რუსეთი გაქრა საინვესტიციო რადარიდან, საქართველო?

ემზარ ჯგერენაია

პუტინის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა კრახს განიცდის. რუსეთი საინვესტიციო გამყინვარების ფაზაში შევიდა. მისი არაპროგნოზირებადი მანევრი 2008 წლის დასაწყისიდან მკაფიოდ გამოჩნდა (თუმცა პუტინი ამის ნიადაგს 6 წელია ამზადებდა). პირველი, რასაც ყველა ხედავდა იყო ის, თუ როგორ მოიმზადა ახალი ამპლუა – პრემიერ-მინისტრობა რეალურმა პრეზიდენტმა.

ეს მსოფლიოსათვის ახალი მმართველობის ფორმაა, მაგრამ დასავლეთის როგორც პოლიტიკოსებმა, ისე ბიზნესმენებმა ამაზე თვალი დახუჭეს, თითქოს დიდი არაფერი მომხდარა, ისევე როგორც აპატიეს პუტინს ჩეჩნებისა და ინგუშების გენოციდი, მოწყობილი სპექტაკლ-ტერაქტები, ბესლანში ხალხის ჩახოცვა და მანამდე საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება. მას აპატიეს “იუკოსის” საქმე და საკუთრების ხელყოფა, ისევე როგორც მთელი მასმედიის ნაციონალიზაცია და მის საკუთრებაში გადასვლა ფე-ეს-ბესთან ერთად და მთელი რუსი ერის ზომბირება. რატომ? იმიტომ, რომ სარგებელსა და შემოსავალს ხედავდნენ. მიუხედავად მაღალი პოლიტიკური რისკისა, რუსეთი ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქვეყანა იყო. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ანტიმონოპოლიური სამსახური – ფასი, მინერალური ბუნებრივი რესურსი და სანიტარული სამსახური ბიზნეს პროკურატურად აქცია და დაიწყო სხვადასხვა საერთაშორისო ბიზენსკონსორციუმების შევიწროება, მათ შორის ისეთი სერიოზული გიგანტებისა, როგორიცააTOTAL, BP და ა. შ. 2007 წელს რუსეთში “დოიჩე ბანკი”-ს ექსპერტების გათვლით და თვით კუდრინის უწყების მონაცემებით, დასავლეთიდან წმინდა კაპიტალის შემოდინებამ შეადგინა 82,3 მლრდ დოლარის ინვესტიცია. ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8% და ნავთობის ფასის არნახული ზრდის შედეგად ბიუჯეტი პროფიციტური გახდა, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი 12%-ზე დაბლა არ ჩამოსულა. პუტინის რუსეთი გახდა საერთაშორისო წამყვანი სახელმწიფოების კლუბის “დიდი შვიდიანის” წევრი და პუტინმა ჩათვალა, რომ დასავლეთი მას ყველაფერს აპატიებს, როგორც ადრე.

ამიტომ 2008 წლიდან დაიწყო “პრემიერ-პრეზიდენტ” პუტინის ახალი ერა და მან ქმედება დაიწყო ახალი პროგრამა მაქსიმუმისაკენ – რუსეთი უნდა იყოს ზესახელმწიფო ძალადობის გზით. გეგმის დეტალები შემდეგნაირია:
1. ბიზნესის შევიწროება, განსაკუთრებით დასავლეთის ხელოვნურად გაერთიანება და ახალი “გაზპრომ”-ის მსგავსი სახელმწიფო ბიზნეს-გიგანტების შექმნა;
2. საერთაშორისო გაზის ბაზარზე სრული მონოპოლიზაციის გზით ევროპის ჩაგდება ისეთ მდგომარებაში, როცა ის ნებისმიერ ფასად იყიდის გაზს და რუსეთის სახელმწიფო კომპანიის ამუშავებას ევროპის გაზგანაწილების, ისევე, როგორც ტრანსპორტირების ბიზნესში.
ამ მიზნით საქართველოზე თავდასხმა და ამიერკავკასიის და შუა აზიის ქვეყნების დაშინება, მათზე საბოლოო კონტროლის დამყარება, “ნაბუქოს” პროექტის ჩაშლა;
3. აზიური ვექტორის გაძლიერებით და ჩინეთთან მჭიდრო კონტაქტით, სამხედრო კავშირებით, მისი ეკონომიკის საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრირებით და კაპიტალის მოზიდვით რუსეთის ზესახელმწიფოდ, ხოლო პუტინის უმდიდრეს ადამიანად გახდომა (თუმცა ამბობენ პუტინის პირადი კაპიტალი 70 მილიარდზე მეტი იყო ომის დაწყებამდე და ის ახლაც ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია პლანეტაზე).
პუტინმა მიზნის მისაღწევად რამდენიმე კანონი მიიღო, რომელიც ეხებოდა ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებიდან რუსეთის გამოსვლას, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში როკის გვირაბთან ახლოს მოაწყო სამხედრო ბაზა და გადმოიყვანა ტექნიკა. მიიღო კანონი სხვა ქვეყნის რუსეთის შემადგენლობაში შემოსვლის გამარტივების შესახებ, რუსეთის არმიის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გამოყენების შესახებ, თუ ეს ეხებოდა რუსეთის მოქალაქეებს და სტრატეგიულ ინტერესებს, შემდგომ აფხაზეთსა და ოსეთში დაარიგა რუსული პასპორტები და შეცვალა ძალოვანი მინისტრები. ასე შეხვდა იგი თავის არჩევნების შოუს და არჩევნების მეორე დღესვე დაიწყო ქმედება. ამასთან მანამდე პრობლემა გაუჩინა უცხოელ ინვესტორებს სახალინის გაზის პროექტებზე და BP-ს ავტობიზნესში. თან BP-ს აქტივების 20% სწორედ რუსეთში TNK-BP-ში მისი ქონებაა. ინგლისი საერთაშორისო არენაზე სერიოზული მოთამაშეა და ამიტომ მასთან სავაჭროდ ივნისში ამერიკელ მედია-მაგნატს რუპერტ მერდოკს პრობლემები შეუქმნა.
მერდოკმა განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს, რომ არ მოსწონს საინვესტიციო კლიმატი რუსეთში და აპირებს მანამ გაყიდოს თავისი ბიზნესი რუსეთში, სანამ მას მოპარავენ ან წაართმევენ. ინტერვიუ 6 აგვისტოს გამოქვეყნდა – საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან რამდენიმე საათით ადრე. ივლისში ასევე “პრემიერ-პრეზიდენტმა” პუტინმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა მეტალურგიული კომპანია “მეჩელი”, რის შემდეგაც ამ კომპანიის აქციების კოტირების ფასები აშშ-ის ბირჟებზე 40%-ით დავარდა. შეირყა რუსეთის ფინანსური ბაზარი. პუტინმა გააგრძელა ბიზნესის დატერორება. ანტიმონოპოლიური სამსახური (არადა, კარგად ვიცნობ ამ სამსახურის უფროსს, ჩვენ რამდენიმე წლის წინ კოლეგები ვიყავით და როცა ვხდებოდით საერთაშორისო კონფერენციებზე, მიუხედავად იმისა, რომ ის განათლებით ეკონომისტი კი არა მედიკოსია, პროფესიითაც საკმაოდ პროგრესული შეხედულების იყო თავისუფალ საბაზრო ურთიერთობაზე, მაგრამ პუტინის რუსეთში, იმპერიულ რუსეთში ყველას ერთი სახე და მიდგომა აქვს – დიქტატორ-დერჟავული) გახდა მისი სადამსჯელო იარაღი ამჟამად ცნობილი კომპანიების “ლუკოილის”, “გაზპრომნეფტის”, “პოსნეფტისა” და მათ შორის “მეჩელის” წინააღმდეგ. ინვესტორებში აგვისტოს დასაწყისში შეიქმნა პანიკა, რომ პუტინი მეორე “იუკოსს” იწყებსო და დაიწყო კაპიტალის გადინება. ამას დაემატა BP-TNK – კონფლიქტის ბოლო ფაზა და ინგლისელი მენეჯერის გაძევება რუსეთიდან. აგვისტოში საქართველოსთან ომი რუსეთმა საკმაოდ რთულ სიტუაციაში, მაგრამ ეკონომიკურად მომძლავრებულმა და დასავლეთთან უკვე დაქორწინებულმა დაიწყო.
პუტინის იმედი, რომ მსოფლიო არ მოიცლის საქართველოსთვის და თავს არ მოიკლავს ამ პატარა ქვეყნისათვის და არ ანაცვალებს თავის ბიზნესინტერესებს, ჯერჯერობით არ გამართლდა. ის, რომ მას ამასაც აპატიებდნენ, როგორც აპატიეს ჩეჩნეთის გენოციდი, თუ კავკასიის ეთნიკური წმენდა და გარუსება, ესეც არ გამართლდა, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.
ომის პირველი დღეებიდან რუსეთიდან კაპიტალის გადინება სწრაფი ტემპით დაიწყო. ცნობილმა რუსმა ანალიტიკოსმა იგორ ნიკოლაევმა ჟურნალ “ფორბს”-ს განუცხადა, რომ კრემლს არ ჰქონდა გეგმა საქართველოსთან ომის შედეგების შემთხვევაში როგორ მოქცეულიყო ბაზართან მიმართებაში და ან რითი ეპასუხა დასავლეთის ეკონომიკურ ქმედებებზე. აგვისტოში რუსეთიდან გაიტანეს 120 მილიარდი დოლარი, 135 მილიარდი მოხმარდა რუბლის გაცვლითი კურსის მხარდაჭერას, 50 მილიარდი პუტინმა ეკონომიკურ კრიზისში ჩართულ ბანკებს გამოუყო სექტემბერში, რათა მისი უგუნური პოლიტიკით დაქცეული ბიზნესმენებისათვის გული მოეგო და ბანკებისათვის ლიკვიდობის დეფიციტი აღედგინა. ამასთან, სექტემბერში რუსეთის ორივე ბირჟამ კოლაპსი განიცადა – ინდექსი 2225 დან 1000-მდე დაეცა და დაიხურა ვაჭრობა. “გაზპრომი”, რომლის კაპიტალიზაცია ომამდე, 27 ივლისს “ფაინენშელ ტაიმსის” ცნობით, 284 მილიარდი იყო, 40%-ით დაეცა. ასევე დაეცა ყველა რუსული გიგანტის – “რუსალის”, “ლუკოილის”, “შტრაბაგის” კაპიტალიზაციის მაჩვენებლები. ავსტრიულმა გიგანტმა, ევროპის უმსხვილესმა საინჟინრო სამშენებლო გიგანტმა, რომლის ბრუნვა 2007 წელს 10.75 მილიარდი ევრო იყო, შეაჩერა რუსეთში ცემენტის გიგანტური კომბინატის მშენებლობა, რომლის საერთო სიმძლავრე წელიწადში 10 მილიონი ტონაა, რაც რუსეთის მოთხოვნის მერვედია. ამ ფირმის აქციების 25%-ის მფლობელი ოლეგ დერეპასკაა (Rasperia Trading) – რუსეთის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენი (არადა, მან ისედაც სერიოზული ზარალი ნახა, როცა მიხაილ პროხოროვისაგან უძვირესად იყიდა “ნორილსკნიკელი”). გაუქმდა რუსული კომპანიების რამდენიმე საერთაშორისო კონტრაქტი, მათ შორის “ლუკოილის”.
რუსეთში ეკონომიკურმა ზრდამ სექტემბერში 2% შეადგინა, ადრე არსებული 9,6% ნაცვლად, ინფლაციამ კი – 28%. მშენებლობა თითქმის შეჩერდა, შვიდჯერ ნაკლები საცხოვრებელი სახლი აშენდა, ვიდრე წინა პერიოდში და უძრავ ქონებაზე ფასები გაიყინა, ბანკებში ლიკვიდობის დეფიციტი დაიწყო.
კუდრინის განცხადებით, რომელიც ნათლად ხედავს არსებულ კრიზისულ სიტუაციას, 2008 წელს კაპიტალის იმპორტი 40 მილიარდი დოლარის დონეზე იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ომმა ჯვარი დაუსვა რუსეთსა და იქ უკვე აღარ მოხდება წლის ბოლომდე ინვესტირება, რადგან ეს მაჩვენებელი – 40 მილიონი უკვე ზაფხულში იყო დაფიქსირებული. რუსეთი, ისევ რუსული წარმოშობის ექსპერტების გათვლით, ნორმალური ეკონომიკის ქვეყანა რომ გახდეს, 100-150 მილიარდის ყოველწლიური ინვესტიცია სჭირდება და შარშან ისინი მიუახლოვდნენ ამ მიჯნას. საქართველოს ომის შემდგომ ასეთი კოლაფსის შედეგად რუსეთმა, დასავლელი ექსპერტების აზრით, სექტემბრის ბოლოსათვის 350 მილიარდზე მეტი დაკარგა.
ცნობილი საინვესტიციო კომპანიის “ტროიკა დიალოგის” ექსპერტი კინგსმილ ბონდი თავის ანალიზში დაწყებული ცივი ომის შემდეგ რუსეთის განვითარების სამ სცენარს ავითარებს:
1. უცხოელების წასვლა რუსული საფონდო საინვესტიციო ბაზრიდან, რომელთაც ეკუთვნით ბაზრის ნახევარი, რაც მოხდა აგვისტო-სექტემბერში და გამოიწვია ბირჟის კრახი და უცხოური ინვესტიციების დეფიციტი საერთოდ. მაგალითად, “სახალინ-2”-ის პროექტი 19.5 მილიარდი დოლარია და ეს სულ ინვესტორებმა უნდა ჩადონ მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა მათ წაართვა აქციების წილი და “გაზპრომს” 51% მისცა.
2. ექსპერტების გათვლით, რუსეთის შიდა საინვესტიციო მარაგი 60 მილიარდი დოლარია და ისიც უმეტესობა უცხოეთში ნასესხები ფულია. თუ არ გაუმჯობესდება საინვესტიციო კლიმატი, რაც პუტინის მმართველობის შემთხვევაში ძნელად წარმოსადგენია, დაიხურება არა მარტო ბირჟა, არამედ დიდი პროექტები (ამაზე ჩვენ ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ);
3. მესამე სცენარით კი რუსეთი საინვესტიციო რადარებიდან გაქრება, როგორც გაქრა არგენტინა და ვენესუელა.
ეს გაითვითცნობიერა პუტინის კაბინეტმა და სასწრაფოდ დაიწყო ქმედებები – პირველი, დათმობაზე წავიდა ინგლისელებთან “BP”-ს საკითხში და ასევე ფრანგებთან – “TOTAL”-ის თემაში. სოჭში ეკონომიკური კონფერენცია მოიწვია, რაც ფარსი იყო, გარდა იმისა, რომ საფრანგეთის პრემიერი მოიწვია და გაუგზავნა ევროპას გზავნილი თავის გადასარჩენად. საერთაშორისო დიპლომატიამ ბრჭყალების გარეშე დაიწყო ლაპარაკი. პუტინის ამ ავანტიურის მიზანი ახალი გაზსადენის წინააღმდეგ გალაშქრება იყო. ეს გაზსადენი, რომელიც “ნაბუქოს” სახელით არის ცნობილი, ყაზახეთს და აზერბაიჯანს აერთებს საქართველოს გავლით ევროპასთან და ეს ცნობილია.
მეორე, რომლის ტექნიკური დეტალებიც აშშ-ის კომპანიამ დაამუშავა – ბაქო-თბილისი-ოდესა-ბროდის მილსადენია და ამ პროექტთან დაკავშირებით ნოემბერში, ალბათ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აზერბაიჯანში შეხვდებიან. საბოლოდ აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, და ლიტვის პრეზიდენტები თვლიან, რომ რუსეთის სტრატეგია სწორედ იქეთკენაა მიმართული, რომ ჩაშალოს ეს პროექტები და ევროპის მონოპოლისტური მიმწოდებელი გახდეს ბუნებრივ გაზში. უფრო მეტიც, მან ხელი მოაწერა სექტემბრის ბოლოს ჩრდილოეთ კორეასთან ახალი გაზსადენის მშენებლობის პროექტს, რომლის სრული ღირებულება 100 მილიარდზე მეტია და 2012 წელს შევა ექსპლოატაციაში. რუსეთი ცდილობს ევროპის ბაზარს მოუნახოს ალტერნატივა აზიური ბაზრის სახით. მსოფლიო დღეს 3000 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, 150 მილიარდ კუბურ მეტრს აწვდის რუსეთი ევროპას, მათ შორის (იხ. ცხრილი #1) უკრაიანის გავლით 175 მილიარდს, იამალ-ევროპას გაზსადენით – 33-ს, ცისფერი ნაკადით (შავ ზღვაზე თურქეთში) 16-ს, ხოლო მისი ახალი პროექტებით ჩრდილოეთის ნაკადით მიაწოდებს 55 მილიარდს (1200 კმ სიგრძის მილსადენი), ხოლო სამხრეთის ნაკადით 32-ს (900 კმ სიგრძის მილსადენი). ეს სქემა არის მთელი მისი იმპერიული ნაბიჯების მოტივაცია და პუტინის სამოქმედო გეგმის გენერალური ხაზია.
მას “ნაბუქოს” პროექტი არამომგებიანს გახდის. საქართველოსთან ომის შემდგომ რუსეთმა შეძლო ყაზახეთის აყოლიება და დღეს ეს ქვეყანა მისი უპირობო პარტნიორია, მათ შორის გაზის ტრანსპორტირების საქმეშიც. აზერბაიჯანი ყოყმანობს – თუ რუსეთი არ დაისჯება საქართველოში ინტერვენცის გამო, ის მიემხრობა რუსეთს, თუმცა ჩემმა ბოლო ვიზიტმა აზერბაიჯანში და იქ საუბრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ქვეყანაში სერიოზული ანტირუსული განწყობილებაა. ყველა მათ პრობლემას – იქნება მთიანი ყარაბახის დაკარგვა, თუ შემდგომ შვიდი აზერბაიჯანული რაიონის მიტაცება სომხეთის მიერ, ისინი აბრალებენ მხოლოდ რუსეთს და თვლიან, რომ მხოლოდ დასავლეთი უშველის აზერბაიჯანს. მაგრამ რა ხდება ამ დროს ფინანსური კრიზისის ალში გახვეულ დასავლეთში?
აქ რამდენიმე ფაქტორია განმსაზღვრელი:
1. ევროპას სერიოზული ბიზნესკონტაქტები აქვს რუსეთთან;
2. ევროპას სურს სულ უფრო დამოუკიდებელი იყო აშშ-ისგან და იხილავს სარკოზის ახალ გეგმას, რომელიც მან გაახმოვანა გენერალურ ანსამბლეაზე სექტემბერში გამოსვლის დროს.
3. რამდენად მზადაა დასავლეთი ახალი მსოფლიო წესრიგისათვის, სადაც დიქტატორები და ტერორისტები, დამპყრობლები და არადემოკრატები დაისჯებიან და ეკონომიკას არ ექნება ორმაგი სტანდარტი.
პირველი რუსეთ-ევროპის ბიზნეს-კონტაქტებია. პირველ ოქტომბერს გერმანიის კანცლერი ქალბატონი ანჰელა მერკელი პეტერბურგში იმყოფებოდა და შეხვდა მედვედევს. ილაპარაკეს ჩრდილოეთის ნაკადზე და იმაზეც, რაც არავინ იცის. ამ საუბარში ანჰელა მერკელის (ამ შეხვედრაზე ჯერ მერკელი მაგრად იდგა და დაგმო კავკასიაში რუსეთის ქმედება, ეს ნიშნავს რომ რუსეთის საქმე ასე მარტივად არაა) ძველი მეგობრის მიხაილ გორბაჩოვის ჩართვა გვაფიქრებინებს, რომ პუტინი ცდილობს “ნეზავისიმაია გაზეტას” დამფუძნებელი და მეპატრონე, საბჭოთა კავშირის ყოფილი გენსეკი გამოიყენოს მერკელთან საქმეების “გასაჩარხად”. რამდენად გამოუვა ბოლო მისია გარბაჩოვს, ამას დეკემბერში ნატო-ს სამიტზე საქართველოსათვის გამოხატული მხარდაჭერით ვნახავთ. მაგრამ რუსეთი სერიოზულად ცდილობს მოისყიდოს დასავლეთი და ანტირუსული კოალიციის შექმნაში ხელი შეუშალოს აშშ-ს. რუსეთი დაუბრუნდა “სახალინ-2”-ის პროექტს. პუტინი აპირებს კონტროლის პალატის – სტეპაშინის ჩართვით, ეს პროექტი 2.5 მილიარდი დოლარით გააძვიროს და შეაქმნევინოს ე.წ სალიკვიდაციო ფონდი.
პროექტი “სახალინ-2” ითვალისწინებს ლუნსკის და პილტუნ-ოხის საბადოების ამოქმედებას სახალინის შელფზე. ამ საბადოს დაზვერილი მარაგია 600 მილიონი ტონა ნავთობი, 700 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. აქციონერების ბოლო სურათი ასეთია � “გაზპრომი” 50% +1 აქცია, ინგლის-ჰოლანდიური Royal Dutch Shell – 27.5%, Mitsui – 12.5%,Mitsubishi – 10%, Oპერატორია Sakhalin Energy პროექტის ღირებულება 19.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. მსგავსი შიდა პროექტების ჩამონათვალი, სადაც დასავლეთის კომპანიები და ასევე კორეა-იაპონიური ბიზნესი მონაწილეობს, ბევრია. ექსპერტების გათვლებით, საერთო ერთობლივი ბიზნესის კაპიტალიზაცია 300 მილიარდს აღწევს, საერთაშორისო ბაზარზეც სერიოზული სიახლეებია – საქართველო-რუსეთის ომის შემდგომ სექტემბრის ბოლოს იტალიურმა კომპანიამ A2A და Iride და “გაზპრომმა” ერთობლივი საწარმოს შექმნას მოაწერეს ხელი რაც იტალიის ბაზარზე გაზის განაწილებით დაკავებას ითვალისწინებს. 2009 წლიდან ამით “გაზპრომი” იტალიის ბაზრის 40%-ს დაიპყრობს გაზის მომარაგებაში. ეს ორი იტალიური კომპანია არის იტალიაში გაზის უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიებია და ერთობლივ საწარმოში მათ ერთად 50% ექნებათ, ხოლო “გაზპრომს” – 50%. ეს მაგალითი, ქეისი მომყავს სპეციალურად იმიტომ, რომ წარმოვაჩინო ის სტილი, რაც იმპერიული რუსეთის სახელმწიფო-საბაზრო ბიზნეს-სტრუქტურების სახე და სქემა იქნება.
გარდა ამისა, სექტემბრის შუა რიცხვებში “გაზპრომმა” მიიღო ნებართვა ევროკომისიისაგან (ბაროზო) შეეძინა EniaS.P.A და ავსტრიული Centrex Europe Energy Gas AG ერთად უმსხვილესი იტალიური ენერგოტრეიდერი Enia Energia (წყარო – RBK DAILY ,29.09.08, www.rbcdaily.ru), შეიძლება აქ არაფერია საგანგაშო და გასაკვირი, რადგან ბიზნესს თავისი კანონები აქვს, მაგრამ აქ თუ გავითვალისწინებთ ამ კომპანიებთან ბერლუსკონის კავშირს და მათ საერთო კავშირს სამხრეთ ნაკადთან და ცისფერი ნაკადის გაზსადენის მშენებლობასთან, დავინახავთ, რომ ეს ამვდროულად სუფთა პოლიტიკურიცაა და ვნახავთ გასაღებს, თუ ასე თავგამოდებით რატომ უჭერს ბერლუსკონი რუსეთის პოლიტიკას მხარს საქართველოს წინააღმდეგ. გამოდის ესეც ბიზნესია. მაშ სადაა საზღვარი ევროპულ პოლიტიკასა და ბიზნესს შორის, რა იქნება საერთოდ?
გავაგრძელოთ “გაზპრომის” კვალის ძიება ევროპაში. საბერძნეთი წინააღმდეგია საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების და მხარს უჭერს ევროპის და რუსეთის ახალ ხელშეკრულებას. საბერძნეთი კვიპროსის შემდეგ? ხომ დაუჯერებელია! საბერძნეთში პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინოს კრამალისმა სექტემბერში ხაზი გაუსვა, რომ არ შეიძლება ერთმანეთში აურიოთ მოვლენები კავკასიაში და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები და მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მტკიცებისა, რომ საბერძნეთისათვის მეტად მნიშვნელოვანია “ნაბუქოს” გაზსადენი და ის, რომ სამხრეთის ნაკადის რუსეთის პროექტი არაა სტრატეგიულად გამართლებული, ბერძნების პუტინის კონცერნთან სიმპატია აშკარაა. იგივეა რუმინეთში, ოფიციალურმა ბუდაპეშტმა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის, ბატონ აბელ გარამხედის პირით განაცხადა, რომ არ აპირებს სამხრეთის ნაკადთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებაზე უარის თქმას. მისი თქმით, ეს პროექტი უფრო რეალისტური და ეკონომიურია. ხოლო აშშ-ის არგუმენტებზე განაცხადა, რომ ვერ ხედავს გონივრულ დასკვნებს.
რუსეთი 2007 წელს ნავთობის მოპოვებით საუდის არაბეთის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. ეს წელი იყო ამ ქვეყანაში ნავთობის მოპოვების პიკი.
ექსპერტების აზრით და “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის ლეონიდ ფედუნის განცხადებით, მომავალი 20 წლის განმავლობაში რუსეთს დასჭირდება ერთი ტრილიონის ინვესტირება ნავთობმოპოვებაში და ამდენივე – გაზის ბიზნესში, რათა დღევადელი დონე შეინარჩუნოს. საიდან უნდა მოვიდეს ეს ინვესტიცია? დასავლეთიდან? (წყარო -PBK#8, www.rbk.ru) რუსეთს არა აქვს ალტერნატივა, თუ ამას დასავლეთის პოლიტიკური ნება დაუდგება წინ, ის გაქრება ან საინვესტიციო რადარიდან, ან პუტინი და მისი ამალა გაქრება პოლიტიკიდან და რუსეთი არ იქნება ირანისა და ჩრდილოეთ კორეის, მუგაბეს და უგო ჩავესის დასაყრდენი და სეპარატიზმის დროშით სხვისი ტერიტორიების მიმთვისებელი, მაგრამ ევროპას სურს სულ უფრო დამოუკიდებელი იყოს აშშ-სგან. ამ მოძრაობას კი სარკოზი უძღვება წინ, ეს მეორე ფაქტორია. სარკოზიმ გენერალურ ანსამბლეაზე სექტემბერში მსოფლიოს ბიზნესის კონტროლისაკენ მოუწოდა და იგივე გაიმეორა ბოლოს ტულონში თავის მომხრეებთან შეხვედრაზე, რომ პრინციპი “ბაზარი ყოველთვის მართალია” – სიგიჟეა! რომ Lაისსეზ-ფაირე ჩაბარდა ისტორიას და სახელმწიფო რეგულირებად კაპიტალიზმზე უნდა გადავიდეს, მეტი კონტროლი სჭირდება ბიზნესს. უფრო მეტიც, ბევრმა ევროპელმა ექსპერტმა ეს მომავალი ათი წლის ევროპის ძირითად სამოქმედო დოქტრინად მონათლა, თუმცა ეს უბრალოდ იდეებია და არა დეტალები. მაგრამ მთავარი, რაც ბატონმა სარკოზიმ განაცხადა ისაა, რომ კრიზისში გახვეულმა ევროპამ სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს აშშ-ის ბაზრისაგან. პირადად მე ეს მთვარის არსებობას მაგონებს მზის მიზიდულობისა და საერთოდ გრავიტაციის გარეშე, მაგრამ მიმაჩნია, რომ სარკოზის ეს გამოსვლები საშიშია მსოფლიოსათვის. მსოფლიომ რამდენჯერმე გადაიტანა კრიზისი და სულ განახლებული გამოვიდა იქიდან. წარმოიდგინეთ ასეთი იდეები რომ ყოფილიყო აქამდე, სად იქნებოდა მსოფლიო ბიზნესი, მაგრამ საქართველოს საქმეში ისაა მნიშვნელოვანი, რომ სარკოზის კაბინეტის ეს გეგმა რუსეთთან მნიშვნელოვან ეკონომიკურ თანამშრომლობას მოიცავს შინაარსობრივად და არა მზადებას რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებების წინააღმდეგ ქმედებებისაკენ.
აქედან გამომდინარე, ევროპა თვითონ არ არის მზად იყოს განსაკუთრებული. ის განწირულია რიტორიკისათვის და ხანგრძლივ პერიოდში რუსეთის გაკიცხვას ძირითადად ევროსაბჭოს მიანდობს.
საკმაოდ დიდია ბიზნეს-ინტერესები რუსეთ-ევროპას შორის, ყველაფერს გასცემს პუტინი, რომ აპატიონ საქართველოს ანექსია. ყველაფერს გასცემს საინვესტიციო რადარებიდან გამქრალი რუსეთი, რათა ისევ დააბრუნონ ამ ორბიტაზე და ამით პუტინმა თავისი ქონება გადაარჩინოს. ყველაფერი ევროპაზეა დამოკიდებული, ალბათ, ფასზეა ყველაფერი დამოკიდებული – რამდენად? არა? ლოგიკას სხვაგან მივყავართ?
საქართველოს სასარგებლოდ რაიმე რეალური ნაბიჯი გადაიდგმება ახლო მომავალში? არა! ევროპა არ იცვლება! სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ არც რუსეთის იმპერიის ნიუანსებშია სხვაობა და ფულის ერთეულში.