ბიზნეს-განათლების რეფორმის პრიორიტეტები საქართველოში ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზაზე

ია ნაცვლიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საქართველოში ეკონომიკური პრობლემების დაძლევა, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარება, სტაბილური სოციალური და პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრირებაზე. საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში უმნიშვნელოვანესია ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში ინტეგრირება.

ბოლონიის პროცესის ფარგლებში განსაზღვრული განათლების სისტემის რეფორმირების პრიორიტეტები გლობალიზაციის კონტექსტიდან გამომდინარეობს და მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის ჰარმონიზაციას, მსოფლიო მასშტაბით ევროპული უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც თავის მხრივ, გულისხმობს სამუშაო ძალის გლობალური ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებას. უმაღლესი განათლების სისტემა აქტიურად უნდა უწყობდეს ხელს დასაქმების ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროდუქტის – კურსდამთავრებულის დასაქმების პერსპექტივების პრიორიტეტულობა, ჩვენი აზრით, სრულად შეესაბამება ევროკავშირის მიერ 2000 წელს მიღებულ სამუშაო ადგილებისა და ზრდის ლისაბონის სტარტეგიას.1
დასაქმების ზრდის ამოცანის წარმატებით გადაწყვეტაში უმაღლესი განათლების სისტემას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებთან მისადაგებული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებით. საგანმანათლებლო პროგრამის პირველივე საფეხურის (ბაკალავრიატი) დამთავრების შემდეგ სტუდენტებს უნდა გააჩნდეთ კომპეტენციები, რაც იძლევა დასაქმების, მობილობისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობებს.
2008 წლის გაზაფხულზე, ე. წ. “თუნინგის” (საგანმანათლებლო სტრუქტურების შეთანაწყობა ევროპაში) პროექტის ფარგლებში ევროპის მასშტაბით ჩატარდა კვლევა კურსდამთავრებულთა უნარებისა და კომპეტენციების მნიშვნელობის შესახებ. თუნინგის პროექტი დაიწყო ევროპის ქვეყნების განათლების მინისტრების მიერ ბოლონიის დეკლარაციის ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ (2000 წელს) და “… თავი მოუყარა შესაბამისი სფეროების მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს 27 ევროპული ქვეყნის 135 ცნობილი უმაღლესი სასწავლებლიდან. მან უზრუნველყო სტრუქტურული გარემო ერთობლივი მუშაობისათვის, როგორც დიდი რაოდენობის საპილოტე დარგობრივი სფეროების საკითხებზე, ასევე მთლიანად უმაღლესი განათლების რელევანტულ ასპექტებზეც”.2
2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. ის პასუხობს კითხვებს, თუ როგორი კომპეტენციების გამომუშავებაზე უნდა იყოს ორიენტირებული ევროპაში ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამები, რამდენად პასუხობს ის სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებს და დამსაქმებლების მოლოდინებს, რამდენად ემთხვევა ერთმანეთს სტუდენტების, კურსადამთვრებულების და აკადემიური პერსონალის მოსაზრებები. კვლევა განხორციელდა ორი ტიპის კომპეტენციის – ზოგადისა და დარგობრივის მნიშვნელობისა და მათი საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამომუშავების დონის შესახებ.
აკადემიური პერსონალის, კურსდამთავრებულების, სტუდენტებისა და დამსაქმებლებისათვის ზოგადი კომპეტენციის კითხვარმა მოიცვა იმ ზოგადი უნარებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს პროფესიული წარმატებისათვის (დანართი 1)3. ბიზნესის ადმინისტრირების დარგობრივი, სპეციფიკური კომპეტენციების კითხვარი შეიცავს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ იმ დარგობრივი უნარებისა და კომპეტენციების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს პროფესიული წარმატებისათვის (დანართი 2)4.
ზოგადი კომპეტენციების შესახებ კითხვარში შესული 31 კომპეტენციის მნიშვნელობა პროფესიული წარმატებისათვის და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი გამომუშავების დონე რესპოდენტების მიერ ფასდებოდა 4-ქულიანი სისტემით. რანჟირების შედეგად მიღებულია კომპეტენციათა ზედა ხუთეული (ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენციები, ან კომპეტენციის გამომუშავების მაღალი დონე) და ქვედა ხუთეული (ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი კომპეტენციები ან კომპეტენციის გამომუშავების ყველაზე დაბალი დონე). გამოიკითხა ოთხი ტიპის რესპოდენტი: აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და დამსაქმებლები. ოთხივე ტიპის რესპოდენტი დაჯგუფებული იყო კლასტერებად ქვეყნისა და უნივერსიტეტების (ინსტიტუტების) მიხედვით.
გამოკითხვა ჩატარდა ევროპის მასშტაბით 27 ქვეყნის 9 დარგის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით (ბიზნესის ადმინისტრირება, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებანი, განათლების მეცნიერებანი, ევროპისმცოდნეობა, ისტორია, მათემატიკა, საექთანო საქმე, ფიზიკა). ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობა შეადგენს 7087 რესპოდენტს, ხოლო თითოეული ჯგუფის მიხედვით რესპოდენტთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: კურსდამთავრებული – 1948, პროფესორი – 2041, სტუდენტი – 2219, დამსაქმებელი – 879. საქართველოში ჩატარებული კვლევის პროცედურების დაგეგმვასა და ორგანიზებაში, მონაცემთა ბაზის შექმნაში მონაწილეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი სტატიის ავტორის მონაწილეობით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის ევროპული სკოლა (ESM) და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რესპოდენტთა მთლიანი რაოდენობის მიერ (ოთხივე ჯგუფი ერთობლივად) ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეული და შესაბამისი რეიტინგის მიხედვით დალაგებული ზოგადი კომპეტენციების ზედა ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:5
1. აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარი; 2. პრაქტიკულ სიტუაციებში ცოდნის გამოყენების უნარი; 3. პრობლემის იდენტიფიცირების, დასმისა და გადაწყვეტის უნარი; 4. მშობლიურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 5. სწავლის და ცოდნის მუდმივი განახლების უნარი. მეეექვსე პოზიცია დაიკავა დარგის ცოდნა-გააზრებისა და პროფესიის გათავისების უნარმა, ხოლო მეშვიდე – სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარმა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისა და დამსაქმებლების მიერ მნიშვნელობის მიხედვით რანჟირებული კომპეტენციების პირველი ექვსეული თითქმის იდენტურია6.
მართალია, თითოეული ჯგუფის მიერ მიცემული შეფასებები უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ კომპეტენციათა რიგითობა ერთნაირია. თავისუფლად შეიძლება დავასკვნათ, რომ სტუდენტები ყველაზე უკეთ “გრძნობენ” სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებს და კონკურენტუნარიანობის უზრუნველმყოფი კომპეტენციების სახეობებს. კვლევის ეს შედეგი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პროცესში სტუდენტთა აზრის გათვალისწინების დიდი მნიშვნელობის შესახებ.
რესპოდენტთა მთლიანი რაოდენობის მიერ ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვნად მიჩნეული კომპეტენციების ქვედა ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. სოციალური პასუხისმგებლობითა და სამოქალაქო თვითშეგნებით მოქმედების უნარი; 2. საქმიანი წამოწყებისა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარი; 3. თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული საკითხების გაცნობიერების უნარი; 4. გარემოს დაცვის ვალდებულების შეგნება; 5. უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შეგნება. ქვედა ხუთეულში რესპოდენტთა თითოეული ჯგუფისათვის საერთო აღმოჩნდა სამი კომპეტენცია: 1. თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული საკითხების გაცნობიერების უნარი; 2. გარემოს დაცვის ვალდებულების შეგნება; 3. უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შეგნება. აკადემიური პერსონალის, დამსაქმებლების, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების აზრი პროფესიული წარმატების მისაღწევად ამ კომპეტენციების უმნიშვნელო როლის შესახებ ასევე ერთნაირია.
აკადემიურ პერსონალს, დამსაქმებლებისაგან განსხვავებით, გაცილებით მნიშვნელოვნად მიაჩნია სათანადო დონეზე კვლევის წარმართვის უნარი. დამსაქმებლები კი, აკადემიური პერსონალისაგან განსხვავებით, გაცილებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ გუნდური მუშაობის უნარს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აკადემიური პერსონალისა და დამსაქმებლების მოსაზრებების განსხვავება. რესპოდენტთა ამ ორი ჯგუფის მოსაზრებების კორელაციის კოეფიციენტი დაბალია სხვა ჯგუფების კორელაციის კოეფიციენტებთან შედარებით – 0,753. სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კორელაციის კოეფიციენტი ყველაზე მაღალია – 0,978. როგორც ვხედავთ, აკადემიური პესონალისა და დამსაქმებლების მოსაზრებები უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ვიდრე კურსდამთავრებულების ან სტუდენტებისა დამსაქმებლებისაგან.7
სასწავლებელში უნარების გამომუშავების დონის მიხედვით რანჟირებულ კომპეტენციათა ზედა ხუთეულში ოთხივე ჯგუფისათვის საერთო აღმოჩნდა შემდეგი სამი კომპეტენცია: 1. აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარი; 2. დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 3. სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი. აკადემიურ პერსონალს, დამსაქმებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ერთნაირად მიაჩნიათ, რომ სასწავლო პროგრამები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ კომპეტენციების გამომუშავებას ყველაზე უკეთესად უზრუნველყოფს. უნარების გამომუშავების დონის მიხედვით რანჟირებულ კომპეტენციათა ქვედა ხუთეულში ოთხივე ჯგუფისათვის საერთო აღმოჩნდა შემდეგი სამი კომპეტენცია: 1. არასპეციალისტებთან კომუნიკაციის უნარი; 2. ადამიანების მოტივირებისა და საერთო მიზნისაკენ წარმართვის უნარი; 3. საქმიანი წამოწყებისა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარი. გამოკითხულთა ოთხივე ჯგუფი აღიარებს, რომ უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პროგრამები ვერ უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნული უნარების გამომუშავებას.
თუ შევადარებთ რესპოდენტთა მოსაზრებებს კომპეტენციების მნიშვნელობისა და უმაღლეს სასწავლებელში მათი გამომუშავების დონის შესახებ, კომპეტენციების მნიშვნელობა უფრო მაღალია, ვიდრე გამომუშავების დონე. დამსაქმებლების, სტუდენტების და კურსდამთავრებულების აზრით, განსაკუთრებით დიდია განსხვავება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის მნიშვნელობასა და ამ უნარის გამომუშავების დონეს შორის. რესპოდენტები მიუთითებენ ამ კომპეტენციის უდიდეს მნიშვნელობაზე, მაგრამ მიაჩნიათ, რომ არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში მისი გამომუშავების დონე სათანადო არ არის. კვლევის ეს შედეგი უმაღლესი განათლების მმართველი ორგანოების განსაკუთრებული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განახლების პროცესში სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ცოდნის პრაქტიკულ სიტუაციებში გამოყენების უნარის გამომუშავების საკითხებს, როგორც კონკრეტული სასწავლო კურსებისა და სავალდებულო პრაქტიკის სახით, ასევე ცალკეულ კურსებში სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
განსაკუთრებით საინტერესოა ბიზნესის ადმინისტრირების დარგობრივი, სპეციფიკური კომპეტენციების (დანართი 2)8 შესახებ მოპოვებული მასალები. მნიშვნელობის მიხედვით რანჟირებული ზედა ხუთეული9 შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. ცხრილი #3).
მნიშვნელობის მიხედვით რანჟირებულ კომპეტენციათა ქვედა ხუთეულში10 აღმოჩნდა შემდეგი კომპეტენციები (იხ. ცხრილი #4).
კომპეტენცია #1 (კომპანიის წინაშე არსებული პრობლემების ანალიზის, სტრუქტურირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი (მაგ.: ახალი ბაზრის ათვისება)) და კომპეტენცია #11 (სწავლის უნარი, მაგ.: როგორ, როდის, სად არის საჭირო პერსონალური განვითარება (მაგ.: რიტორიკა, პრეზენტაციის ტექნიკა, მუშაობა ჯგუფში, პირადი მენეჯმენტი)) საერთოა რესპოდენტთა ოთხივე ჯგუფისათვის. კომპეტენცია #23 (უცხო ენაზე წერა, საუბარი, კითხვა და გაგება (მაგ.: ინგლისური, როგორც სამუშაო უცხო ენა)) ფიგურირებს აკადემიურ პერსონალთან, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებთან, ხოლო დამსაქმებლების ზედა ხუთეულში საერთოდ არ შედის. ასევე დამაფიქრებელია, რომ დიდია განსხვავება უცხო ენის შესახებ მოსაზრებებს შორის: #21 კომპეტენციას (უცხო ენის სტრუქტურის ცოდნა და მუშაობისათვის საჭირო სიტყვათა მარაგის/ლექსიკონის შექმნა (მაგ.: ინგლისური, როგორც უცხო ენა) კურსდამთავრებულები და სტუდენტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ (ზედა ხუთეულში ათავსებენ), ხოლო დამსაქმებლები არცთუ დიდი მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევენ მას (კომპეტენცია აღმოჩნდა ქვედა ხუთეულში). საყურადღებოა, რომ დამსაქმებლები ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ რაოდენობრივი ანალიზის გამოყენებას ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებისას (კომპეტენცია #6 – ადეკვატური ინსტრუმენტების განსაზღვრა და გამოყენება (მაგ.: ბაზრის ანალიზი, სტატისტიკური ანალიზი, შედარებითი კოეფიციენტები)).
დარგობრივი კომპეტენციების მნიშვნელობის შესახებ სტუდენტებისა და კურსდამთვრებულების შეხედულებები უფრო მეტად განსხვავდება დამსაქმებლების მოსაზრებისაგან, ვიდრე მათი შეხედულებები ზოგადი კომპეტენციების შესახებ განსხვავდება დამსაქმებლების ანალოგიური მოსაზრებებისაგან. დარგობრივი კომპეტენციების მნიშვნელობის მიხედვით რანჟირებისას განსხვავება დამსაქმებლებისა და სტუდენტების მოსაზრებებს შორის უფრო დიდია, ვიდრე განსხვება დამსაქმებლებსა და კურსდამთავრებულებს შორის (კორელაციის კოეფიციენტები შესაბამისად 0,536 და 0,631).11 ეს შედეგი განსხვავებულია ზოგადი კომპეტენციების შესახებ ანალოგიური მონაცემებისაგან, სადაც სტუდენტებისა და დამსაქმებლების მიერ კომპეტენციების რანჟირების სქემებს შორის კორელაციის კოეფიციენტი გაცილებით უფრო მაღალია – 0,920, რაც მათი მოსაზრებების მნიშვნელოვან თანხვედრაზე მიუთითებს.
მიგვაჩნია, რომ კვლევის შედეგებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დამსაქმებელთა აზრი ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დარგობრივი კომპეტენციების ზედა ხუთეულის შესახებ: კომპეტენცია #1- კომპანიის წინაშე არსებული პრობლემების ანალიზის, სტრუქტურირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი (მაგ.: ახალი ბაზრის ათვისება); #6 – ადეკვატური ინსტრუმენტების განსაზღვრა და გამოყენება (მაგ.: ბაზრის ანალიზი, სტატისტიკური ანალიზი, შედარებითი კოეფიციენტები); 16 – არსებული და ახალი ტექნოლოგიების ცოდნა და მისი ზეგავლენა ახალ/სამომავლო ბაზრებზე; #11 – სწავლის უნარი, მაგ.: როგორ, როდის, სად არის საჭირო პერსონალური განვითარება (მაგ.: რიტორიკა, პრეზენტაციის ტექნიკა, მუშაობა ჯგუფში, პირადი მენეჯმენტი): #9 – ორგანიზაციის ფუნქციონალური სფეროებისა და მათ შორის არსებული კავშირების განსაზღვრა (მაგ.: შესყიდვები, წარმოება, ლოგისტიკა, ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები).
ჩვენი აზრით, სწორედ დამსაქმებელთა მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ ზემოთ აღნიშნული კომპეტენციების გამომუშავებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამას შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება საქართველოში ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზაზე დასაქმების ზრდის თვალსაზრისით. სწორედ ასეთი კოპმპეტენციების გამომუშავება უნდა წარმოადგენდეს ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმის პრიორიტეტებს საქართველოში.
ამრიგად, 2008 წლის გაზაფხულზე თუნინგის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა ევროპის მასშტაბით ბიზნეს-განათლების გამოწვევების შესახებ. სტუდენტებისა და დამსაქმებლების მიერ მნიშვნელობის მიხედვით რანჟირებული კურსდამთავრებულთა კომპეტენციების პირველი ექვსეული თითქმის იდენტურია. სტუდენტები ყველაზე უკეთ “გრძნობენ” სამუშაო ძალის ბაზრის მოთხოვნებს და კონკურენტუნარიანობის უზრუნველმყოფი კომპეტენციების სახეობებს.
კვლევის ეს შედეგი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის პროცესში სტუდენტთა აზრის გათვალისწინების დიდი მნიშვნელობის შესახებ. კვლევის შედეგების მიხედვით, კომპეტენციების მნიშვნელობა უფრო მაღალია, ვიდრე სასწავლებელში მისი გამომუშავების დონე. განსაკუთრებით დიდია განსხვავება ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის მნიშვნელობასა და ამ უნარის გამომუშავების დონეს შორის. საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განახლების პროცესში სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ცოდნის პრაქტიკულ სიტუაციებში გამოყენების უნარის გამომუშავების საკითხებს, როგორც კონკრეტული სასწავლო კურსებისა და პრაქტიკის სახით, ასევე ცალკეულ კურსებში სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.