გლობალიზაცია და საერთაშორისო შრომის ბაზარი

ევგენი ბარათაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი, სრული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ფარესაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტი

გლობალიზაცია რთული და მრავალმნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის შესახებ დასაბამიდან მძაფრი სამეცნიერო დისკუსიები იმართება. დებატები მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ, ერთის მხრივ, გლობალიზაცია არის ფენომენი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყნებისთვის მოაქვს სიკეთე და ერთობა, მეორეს მხრივ, მას განიხილავენ, როგორც ბოროტებას, რომელსაც მივყევართ ანტიგლობალური განწყობებისა და მოძრაობების წარმოშობისა და ზრდისკენ.

სამეცნიერო ლიტერატურაშიც გვხვდება დიამეტრალურად განსხვავებული შეფასებები მსოფლიო მეურნეობაში მიმდინარე ფუნდამენტური ძვრების შესახებ. პუბლიკაციების გარკვეულ ნაწილში მოგვიწოდებენ გლობალიზაცია მივიღოთ: როგორც უსაზღვრო შესაძლებლობები და პერსპექტივები, რომელსაც ინფორმაციული რევოლუცია აყენებს კაცობრიობის წინაშე, მეორეს მხრივ, როგორც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების ისტორიული გამარჯვება, მესამეს მხრივ, როგორც რეალობის ვირტუალიზაცია, მეოთხე, უახლესი ტექნოლოგიის საფუძველზე ნეოიმპერიების შექმნის საფრთხე. თითოეულ ამ მიდგომაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, ერთად აღებული კი ამდიდრებენ გლობალიზაციის გაგებას. როგორც უტრეხტის უნივერსიტეტის მეცნიერი მენო ველინგი აღნიშნავს, “ძნელი შეიქმნა გლობალიზაციის კონცეპტუალურად განსაზღვრა და ემპირიულად ჩვენება”.1 შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი მკვლევარი ამჯობინებს “გლობალიზაციაზე” მრავლობით რიცხვში საუბარს.
დიულას უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორი გ. ჯერეფი ინტერნაციონალიზაციიდან გლობალიზაციაზე გადასვლის დახასიათებისას ამ პროცესებს შორის ძირითად განსხვავებას ხედავს “ფუნქციონალურ ინტეგრაციასა და კოორდინაციაში მოღვაწეობის სხვადასხვა სახეობის საერთაშორისო მასშტაბებში”.2 კ. როულს (ლონდონის უნივერსიტეტი) და დ. ბენსონს (მელბურნის უნივერსიტეტი) სახელმწიფოების ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საზღვრების გამიჯვნა მიაჩნიათ გლობალიზაციის ძირითად დამახასიათებელ ნიშნად.3
მსოფლიო ბანკის ოფიციალური განსაზღვრებით, გლობალიზაციაში იგულისხმება ერთიანი ვალუტა და სასაქონლო ბაზრებისა და წარმოების ფაქტორების ინტეგრაცია, აგრეთვე სტანდარტების უნიფიცირებისა და სამომხმარებლო გემოვნების ზრდა. ცოტა უფრო განსხვავებული ხედვა აქვთ ამერიკელ ავტორებს ბ. ნანდს და შ. შახიდულას. ისინი გლობალიზაციას ახასიათებენ, როგორც “ზრდისა და განვითარების” პრინციპულად ახალ პროცესს”.4
რ. რობერტსონის უკვე კლასიკურად ქცეული დეფინიციის თანახმად, გლობალიზაცია არის მსოფლიოს “შეკუმშვა საერთაშორისო კომუნიკაციების ელექტრონული საშუალებების განვითარების შედეგად, აგრეთვე კულტურების, ძირითადად მასობრივი კულტურის შეჯერება, რასაც ხელს უწყობს მსოფლიოს ერთიანობის შესახებ წარმოდგენის ზრდა”.5 მსგავს შეხედულებებს გამოთქვამს მ. ვატერსი, რომელიც აღნიშნავს, რომ გლობალიზაცია გამოხატავს ღრმა საზოგადოებრივ პროცესებს, რომლებიც დაკავშირებულია გეოგრაფიული ბარიერების გადალახვასთან, კულტურის ნიმუშების გადატანასთან, ხალხის მიერ ამ ფაქტის აღქმაზე.6
დასავლური აზრის მიხედვით, გლობალიზაციისა და მისი იდეურ-პოლიტიკური შედეგების დახასიათება განხილულ უნდა იქნეს შემდეგ ასპექტში: ადამიანის უფლებებს აქვს ფუძემდებლური მნიშვნელობა, დემოკრატია ტირანიაზე ძლიერია, ბაზარი გუნდურ ეკონომიკაზე ეფექტურია, გახსნილობა თვითიზოლაციას ჯობია. ღირებულებებისა და დადგენილებების სისტემამ, რომლის შემოქმედად და აქტიურ პროპაგანდისტებად ისტორიულად დასავლეთი გამოვიდა, თანამედროვე მსოფლიოში ფართო გავრცელება და აღიარება ჰპოვა.
სოციალურ-ეკონომიკური მეცნიერება, როგორც მსოფლიო ეკონომიკური აზრი, გლობალიზაციის არსს დღემდე ვერ საზღვრავს ერთსახოვნად. ასეთი სიტუაცია იქმნება იმ შემთხვევაში, როცა ანალიზის ობიექტი რთული და მრავალასპექტიანი მოვლენაა, გლობალიზაცია კი სწორედ ასეთია.
რუსულ მეცნიერებაში დღეს ფეხი მოიკიდა გლობალიზაციის ისეთმა გაგებამ, რომლის ქვაკუთხედი არის კაცობრიობის ნათესაური ერთიანობის შექმნა ძლიერი ინტეგრაციული პროცესების გავლენით, რასაც ადგილი აქვს საზოგადოებრივი ყოფის სხვადასხვა სფეროებში. ამ მიდგომაში იგულისხმება პოზიციების მთელი სპექტრი, როცა აქცენტს აკეთებენ ამ მასშტაბური პროცესის მრავალფეროვან ხასიათზე. როგორც რუსი მკვლევარი მ. ჩეშკოვი აღნიშნავს, გლობალიზაციისადმი მიდგომასა და მის შეფასებაში განსხვავება მხოლოდ პირადი გემოვნებებითა და მისწრაფებებით არ არის ნაკარნახევი. გლობალიზაციის პრობლემებზე ერთდროულად მუშაობენ როგორც გლობალისტიკა, ასევე ტრადიციული მეცნიერული დისციპლინები. ამასთანავე სამეცნიერო დისციპლინები უსწრებენ რაოდენობრივად, რაც წარმოშობს გლობალიზაციის კერძო მეცნიერულ სახეებს, რომელთა მიხედვით ძნელია გამოკვლევის საგანზე წარმოდგენის შექმნა”.7
ი. ფედოროვი, რომელიც იზიარებს ყველაზე გავრცელებულ ხედვას, აღნიშნავს: “ყველაზე ხშირად გლობალიზაციას უკავშირებენ მსოფლიო ინტეგრირების მთლიანობისა და ურთიერთკავშირების ხარისხობრივად ახალ დონეებს, თუმცა ეს უფრო რთული საწინააღმდეგო სურათის მხოლოდ ნაწილია. ბევრ რამეში გლობალიზაციის დღევანდელი ეტაპი წარმოადგენს თავისებურ დანამატებს ურთიერთკავშირებზე, რომელსაც აძლიერებს ტრანსნაციონალური მეურნეობა, ინფორმაციული და სხვა სახის მოქმედება”.8
ა. ვოლოდინი და გ. შიროკოვი ყურადღებას ამახვილებენ საზოგადოებრივი ყოფის ახალ დამახასიათებელ ნიშანზე. ისინი იცავენ “გლობალიზაციის, როგორც გეოეკონომიკური, გეოპოლიტიკური და გეოჰუმანური კომპლექსური მოვლენის გაგებას, რომელიც ძლიერ დემონსტრაციულ ეფექტს ახდენს ამ პროცესში ჩართული ქვეყნების ყველა სასიცოცხლო ინტერესზე”.9
ვ. მიხეევის განმარტებით, “გლობალიზაცია არის ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთკავშირების განვითარება იმ დონემდე, რომლის დროსაც შესაძლებელი და აუცილებელი ხდება დადგეს ერთიანი მსოფლიო სამართლებრივი სფეროს შექმნისა და ეკონომიკური და პოლიტიკური მშვიდობიანი მმართველობის ორგანოების საკითხი”.10
მ. ჩეშკოვის აზრით, “გლობალიზაცია ეს არის კაცობრიობის სხვადასხვა კომპონენტების შეერთების პროცესი, კაცობრიობის დიფერენციაციის პროცესის საპირისპირო მიმდინარეობა”.11
ბევრ განმარტებაში ჯეროვნად არ აფასებენ ცვლილებების მასშტაბებს და ერთ მხარეს იხრებიან. ვფიქრობთ, რომ გლობალიზაციის ბუნების გაგების გასაღები უნდა ვეძიოთ სოციალურ სფეროში, იმ საზოგადოებრივი ყოფის ტრანსფორმაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და განვითარებას განვიცდით ასწლეულების განმავლობაში.
კაცობრიობის ყოფის ნაციონალური სახელმწიფოებრივი ფორმები თანდათანობით კარგავს პირველსახეს. მსოფლიო სამყარო შეუმჩნევლად გადადის ახალ საზოგადოებრივ წყობაზე. გლობალიზაცია არის კაცობრიობის თანაარსებობის გლობალური ფორმირების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ გლობალიზაციის პროცესები სხვადასხვანაირად ესმით და აფასებენ, ამ პრობლემების შესახებ არსებულ მრავალრიცხოვან ნამუშევრებში ასე თუ ისე გამოსჭვივის გლობალიზაციის მნიშვნელოვანი არსებითი დახასიათება: საქმე ეხება კაცობრიობის თანაარსებობის ახალ ხასიათს, იმას, რომ ის ვეღარ ეტევა ნაციონალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩვეულ ჩარჩოებში.
ადამიანის გამოსვლა ნაციონალური ჩარჩოებიდან, მისი ორგანიზაციის ტრანსნაციონალური ფორმების შექმნა წინასწარმეტყველებს ინდივიდების, სოციალური ჯგუფების, გაერთიანებების, მოსახლეობისა და სახელმწიფოების ყოფის პირობების კარდინალურ ცვლილებებს. ფაქტობრივად საუბარია გლობალურ თანაარსებობაზე, რომლის ჩარჩოებში არსებული ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები გამოდის მეტნაკლებად დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულების სახით. სამამულო და საზღვარგარეთის მეცნიერებაში ადამიანთა ახალმა თანაარსებობამ მეგასაზოგადოების სახე მიიღო.
ამ შეხედულებათა ერთიანობა ეხება ყველასათვის მისაწვდომ გაგებას და თანაბარ პირობებს ბუნებრივი სიმდიდრისა და ადამიანის შრომით შექმნილი კაპიტალის განაწილებაში. ახალი საუკუნე, ისევე როგორც ორასი წლის წინ, გამოირჩევა ახალი მეცნიერულ-ტექნოლოგიური ნახტომებით. ინტელექტი, ცოდნა, ტექნოლოგიები იქცევა მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტივებად. მოწინავე ქვეყნებში, რომლებიც შედიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში, ერთობლივი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი იქმნება ინტელექტუალურად ძლიერ საწარმოებში.12
ბოლო ათწლეულების სამეცნიერო აღმოჩენებში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მყარი სხეულის ფიზიკისა და გენეტიკის გამოკვლევაში არსებულ სიახლეებს. მათ საფუძველი დაუდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს ინფორმატიკაში, კავშირების საშუალებებში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში. ინფორმაციულ რევოლუციას, რომელიც ეყრდნობა კომპიუტერებისა და ტელეკომუნიკაციათა ქსელების გაერთიანებას, ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ჰქონდა ორთქლის მანქანას ან ელექტროძრავას თავის დროზე.
XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს კომუნიკაციური ერთობა იძენს ახალ მნიშვნელობას. ინფორმაციის დიდი მოცულობის გავრცელების ტემპი ბევრად უსწრებს წინ ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების შესაძლებლობებს. იქმნება გლობალური საინფორმაციო სივრცე, რომელსაც სწრაფად აღიქვამს კაცობრიობა.13
ინფორმაციულ რევოლუციას შეუძლია ძირფესვიანად გარდაქმნას საზოგადოებრივი ყოფა, გახსნას საზღვრები კონტაქტებისთვის დედამიწის ნებისმიერ წერტილში, შეცვალოს სხვადასხვა სახის ქმედების შინაარსი და ინდივიდები გადააქციოს მსოფლიო მოქალაქეებად.
თანამედროვე ეკონომიკაში მიმდინარე გლობალური ტენდენციები განსაზღვრავს სამუშაო ძალის ხარისხობრივ ხასიათს. უცხოელ და სამამულო ნაშრომთა ერთიანი ანალიზი საშუალებას იძლევა გამოვყოთ “ახალი სოციალური წყობის” ძირითადი მახასიათებლები”.14
პირველ რიგში ცოდნა (ინტელექტუალური შრომა) გვევლინება ღირებულების წყაროს სახეობად. “ჩვენ გადავდივართ ცივილიზაციის ახალ ეტაპზე, რომელზეც მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ცოდნით შექმნილი ღირებულება”15 – აღნიშნავს ტ. სანაია. ინტელექტუალური შრომის დომინირებადი როლი ორგანიზაციების განვითარებაში აიძულებს ამ უკანასკნელთ შექმნან პირობები შემოქმედებითი გამოცდილების დასაგროვებლად, ინფორმაციის გავრცელებისა და გადაცემისთვის, საწარმოების გარდაქმნისათვის მოწინავე ქვეყნების ლაბორატორიებად. მუშაკთა ცოდნა და შემოქმედებითი პოტენციალი წარმოადგენს ეკონომიკური სისტემის ეფექტურობის მთავარ ფაქტორს.
მეორე მხრივ, ხდება ბიზნესის ტექნოკრატული ორგანიზაციიდან ანტროპოცენტრულ ორგანიზაციებზე გადასვლა, იმასთან დაკავშირებით რომ მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის მასშტაბები ისეთია, რომ წარმოების მატერიალურ ბაზაში და შრომითი რესურსების ხარისხში ცვლილებები ვერ ეწევა მეცნიერულ-ტექნიკური შესაძლებლობების ზრდას. ეს განაპირობებს შრომის ორგანიზაციის ისეთ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს მუშაკის ფუნქციის გაფართოებას და მის გარდაქმნას უნივერსალურ მუშაკად, რომელსაც შესწევს ტექნოლოგიური პროცესის კორექტირების, შეფასების, ინფორმაციის შემოქმედებითი სინთეზის უნარი. ამრიგად, თანამშრომლები მუდმივი განვითარების აუცილებლობის წინაშე დგებიან.
მესამე, შესამჩნევი ხდება კერძო საკუთრების საფუძვლების ნგრევა, რაც ინფორმაციასა და ცოდნაზე საკუთრების ფორმირების შედეგია.
მეოთხე, წარმოიქმნება ახალი ეთიკა, ანუ “შრომის სოციალიზაცია”. სამუშაო ძალა, რომელიც დაკავებულია ინტელექტუალური შრომით, შრომითი ცხოვრებით ეთიკაში რთავს “ირაციონალურ ელემენტებს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან და ინტუიციებთან, წარმოიქმნება შრომითი გამოცდილების შეძენის ახალი სოციალური გარემო, ახალი “შრომითი ცხოვრების ხარისხი”.16
ინფორმაციული რევოლუციის გავლენით სოციალური კავშირებისა და ურთიერთობების სივრცობრივ-დროითი ორგანიზაციის ფორმები ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის. კერძო და საჯარო ცხოვრება იძენს მესამე განზომილებას, რომელიც ცვლის კოორდინატების სისტემას. სიბრტყის ფორმიდან იგი გადადის “სფეროსებრ” მოცულობაში, რომელიც ახალი გზების გაკვალვის, დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა წერტილებს შორის კომუნიკაციის სწრაფად და ადვილად მოგვარების საშუალებას იძლევა. ეს სივრცე ამავე დროს წარმოადგენს ახლად ფორმირებულ ურთიერთობათა შორის ინტენსიური ურთიერთქმედების განსაკუთრებულ წრეს. სამყარო საზღვრების გარეშე, სადაც მნიშვნელობას კარგავს ტერიტორიებისა და მანძილების არსებული მნიშვნელობა, იღებს რეალური მონახაზის სახეს. შემთხვევითი არ არის, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორმა მ. კასტელიემ გლობალიზაცია განსაზღვრა, როგორც “ახალი კაპიტალისტური ეკონომიკა” და მის ძირითად მახასიათებლებად დაასახელა: ინფორმაცია, ცოდნა და ინფორმაციული ტექნოლოგიები, რომლებიც წარმოადგენენ საწარმოო ძალებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ძირითად წყაროებს. ამ ახალი ეკონომიკის ორგანიზება ხდება ძირითადად მენეჯმენტის, წარმოებისა და განაწილების ქსელური სტრუქტურის საშუალებით და არა ცალკეული ფორმების გზით, როგორც ეს ადრე იყო და იგი გლობალურია”.17
თანამედროვე გლობალიზაციის ძირითადი წინააღმდეგობებია ის, რომ, ერთი მხრივ, იგი ქმნის ერთიანობას, მჭიდრო კავშირს სხვადასხვა სოციალური-ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული პროცესების ურთიერთკავშირს სივრცესა და დროში, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოშობს ღრმა განხეთქილებებს, რომელსაც იწვევს გლობალიზაციის მთავარი სუბიექტების მოუმზადებლობა იმისათვის, რომ გაითვალისწინონ თანამედროვე სამყაროს სოციალურ-კულტურული განსხვავება.
გლობალიზაციის წინააღმდეგობები განსაკუთრებით აქტიურად ვლინდება ეკონომიკის სფეროში, მათ შორის სახელმწიფოს შესაძლებლობაში – გავლენა მოახდინოს სამეურნეო პროცესებზე. “გლობალიზაცია უდიდეს გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა მართვაზე, მაგრამ ნაციონალური სახელმწიფოები არ გადავიდნენ მეორე რიგში, როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს. სახელმწიფო კიდევ დიდხანს დარჩება მართვის ძირითად მექანიზმად, მაგრამ დამუშავდება წესები, რომლებიც მართულია გლობალური პროცესებით. წარმოშობის პროცესში მყოფი მართვის სისტემა იქნება უფრო ქსელური, ვიდრე იერარქიული და მიზნად დაისახავს უფრო მინიმალურ, ვიდრე ამბიციურ მიზნებს. ასეთ “ქსელურ მინიმალიზმს” შეუძლია შეინარჩუნოს დემოკრატიული პროცესები და მიღწეული ლიბერალური კომპრომისები, მათი შერწყმით იმ უპირატესობებთან, რასაც იძლევა ეკონომიკური ინტეგრაცია… ეჭვს გარეშეა, რომ ჯერ კიდევ ბევრი ათწლეულის მანძილზე გლობალურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმაცია ვერ იქნება მტკიცე”.18
დღევანდელ სამყაროში შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა “…სახელმწიფო უკან იხევს და მთელ რიგ უბნებზე ბატონობას ბაზარს უთმობს”.19
გლობალიზაციის მარეგულირებელი ძალები იმყოფება დადგენის სტადიაში და შეიცავს ინსტიტუტების მთელ რიგს, რომლებიც გამოიყენებენ რა სახელმწიფოებრივ შესაძლებლობებს კერძომწარმოებლური ინიციატივის მხარდასაჭერად როგორც საკუთარ ქვეყნებში, ასევე საზღვარგარეთ, ახერხებენ ნაციონალური რესურსების გამოყენებას და მსოფლიო ფინანსურ კაპიტალთან გაერთიანებით ერთი მეორის მიყოლებით სხვადასხვა ნაციონალურ ეკონომიკას კონტროლს უქვემდებარებენ. ბაზრების კონტროლის ახალი ფუნქცია და გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპის ნეგატიური შედეგების შერბილებისა და მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღების ვალდებულება თავის თავზე აიღეს, პირველ რიგში, კერძო ორგანიზაციებმა (მართლწესრიგის, სასამართლო წარმოების, საყოფაცხოვრებო-კომუნალური მეურნეობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საავადმყოფოების, ციხეების და ა. შ. სამსახურებმა),20 მეორე რიგში – არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და ასრულებენ მაკონტროლებელ და კანონშემოქმედებით ფუნქციებს (ადამიანთა უფლებების დაცვის, გარემოს დაცვის ინსტიტუტები და სხვ.).21
ბიზნესზე კონტროლის გამძაფრებულ პირობებში (განსაკუთრებით ფინანსების სფეროში) მზარდი მნიშვნელობა ეძლევა ამა თუ იმ მსხვილი დაჯგუფებებისადმი მიკუთვნებას და ფინანსური რესურსების მოზიდვის საშუალებებს (კრედიტუნარიანობის რეიტინგს).22 თანდათან მეტი მნიშვნელობა ეძლევა ოფშორულ, ექსპორტულ ზონებს, რომლებიც მსოფლიო მეურნეობის არანაკლებ მნიშვნელოვან ელემენტად იქცევა.23
უფრო მეტად განვითარებულმა ქვეყნებმა შეიძინეს ფორსირებული განვითარების უნარი, გამოიყენებენ სუბსიდიებს ცალკეული დარგებისათვის, აძლევენ რა მათ მსოფლიო ბაზარზე წარმატებული გასვლის საშუალებას.24
უფრო მეტად კვალიფიციური და ორგანიზებულები თავისთვის უზრუნველყოფენ ასიმეტრიულ, მაგრამ მაინც ცენტრთან ურთიერთკავშირს. ნაკლებად კვალიფიციური მეწარმეები გამძაფრებულ კონკურენციას ეწევიან იმისათვის, რომ როგორმე შეუერთდნენ შექმნილი მსხვილი გაერთიანებების მოღვაწეობას. რაც უფრო დაბალია კვალიფიციური პარამეტრები, მით უფრო მძაფრია კონკურენცია (რომელიც გადადის ბრძოლაში სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად), მით უფრო ხელსაყრელი პირობების მოპოვება შეუძლიათ თავისი მოღვაწეობისათვის კორპორაციებს და სახელმწიფოებს, რომლებიც მსოფლიო მეურნეობის ცენტრს წარმოადგენენ.25
პერიფერიებში კონკრეტულ ბრძოლას მივყევართ ერთი ნაწილის გამოყოფისაკენ, რომელიც ამა თუ იმ პირობებში უერთდება მსოფლიო მეურნეობის ცენტრებს, მეორე ნაწილი, რომელიც ნაკლებ საინტერესოა მსოფლიო მეურნეობის ცენტრებისათვის და ხშირად ნებსით თუ უნებლიედ ექცევა ორგანიზებული დანაშაულის ორბიტაში.26 დასავლეთში პოსტინდუსტიული საზოგადოების წარმოქმნასა და ხარისხობრივი განხეთქილების ზრდასთან ერთად (ცხოვრების სტილში, სამეურნეო მოღვაწეობის ხასიათში, ორგანიზაციულ-მმართველ სტრუქტურებში და ა. შ.) ცენტრსა და პერიფერიებს შორის განვითარების საჭირო ტემპის მიღწევის საშუალებები პერიფერიის უმეტეს ქვეყნებში თანდათან უფრო მცირდება და ხშირად სულაც ქრება.27
გლობალიზაციის მთავარ შედეგად სწორედ სახელმწიფოს ცვალებადი სამეურნეო ფუნქციები იქცა. იქმნება ისეთი სიტუაცია, როცა ნებისმიერი ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების დიაპაზონი საკმაოდ შემოფარგლულია, რამდენადაც გლობალიზაციის პირობებში წარმოების დარგთაშორისო და რეგიონთაშორისო პროპორციების მოქმედი მარეგულირებელი მექანიზმები გვთავაზობენ მსოფლიო რესურსების კომპლექსურ მობილიზაციას. გამოდის, რომ ყოველი სახელმწიფო, თავისი განვითარებისგან დამოუკიდებლად, იძულებულია თავისი ნორმების ბედი დაუკავშიროს მსოფლიო სცენარს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის, იაპონიისა და დასავლეთ ევროპის წამყვან როლს, რომელთაც გააჩნიათ შრომის მწარმოებლურობის უფრო მაღალი დონე, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციული სფეროების განვითარების ხარჯზე.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ამის შედეგად გლობალურ დონეზე მიმდინარეობს ნაციონალური რეგულირების სახელმწიფო პრიორიტეტების წაშლა.28 ბოლო პერიოდში შესამჩნევია მსოფლიო ბიზნესის გავლენა საერთაშორისო და ზოგჯერ ნაციონალურ სამართლებრივ პრაქტიკაზეც.
დასავლეთელი ფუტუროლოგების აზრით, ყველა სოციალური, პოლიტიკური, ეთნიკური და სხვა პრობლემები არსებითად უნდა გადაიჭრას მოსახლეობის მზარდი საშუალო ფენის მიზიდვით სწრაფად განვითარებად პოსტინდუსტრიალურ მსოფლიო თანაარსებობაში.29 ამასთან დასავლეთელი ანალიტიკოსები საერთაშორისო ურთიერთობების მართვის გარანტიებს ხედავენ პასუხისმგებლობაში, რომლის თავის თავზე აღებისთვის მზად არის რომელიღაც ქვეყანა, რომელიც აწესებს “თამაშის წესებს” და შეუძლია დაიცვას მისი უზრუნველყოფა მსოფლიო არენაზე.30
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს არა სახელმწიფოსა და ბაზრის ბრძოლა, არამედ გლობალიზაციისათვის უფრო მეტად მოქმედი და ეფექტური ფორმების გამოვლენა და ფორმირება მსოფლიოს დეპრესიული და ღარიბი რაიონების ანკლავებად გადაქცევის მიმართულებით.31 რამდენადაც ხდება სახელმწიფოს სოციალური როლის მინიმუმამდე დაყვანა ნაციონალური ინტერესების უზრუნველყოფაში, მცირდება მისი ფინანსური ბაზა. ამდენად, რესურსების გადანაწილებისა და სოციალური უზრუნველყოფის ადგილობრივი მექანიზმები სუსტდება. მცირდება აგრეთვე საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების ფინანსური ბაზა, აიძულებენ რა მათ ჩამოსცილდნენ ადრინდელ პოლიტიკას მსოფლიო ინდუსტრიალური ლიდერების მისწრაფებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად. მით უმეტეს, რომ ცალკეული დასავლური ინსტიტუტებისა და მექანიზმების სხვა, განსაკუთრებით პერიფერიულ ქვეყნებში გადასვლა (რასაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ) იძლევა სავსებით გაუთვალისწინებელ შედეგებს. ხშირად ეს ინსტიტუტები და მექანიზმები არა თუ ვერ ახერხებენ უცხო საზოგადოების გარდაქმნას, არამედ თვითონ განიცდიან ტრანსფორმაციას უჩვეულო გარემოს ზემოქმედებით იმ დონეზე, რომ თითქმის შეუძლებელია მათი ცნობა.
გონებაზე ზემოქმედებით მოწინავე მსოფლიო ლიდერებმა შეძლეს თავის ქვეყნებში მსოფლიო ინტელექტუალური ძლიერების კონცენტრირება. დღეს ჩვენს მიერ გლობალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, აღიქმება, როგორც ხალხთა მზარდი მიგრაცია, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, ცოდნისა და იდეების გაცვლა, ტრანსპორტისა და კავშირების საშუალებათა განვითარება. სოციალური პროცესები, მჭიდროდ დაკავშირებულნი გეოგრაფიულთან, გლობალიზაციის პირობებში იძენენ თითქმის სრულ დამოუკიდებლობას, რამდენადაც სახელმწიფოებს არ გააჩნია სრულყოფილი მექანიზმები შრომითი რესურსებისა და ნაციონალური საზღვრების შესანარჩუნებლად. ეს თავის მხრივ, წარმოადგენს ახალი ტრანსფორმაციების წყაროს. წარმოშობს სავსებით ახალ, ჯერ კიდევ შეუსწავლელ კანონზომიერებებსა და პრობლემებს. ხელს უწყობს ეკონომიკური ძლიერების ახალი ცენტრების ფორმირებასა და განმტკიცებას, გადაწყვეტილებების მიღებას. ბოლო წლების მრავალრიცხოვანი გამოკვლევები გვიჩვენებს სოციალური გამიჯვნის ძლიერ პროცესზე (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე), სოციალური უთანასწორობის ზრდასა და მასთან დაკავშირებულ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობების გაღრმავებაზე, ეროვნებათაშორისი, ეთნიკური და რელიგიური მიმართულებების გაძლიერებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით პრაქტიკულად არცერთ ქვეყანაში არ არის მოძებნილი ოპტიმალური პარამეტრები ნაციონალური ინტერესებსა და გლობალურ ინტერესებს შორის აუცილებელი ურთიერთმოქმედებისა, რადგან არ არსებობს მოქმედი ანტიგლობალური თანამედროვე სახელმწიფო რეგულირების რეცეპტები. ნაკლებ განვითარებული ქვეყნების მთავრობები ძველი მეთოდებით ცდილობენ ადგილობრივი ბაზრის შემოფარგვლას (დაცვას) “თავისი” მწარმოებლებისათვის და ატარებენ პროტექციონიზმის პოლიტიკას.
შეგვიძლია მოვიყვანოთ საერთაშორისო ურთიერთქმედების მექანიზმი, რომელიც მიმართულია გარეეკონომიკური კავშირების ზრდაზე, როგორც თანამედროვე ნაციონალური განვითარების წყარო. იგი აიძულებს ქვეყნებს გააძლირონ ექსპორტზე ორიენტირებული განვითარება,32 მაგრამ სახელმწიფოს სამეურნეო როლის შევიწროვების პირობებში, მოსახლეობას შორის მოგების არსებითი გადანაწილების გარეშე.33 შედეგად წარმოიქმნება განვითარების ახალი მოდელი სოციალური გადაწყვეტილების მინიმუმით, ზარალიანი შიდა საწარმოო ბაზრით და არაეფექტური სექტორების რაოდენობის ზრდით. ეკონომიკის ასეთ მოდელს მივყავართ საზოგადოების მძაფრი გონებრივი დიფერენციაციისკენ მოსახლეობის მზარდი ნაწილის მარგინალიზაციის პირობებში. ამ შემთხვევაში მოსახლეობის დიდი მასის მოწყვეტა აქტიური ბიზნეს ცხოვრებიდან იწვევს მსყიდველობითი უნარისა და ბაზრების შეზღუდვას34, რის გამოც შემოსავლების მძაფრი დიფერენციაციის პირობებში პერიფერიულ ქვეყნებში წარმოიშვება ქონებრივად მდიდარი პირების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფენა, რომლებიც ქმნიან გასაღების ბაზარს განვითარებული ქვეყნების პროდუქციისათვის.35
გლობალიზებულ საზოგადოებაში არსებული ცვლილებები ხასიათდება ცალკეული ნაციონალური ეკონომიკების განვითარების მასშტაბური მსოფლიო ბალანსირების რღვევით. თუ ნაციონალური ეკონომიკის ჩარჩოებში ურთიერთკავშირები და პროდუქტის გადანაწილება გარანტირებულია სახელმწიფოს მხრიდან, გლობალურ დონეზე ჯერ არ არსებობს რეგულირების სახელმწიფო ინსტიტუტის ანალოგიური მექანიზმი. გლობალურ ბაზარზე თვისებებისა და კანონზომიერებების უბრალო გადატანას, რაც დამახასიათებელია უფრო ცივილიზებული, რეგიონული ნაციონალური ბაზრებისათვის, წარმატება არა აქვს.36
გლობალიზაციამ არა მარტო დაანგრია მაკროეკონომიკური მართვის მექანიზმები, არამედ ეჭვს ქვეშ დააყენა მაკროეკონომიკური პროპორციებისა და ურთიერთკავშირების მიზანდასახულობა და დაცვის აუცილებლობა. “ყველა არსებული მონაცემით, განხეთქილება მატერიალურ-ნივთობრივ და ფინანსურ ნაკადებს შორის იზომება მრავალჯერ”.37 სავალუტო კურსების მერყეობა წელიწადში რამდენიმე ათეული პროცენტის ოდენობით არის მუდმივად განმეორებითი მოვლენა. თითქმის ყველგან იზრდება განხეთქილება ნაციონალურ დანაზოგებსა და ნაციონალურ ინვესტორებს შორის. სავაჭრო და საგადასახადო ბალანსი ქრონიკული ხდება გლობალიზაციის ლიდერებისათვისაც.
მაკროეკონომიკურ რეგულირებას თან ახლავს ექსტრენალიზაციის პრობლემის მძლავრი გართულება როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ასევე მთლიანად მსოფლიო მეურნეობაში. რეგულირების მოშლის, დაქვეითებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების ნაციონალურ სამეურნეო კომპლექსთან გადაჯაჭვის პროცესებს გამოჰყავს ისინი ნაციონალური სახელმწიფოს გავლენის სფეროდან.38
ამგვარად, საქვეყნოდ ცნობილია, რომ ნაციონალური სახელმწიფოები (მათი სტრატეგიები და ფუნქციები) იძულებულნი არიან მოერგონ გლობალიზაციით წარმოქმნილ იმპერატივებს, რომლებიც მიიღება გადაწყვეტილების ზენაციონალურ დონეზე და “თამაშის წესები კიდევ დიდხანს იმოქმედებს უმეტესად ნაციონალური სახელმწიფოების (ან მათი რეგიონალური დაჯგუფებების) მოღვაწეობის საშუალებით39 ნაციონალური სახელმწიფოები რჩებიან რეალურ ძალად, რომელსაც შესწევს უნარი გლობალიზაციის პროცესის ადაპტირება მოახდინოს ნაციონალური მეურნეობის განვითარებასთან, რის შედეგადაც ხდება სახელმწიფოების სამეურნეო მოღვაწეობის სიმძიმის ცენტრის გადატანა შიდა ეკონომიკური და სოციალური განვითარების საკითხებიდან უფრო მეტად აქტიურ მონაწილეობაზე საერთაშორისო კონკურენტულ ბრძოლაში მსოფლიო მეურნეობის პოზიციების მოსაპოვებლად. ამასთან, საკუთარი რესურსების, მოსახლეობის სამეურნეო აქტივიზაციისა და შიდა ბაზრის განვითარების შენარჩუნების პრობლემები კარგავს თავის ადრინდელ მნიშვნელობასა და სიმძაფრეს და უკანა პლანზე გადადის.
გასაგებია, რომ ნაციონალურად ორიენტირებული წარმოების ჩანაცვლება მაღალტექნოლოგიური მცირედ დასახლებული და დაუსახლებელი საინფორმაციო ინოვაციური ანკლავებით გამოანთავისუფლებს მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, რომლის გადამზადება და გამოყენება ადგილობრივ მასშტაბებში არ იძლევა ფინანსების არქონის საშუალებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს განვითარების პროგრამებს. ეს გარემოებები, როგორც საბრძოლო დაპირისპირება, წარმოქმნის იძულებითი გადასახადების ფენომენს. გარდა ამისა, ამას ემატება შემდეგი პრობლემები, რომლებიც უჩნდება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს: ინოვაციური პროცესის უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურების კრიზისი, განათლების სისტემის, მართვისა და პოლიტიკის ახალ რეალიებთან შეუთავსებელი საწარმოო ძალების განსახლების დემონტაჟი.40
საბოლოო ჯამში ათეული განვითარებული ქვეყნის გამოკლებით მთელი დანარჩენი სამყარო XXI საუკუნიდან ერთვება გრძელვადიანი სტრუქტურული კრიზისის სივრცეში, რომელიც გამოწვეულია მოძველებული ტრადიციული ნაციონალური მეურნეობის სტრუქტურით, რომელსაც არ შესწევს არც სტაბილურობისა და კერძომწარმოებლური სექტორის მომგებიანობის, არც სოციალური ნორმებისა და მოსახლეობისათვის გარანტიის მიცემისა და მთლიანად ეკონომიკის ეფექტურობის უზრუნველყოფის უნარი. ასეთ შემთხვევაში არსებობს მოდერნიზაციის ერთადერთი საშუალება – გარე ვაჭრობის საერთაშორისო გაცვლა, რაც თეორიულად უზრუნველყოფს ინტეგრაციის შანსს თანამედროვე მსოფლიოში. ოღონდ ამ შემთხვევაში მის სტრატეგიასა და ტაქტიკას განსაზღვრავენ გარე კონიუნქტურული ფაქტორები.
ლ. ინოზემცევი და ე. კუზნეცოვი მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია საზოგადოებების გლობალური ტრანსფორმაციის 3 სცენარი. პირველი, ნაკლებ სავარაუდო – დასავლური და არადასავლური სოციალური მოდელების სინთეზი იმ ტიპის მიხედვით, რომელიც განახორციელეს რომის იმპერიის დაცემის დროინდელმა “ბარბაროსებმა”, სავსებით მიუღებელი დასავლეთისათვის. მეორე, ასევე ნაკლებ რეალური – დასავლეთის ჩაკეტილობის, თვითიზოლაციის სცენარი, როცა დასავლეთი იფარგლება თავისი საკუთარი პრობლემების გადაჭრით; ეს არის გზა უფრო თავშეკავებული და ნაკლებ ღია ასიმილაციისკენ მსოფლიოს უცხო წარმოშობის კულტურების და ტრადიციების და მესამე, ძალთა თანამედროვე განლაგების (გადანაწილების) ადექვატური სცენარი, რომელიც უზრუნველყოფს დასავლური ცივილიზაციების მიღწევებისა და ღირებულებების შენარჩუნებას – “ეკონომიკურ კეთილდღეობაზე სუვერენიტეტის თანდათანობითი გაცვლის” პოლიტიკა და პრაქტიკა, რაც თანდათანობით აიძულებს “მესამე მსოფლიო” ქვეყნებს (ნაციონალურ დამოუკიდებლობაზე უარის თქმით) დასავლური ქვეყნების ერთიან ალიანსში შესვლას. ავტორები ამ ვარიანტს მიიჩნევენ უფრო მეტად სასურველად, ეყრდნობიან რა ევროპული კავშირის გაფართოების პრაქტიკას და შეიძლება HAთO-ს დამატებაც, თუ არაფერს ვიტყვით საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის დღევანდელ კოალიციაზე.41
გლობალიზაციის საწინააღმდეგოდ იქმნება აგრეთვე გრძელვადიანი მოქმედების სხვა ობიექტური ფაქტორი – ნაციონალური ეკონომიკებისა და სახელმწიფოების რეგიონალიზაციისაკენ გაძლიერებული ტენდენცია, რომელიც ეწინააღმდეგება იდეას “უსაზღვრებო” და თავისი სტრუქტურით “ერთხაზოვანი” გლობალური სამყაროს შექმნის იდეას. ამავე დროს, გლობალიზაციის პირობებში რეკონსტრუქციის (გარდაქმნის) პრაქტიკა საკმაოდ დამაჯერებლად გვიჩვენებს (მაგალითად, თანამედროვე ჩინეთში და ინდოეთში), რომ დასავლური კულტურის ინსტრუმენტალური კომპონენტების ათვისებით (მატერიალური წარმოების სტრუქტურის, ინფორმაციის გადაცემის მეთოდების, ეკონომიური ინსტიტუტებისა და განათლების ტიპის), ბევრი ქვეყანა უარს ამბობს დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების ბრმად კოპირებაზე და ნაკლებად არიან მზად უარი თქვან თავისი კულტურის ეგზისტენციალურ საწყისებზე, “სულზე” – რელიგიურ შეგნებაზე, პიროვნების თვითშეგნებისა და ადამიანურ ურთიერთობათა, სასიცოცხლო აზრის ჩვეულ ფორმებზე.42 თანდათან უფრო და უფრო მეტი ქვეყნები და ხალხი, რომლებიც ადგებიან რეკონსტრუქციის გზას, საზოგადოების გარდაქმნის პროგრამებს ახორციელებენ საკუთარ საფუძველზე დაყრდნობით, ინოვაციურ მოქმედებასთან ტრადიციის შერწყმით.
ახლო მომავალში, ზოგიერთი მკლევარის პროგნოზით, სწორედ კონტინენტალური ინტეგრაცია მოიპოვებს უპირატესობას პლანეტარულ პროცესებზე, რაც განპირობებულია ორი მიზეზით:
1. ერთ კონტინენტზე განლაგებული კულტურების სიახლოვით;
2. ისეთი ინსტიტუციური სტრუქტურის შექმნის შეუძლებლობით, რომელსაც უნარი შესწევს და მზად არის თავის თავზე აიღოს ეკონომიკის რეგულირება საერთო მსოფლიო დონეზე.
მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერებაში, ართულებს და ზღუდავს სახელმწიფოს ზეგავლენის შესაძლებლობებს ეროვნული მეურნეობის მაკროეკონომიკურ პროცესებზე და ყოველივე ეს პირველ რიგში ეხება დასაქმების სახელმწიფო რეგულირებას. გლობალიზაციის პროცესი უფრო ამჟღავნებს ქვეყნებს შორის არსებულ დიფერენციაციას შრომის ნაყოფიერებაში, ანაზღაურებასა და შრომის პირობებში, რაც, ერთის მხრივ, ზრდის შრომითი მიგრაციის სურვილს და მეორეს მხრივ, ზღუდავს ამ პროცესს. ყოველივე ეს ობიექტურად იწვევს შრომითი პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას. ეს უკანასკნელი უნდა განხორციელდეს ორი მიმართულებით:
– პირდაპირი ადმინისტრაციული ზემოქმედებით, როცა იზღუდება შრომითი იმიგრანტების ან ემიგრანტების ნაკადები;
– არაპირდაპირი პროტექციონისტული ზემოქმედებით, როცა ფართოვდება ეროვნული სასაქონლო წარმოება და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებული გლობალიზაცია, ასევე უკანასკნელ პერიოდში საქართველოში შრომის ბაზრის ტენდენციების ცვლა საჭიროებს დასაქმების კერძო სააგენტოების განვითარებასა და მათი რეგულირების მექანიზმების შემუშავების ხელშეწყობას. საერთაშორისო შრომის ბაზრის საზღვრების მოხსნასთან ერთად ამა თუ იმ ბაზარზე წარმოიშვება გარკვეულ სპეციალობაზე მოთხოვნა, რაც დროულად და ეფექტურად უნდა იქნას შესწავლილი და გამოკვლეული კერძო დასაქმების სააგენტოების მიერ. 2006 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი შრომის კოდექსი, რომლის თანახმად გაუქმდა “დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონი. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის საფუძვლებს, რომ დასაქმების კერძო სააგენტოები შეასრულებენ მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო და ადგილობრივი შრომის ბაზრებზე. მნიშვნელოვანია მათი როლი შრომითი მიგრაციის საკითხებში. დღეისათვის არსებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შრომით მიგრანტთა რაოდენობა მერყეობს 800 000-დან 1 მლნ-მდე (სხვადასხვა არაოფიციალური კვლევების საფუძველზე). საზღვარგარეთ გადინებას შრომითი მიგრანტები ახდენენ სხვადასხვა ვიზების მეშვეობით და შემდგომ თავიანთი ძალებითა და სხვა კერძო პირების შუამდგომლობით პოულობენ გარკვეული სახის სამუშაოს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზღვარგარეთ სამუშაოს შოვნის ლეგალური საშუამავლო საქმიანობა შრომითი მიგრაციის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამგვარად კერძო პირების საშუამავლო საქმიანობა შეიძლება ჩანაცვლებულ იქნას დასაქმების კერძო სააგენტოების მიერ, რომელთაც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეფექტურად შეუძლიათ მაღალხარისხიანი სერვისის გაწევა, ერთის მხრივ, საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებისთვის და მეორეს მხრივ, დამსაქმებლებისათვის და ამგვარად მოახდინონ შრომის საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების დაკმაყოფილება. დასაქმების კერძო სააგენტოების საქმიანობის უპირატესობაა ის, რომ მისი მეშვეობით დასაქმებული მუშახელი დაცულია როგორც ტრეფიკინგის და იძულებითი შრომის გამოყენებისაგან, ასევე შრომითი უფლებების დარღვევისაგან.
2006 წლის 28 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”. ამ კანონში სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებულია საქართველოს მოქალაქეთა და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა დასაქმების მიზნით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად დადგენილი წესით უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მომზადდა “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონპროექტი. აღნიშნულ კანონპროექტში მოცემულია დასაქმების კერძო სააგენტოების რეგულაცია როგორც შრომითი მიგრანტების ქვეყნიდან გაყვანაზე, ასევე მათ შემოყვანაზე. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ნებართვის გაცემას შრომითი რესურსის შემოყვანასა და გაყვანაზე, აგრეთვე სახელმწიფო გარანტიებს შრომითი მიგრანტების მიმართ. მაგრამ სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციებმა და ფუნქციების გადანაწილებამ გამოიწვია აღნიშნული კანონპროექტის განხილვის გადადება. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს გაერო-ს “ყველა შრომითი მიგრანტის და მისი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციის” და “შრომითი მიგრანტების შესახებ” შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #97 კონვენციის რატიფიცირების მიზანშეწონილობის საკითხების განხილვა. ასევე უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმების საფუძველზე დამუშავებულია “უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების შრომითი ურთიერთმოწყობისა და სოციალური დაცვის შესახებ” კანონპროექტი. აღნიშნული პროექტი შეეხება როგორც მიგრანტთა სახელმწიფოში შესვლის, ცხოვრებისა და ქვეყნიდან გასვლის პირობებს, ასევე მათ შრომით საქმიანობაზე ნებართვის გაცემის პროცედურებს. მასში შრომითი ხელშეკრულების ძირითად პუნქტებთან ერთად შეტანილია მიგრანტთა სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. ასევე იგეგმება სხვა ქვეყნებთან ანალოგიური ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების შესაძლებლობის საკითხები.