეკონომიკიდან ინდუსტრიულ ეკონომიკად ჩამოყალიბდა. რამდენიმე რკინისა და ფოლადის კომპანია მოგვიანებით ARBED-ის – გიგანტურ ინდუსტრიულ კორსორციუმს შეერწყა. ლუქსემბურგი დღესაც რკინის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია.
ამგვარად, საჭიროა არსებული რესურსების მართებულად გამოყენება.
საბანკო სისტემა
ევროპის პატარა სახელმწიფოებისათვის საბანკო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მას სკანდალების საკუთარი წილი აქვს. ლიხტენშტეინი შვეიცარიას ესაზღვრება და საბანკო სექტორიც მეზობელი ქვეყნის მსგავსია. ლიხტენშტეინის ყველა ბანკი შვეიცარიის ბანკირთა ასოციაციის წევრია და მათ წესებს ემორჩილება. მაგრამ ლიხტენშტეინის ბანკები უმკაცრესად იცავენ კლიენტების საიდუმლოებებს და ჩნდება ფულის გათეთრების დიდი პოტენციალი. ბევრს საუბრობენ ლიხტენშტეინის არაკანონიერ ტრანსაქციებზე, რბილი ნათქვამი იქნება, თუ ამ ქვეყანას შავი ფულის თავშესაფარს ვუწოდებთ.
სკანდალებს ვერ ასცდა მონაკოს საბანკო სისტემაც: Bანქუე Iნდუსტრიალ დე Mონაცო თაღლითობაში ჩაება და 1990 წელს მან არსებობა შეწყვიტა. წლების განმავლობაში უცხოელ მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ მონაკოს მოქალაქის სახელით გაეხსნათ საბანკო ანგარიში. მსხვილი დარღვევების გამო ვატიკანშიც გახდნენ იძულებულნი ბანკის მუშაობა შეეჩერებინათ.
სრულიად განსხვავებულია ლუქსემბურგის საბანკო სისტემა, ის მშვიდი და წარმატებული ფოლადის ინდუსტრიის შემდეგ ბანკინგი ლუქსემბურგის მეორე უმსხვილესი ეკონომიკური სექტორია. ლუქსემბურგმა შეძლო დაერწმუნებინა უცხოური ბანკები მის ქვეყანაში გაეხსნათ ფილიალები. იმავე დროს ლუქსემბურგი უსაფრთხოების ინდუსტრიის ლიდერი გახდა, ამიტომ უცხოელები ქვეყანაში დაარსებულ ფონდებში ფულს უყოყმანოდ აბანდებენ.
საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები
ლუქსემბურგმა ევროპის კავშირის წევრობით ბევრი საერთაშორისო საქმე გააკეთა – ევროპის ქვეყნებს შორის ტარიფების, გადასახადების და კანონიერი საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაუქმება სწორედ ამ მიკროსახელმწიფოს დამსახურებაა. ის ევროპის კავშირის წინამორბედი ორგანიზაციის – ევროპის ეკონომიკური საზოგადოების დამაარსებელიცაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ორგანიზაციამ ლუქსემბურგს, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის დააარსა. ამას გარდა, ლუქსემბურგსა და ბელგიას საკუთარი ეკონომიკური კავშირი ქონდათ, რომელიც აყალიბებდა საერთი სავაჭრო პოლიტიკას, ერთმანეთს უკავშირებდა ორი ქვეყნის ვალუტას და ფორმაციას უკეთებდა საბაჟო კავშირებს, საბაჟო კავშირების თანახმად, ორ ქვეყანას შორის მოძრავ ტვირთებზე მოხსნილი იყო გადასახადები, ხოლო კავშირის გარედან შემოსულ საქონელზე საერთო სატარიფო პოლიტიკა ხორციელდებოდა.
ევროპის სხვა მცირე სახელმწიფოები, ლუქსემბურგის მსგავსად, ენერგიულად არ ისწრაფვოდნენ საერთაშორისო კავშირების წევრობისაკენ, რაც შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას – ისინი შიშობდნენ, რომ არარეგულირებადი მრეწველობის შემოსავლები გაუუქმდებოდათ. 2003 წელს მალტის გარდა არც ერთი მიკროსახელმწიფო ევროპის კავშირში არ გაწევრიანებულა (ლუქსემბურგი თავიდანვე წევრი იყო) და არც წევრობაზე შეუტანია განაცხადი. მაგრამ ყველა მცირე სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით იყო გაწევრიანებული საბაჟოთა კავშირში, ისინი შეთანხმებებს მეზობელ დიდ სახელმწიფოებთან აფორმებდნენ. გამონაკლისია მალტა, რომელსაც ასეთი მეზობელი არ ჰყავს. როდესაც დიდმა სახელმწიფოებმა ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს, პრობლემა შეიქმნა, რადგან ეს ევროკავშირის ერთიანი საბაჟო პროცედურების გამო ინდივიდუალური საბაჟო კავშირების მოშლას ნიშნავდა.
აქტივები
ხშირად ქვეყნის ეკონომიკური წარმატება მის სამუშაო ძალაზეა დამოკიდებული. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე სახელმწიფოებს ამ მხრივ გაუმართლდათ და ისინი კარგად განათლებული და მშრომელი ხალხის ნაკლებობას არ განიცდიან. მცირე სახელმწიფოებს ხშირად უხდებათ სამუშაო ძალის ექსპორტი, მათ უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ, მაგალითად, 1997 წელს მონაკოში მხოლოდ 35 ადამიანი იყო უმუშევარი. დასაქმების დროს მონაკო უპირატესობას რეზიდენტებს ანიჭებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial