რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი
საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია უკვე გადაუდებელი სასიცოცხლო ამოცანა ხდება. ამ კუთხით საინტერესოა კონტაქტები გაერთიანების ისეთ დიდ ქვეყანასთან, როგორიც პოლონეთია. ამიტომაც, ჩვენი პარლამენტის დელეგაცია მეტად კონკრეტული მისიით იმყოფებოდა პოლონეთის სეიმში. გერმანია, რომელიც 2007 წლიდან ევროსაბჭოს უხელმძღვანელებს, სპეციალურ დოკუმენტს ამზადებს საქართველოსთან უფრო მჭიდრო კონტაქტისა და მისი შემდგომი დაახლოებისათვის. ამ დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურად ერთვება პოლონეთი, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მომავლისათვის.
მთავარი პრობლემა ჩვენს ევროპელ პარტნიორთან ურთიერთობაში ის არის, რომ არც პოლონელი და არც ქართველი ბიზნესმენები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, ინვესტორებს არ აქვთ სრული წარმოდგენა საქართველოს პოტენციალზე და პირიქით. ამას დიდი გულისტკივილით აღნიშნავენ პოლონეთისა და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელები და პოლონეთის სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება იაიცეკ მოლტუნოვსკი. ამიტომ ჩვენ ეს ნომერი, სპეციალურად, თითქმის მთლიანად პოლონეთს მივუძღვენით. თქვენ გაეცნობით პოლონეთის ეკონომიკურ სიტუაციას (გვ.14), საგარეო ვაჭრობისა და სამეზობლო ურთიერთობის პრობლემებს, განსაკუთრებით, რუსეთთან და ევროკავშირთან, პოლონეთის მიღწევებს წარმოებისა და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საქმეში ე.წ. ტექნოპარკებში. მიმოვიხილავთ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონების თემას პოლონეთში, მათ როლს დასაქმების პრობლემის გადაჭრისა და რეგიონული განვითარების საკითხებში. საინტერესოა, საბიუჯეტო პროცესი და ევროკავშირის მიმართებები ნაციონალური პრობლემების მიმართ, ასევე საბანკო-საფინანსო მიღწევები ბოლო სამ წელიწადში, პოლონეთის ხელმძღვანელობის ენერგეტიკული ხედვა და საქრთველოს ადგილის დანახვა ამ რუკაზე. აგრეთვე მიგვაჩნია, რომ მეტად საყურადღებო იქნება პოლონეთში ინვესტიციების მოზიდივის გამოცდილების გაზიარება. ეს ქვეყანა მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ინვესტიციების ზრდის ტემპით, ასევე სერიოზულია საკითხები შრომითი დასაქმებისა და უმუშევრობის დარეგულირების კუთხით (გვ.37), ამ მიმართულებით გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს პოლონეთის ელჩთან საქართველოში (გვ.12).
პოლონეთში ჩვენი ჩატარებული გამოკვლევებით დავრწმუნდით, რომ აუცილებელია ევროპას მივაწოდოთ ინფორმაცია:
1. ჩვენი ბუნებრივი წიაღისეულისა და, საერთოდ, საექსპორტო პოტენციალის, ასევე, ლიცენზირებისა და მართვის შესახებ.
2. საქართველოში ბიზნესის წარმოებისა და საქმიანი ფონის შესახებ. ამიტომ ვიწყებთ პუბლიკაციებს ამ თემებზე მე 10-ე ნომრიდან (გვ.48) და, ბუნებრივია, შემდეგაც გავაგრძელებთ. ნებისმიერ მსურველს, ვისაც ექნება სერიოზული ბიზნესწინდადება და იდეა, ვეპატიჟებით ჩვენთან. მათ წინადადებებს წარვუდგენთ პოლონელ ბიზნესმენთა წრეებს.
ანალოგიური შეხვედრა ჩეხ ბიზნესმენებთან მოვაწყვეთ თბილისში. ვფიქრობ, ძალზე საინტერესოდ და შედეგიანად. ამის შესახებ მასალებს გთავაზობთ (გვ.11), ასევე გთავაზობთ ხელშეწყობას ჩეხ ინვესტორებთან თანამშრომლობაში.
ოქტომბერში საქართველო ეკონომისტთა თავშეყრის ადგილი გახდა, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია “თავისუფლება, ვაჭრობა და მშვიდობა”, სადაც მონაწილეობდა ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ეკონომისტი ვერნორ სმიტი. ეს მასალა მეტად საინტერესოა, რადგან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ლიბერალიზმისაკენ მიმართული საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის კურსის მართებულობას, და უფრო მეტიც, მის მნიშვნელობას მსოფლიო ეკონომიკისათვის.
ახალი ბიუჯეტის პროექტი დღეს პარლამენტში და ეკონომისტთა წრეებში სერიოზული სჯა-ბაასის საგანია. ჩვენ ამ დოკუმენტის ირგვლივ მსჯელობას ვიწყებთ ადგილობრივი ბიუჯეტის პრობლემების განხილვით (გვ.8).
ბიზნესმენების დასახმარებლად, გთავაზობთ ნაშრომს ფასიანი ქაღალდების როლისა და სისტემების საკითხებზე, ასევე სამეცნიერო სტატიებს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან თემებზე.
ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა ამ ნომერში ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც შემოდგომის რთველი კახეთში.
წარმატებების სურვილით…

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial