ფულის უკმარისობა გამწვავდა

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

15-წლიანმა შეუფერხებელმა ეკონომიკურმა აღმავლობამ ადამიანებს აფიქრებინა, რომ საქონლისა და მომსახურების სექტორის რეალური ზრდის გარეშე გამდიდრება შესაძლებელი იყო. ეკონომიკის რეალური სექტორი ფინანსურ სფეროს გიგანტური მასშტაბით მოწყდა. დღეს რეალურ სექტორს მთელი ფინანსური ოპერაციების მხოლოდ 2-3% მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი – ფინანსები ფინანსების შიგნით მუშაობენ.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახლანდელი კრიზისის ძირითადი მიზეზი მხოლოდ აშშ-ს იპოთეკური ბაზრის პრობლემები არ არის. იპოთეკა დაკავშირებულია რეალურ ეკონომიკასთან, რაც თავის მხრივ საინვესტიციო მოთხოვნის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. იპოთეკური დავალიანება აშშ-ში 12-13 ტრილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მსოფლიო სავალუტო ბაზარზე ოპერაციების მოცულობა დღეში 2 ტრილიონი დოლარია და აქედან მხოლოდ 4-5%-ია ოპერაციები რეალურ ეკონომიკაში, დანარჩენი კი სპეკულატური ფულია.
სპეკულატური ოპერაციების მასშტაბები კოლოსალური სისწრაფით იზრდებოდა – წელიწადში 12-15%-ით. ფულადმა სისტემამ, რომელმაც ასეთი სიტუაცია დაუშვა, შეუძლებელია დიდ ხანს იარსებოს. ამით ირყევა კერძო საკუთრების ინსტიტუტი, რომელიც ითხოვს რეალურ და არა ვირტუალურ ფულს. კრიზისის პირველი ნიშნები, როგორც წესი, ბანკებზე აისახება, შემდეგ უკვე – რეალური ეკონომიკის სექტორებზე, ბოლოს კი სახელმწიფოს საფინანსო სფეროზე და საბიუჯეტო სისტემაზე გადადის. დღეს როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კრიზისის პირველ ეტაპზე ვიმყოფებით.
როგორც ცნობილია, ყოველწლიურად მსოფლიოში იწარმოება 50 ტრილიონი დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურება, სწორედ ეს თანხა უპირისპირდება 1,5 კვადრილიონი (კვადრილიონი – ათასი მილიარდი!) დოლარის ღირებულების ფასიან ქაღალდებს: სახელმწიფო და კერძო ობლიგაციებს, აქციებს, ვექსილებს და ა.შ. და ა.შ.
სწორედ ამის გამო წარმოიშვა “სახელგანთქმული” ლიკვიდურობის კრიზისი, ანუ მსოფლიო საფინანსო სისტემაში ფულის მწვავე უკმარისობა. სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა, მსოფლიო საფინანსო სისტემის საშველად მილიარდობით დოლარის შედინება დაიწყეს. გარკვეულ ეტაპზე ამან სიტუაცია გამოასწორა, მაგრამ დროებით. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ამ კვადრილიონნახევრიანი დაწყევლილი ორმოს ამოვსებას მთელი აშშ-ის და ევროზონის ცენტრალური ბანკების ფულადი რეზერვები არ ეყოფა და ფსევდო ფულს, რომელსაც ფასიან ქაღალდებს უწოდებენ, ნამდვილ ფულად ვერ გადააქცევს.
მსოფლიო კატასტროფის პირას რომ არ აღმოჩნდეს, მსოფლიოს ეკონომიკურმა სტრატეგებმა, ანალიტიკოსების აზრით, ორი მიმართულებით უნდა იმუშავონ: გაგრძელდეს რეალური ეკონომიკის დაკრედიტება და მოხმარების თუნდაც დღეს არსებული დონე იქნას შენარჩუნებული.
