რა ღირს საქართველო?!

ნიკა ვარდიშვილი, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი
როგორც სახელმწიფო, ისე მისი საზოგადოების ყოველი წევრი ცდილობს სიმდიდრის შექმნა-გადიდებას და მის რაციონალურად გამოყენებას. სიმდიდრის შეფასების ძირითადი პრინციპები ფორმულირებულ იქნა ჯერ კიდევ ა. სმიტის, უ. პეტის და სხვა ეკონომისტების შრომებში. ბოლო წლებამდე ეკონომიკურ თეორიაში ეროვნული სიმდიდრე განმარტებულია, როგორც ბუნებრივი რესურსებისა და მატერიალური დოვლათის ერთობლიობა, რომელსაც ფლობს ქვეყანა.
სიმდიდრის შეფასების ამ კონცეფციის მიმართ გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან წამყვანი ეკონომისტების მიდგომა შეიცვალა, სიმდიდრედ მიჩნეულ იქნა ყოველივე ის, რისგანაც შეიძლება შემოსავლის მიღება. შესაბამისად გაფართოვდა ეროვნული სიმდიდრის ცნების შინაარსი და მასში ჩაირთო არამატერიალური კაპიტალიც და ამ უკანასკნელის რაოდენობრივი შეფასების მიმართ ყურადღება განსაკუთრებით გაიზარდა.
1995 წლიდან მსოფლიო ბანკის სპეციალისტებმა სერიოზული კვლევები დაიწყეს ერთიანი მეთოდოლოგიის შესამუშავებლად ცალკეული ქვეყნის სიმდიდრის შესაბამისად. მათ 1998 წელს გამოაქვეყნეს “ეროვნული სიმდიდრის შეფასების მეთოდიკა”, რომლის მიხედვითაც ეროვნული სიმდიდრე განისაზღვრება სამი კომპონენტის მიხედვით: ა) ბუნებრივი რესურსები; ბ) საწარმოო აქტივები; გ) ადამიანური რესურსები. გარდა ამისა, მითითებულია ეროვნული სიმდიდრის კიდევ ერთ შემადგენელზე – სოციალურ კაპიტალზე, მაგრამ მისი რაოდენობრივი შეფასება არ მომხდარა3. ამ მეთოდიკით განისაზღვრა რამდენიმე ათეული ქვეყნის სიმდიდრე. მასში სიმდიდრის მიხედვით დსთ-ს ქვეყნები არ შესულან.
2005 წლის სექტემბერში მსოფლიოს ბანკმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომელშიც განსაზღვრულია 118 ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე, ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც4.
ამ გამოკვლევის მეთოდოლოგიური განსაკუთრებულება არის ის, რომ ეროვნული სიმდიდრის შეფასებისას საწარმოო კაპიტალის და ბუნებრივ რესურსებთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არამატერიალურ კაპიტალს. არამატერიალური კაპიტალი მოიცავს ადამიანურ და სოციალურ კაპიტალს. ადამიანური კაპიტალი ფორმირდება უნარ-ჩვევების და ცოდნის სრულყოფის მიზნით განხორციელებული ინვესტიციებით, ხოლო ასეთი ინვესტიციებით მიღებული შემოსავალი კი ადამიანური კაპიტალის ღირებულებითი შეფასების საფუძველია. სოციალური კაპიტალი შეფასებულ იქნა საზოგადოების წევრთა შორის ნდობის ხარისხით და საზოგადოების სასარგებლოდ ერთობლივი შრომისადმი მათი მზადყოფნით, აგრეთვე არსებული ინსტიტუციური და მმართველობითი სისტემა, რომელიც გავლენას ახდენს ისეთ ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა, საკუთრების დაცვის მდგომარეობა, პოლიტიკური და კრიმინოგენული სტაბილურობა, გამოხატვის თავისებურება და პასუხისმგებლობა.
ბუნებრივი კაპიტალი მოიცავს ქვეყნის ენერგეტიკულ რესურსებს (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი), მინერალურ რესურსებს, ხე-ტყის რესურსებს, სახნავ და საძოვარ მიწებს, ნაკრძალებს.
საწარმოო აქტივები ფასდება ტრადიციული მიდგომით – აქტივების საწყისი მარაგის მოცულობა ცვეთისა და ინვესტირების გათვალისწინებით. ცხრილი #1 ასახავს ქვეყნების რეიტინგს სიმდიდრის მიხედვით.
ცხრილი #2-ის მონაცემები აჩვენებს, რომ საერთოდ არამატერიალური აქტივების ხვედრითი წონა 3-4-ჯერ მაღალია დანარჩენ ორ კომპონენტთან შედარებით. ამასთან სიმდიდრის მთლიან მოცულობაში მდიდარ ქვეყნებთან შედარებით, ღარიბ ქვეყნებში არამატერიალური აქტივების ხვედრითი წილი 59%-ია, სამაგიეროდ მაღალია ბუნებრივი რესურსების ხვედრითი წილი – 26%, საწარმოო კაპიტალის ხვედრითი წილი – 16%.
ცხრილი #1-ის მონაცემებიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკის სპეციალისტების გაანგარიშებით საქართველოს სიმდიდრე შეადგენს 55-60 მილიარდ დოლარს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა, მაგალითად ამ რეიტინგში შესული ლატვიის სიმდიდრე შეფასებულია 110 მილიარდ დოლარზე მეტად. სინგაპურში მოსახლეობის რაოდენობა მიახლოებით საქართველოს ტოლია და ბუნებრივი რესურსები ფაქტიურად არ გააჩნია, მაგრამ მისი კეთილდღეობა დაფუძნებულია მაღალტექნოლოგიურ მრეწველობაზე, საბანკო მომსახურებაზე, ტურიზმზე და მისი სიმდიდრე ტრილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული. შვეიცარია, რეიტინგში პირველ ადგილზეა, მისი სიმდიდრე 4,5 ტრილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული, თუმცა იგი ბუნებრივი რესურსებით ღარიბია, მაგრამ გარდა საბანკო სფეროსი, შესანიშნავად აქვს განვითარებული ლითონდამუშავება, მანქანათმშენებლობა კომპიუტერული ტექნიკის წარმოება და ტურიზმი.
საქართველოს სიმდიდრის მაჩვენებელი საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (მოსახლეობის ერთ სულზე 95 860) 7-ჯერ ჩამორჩება. ამის მიზეზი თვით სიმდიდრის შეფასების მეთოდოლოგიაშია – ეროვნული სიმდიდრე განსაზღვრულია არა აქტივების უბრალო ჯამით, არამედ იმ სარგებელით, რომლის მოცემაც შეუძლია ამ აქტივებს, ე.ი. სიმდიდრის რაოდენობრივი შეფასების განმსაზღვრელია შემოსავლების ის სიდიდე, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს მისი გამოყენებით. ფაქტიურად მსოფლიო ბანკის გამოკვლევა იმასაც ასახავს რამდენად გონივრულად განკარგავს სახელმწიფო თავის სიმდიდრეს. აქედან გამომდინარე, საწარმოს შეფასების დაბალი დონე, ჩვენი აზრით, განპირობებულია იმით, რომ საქართველოში არ არსებობს ფირმების წარმატებული ფუნქციონირების და დივიდენდების გაცემის სახელმწიფო აქტივების მაღალ ფასში გაყიდვის მდიდარი გამოცდილება. ქვეყნის აქტივების სათანადოდ შეფასებაზე უარყოფით გავლენას ახდენს “ჩალის ფასად” განხორციელებული პრივატიზაცია (შეგახსენებთ რომ სიმდიდრე შეფასებულია 2000 წლის მდგომარეობით) .
არამატერიალური აქტივების ხვედრითი წონა საქართველოს სიმდიდრის მთლიან მოცულობაში განვითარებული ქვეყნების ანალოგიურია, მაგრამ მოსახლეობის ერთ სულზე მისი აბსოლიტური სიდიდე ძალიან დაბალია. ეს ასახავს იმ ტენდენციებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, კერძოდ, განათლების საგრძნობი დევალვაცია. შეიცვალა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური წყობა; წარმოების ტექნიკურ-ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ბაზა. ერთ დროს მაღალი ინტელექტუალური პროფესიის მქონე სპეციალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევრები აღმოჩნდნენ ან დასაქმებულნი არიან სხვა პროფესიით. რეალურად მათი დიდი ნაწილის თეორიული მომზადება, კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები არ შეესაბამება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური წარმოების მოთხოვნებს. მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მონაცემები აჩვენებს, რომ სპეციალისტების მხოლოდ 10-15%-ია დასაქმებული მიღებული განათლების შესაბამისად.
თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა მოითხოვს მაღალ ინტელექტს და მაღალ შრომით კულტურას. საქართველოში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის ფორმირებისათვის უპირველესად ადამიანური კაპიტალის, ე.ი. იმ ადამიანების დეფიციტია, რომელთაც აქვთ აუცილებელი ინტელექტი, განათლება, კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები.
საქართველოში დაბალია სოციალური კაპიტალის და საზოგადოების წევრებს შორის ნდობის დონე. მსოფლიო ბანკის გამოკვლევა წარმოაჩენს ქვეყნების სიმდიდრის ცვლილებების დინამიკასაც. ამ გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი ქ. ჰამილტონი წერს: “თუ ქვეყნის სიმდიდრე მცირდება, ეს იმის სიგნალია, რომ მისი შემდგომი განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.” #1 ცხრილის მე-7 სვეტის მონაცემებიდან ჩანს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც სიმდიდრის რეიტინგის სათავეში არიან, ხასიათდებიან დაგროვების 15-20%-იანი ნორმით, ხოლო რეიტინგის ბოლოში მოქცეული ქვეყნების დაგროვების ნორმა უარყოფითია, ე.ი. წლიდან წლამდე მათი სიმდიდრე მცირდება. სამწუხაროდ, ამ ჯგუფს საქართველოც მიეკუთვნება, რომლის რეალური დაგროვების ნორმა უარყოფითია და 3 პროცენტს შეადგენს.
ჩვენი აზრით, შექმნილი მდგომარეობა გამოწვეულია იმით, რომ მაღალია მატერიალური აქტივების გაუფასურება და მოქმედებიდან გასვლა. ადრე მომქმედი საწარმოო აქტივების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეწყვიტა ფუნქციონირება, გაიყიდა, როგორც ჯართი, ხოლო მის მიერ დაკავებული ტერიტორია საცხოვრებელი ბინების მშენებლობის პოლიგონად იქცა. ქვეყნის სიმდიდრის მოცულობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა აგრეთვე ტყეების გაჩეხვამ, სახნავი მიწების გამოფიტვამ და ეროზიულმა პროცესებმა, ე.ი. საქართველოს სიმდიდრე კი არ იზრდება, არამედ, პირიქით, მცირდება. მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა მოითხოვს ამ უარყოფითი ტენდენციის დაძლევას.
საერთოდ ღარიბ ქვეყნებში სიმდიდრის შემცირების ტენდენციის გამო მსოფლიო ბანკის სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დასახული ათასწლეულის ამოცანების მიღწევის რეალურობას. მათი პროგნოზით, უახლოეს წლებში თუ ღარიბი ქვეყნების საწარმოო და არამატერიალური აქტივები არ ამაღლდება, უახლოეს ათწლეულში მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის განსხვავება უფრო გაიზრდება. ფაქტიურად ღარიბი ქვეყნები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და მათი მთავარი უბედურება არის ბუნებრივი რესურსების ამოწურვა და მატერიალური აქტივების განუვითარებლობა. ცხრილი #1-ის მონაცემები აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია ქვეყნის სიმდიდრე, მით უფრო მაღალია ამ ქვეყნებში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ-ს მოცულობა. მაგრამ თუ ერთმანეთს შეუდარებთ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს, გამოიკვეთება ერთი საინტერესო ტენდენცია – სიმდიდრის ერთეულზე წარმოებული მშპ-ს მოცულობა მცირდება.
ნობელის პრემიის ლაურიატი საიმონ კუზნეცი 1966 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ამტკიცებს, რომ ცალკეულ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პერიოდი ხასიათდება ეროვნული სიმდიდრის მწარმოებლურობის ზრდით, ე.ი. ეკონომიკური ზრდის პერიოდში მშპ-ს შეფარდება ეროვნულ სიმდიდრესთან მცირდება.
ცნობილი ფრანგი ისტორიკოსის ფ. ბროდელის5 მტკიცებით, კაპიტალიზმის განვითარების უკანასკნელი ოთხასი წლის განმავლობაში ქვეყნის მშპ-ს და კაპიტალის მოცულობის თანაფარდობა 1:3-1:7 ფარგლებშია. მაშასადამე, ეს თანაფარდობა ერთგვარ კონსტანტას წარმოადგენს
ეკონომიკის განვითარების ძირითადი მამოძრავებელია კაპიტალი. სიმდიდრემ განვითარება რომ განაპირობოს, აუცილებელია მექანიზმი, რომელიც ქვეყნის სიმდიდრეს გარდაქმნის ლიკვიდურ კაპიტალად. კარგად ცხოვრობენ არა იმ ქვეყნებში, სადაც დიდი ეროვნული სიმდიდრეა, არამედ იქ, სადაც შეძლეს ამ სიმდიდრის საბაზრო ბრუნვაში მოქცევა.
ეკონომიკურ ლიტერატურაში გაჩნდა ახალი ტერმინი – “ქვეყნის კაპიტალიზაცია”. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელია დაბალი კაპიტალიზაცია – არსებული რესურსები უბრალოდ არ მუშაობს განვითარებაზე.
ეკონომიკის კაპიტალიზაცია მრავალწახნაგოვანი კატეგორიაა. ის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის, მისი ინოვაციური მოდელის დანერგვის ძირითადი ინსტრუმენტია. ეკონომიკის კაპიტალიზაცია ამავე დროს ქვეყანაში ეკონომიკის ეფექტიანობის, სამეწარმეო გარემოს, მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ინდიკატორია. ხშირად აღნიშნავენ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, მაგრამ აქცენტი კეთდება ძირითადად უცხოურ ინვესტიციებზე, ხოლო თითქმის არ მახვილდება ყურადღება ადგილობრივ-ენდოგენურ ინვესტიციებზე, განსაკუთრებით ამ მიმართულებით მოსახლეობაში არსებული შესაძლებლობების გამოყენებაზე. ეს უკანასკნელი კი მთელ მსოფლიოში ინვესტიციების მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება. საქართველოში მოსახლეობის დანაზოგი, ანუ სხვაობა მიღებულ შემოსავალსა და მოხმარებას შორის, ცხოვრების საერთო დაბალი დონის მიუხედავად, უმნიშვნელო არ არის ჩვენი ეკონომიკისათვის. დანაზოგის ძირითადი წყაროა ქვეყნის გარეთ გასული მოსახლეობის ფულადი გზავნილები. ამასთან გაჩნდა ე.წ. “ბიზნეს ანგელოზები” – ადამიანები, რომლებმაც სპორტის და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს და იღებენ დიდ შემოსავლებს. ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობის წლიური დანაზოგი 1-1,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ცხადია, მოქალაქეები საკუთარი ინტერესების შესაბამისად განსაზღვრავენ თავიანთ დანაზოგს, სამეურნეო რეალიზაციის მიმართულებებს და ფორმებს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ დღევანდელ საქართველოში მოსახლეობა მიისწრაფვის თავისი დანაზოგი დააბანდოს არა საწარმოო სფეროში, არამედ უძრავ ქონებაში, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ინტერესების თვალსაზრისით, ნაკლებად არის დაკავშირებული ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდასთან.
ფაქტიურად განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის გამო, საქართველოში შეიქმნა სიტუაცია, რომელიც მცდარ ინფორმაციას იძლევა საზოგადოებრივ ფასეულობებზე და იწვევს რესურსების მცდარ ალოკაციას რაც ხელს არ უწყობს ეკონომიკურ ზრდას. უფრო მეტიც, შეინიშნება საპირისპირო ტენდენცია, წარმოების სფეროში დაბანდებული კაპიტალის გადადინება სპეკულატურ სფეროში და უძრავ ქონებაში. ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს საწარმოთა მყარად ნაგები შენობების ნგრევა, მანქანა-მოწობილობების ჯართად გაყიდვა და ტერიტორიების განთავისუფლება ბინათმშენებლობისათვის.
საქართველოში მიმდინარე პროცესები ყველაზე რელიეფურად, ვლინდება თბილისში. გვახსენდება ნობელის პრემიის ლაურეატის პ. სამუელსონის მოსაზრება სუსტად განვითარებული ქვეყნების ტიპიური ნიშნების შესახებ: … “ღარიბ ქვეყნებში საოცარი სისწრაფით მრავლდება ფეშენებლური საცხოვრებელი სახლები, მაშინ როცა მრეწველობას ძლივს უდგას სული, რადგან არ არსებობს სახსრები ტექნიკური გადაიარაღებისათვის”6.
თბილისში მიმდინარე ბინების, გასართობი ცენტრების, შადრევნების მშენებლობების მასშტაბები გვარწმუნებს, რომ მოსახლეობაში არსებობს დანაზოგების არც თუ უმნიშვნელო მოცულობა, მაგრამ ის გარდაიქმნება არა ეკონომიკის აღდგენასა და მოდერნიზაციაზე “მომუშავე კაპიტალად”, არამედ იყინება უძრავ ქონებაში. ეს ტენდენცია სისტემატურად სტიმულირდება განცხადებებით იმის შესახებ, რომ უძრავი ქონების ფასები კვლავ გაიზრდება და ეს პროგნოზი დიდი ასოებით გამოტანილია ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებზე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მშენებლობის წინააღმდეგნი არ ვართ, უფრო მეტიც მოძველებული საბინაო ფონდი განახლებას მოითხოვს, მაგრამ მას ზურგს უნდა უმაგრებდეს მოსახლეობის მიმდინარე შემოსავლები, ეკონომიკა. ამის წყარო კი სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაა.
უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას და სამეწარმეო საქმიანობის განუვითარებლობას ერთი და იგივე მიზეზები აქვს: ცუდი სამეწარმეო გარემო, საფონდო ბირჟის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩანასახოვანი მდგომარეობა.
რუსეთის იმპერიის ორსაუკუნოვანმა კოლონიურმა მმართველობამ საქართველო, შეიძლება ითქვას, კანონზომიერი განვითარების რელსებიდან ამოაგდო. ჩვენი ჩრდილოელი “ძმის” პოლიტიკამ ქართველი ერის ცნობიერება რამდენადმე დაამახინჯა. აი რას წერს 1907 წელს გამოჩენილი ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი ფილიპე გოგიჩაიშვილი:
– “ქართველის სამეურნეო აზროვნება უფრო საშუალო საუკუნეების წყობილებასთან არის შეთანხმებული, ვიდრე ახლანდელ აღებ-მიცემობასა და კაპიტალისტურ ხანასთან. დღესაც ქართველის წარმოდგენით ქონების დანიშნულება ის არის, რომ დაიხარჯოს, “შეიჭამოს”, ადამიანს პირადი მოთხოვნილება დაუკმაყოფილოს. ამიტომაც ქართველი ფულს უცქერს არა როგორც კაპიტალს, არა როგორც აღებ-მიცემობის საშუალებას, არამედ როგორც დასახარჯ ქონებას”7.
ხშირ შემთხვევაში მენტალურად დღესაც იგივე მდგომარეობაა, რაზედაც ილია 1889 წელს წერდა:
“რამდენი მაგალითია იმისა, რომ უცხო ქვეყნელი, ვინ იცის საიდამ მოსული და ჩვენში შემოხიზნული, არამც თუ ლუკმა პურსა შოულობს, მდიდრდება, კეთდება ჩვენს შორის, და ჩვენა კი, ჩვენს საკუთარ სახლსა და ქვეყანაში ჩვენს საკუთარ მამა-პაპის ბანზედ გვენატრება სარჩო და საგზალი ცხოვრებისა.”
ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომ მოსახლეობამ პირადი კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის საკუთარი დანაზოგი დააბანდოს სამეწარმეო საქმიანობაში, მეწარმეობა იქცეს ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების წესად, ანუ უნდა მოხდეს მოსახლეობაში დაგროვებული სახსრების კაპიტალიზაცია, მათი წარმოებაში დაბანდება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუცილებელია ქვეყანაში არსებული რესურსების ამუშავება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial