ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი

წყარო: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი, 2008 წლის ოქტომბერი

აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების ეკონომიკური შედეგები გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ამას ხელისუფლება ვარაუდობდა. ეს ყველაფერი აისახება სხვადასხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ომის შემდეგ ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იყო. უკანასკნელი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის კლებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ექსპერტების მიზანია ამ პროცესის ეკონომიკურ ჭრილში განხილვა და დაინტერესებული პირებისათვის კომპეტენტური ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს სავალუტო ბაზარზე 2 წელიწადზე მეტია, ლარის კურსის სტაბილური გამყარება ფიქსირდებოდა. 2007 წლის დასაწყისში აშშ დოლარის ნომინალური გაცვლის ოფიციალური კურსი1 შეადგენდა 1,7135 ლარს, ხოლო 31 დეკემბერს – 1.5916 ლარს. 2008 წელს ლარის გამყარება გაგრძელდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 1 აშშ დოლარის ნომინალური გაცვლითი კურსი უკვე 1,42 ლარს შეადგენდა, თუმცა ბოლო თვეებში იგი ხელოვნურად იყო შენარჩუნებული.
ნოემბრის თვის დასწყისში ლარმა მკვეთრი კლება განიცადა და დღეისათვის ნომინალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1,65 ლარს შეადგენს, ანუ დაფიქსირდა კურსი, რომელიც წლის დასაწყისისთვის არსებული კურსზე 0.05 ერთეულით მაღალია. ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით კურსის (ლარი დოლართან მიმართებაში) 16%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლებში ლარის კურსის გამყარება განპირობებული იყო უცხოური ვალუტის ჭარბი რაოდენობით შემოდინებით, რაც, ერთი მხრივ, პრივატიზების პროცესის (უცხოური ინვესტიციების) და მეორე მხრივ საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხების ზრდით იყო განპირობებული. საქართველოს კანონმდებლობის თანხმად პრივატიზების განხორციელებისას ინვესტორი ვალდებულია სახელმწიფოს თანხა ლარში გადაუხადოს, რაც ლარზე მოთხოვნას საკმაოდ ზრდიდა. გარდა ამისა, ოჯახების მიერ მიღებული უცხოური ვალუტა ძირითადად ლარში ხურდავდება და ესეც ლარზე მოთხოვნას ზრდიდა.
აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შემდეგ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება აშშ დოლარის მიმართ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის უცვლელად შენარჩუნების შესახებ. ეს ხელოვნური პროცესი იყო და მიწოდება-მოთხოვნას შორის თანაფარდობას ეროვნული ბანკი არეგულირებდა. ხსენებული გადაწყვეტილება განაპირობა მოსახლეობაში პანიკის განვითარების საშიშროებამ. ამ შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ლარის კურსის მნიშვნელოვანი ვარდნა, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ეროვნული ვალუტით უცხოური ვალუტის შეძენას ცდილობდა. შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ეროვნული ბანკი კი, თავისი რეზერვებით, ამ კურსის ხელოვნურად შენარჩუნებას ახდენდა.
უკანასკნელ პერიოდში ეროვნული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსის მკვეთრი ვარდნა ომის შედეგად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული.
ლარზე მოთხოვნის კლების მთავარი მიზეზებია:
პრივატიზების პროცესის შეჩერება. საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტების უმეტესობა ან საერთოდ არ იყიდება, ან დაგეგმილზე გაცილებით მცირე ფასად. პრობლემები შეიქმნა უკვე შეთანხმებულ ინვესტიციებზეც, რადგან ინვესტორების უმეტესობა ერიდება პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. როგორც აღვნიშნეთ, უკანასკნელ წლებში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გამყარება მეტწილად პრივატიზების პროცესით მოზიდული ინვესტიციებით იყო განპირობებული;
ეკონომიკური აქტივობის შემცირება. ომის შემდგომ ეკონომიკა ძალიან დიდ კრიზისს განიცდის და შესაბამისად მთლიან შიდა პროდუქტზე ეს პროცესი ნეგატიურად აისახება.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ოქტომბრის ბოლომდე ეროვნული ბანკი თავისი რეზერვებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის ხელოვნურად შენარჩუნებას ახდენდა, რაც საკმაო დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. შედეგად ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა დიდად არ შეცვლილა და მოსახლეობის უმეტესობამ ლარის უცხოურ ვალუტაში გადახურდავებისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის მიერ ნოემბერში განხორციელებული “ლარის კურსის კორექტირება” საზოგადოების უმეტესი ნაწილისათვის მოულოდნელი გახლდა, თუმცა ფინანსურ საკითხებში ჩახედული ექსპერტები აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შემდეგ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ვარაუდობდნენ.
ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ მრავალი ეკონომიკური პრობლემა შექმნა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ლარის მიმართ ნდობის კატასტროფული კლებაა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ლარის მიმართ ნდობა ნელ-ნელა იზრდებოდა და ეს ფაქტი სავაჭრო ურთიერთობებზე დადებითად აისახებოდა. 5 წლის წინ მეტ-ნაკლებად სოლიდური ღირებულების ნივთის ფასს ძირითადად დოლარში ანგარიშობდნენ, ბოლო წლებში ლარის მიმართ ნდობის მატების შედეგად კი ღირებული საგნების ფასი (მაგალითად, ავეჯი) უკვე ლარებში აისახებოდა, რაც უდაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ლარის გაუფასურებამ წლების განმავლობაში ეროვნული ვალუტის მიმართ ნელ-ნელა მოპოვებული ნდობა საგრძნობლად შეამცირა. შედეგად, პროდუქციის უმეტესობაზე ფასის განსაზღვრა ისევ დოლარში ხდება (შესაბამისი ეკვივალენტი ლარში), ასევე შეიმჩნევა საცალო მაღაზიებში დისტრიბუტორების მიერ საქონლის უცხოურ ვალუტაში ჩაბარების ტენდენცია.
ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი სამომხმარებლო ფასების ზრდაა. მართალია, ხელისუფლება აცხადებდა, რომ ლარის გაუფასურება სამომხმარებლო ფასების ზრდას არ გამოიწვევდა, რეალობა აშკარად სხვაგვარია: პროდუქციაზე ფასების მატება მყისიერად მოხდა, რაც ნებისმიერი მოქალაქისთვის ადვილად შესამჩნევია. ფასების ზრდა, განსაკუთრებით მედიკამენტებზე აისახა. ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება ინფლაციის მონეტარულ გაანგარიშებას ეყრდნობოდა, რაც ხანგრძლივი პერიოდისთვის სწორია, თუმცა ეკონომიკაში მოკლევადიანი ეფექტებიც არსებობს და მათი იგნორირება არ შეიძლება. ეს ბოლო პერიოდში პროდუქციაზე ფასების მატებამ ნათლად დაგვანახა. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ გაზრდილი სოციალური ხარჯების გამო ხელისუფლება იძულებულია გაზარდოს ფულის მასა, ეს კი, თავის მხრივ, ინფლაციის გამომწვევი მიზეზია.
ლარის გაცვლითი კურსის გაუარესების კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი საგარეო ვალის მოცულობის ზრდაა. საქართველოს საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული, შესაბამისად მისი მოცულობა ლარებში გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე ლარის გამყარება დადებითად აისახებოდა საგარეო ვალის მომსახურებაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2008 წელს საგარეო ვალი უცხოურ ვალუტაშიც საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის ბოლო პროექტის თანახმად, 2009 წლისათვის საქართველოს საგარეო ვალის ზღვრული მოცულობა 4,591.4 მილიონი ლარია. 2007 წლის ბოლოსათვის ეს მონაცემი 3,015.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსის მკვეთრი ვარდნა გამოიწვევს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სოციალური პროგრამების შეუსრულებლობას. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროგრამების თანახმად, საქართველოში მინიმალური პენსია 2009 წლისათვის 100 დოლარამდე უნდა გაზრდილიყო, რაც თავიდანვე რთულად შესასრულებელ მიზანს წარმოადგენდა. ცხადია, დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის ვარდნა ამ მიზნის მიღწევას არარეალურს ხდის. ხელისუფლების გათვლებით ლარის კურსი უნდა გამყარებულიყო, ამიტომაც შეპირებული თანხა დოლარში გამოისახა. რეალურად კი, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ლარის კურსის ვარდნა გამოიწვია და შესაბამისად 100 დოლარამდე მინიმალური პენსიის გაზრდა მომავალი 2 წლის განმავლობაში შეუძლებელია. ამას ადასტურების მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. ამ პროექტის თანახმად ასაკით პენსიონერთათვის პენსიის 10 ლარით ზრდაა გათვალისწინებული და ისიც ეტაპობრივად (5 ლარი იანვრიდან; 5 ლარი ნოემბრიდან). თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას და მომავალ წელს მოსალოდნელ ინფლაციას, შეიძლება დავასკვნათ, რომ “რეალური” პენსია არ იზრდება.
2007 წლის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 866,2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ლარის კურსის გამყარებას არ მოჰყოლია ფასების კლება, ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი რჩებოდა. შესაბამისად, ფულად გზავნილებზე დამოკიდებული არც თუ მცირერიცხოვანი მოსახლეობის რეალური შემოსავალი ლარში – შემცირდა. მართალია, ლარის კურსის ვარდნამ გაზარდა მათი ნომინალური შემოსავალი ლარში, მაგრამ ბოლო თვეში სამომხმარებლო ფასების მკვეთრმა ზრდამ ეს სარგებელი დააკარგვინა.
ლარის გაცვლითი კურსის ვარდნის ერთადერთ დადებით ფაქტორად ექსპორტის ხელშეყობა სახელდება. თუმცა აქაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ექსპორტის რეალური მოცულობის ზრდა სხვა ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული და იგი მხოლოდ ლარის კურსზე არ არის დამოკიდებული.
საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლარის კურსის ვარდნა და მისი უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე აგვისტოს თვეში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების პირდაპირი შედეგია.