პირველი მიმართულება საკმაოდ რთულია, მაგრამ აუცილებელი. ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები ჩნდება “ეკონომიკური კატასტროფების” შესახებ, რომლის მიზეზი დაკრედიტების გაყინვაა. საფინანსო სტრუქტურებს მხოლოდ ნაღდი ფულის პატრონებთან თანამშრომლობა სურთ, არადა, კრიზისმა კაპიტალისგან თითქმის ყველა დაცალა. ექსპერტების აზრით, ერთადერთი გადარჩენის გზა ეკონომიკაში არის რაც შეიძლება მეტი კაპიტალის ჩართვა. რეკაპიტალიზაციის მოცულობა უფრო და უფრო უნდა გაფართოვდეს და სახელმწიფო კონტროლი ისე უნდა გამკაცრდეს, რომ საფინანსო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის თითქმის ნაციონალიზაცია მოახდინოს, მხოლოდ დროებით, შემდეგ კი, როცა სიტუაცია ჩვეულ რეჟიმში ჩადგება, მოხდეს მისი დენაციონალიზაცია. ამის მაგალითად ექსპერტებს მოჰყავთ შვეიცარია, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში კრიზისთან ბრძოლის შემდეგ თავის წილები ბანკში დააბრუნა.
კრიზისის გამო ბევრ ქვეყანაში მოხდა ბანკების სრული ან ნაწილობრივი ნაციონალიზაცია. ამ ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილესი ბრიტანული ბანკების რეკაპიტალიზაციისთვის 50 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო (დაახლოებით 64 მილიარდი ევრო). ლომის წილი ამ თანხიდან – 37 მილიარდი ფუნტი სტერლინგი ერგება შემდეგ ბანკებს: Royal Bank of Scotland, HBOS და Lloyds TSB. სამაგიეროდ იგეგმება სახელმწიფოსთვის ამ კომპანიებიდან წილების და მათ შორის ორი ბანკის Royal Bank of Scotland და HBOS საკონტროლო პაკეტის სახელმწიფოსთვის გადაცემა. როგორც ამბობენ, ბანკების დროებითი ნაციონალიზაცია იმაზე მეტ ხანს გასტანს, ვიდრე ვარაუდობენ.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს კრიზისის მხოლოდ პირველ ეტაპზე ვართ, მაგრამ ეკონომისტები ახალი წლიდან სიტუაციის გამწვავებას ელოდებიან, რაც ქვეშ მოიყოლებს ბევრ ცნობილ ბანკს, სამრეწველო საწარმოს, ლაბორატორიასა და უნივერსიტეტს, ბოლოს და ბოლოს ადამიანთა ბედს.
საბანკო სფერომ, თუნდაც დროებით, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ამოისუნთქა, მაგრამ ეკონომიკის რეალური სექტორები ფულის გარეშე დარჩნენ. ბანკები ფულს აღარ გასცემენ. ეს საშიში ტენდენცია არა მარტო ეკონომიკის რეალურ სექტორებს, არამდე ცალკეულ სახელმწიფოებსაც დიდი პრობლემის წინაშე დააყენებს. ბევრი ქვეყანა მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტების კრედიტებზე ცხოვრობს და თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა პაკისტანი, არგენტინა, მექსიკა, უნგრეთი, უკრაინა და სხვა, დეფოლტი ემუქრებათ.
რეალური ეკონომიკის განვითარება მისი სამი ძირითადი სექტორის თანაფარდობაზეა დამოკიდებული. რეალური ეკონომიკის პირველადი სექტორი ისეთ დარგებს მოიცავს, რომელიც დაკავშირებულია ნედლეულის მოპოვებასა და გადამუშავებასთან, მას მიეკუთვნება სოფლის მეურნეობა, თევზჭერა, მეტყევეობა, ნადირობა, ბუნებრივი რესურსების მოპოვება და ა.შ. ეს სექტორი კაცობრიობის ისტორიაში პირველყოფილი ადამიანების ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთანავე წარმოიშვა და სამრეწველო რევოლუციამდე მსოფლიო ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებდა. ახლა კი ამ სექტორის სიჭარბე, როგორც წესი, რეგიონის ან სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების დაბალ მაჩენებელზე მეტყველებს. ამის ნათელი მაგალითია აფრიკის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დღესაც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს – ნავთობის მოპოვება ბევრი ქვეყნის ეკონომიკური სიმძლავრის საფუძველია.
რეალური ეკონომიკის მეორადი სექტორი გადამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობას აერთიანებს. XIX საუკუნის პირველ ნახევარში სამრეწველო რევოლუციის დაწყებიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე დასავლეთ ევროპაში ეს სექტორი ბატონობდა.
რეალური ეკონომიკის მესამე სექტორს მიეკუთვნება მომსახურების სფერო. მრეწველობაში შრომის ნაყოფიერების ზრდის გამო სწორედ ეს მესამე სექტორი გაბატონდა, რომელსაც განეკუთვნება ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, ტურიზმი, ჯანდაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, განათლება, სამეცნიერი კვლევები და ა.შ.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში მესამე სექტორიდან აღმოცენდა არაფრისმწარმოებელი დარგი საბანკო და საფინანსო მომსახურების სახით, რომელიც დაკავშირებულია ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის გადაყიდვებთან. სფერო, რომელიც ფულს შოულობდა და შოულობს ვალუტის კურსის სხვაობით, ნაკლებშეძლებული მოსახლეობისთვის ნაკლებად უზრუნველყოფილი კრედიტების გაცემით და სხვა.
ამ სფეროში არ არსებობს რეალური ეკონომიკის რეალური მოთხოვნები. პიროვნებას, რომელიც ამ ოპერაციებს ატარებს, არ მოეთხოვება არანაირი ძალისხმევა, კომპიუტერზე რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერის გარდა.
ჯერ კიდევ დიმიტრი მენდელეევი ამბობდა, რომ ქონება შეიძლება მორალური იყოს, თუ იგი მემკვიდრეობით არის მიღებული. მისი აზრით, კაპიტალი არის სიმდიდრის მხოლოდ ის ნაწილი, რომლიც მიმართულია მრეწველობასა და წარმოებაზე და არავითარ შემთხვევაში გადაყიდვასა და სპეკულაციაზე.
ეკონომიკურ კრიზისს დღეს სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებული მეთოდებით “მკურნალობს”.
ეკონომიკის ამა თუ იმ სფეროში თანხების შედინების მხრივ, კრიზისთან ბრძოლა შეიძლება სამ მოდელად დაიყოს:
პირველი, როცა მთლიანი თანხები საფინანსო სფეროში მიედინება, ანუ ის, რაც აშშ-მ გააკეთა, მან ბანკებს დასახმარებლად 2,3 ტრილიონი დოლარი გამოუყო, ხოლო რეალური ეკონომიკის მხარდასაჭერად – ათჯერ ნაკლები. ასეთივე პრინციპით მოქმედებენ კანადის, ირლანდიის, ნიდერლანდების და შვედეთის მთავრობები.
მეორე მოდელად შეიძლება ჩაითვალოს მეთოდი, როცა მთავრობა მთელს ძალისხმევას ეკონომიკის რეალური სექტორებისკენ მიმართავს. ასეთი გზა აირჩია სოციალისტურმა ჩინეთმა. მისმა ხელისუფლებამ ინვესტირება მოახდინა ინფრასტრუქტურაში, სოფლის მეურნეობასა და სოციალურ სფეროში. კომპანია Mერრილლ Lყნცჰ-ის ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჩინეთის ბაზარი ინვესტორებისთვის ჯერ კიდევ მიმზიდველია.
ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს თანაბრად დაეხმაროს როგორც საფინანსო სექტორს, ასევე რეალურ ეკონომიკას. ამ მოდელს სახელმწიფოებმა აშშ-ს ცუდი მაგალითის შემდეგ მიმართეს. ბევრი ქვეყანა დარწმუნდა, რომ მხოლოდ საფინანსო სფეროს დახმარებით კრიზისი ვერ დაიძლეოდა. ასეთ ქვეყნებს შეიძლება მივაკუთვნოთ გერმანია, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და იაპონია.
ევროკავშირის ლიდერებმა ჯერ კიდევ ნოემბერში გამოაცხადეს წევრი ქვეყნებისთვის 200 მილიარდიანი დახმარების შესახებ. 12 დეკემბერს ბრიუსელში სწორედ ეს ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცეს. გეგმის მიხედვით, ყველა წევრი ქვეყანა საკუთარი მშპ-ის დაახლოებით 1,5%-ის ოდენობის თანხას გამოყოფს. 200 მილიარდი ევროდან 30-ს ევროპის საინვესტიციო ბანკი გაიღებს. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეხედულებისამებრ შეუძლია ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში შეამციროს საგადასახადო განაკვეთები და დასწიოს დამატებითი ღირებულების გადასახადი. შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი არ დაუშვებს არც ერთი მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის გაკოტრებას. ბანკების კრედიტუნარიანობის შესანარჩუნებლად მთავრობები მათი აქციების შეძენას გეგმავენ. ერთი სიტყვით, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის ევროკავშირი კოორდინირებულ ღონისძიებებს გაატარებს.
ექსპერტების გამოთვლით, მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის ჯამში უკვე 9,4 ტრილიონი დოლარი დახარჯეს (წყარო: საინვესტიციო ჯგუფი “რენესანს კაპიტალი”). ყველანაირი ფულადი რესურსი, რაც კი დღეს ეკონომიკური ზრდისთვის იქნება გაწეული, გამართლებულია. ის დანახარჯები, რომელსაც სახელმწიფოები სოციალურ პროგრამებსა და ეკონომიკური აქტივობისთვის მიმართავენ, შესაძლოა ძალიან მძიმე ტვირთი იყოს, მაგრამ დანახარჯი, რომელიც დღევანდელი უმოქმედობის გამო მომავალში იქნება გასაწევი, ბევრად დიდი ტვირთი იქნება, ვიდრე დაზოგილი თანხები.
მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოების მთავრობებმა ფულადი სახსრების პირდაპირ ეკონომიკაში შედინება დაიწყეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე 26 მლრდ ევროს გამოყოფს კრიზისის შესასუსტებლად. პროგრამამ, რომლის ღირებულება საფრანგეთის მშპ-ის დაახლოებით 1,3%-ს შეადგენს, უნდა უზრუნველყოს შემდეგ წელს მშპ-ის, როგორც მინიმუმ, 0,8%-ით ზრდა. გეგმა ითვალისწინებს ფულადი ნაკადების სტაბილიზაციის გზით კომპანიების მხარდაჭერას 11,4 მლრ ევროს საგადასახადო შეღავათებისა და გამოქვითვების ხარჯზე, ასევე იგეგმება 10,5 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. ევროს მიმოქცევაში შესვლის შემდეგ წელს პირველად შეიმჩნეოდა რეცესიის ნიშნები – II და III კვარტალში მშპ 0,2%-ით დაეცა, IV კვარტალში კი ამ მაჩვენებლის ზრდას 0,5%-მდე ვარაუდობენ. საფრანგეთის მრეწველობის ყველაზე დაზარალებულ სექტორებს – მანქანათმშენებლობას და მშენებლობას სპეციალურ სუბსიდიებს გამოუყოფენ.
ინფრასტრუქტურაში იგეგმება 4 მილიარდი ევროს ინვესტიცია, რომელიც მოიცავს თავდაცვის პროექტებს, სამეცნიერო კვლევებს, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობასა და რემონტს, დამატებით 4 მილიარდ ევროს მიიღებს ენერგეტიკული და სატრანსპორტო სახელმწიფო კომპანიები, ხოლო საბინაო სექტორი – 1,8 მილიარდს.
საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი ვარაუდობს, რომ 2009 წლისთვის საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი 3,9%-ით გაიზრდება. ექსპერტები შიშობენ, რომ 26 მილიარდი ევრო ეკონომიკის აღდგენას არ ეყოფა, მაგრამ ბაზრის მონაწილეები და ექსპერტებიც მიესალმებიან სარკოზის ამ გადაწყვეტილებას. თუმცა უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო სახსრებიდან მილიარდების ინვესტიციებისთვის გამოყოფა ეწინააღმდგება საფრანგეთის ტრადიციულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის თანახმადაც მოხმარების სტიმულირება ყოველთვის პრიორიტეტული იყო.
დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც გერმანიაში მთავრობამ ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა, მაგრამ დეკემბრის დასაწყისში გერმანულ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ ბერლინში უკვე აქტიურად საუბრობენ ეკონომიკის სტიმულირებისათვის ახალი პროგრამის შემუშავებაზე, თუმცა ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. თუ Sddeutsche Zeitung-ის პუბლიკაციებს დავუჯერებთ, გერმანიის მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სამინისტროებში ინტენსიურად აწარმოებენ დიალოგს ეკონომიკის რეალური სექტორების მხარდასაჭერი გზების თაობაზე. ოფიციალური წყაროების თანახმად, შემდეგი ეტაპების სამოქმედო გეგმა უკვე იანვარში გაცხადდება, როცა 2008 წლის ოთხივე კვარტლის ეკონომიკური მაჩვენებლები შეჯამდება.
ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის 3%-დან 2%-მდე შემცირების მიზეზიც გახდა. ბრიტანეთში საპროცენტო განაკვეთის 2%-მდე შემცირება ბოლოს გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაფიქსირდა. ექსპერტთა ვარაუდით, ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებში მრავალმილიარდიანი ინიექციების მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის შეჩერება მომდევნო 12-18 თვის მანძილზე ვერ მოხერხდება. ანალოგიურ პერიოდში შენარჩუნდება არასტაბილური ფასები უძრავი ქონებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
აშშ-ს მთავრობა აპირებს მთელი რიგი ღონისძიებები გაატაროს არა მხოლოდ ეკონომიკის მოკლევადიანი სტიმულირებისთვის, არამედ გეგმავს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც გრძელვადიან პერპექტივაში ეკონომიკის ზრდას დაუდებს საფუძველს. აშშ-ს კონგრესის ხელმძღვანელობა და ობამას ეკონომიკური გუნდი შეიმუშავებს პაკეტს, რომლის მოცულობა სავარაუდოდ 500 მილიარდს გადააჭარბებს. მასში სავარაუდოდ ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვადასხვა სახის ინვესტიციები შევა, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკურ აღმავლობას განაპირობებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც კი, რომელიც როგორც წესი, ყოველთვის მხარს უჭერს “საბიუჯეტო თავშეკავებულობასა” და ვალების შემცირებას, მთავრობებს ხარჯების ზრდისკენ მოუწოდებს.
ვაშინგტონში ჯერ კიდევ დიდი ოცეულის შეხვედრის დროს მსოფლიო ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არ დაეშვათ გლობალური რეცესიის გაჭიანურება. ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებმა დაგეგმეს შექმნან ერთგვარი გლობალური “ახალი კურსი”, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მიერ 1933 წელს დაწყებულ ხარჯების პროგრამას წააგავს. სწორედ ამან უზრუნველყო დიდი დეპრესიისთვის წერტილის დასმა.
რაც შეეხება რუსეთს, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ბანკებს ეკონომიკის შესანახად რესურსი არ ეყოფა და ბიზნესის დასაფინანსებლად ახალი ინსტრუმენტებია ასამოქმედებელი. თანხები, რომელიც საბანკო სისტემას ლიკვიდურობისთვის გამოეყო, რეალურ ეკონომიკას არ მიუღია. ამ დასკვნამდე რუსი ექსპერტები ბანკების საკრედიტო აქტივობის ანალიზის შემდეგ მივიდნენ. როგორც მოსკოვის, ისე რეგიონალურმა ბანკებმა საწარმოთა დასაფინანსება ბოლო ორ თვეში შეამცირეს 2,3%-დან 3,8%-მდე, რიგ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია 6-8 და 15%-მდე. ბანკების მენეჯერები აცხადებენ, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ფულის უკმარისობას, არამედ იმას, რომ სიტუაცია აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია და მეანაბრეებს ყოველ წუთს შეუძლიათ მასიურად ფულის გატანა დაიწყონ. ამიტომაც ბანკებისთვის უმჯობესია ნაკლები შემოსავლები მიიღონ, მაგრამ ფული ხელთ ჰქონდეთ.
უკრაინისთვის მსოფლიო კრიზისის გაღრმავება და მეორე ფაზაში გადასვლა განსაკუთრებით საშიშია. ამ ქვეყნის მშპ-ის 50% ნედლეულის ექსპორტზე მოდის. ცალკეულ დარგებზე თუ ვისაუბრებთ, მეტალურგიასა და მანქანათმშენებელობას მშპ-ში 70% უჭირავს. სწორედ აქ კონცენტრირდება ამ ქვეყნის პრობლემები. მეტალურგებს უკვე დღეს თავზე საყრელად აქვთ პროდუქცია და არ იციან სად გაასაღონ. ქარხნები ერთი მეორის მიყოლებით ჩერდებიან, რასაც სხვა პრობლემა მოჰყვება მასიური უმუშევრობის სახით. უკრაინელი ანალიტიკოსებიც ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ უკრაინის ბანკები ავად თუ კარგად საფინანსო კრიზისს გადაურჩნენ, მაგრამ რეალურ ეკონომიკას არ აფინანსებენ და ფიქრობენ, რომ ამ სიტუაციას არასტანდარტული რეცეპტი სჭირდება.
სულ ახლახან კრიზისზე საქართველოს ხელისუფლებაც აქტიურად ალაპარაკდა. ქვეყნის მთავრობა ბიზნესს ჰპირდება, რომ ხელისუფლება მათ გვერდში დაუდგება და კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლაში დაეხმარება. თუმცა “მინიმალური დანაკარგები” ძალიან ოპტიმისტური ფორმულირებაა, რადგან ომგამოვლილ ქვეყანას ქვა აღმართში წამოეწია და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა მოუსწრო. ექსპერტები ჯერ ომის შედეგებს ითვლიან. მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა – საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საქართველოს კერძო სექტორზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ზეგავლენა გამოიკვლია. კვლევა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და რუსთავში მოქმედ იმ 400 კომპანიაში ჩატარდა, რომლებიც ძირითადად სამშენებლო, სავაჭრო, სატრანსპორტო, მომსახურებისა და საფინანსო სექტორებში საქმიანობენ. გამოკითხულთა 77%-ზე ომმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამ კომპანიებში თანამშრომელთა რიცხვი 3,3%-ით შემცირდა. მეწარმეთა 55%-ს მიაჩნია, რომ მომავალ ექვს თვეში შემოსავლები არ შეიცვლება, ხოლო 33% იმედოვნებს, რომ მათი შემოსავლები გაიზრდება.
ხელისუფლება პირველ რიგში ეკონომიკის იმ სექტორების დახმარებას გეგმავს, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამშენებლო ბიზნესის წასახალისებლად საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სამშენებლო კომპანიებსა და დეველოპერებს ახლო მომავალში 1 მილიარდ აშშ დოლაზე მეტი ფინანსური რესურსი მიეცემათ სახელმწიფო დაკვეთების შესასრულებლად.
ექსპერტები შიშობენ, რომ ამ დაკვეთებს მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიები მიიღებენ. საერთოდ სამშენებლო ბიზნესის დახმარებას და საბიუჯეტო დავალიანების რესტრუქტურიზაციას ექსპერტები მიესალმებიან, მაგრამ არასაკმარისად თვლიან იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზენსში არსებული პრობლემები გადაილახოს. გარდა ამისა, ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეკონომიკაში ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ამიტომ შეუძლებელია მხოლოდ ერთი რომელიმე დარგის ამოწევა. ეკონომიკის ყველა სეგმენტი თანაბრად უნდა განვითარდეს.
ოფიციალურად არც ერთი ბანკი არ აღიარებს, მაგრამ დღეს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისთვის ბანკის იმედზე ახალი საქმის წამოწყება წარმოუდგენელია. შეჩერებულია არა მხოლოდ კომერციული, არამედ სოციალური კრედიტების გაცემაც, ისეთი, როგორიც არის ვთქვათ სტუდენტური სესხები. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარიანი დახმარებიდან, 400 მლნ აშშ დოლარი საბანკო სექტორის გამოცოცხლებას მოხმარდება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial