ინვესტიციების სახელმწიფო-ებრივი მხარდაჭერისა და მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფი-სათვის საქართველოში

ლამარა ქოქიაური. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

სტრატეგიული სახელმწიფო დაგეგმვა, პროგრამირება და ეკონომიკის რეგულირება გულისხმობს ცალკეული დარგების და საწარმოების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას (დაფინანსებას და შეღავათიან დაკრედიტებას), მათთვის ყოველგვარი საგადასახადო და საბაჟო შეღავათების მიცემას, განსაკუთრებით – ეკონომიკის რეალურ სფეროში საინვესტიციო პროცესის განხორცილებასთან დაკავშირებით.

უფრო მეტიც, საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საკუთრების ნებისმიერი ფორმის საწარმოს წარმატებულ ფუნქციონირებას და ესა თუ ის საგადასახადო და სხვაგვარი შეღავათები მისცეს მათ. ასეთი შეღავათებითა და მხარდაჭერით მოსარგებლე საწარმოები დამატებით ფინანსურ უპირატესობებს იძენენ, რაც მოასწავებს საერთო სახელმწიფო ფინანსურ რესურსების გადანაწილებას ცალკეული საწარმოებისა თუ დარგების სასარგებლოდ. თუკი ეს საწარმოები და დარგები სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება, მაშინ დიდი პრობლემები არ ჩნდება, რადგან სახელმწიფოს ფინანსური რესურსები არ სცდება სახელმწიფო საკუთრების ფარგლებს. თუმცა სახელმწიფო საწარმოები აქაც შედარებით განკერძოებულია და მეურნეობრიობის იურიდიულად დამოუკიდებელ რგოლებადაა გამოყოფილი, სამეურნეო პასუხისმგებლობის, ანაზღაურებისა და რენტაბელობის პრინციპებზე დაყრდნობით მუშაობს. ბიუჯეტიდან გაწეულ დახმარებას, საგადასახადო და სხვა შეღავათებს სერიოზულად შეუძლია დაამახინჯოს საწარმოს კომერციული ანგარიშიანობა, შექმნას სხვის კმაყოფაზე ყოფნის ატმოსფერო და მნიშვნელოვნად შეასუსტოს ეფექტიანად მეურნეობრიობის სტიმულები.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და საწარმოების შერჩევითი მხარდაჭერა დანაშაულობებსა და კორუფციას უქმნის ნიადაგს, რაც მნიშვნელოვნად არღვევს კვლავწარმოების დარგთაშორის პროპორციებს და დასახული მიზნების საპირისპირო შედეგს იძლევა. თუმცა მიუხედავათ ამისა, დაუშვებელია უარი ვთქვათ ეკონომიკაზე სახელმწიფოს სათანადო აქტიურ ზემოქმედებაზე, უარყოფითი შედეგების მაქსიმალურად ნეიტრალიზებასთან ერთად.
ჩვენი აზრით, სახელმწიფო მხარდაჭერა, საგადასახადო და საბაჟო შეღავათები, გრძელვადიანი კრედიტით დახმარება უნდა გაეწიოს ისეთ საინვესტიციო პროდუქტებს, რომლებსაც შეუძლია, სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის შესაბამისად, განსაზღვრული ამოცანების გადაჭრა. ასეთი კრედიტი პროტექციონისტული საინვესტიციო კრედიტია, რომლის ოდენობაც წლიურ 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ სხვა სახეობის სესხების ინფლაციაზე ინდექსირება ავტომატურად უნდა ხდებოდეს.
მაგალითად, თუ სახელმწიფო მხარს უჭერს საავტომობილო მრეწველობას, უცხოური წარმოების ავტომობილების და საბაჟო შეღავათების, აგრეთვე იმპორტის გზაზე ამგვარი მხარდაჭერა უნდა შეფასდეს ეკონომიკურად (საგადასახადო და არსებული საბაჟო ბარიერების ჩათვლით), დაფიქსირდეს ფულის გარკვეული თანხით და გაფორმდეს როგორც სახელმწიფოს მიერ გარკვეული დროით, ვთქვათ, 10 წლით, 1%-ად გაცემული კრედიტი (ინფლაციაზე მისი სრულად ინდექსირებით).
პროტექციონისტული საინვესტიციო კრედიტი უნდა მიიღონ მხოლოდ იმ1 სახელმწიფო და კერძო საწარმოებმა, რომლებიც საბაზრო თვითანაზღაურების საფუძველზე მუშაობენ და შეძლებისდაგვარად უფრო მაღალ რენტაბელობაზე არიან ორიეტირებული გრძელვადიანი პერსპექტივით.2 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარ კრედიტს უნდა იყენებდნენ მხოლოდ იმ საწარმოებისათვის, რომლებიც მეურნეობრიობის საბაზრო მექანიზმის ფარგლებში მუშაობენ. ამ მექანიზმის ფარგლებში უნდა ფუნქციონირებდნენ არა მარტო კერძო საწარმოები, არამედ ის მსხვილი სახელმწიფო საწარმოებიც, რომლებიც სამომხმარებლო მოთხოვნაზე არიან ორიენტირებული. სწორედ ამის მაგალითია საავტომობილო მრეწველობის საწარმოები.
საინვესტიციო ღონისძიებების განხორციელების დიდი შესაძლებლობები გააჩნია კორპორაციულ სექტორს, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში. ასეთივე ღონისძიებები და პროგრამები საწარმოებისა და კორპორაციების ფარგლებში მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებულ დაწოლას. ესაა განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სფეროში გატარებული ღონისძიებები; საბავშვო ბაღების, დასასვენებელი სახლების, სანატორიუმების, პოლიკლინიკებისა და საავადმყოფოების, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტურქტორო სამუშაოების დაფინანსება. საწარმოებისა და კორპორაციების ასეთი საქმიანობის კომპენსირებას გარკვეულწილად სახელმწიფო უნდა ახდენდეს ე.წ. საგადასახადო ჩათვლების მეშვეობით, რაც საერთაშორისო ინვესტირების დამახასიათებელი ტენდენციაა.3
ასეთ სისტემას სასურველია საფუძვლად დაედოს საბიუჯეტო დაფინანსების საერთო სახელმწიფო ნორმატივები და განისაზღვროს გადასახდელების გადახდაში საწარმოს (ორგანიზაციის) ფინანსური ხარჯების ჩათვლის წესი. ჩათვლა უნდა შეეხოს ბიუჯეტიდან იმავე მიზნებით გაწეული ხარჯების არა მთელ თანხას, რაც ბიუჯეტიდან დაფინანსების საგანიცაა, არამედ მის გარკვეულ ნაწილს ოპტიმალური ნორმატივის ფარგლებში. რადგან ზოგ გადასახადს ცენტრალურ ბიუჯეტში იხდიან, ზოგს კი – რეგიონულში, მიზანშეწონილია საგადასახადო ჩათვლების გამოყენება ორივე დონეზე. საგადასახადო ჩათვლები გამოყენებულ უნდა იქნეს საკუთრების ყველა ფორმის იმ საწარმოებისთვის, რომლებიც მეურნეობრიობის საბაზრო ან საგეგმო-განაწილებითი მექანიზმის ფარგლებში ფუნქციონირებენ.
რაც შეეხება სახელმწიფო მხარდაჭერას პროტექციონისტული საინვესტიციო კრედიტის სახით გაცემულ საგადასახადო და სხვა შეღავათებს, საწარმოების (ორგანიზაციების) ნაწილს ამას უსასყიდლოდ უნდა უწევდნენ, სრულად ან ნაწილობრივ, მკაცრად განსაზღვრულ პირობებში:
ა) როცა საქმიანობა არ არის ორიენტირებული სრულ საბაზრო თვითანაზღაურებაზე და მაღალი მოგების მიღებაზე (კოსმოსური და ბირთვული კვლევები, სხვადასხვაგვარი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტურქტორო დამუშავებები, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა და ა.შ.) თუმცა, ასთ შემთხვევებში გამორიცხული არ არის გარკვეული მოგების მიღება და ნაწილობრივ ანაზღაურება (მაგალითად, როცა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, სტუდენტების უფასო სწავლებასთან ერთად, ეწევა ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას);
ბ) როცა მეურნეობრიობის საბაზრო მექანიზმის პირობებში საბაზრო გამოსყიდვასა და მოგებაზე ორიენტირებული, მოქმედი სახელმწიფო და კერძო საწარმოები სახელმწიფოს რეგულიერებას ექვემდებარება, რასაც გარკვეული ზარალი მოაქვს მათთვის.
ამ ზარალის კომპენსირება შეიძლება სახელმწიფო მხარდაჭერის უსასყიდლოდ გაწევით (უპროცენტო კრედიტი, დაუბრუნებელი დაფინანსება), საგადასახადო და საბაჟო შეღავათებით, გადასახადებისგან მთლიანად გათავისუფლებით.
გარდა ამისა, სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული ზარალის (მაგალითად, ფასის ზედა ზღვარის დაწესებით დაქვეითებული მოგების) კომპენსირება ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსებითაც შეიძლება. აქ შესაძლებელია დოტაციის სახით საბიუჯეტო დაფინანსების შეთავაზება როგორც დოტირებული პროდუქციის მწარმოებლური საწარმოსთვის, ასევე ამ პროდუქციის მომხმარებლისთვის.
ამასთან, ბიუჯეტიდან არ უნდა ხდებოდეს ისეთი სახელმწიფოებრივი რეგულიერების კომპენსირება, რომელიც საწარმოებსა და ორგანიზაციებს არ აძლევს მონოპოლიური მოგების მიღების შესაძლებლობას.
პროტექციონისტული საინვესტიციო კრედიტისა და საგადასახადო ჩათვლების შემოღებასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ შემუშავებული წინადადებები მიმართულია მისამართიანი ფინანსური ნაცვალგების პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენებაზე, ცალკეული საწამოებისა და დარგების სახელმწიფოებვრივი მხარდაჭერისა და მათთვის საგადასახადო და სხვაგვარი შეღავათების მინიჭების ფარგლებში. სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და შეღავათები, რაც ტრადიციული გაგებით უსათუოდაა საჭირო, ეწინააღმდეგება მისამართიანი საბიუჯეტო ნაცვალგების პრინციპს, რასაც მთელი რიგი უარყოფითი შედეგი მოსდევს. ჩვენი წინადადება რეალურად იძლევა მისამართიანი ფინანსური ნაცვალგების პრინციპის აღდგენის შესაძლებლობას.
აქვე ყურადღებას ვამახვილებთ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვაზე და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება სულ მცირე 10 წლისთვის. ამგვარი გეგმის ფარგლებში, მისი სისტემის დამაკონკრეტებელი ბლოკების სახით, ხელსუფლებისა და საწარმოების ინიციატივით საჭიროა საინვესტიციო პროგრამების კომპლექსური პაკეტის შემუშავება და საზოგადოებისა და სპეციალისტების მიერ მისი ფართოდ განხილვა, თვით პროგრამებისა და მათი შემსრულებლების შერჩევისათვის კონკურსის გამოყენება.
სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს, აგრეთვე, საინვესტიციო 3პროგრამების სახელმწიფოებრივი მხადაჭერის (დაფინანსების, შეღავათიანი დაკრედიტების, საგარეო ეკონომიკურ კავშირებში პროტექციონიზმის, იურიდიული რდაპირი დაფინა დაცვის, სამეცნიერო-ტექნიკური ექსპერტიზისა დაკონსულტირების) ღონისძიებათა კომპლექსი სტრატეგიული სახელმწიფო გეგმის ფარგლებში, აგრეთვე, მისი მხარდამჭერის საგადასახადო და საბაჟო შეღავათების სისტემა.1
სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამების შემსრულებელ მმართველთა და სპეციალისტთა კოლექტივები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ საკმაოდ მაღალი მატერიალური ანაზღაურებით და არა მოხელის სტანდარტული ხელფასითა და სტანდარტული პრემიებით.
სახელმწიფოს სტრატეგიულ გეგმაში შეტანილი საინვესტიციო პროგრამების განხორციელება შეუძლიათ სხვადასხვა სტრუქტურებს – სახელმწიფოებრივს, კერძოსა და შერეულს. იგივე ეხება მათ დაფინანსებასაც, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ამას ფინანსური საინვესტიციო რესურსების მობილიზაცია უნდა ედოს საფუძვლად.
თუკი სახელმწიფო გამოიჩენს საკმარის პოლიტიკურ ნებას, მაშინ შესაძლებელია უზარმაზარი ფინანსური რესურსების მობილიზება.
ინვესტიციების ფინანსური წყაროებია:
1. სახელმწიფოს სრული მონოპოლია ალკოჰოლისა და თამბაქოს პროდუქციის წამოებასა და გაყიდვაზე;
2. ქვეყნის ბუნებრივი რესურსებიდან მთელი აბსოლუტური და დიფერენციული რენტის ამოღება ბიუჯეტში;
3. სახელმწიფოს სრული მონოპოლია უცხოეთში ვალუტის გადარიცხვის განხორციელებაზე, ფსევდოუცხოური საწარმოების ფუნქციონირების აკრძალვა ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით – თუკი ისინი ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული (რომლებიც შირმის როლს თამაშობენ ადგილობრივი მეწარმეებისთვის).
4. ქვეყნის საკუთრების ყაირათიანად გამოყენება საზღვარგარეთ;
5. რეალური ბრძოლა დამნაშავეთა სამყაროსთან და ფასეულობათა შესაბამისი კონფისკაცია.
სინამდვილეს არ შეეფერება იმის მტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანას არა აქვს დაჩქარებული ეკონომიკური განვითარებისთვის საკმარისი საკუთარი საინვესტიციო რესურსები. ქვეყანაში სამყოფადაა ბუნებრივი რესურსები, მაღალია სამუშაო ძალის განათლებისა და კვალიფიკაციის დონე, საკმაოდ განვითარებულია მეცნიერებისა და განათლების სფეროები, შექმნილია მძლავრი საწარმოო ინფრასტრუქტურა, დაგროვილია უზარმაზარი საწარმოო-ტექნიკური სიმძლავრეები. თუმცა, ეს სიმძლავრეები ბევრ დარგში ფიზიკურადაც და მორალურადაც ძლიერ გაცვეთილია, არათანაბრადაა განაწილებული ტერიტორიისა და დარგების მიხედვით, თანაც, დღეისათვის არც თუ მცირე საწარმოო სიმძლავრეები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსშია თავმოყრილი, რაც გონივრულ კონვერსიასა და ორმაგი დანიშნულების წარმოების განვითარებას მოითხოვს. მასშტაბური საინვესტიციო პროცესის განვითარებისთვის, შეიძლება ითქვას კიდეც – ქვეყნის თვითგანვითარების შიგა წყაროების საფუძველზე საინვესტიციო ბუმისთვის – წარმოების ყველა არსებული ფაქტორი აქტიურად უნდა დავუკავშიროთ ერთმანეთს, კომბინირების მდგომარეობამდე მივიყვანოთ ისინი, რაც სწორედ რეალურ საინვესტიციო პროცესს წარმოაჩენს. ასეთი პროცესისთვის იმ მასშტაბების მისანიჭებლად, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს შეეფერება, ჩვენი მოსაზრებით, საჭიროა სამი პირობა:
1. ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა სახელმწიფოს მიერ განვითარების სტრატეგიული გეგმისა და საინვესტიციო პროგრამების პაკეტების შედგენისას სახელმწიფოებრივი მხარდაჭერისა და შეღვათების გზით;
2. საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში საინვესტიციო პროექტების ემისიური დაფინანსება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად; ემისიას უნდა ჰქონდეს მკაცრად მიზნობრივი ხასიათი და უნდა კრძალავდეს გრძელი საინვესტიციო ფულის ისევ მოკლე ფულად გადაქცევას, რომელსაც შემდეგ სპეკულაციურ – საშუამავლო მიმოქცევაში გამოიყენებენ; მსჯელობაა არა ცარიელი, არაფრით უზრუნველყოფილი ფულის გამოშვებაზე, არამედ ნაღდი ქონებით უზრუნველყოფილ ისეთ ფულზე, რომელსაც საწამროო სიმძლვრეები არ იყენებენ, აგრეთვე, ამ ფულის უზრუნველყოფაზე ისეთი საქონლით, რომლის გამოშვება მიზნობრივი ემისიის წყალობით გააქტიურებულ ამ სიმძლავრეებზე დაიწყება;
3. ეფექტიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში შემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურება; ასეთი საქმიანობა წინა ორი პირობის შედეგია. გამჭრიახი, მიზანდასახული, ჭკვიანი და განათლებული ადამიანები ქვეყანაში საკამრისადაა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში მათ ინიციატივას ბოჭავდა ბიუროკრატიული არტახები. ბოლო წლებში ქვეყანაში გატარებული გარდადქმნების შედეგად მომგებიანი გახდა მხოლოდ სპეკულაციურ-საშუამავლო საქმიანობა, რეალურ სექტორში ინვესტიციების განხორციელება კი იმთავითვე წამგებიანია, რაც ძირს უთხრის რეალურ საინვესტიციო ინიციატიცას.
შემოთავაზებული ღონისძიება არ გამოიწვევს ფასების ზრდას. ამჟამად საქართველოში დანახარჯების ინფლაცია შეინიშნება და არა მოთხოვნის ინფლაცია. ინვესტირების ემისიური დაფინანსება აღმავლობით შეცვლის ეკონომიკურ ვარდნას და, შესაბამისად, შეამცირებს წარმოების ეკონომიკურ და სამეცნიერო-ტექნოლოგიურ დანახარჯებს. ეს, საბოლოო ანგარიშით, ფასების შემცირებით გამოვლინდება და არა მისი მატებით.
მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფისათვის საქართველოში. მართვის სისტემის ეფექტიანობა დიდადაა დამოკიდებული მის საინფორმაციო უზრუნველყოფაზე. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პირობებში ცნობილ ფორმულას “დრო ფულია” ემატება მისი ანალოგიური ფორმულა – “ინფორმაცია ფულია”. საინვესტიციო მენეჯმენტში ეს ფორმულა პირდაპირ მნიშვნელობას იძენს, რადგან მმართველურ გადაწყვეტილებათა მიღებისას გამოყენებული ინფორმაციის ხარისხზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საინვესტიციო რესურსების ხარჯვის მოცულობა, საინვესტიციო მოგების დონე, საწარმოს საბაზრო ღირებულება, საინვესტიციო პროექტებისა და ინვესტირების ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევის ალტერნატიულობა, საწარმოს მფლობელთა კეთილდღეობის დონე და ამ საწარმოს ეკონომიკური განვითარების ტემპები. რაც უფრო მეტ კაპიტალს აბანდებს საწარმო და უფრო დივერსიფიცირებულია მისი საინვესტიციო საქმიანობა, მით უფრო ფართოვდება იმ ხარისხიანი ინფორმაციის როლი, რომელიც ამ საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებელი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისთვისაა საჭირო.
საინვესტიციო მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემა (ან ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემა) იმ შესაბამისი საინფორმაციო მაჩვენებლების უწყვეტად და მიზნამიმართულად შერჩევის პროცესია, რომლებიც საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის ყველა ასპექტზე ეფექტიანი ოპერატიული გადაწყვეტილებების ანალიზის, დაგეგმვისა და მომზადებისთვისაა საჭირო.
დღეს მეტად აქტუალური გახდა საინფორმაციო სისტემით მოსარგებლეთა შემადგენლობა და მისი დახასიათება. საინვესტიციო მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემამ საჭირო ინფორმაციით უნდა უზრუნველყოს არა მარტო მმართველი პერსონალი და თვით საწარმოს მფლობელები, არამედ მის გარეშე მოსარგებლეთა ფართო წრის ინტერესებიც უნდა დააკმაყოფილოს.
საინვესტიციო მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემაში შემავალი ინფორმაციით მოსარგებლეთა შემადგენლობას რომ ვახასიათებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ინფორმაციის შიდა და გარეშე მოსარგებლეთა ინტერესების წრე არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი აზრით, გარეშე მოსარგებლენი ინფორმაციის მხოლოდ იმ ნაწილს იყენებენ, რომელიც საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგებს და საინვესტიციო პოზიციაზე მის გავლენას ახასიათებს. ამ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი საწარმოს მიერ წარდგენილ ოფიციალურ ანგარიშგებაშია მოცემული.
შიდა მოსარგებლენი, გარდა ზემოაღნიშნულისა, საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის შესახებ იმ ინფორმაციის მნიშვნელოვან მოცულობასაც იყენებენ, რომელიც კომერციული საიდუმლოებაა. ამასთან, შიდა მოსარგებლეები საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული ისეთი მაჩვენებლების მნიშვნელოვან წრესაც იყენებენ, რომლებსაც გარე წყაროები აყალიბებენ და რომლებიც ასევე შედიან საინვესტიციო მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემაში.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია სტატიაში შევეხოთ საინფორმაციო სისტემაში შემავალი ინფორმაციის ძირითად მახასიათებლებს. ეფექტიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მომზადებასა და მიღებაში საინვესტიციო ინფორმაციის დიდი მნიშვნელობა შესაბამისად დიდ მოთხოვნებს უყენებს მის ხარისხს საინვესტიციო მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემის ფორმირების დროს. ამ სისტემაში შემავალ ინფორმაციას შემდეგი ძირითადი ნიშან-თვისებები ახასიათებს (ნახ. 1):
1. დანიშნულება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად მოქმედებს მოპოვებული ინფორმაცია მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებათა შედეგებზე, პირველ რიგში – საწარმოს საინვესტიციო სტრატეგიის ფორმირების, საინვესტიციო საქმიანობის ცალკეულ ასპექტებზე მიზანმიმართული პოლიტიკის შემუშავებისა და მიმდინარე და ოპერატიული გეგმების მომზადების პროცესში;
2. სისრულე, რომელიც ახასიათებს საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის ყველა ასპექტზე ოპერატიულ მმართველურ გადაწყვეტილებათა ანალიზის, დაგეგმვისა და მიღებისთვის საჭირო საინფორმაციო მაჩვენებლების წრის სისავსეს;
3. სარწმუნოობა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად ადეკვატურად ასასხავს თავმოყრილი ინფორმაცია საინვესტიციო საქმიანობის რეალურ მდგომარეობასა და შედეგებს, სისწორით ახასიათებს გარე საინვესტიციო სივრცეს, ნეიტრალურია ყველა კატეგორიის პოტენციური მოსარგებლეებისთვის და შესაძლებელია მისი შემოწმება;
4. თავისდროულობა, რომელიც ახასიათებს მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისობას მასზე არსებულ მოთხოვნილებასთან ამ ინფორმაციის გამოყენების პერიოდის მიხედვით. საინვესტიციო მენეჯმენტში გამოყენებული ცალკეული სახის საინფორმაციო მაჩვენებლები მის საინფორმაციო სისტემაში უცვლელი რაოდენობრივი გამოხატულებით მხოლოდ ერთ დღეს “ცოცხლობენ” (მაგალითად, უცხოურ ვალუტათა კურსები, ინვესტიციების ბაზრის ცალკეული საფონდო და ფულადი ინსტრუმენტების კურსები), სხვები – ერთ თვეს, ერთ კვარტალს და ა.შ.;
5. გასაგებობა, რომელსაც განსაზღვრავს მისი აგების სიმარტივე, წარმოდგენის გარკვეულ სტრატეგიებთან შესაბამისობა და მოსარგებლეთა იმ კატეგორიის გაგებისთვის ხელმისაწვდომობა (და, შესაბამისად, მისი განმარტების ადეკვატურობა), რომლისთვისაც ისაა განკუთვნილი. მაგრამ მოსარგებლეთა გარკვეული კატეგორიისთვის ინფორმაციის გასაგებობის მოთხოვნა არ უნდა ავურიოთ საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის ყველა მონაწილის მიერ გაგებისადმი უნივერსალურად ხელმისაწვდომობაში, რადგან ზოგიერთ მათგანს შესაძლოა კვალიფიკაციის დონე არ ყოფნიდეს მისი ადეკვატურად ინტერპრეტაციისთვის;
6. რელევანტობა (ანუ არჩევითობა), რომელიც განსზღვრავს თავმოყრილი ინფორმაციის გამოყენებადობის საკმაოდ მაღალ დონეს საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის მართვის პროცესში. საინვესტიციო მენეჯმენტის “ინფორმაციული გადატვირთვა” ართულებს კონკრეტული მმართველური გადაწყვეტილებების მომზადებისთვის საჭირო საინფორმაციო მონაცემების შერჩევის პროცესს, იწვევს ამ გადაწყვეტილებათა ნაკლებად არსებითი ალტერნატიული პროექტების გაჩენას, აძვირებს საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის მართვის საინფორმაციო უზრუნველყოფის პროცესს;
7. შესადარისობა, რომელიც განსაზღვრავს ცალკეული საინვესტიციო აქტივების ღირებულებისა და საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგების შედარებითი შეფასების შესაძლებლობას დროში, ანალოგიური მეურნე სუბიექტებიანი საწარმოს შედარებითი საინვესტიციო ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას და ა.შ. ასეთ შესადარისობას უზრუნველყოფს ცალკეული საინფორმაციო მაჩვენებლებისა და მათი ზომის ერთეულების იდენტიფიკაცია, საფინანსო ანგარიშგების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება, საწარმოში გამოყენებული ეკონომიკური მაჩვენებლების აღრიცხვის მეთოდების თანმიმდევრობა და სტაბილურობა;
8. ეფექტიანობა საინვესტიციო მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემის ფორმირებასთან მიმართებაში იმას ნიშნავს, რომ გარკვეული საინფორმაციო მაჩვენებლების მოპოვების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მომზადებასა და განხორციელებაში მათი გამოყენების შედეგად მიღებულ ეფექტს.
საინვესტიციო მენეჯმენტის საინფორმაციო უზრუნველყოფის სისტემის შინაარსს, მის სიღრმესა და სივრცეს განსაზღვრავს საწარმოთა საქმიანობის დარგობრივი თავისებურებები, მათი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საინვესტიციო საქმიანობის დივერსიფიკაციის ხარისხი და მთელი რიგი სხვა ფაქტორები. ამ სისტემის კონკრეტულ მაჩვენებლებს აყალიბებს ინფორმაციის როგორც გარე (საწარმოს გარეთ არსებული), ისე შიდა წყაროები. ამ წყაროების თითოეული ჯგუფის ჭრილში წინასწარ ახდენენ იმ მაჩვენებელთა მთელი ერთობლიობის კლასიფიცირებას, რომლებიც საინვესტიციო მენეჯმენტის საინვესტიციო სისტემაშია შესული.
საინვესტიციო მენეჯმენტის საინფორმაციო უზრუნველყოფის იმ მაჩვენებელთა სისტემას, რომლებსაც გარე წყაროები აყალიბებს, ჩვენი აზრით ოთხ ძირითად ჯგუფად წარმოგვიდგება (ნახ.2.):
საინფორმაციო მაჩვენებლების სისტემა, რომლებიც ქვეყნის საერთო ეკონომიკურ განვითარებას ახასიათებენ საინვესტიციო საქმიანობის (რეალური და ფინანსური ინვესტიციების, საინვესტიციო რესურსების ფორმირების პოლიტიკის, საინვესტიციო მენეჯმენტის პერსპექტიული მიზნობრივი მაჩვენებლების სისტემის შემუშავების) დარგში სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა მიღებისას საწარმოს გარე საინვესტიციო სფეროს პირობების ანალიზისა და პროგნოზირების ჩატარების საფუძველია. ამ ჯგუფის მაჩვენებელთა სისტემის ფორმირება ეყრდნობა სახელმწიფო სტატისტიკის გამოქვეყნებულ მონაცემებს.
პირველი ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი მაჩვენებლები ორ ბლოკად განიხილება: პირველ ბლოკში – მაკროეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები – შედის ის შემდეგი ძირითადი საინფორმაციო მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ახასიათებენ და რომლებსაც საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის მართვის პროცესში იყენებენ.
ა) მშპ-ის და ეროვნული შემოსავლის ზრდის ტემპი;
ბ) ეროვნული შემოსავლის განაწილება მოხმარებასა და დაზოგვაზე;
გ) კაპიტალურ დაბანდებათა მოცულობა;
დ) ძირითადი საშუალებების ამოქმედება;
ე) ინფლაციის ინდექსი;
ვ) ცენტრალური ბანკის სააღრიცხვო პროცენტი და სხვა.
მეორე ბლოკში – დარგის განვითარების მაჩვენებლები – შედის იმ დარგის შემდეგი საინფორმაციო მაჩვენებლები, რომელსაც საწარმო ეკუთვნის:
ა) წარმოებული (რეალიზებული) პროდუქციის მოცულობა, მისი დინამიკა;
ბ) კაპიტალურ დაბანდებათა მოცულობის დინამიკა;
გ) საწარმოთა აქტივების, მათ შორის – არასაბრუნავის, მთლიანი ღირებულება, მათი ასაკი;
დ) საწარმოთა საკუთარი კაპიტალის თანხა;
ე) საწარმოთა საბალანსო მოგების თანხა, მათ შორის – ძირითადი (საოპერაციო) და საინვესტიციო საქმიანობიდან;
ვ) ძირითადი და საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული მოგების დაბეგვრის განაკვეთი;
ზ) განხილულ პერიოდში დარგის პროდუქციაზე ფასების ინდექსი და სხვა.
საინფორმაციო მაჩვენებლების სისტემას, რომლებიც ინვესტიციის ბაზრის კონიუნქტურას ახასიათებენ, ემსახურება მმართველურ გადაწყვეტილებათა მიღებას რეალური ინვესტირების პროგრამისა და გრძელვადიანი ფინანსური ინვესტიციების პორტფელის ფორმირების, მოკლევადიანი ფინანსური დაბანდების განხორციელების და საინვესტიციო საქმიანობის ზოგიერთი სხვა ასპექტის დარგში. ამ ჯგუფის მაჩვენებელთა სისტემის ფორმირება ეყრდნობა პერიოდული და კომერციული გამომცემლობების, საფონდო და სავალუტო ბირჟების პუბლიკაციებს, აგრეთვე, ინფორმაციის შესაბამის ელექტრონულ წყაროებს.
მეორე ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი მაჩვენებლები სამ ბლოკად წარმოვადგინოთ:
პირველ ბლოკში – საფონდო ინსტრუმენტების ბაზრის კონიუნქტურის მახასიათებელი მაჩვენებლები – შემდეგ ძირითად საინფორმაციო მონაცემებს შეიცავს:
ა) საბაჟო და საბირჟო საფონდო ბაზარზე მიმოქცევაში მყოფი ძირითადი საფონდო ინსტრუმენტების (აქციების, ობლიგაციების, დერივატივების და ა.შ.) სახეები;
ბ) ძირითადი სახის საფონდო ინსტრუმენტების მოთხოვნისა და მიწოდების კოტირებადი ფასები;
გ) ძირითადი სახის საფონდო ინსტრუმენტებზე დადებულ გარიგებათა მოცულობები და ფასები;
დ) საფონდო ბაზარზე ფასების დინამიკის კრებითი ინდექსი.
მეორე ბლოკში – ინვესტირების ფულადი ინსტრუმენტების ბაზრის კონიუნქტურის მახასიათებელი მაჩვენებლები – შედის შემდეგი ძირითადი საინფორმაციო მონაცემები:
ა) ცალკეული კომერციული ბანკების საკრედიტო განაკვეთი, რომელიც დიფერენცირებულია ფინანსური კრედიტის გაცემის ვადების მიხედვით;
ბ) ცალკეული კომერციული ბანკების სადეპოზიტო განაკვეთი, რომელიც დიფერენცირებულია ფინანსური კრედიტის გაცემის ვადების მიხედვით;
გ) იმ ცალკეული ვალუტების ოფიციალური კურსი, რომლებითაც ოპერირებას ახდენს საწარმო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის პროცესში;
დ) ანალოგიური სახის ვალუტების ყიდვა – გაყიდვის კურსი, რომელსაც კომერციული ბანკები ადგენენ.
მესამე ბლოკში – კაპიტალური საქონლისა და მომსახურების ბაზრის კონიუნქტურის მახასიათებელი მაჩვენებლები – შედის შემდეგი ძირითადი საინფორმაციო მონაცემები:
ა) საქონლის ბაზარზე მიმოქცევაში მყოფი კაპიტალური საქონლის (რომელიც საწარმოს საინვესტიციო საქმიანობას უკავშირდება) ძირითადი სახეები;
ბ) შესაბამის კაპიტალურ საქონელზე მოთხოვნის და მიწოდების კოტირებადი ფასები;
ა) შესაბამისი სახის კაპიტალურ საქონელზე დადებულ გარიგებათა მოცულობა და ფასები;
დ) საწარმოს მიერ გაწეული საინვესტიციო მომსახურების (სამშენებლო – სამონტაჟო და სხვა სამუშაოები) საშუალო ფასები.
საინფორმაციო მაჩვენებელთა სისტემას, რომლებიც კონტრაჰენტებისა და კონკურენტების საქმიანობას ახასიათებენ, ძირითადად იყენებენ საინვესტიციო პროცესის ცალკეულ ასპექტებზე ოპერატიულ მმართველურ გადაწყვეტილებათა მიღებისათვის. ეს მაჩვენებლები, ჩვეულებრივ, ყალიბდება შემდეგი ბლოკების ჭრილში: “საინვესტიციო კომპანიები, ფონდები და სხვა შუამავლები”, “საინვესტიციო მეიჯარეები”, “ბანკები”, “სადაზღვევო კომპანიები”, “რეალური კაპიტალური საქონლის მომწოდებლები”, “არამატერიალური აქტივების გამყიდველები”, “კონკურენტები”. ამ ჯგუფის მაჩვენებლების ფორმირების წყაროა პრესაში გამოქვეყნებული საანგარიშგებო მასალები (ცალკეული სახის მეურნე სუბიექტებისთავის ასეთი პუბლიკაციები სავალდებულოა), აგრეთვე, ცალკეული საინფორმაციო კომპანიების მიერ შემოთავაზებული ფასიანი ბიზნეს-ცნობარები (ასეთი ინფორმაციის მიღება მხოლოდ ლეგალური ხერხებით შეიძლება).
თითოეული ბლოკის საინფორმაციო მაჩვენებლთა შემადგენლობას განსაზღვრავს ინვესტიციების მართვის კონკრეტული ამოცანები, საინვესტიციო საქმიანობის მოცულობა, პარტნიორულ ურთიერთობათა ხანგრძლივობა და სხვა პირობები.
მართებულად მიგვაჩნია, ნორმატიულ-მარეგულირებელ მაჩვენებელთა სისტემა იმ საინვესტიციო გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში იქნეს გამოყენებული, რომლებიც საწარმოთა საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების თავისებურებებს უკავშირდება. ამ მაჩვენებლებს, როგორც წესი, ორი ბლოკის ჭრილში უყრიან თავს: “ნორმატიულ-მარეგულირებელი მაჩვენებლები საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის სხვადასხვა ასპექტის მიხედვით” და “ნორმატიულ-მარეგულირებელი მაჩვენებლები ინვესტიციის ბაზრის ცალკეული სეგმენტების ფუნქციონირების საკითხების მიხედვით”. ამ ჯგუფის მაჩვენებლების ფორმირების წყაროა სახელმწიფო მართვის სხვადასხვა ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები.
საინვესტიციო მენეჯმენტის საინფორმაციო უზრუნველყოფის იმ მაჩვენებელთა სისტემა, რომლებიც შიდა წყაროებიდან იქმნება, სამ ჯგუფად იყოფა (ნახ. 3.).
საინფორმაციო მაჩვენებლების სისტემას, რომლებიც ახასიათებენ მთლიანად საწარმოს საინვესტიციო აქტივობის დონეს, ფართოდ იყენებენ როგორც შიდა, ისე გარეშე მოსარგებლეები საწარმოს საინვესტიციო პოზიციის შეფასების დროს. მას იყენებენ საინვესტიციო ანალიზისა და კონტროლის პროცესში; საინვესტიციო საქმიანობის ძირითად ასპექტებზე საინვესტიციო სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებისას; იგი წარმოდგენას გვიქმნის საწარმოს ფინანსური მდგრადობის დონეზე საინვესტიციო საქმიანობის გავლენის შესახებ. ამ ჯგუფის მაჩვენებლთა სისტემის ფორმირება საწარმოს ფინანსური აღრიცხვის მონაცემებს ეყრდნობა.
ამ ჯგუფის მაჩვენებელთა უპირატესობა მათი უნიფიცირებაა, რადგან ისინი აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტიზებულ პრინციპებს ეყრდნობა (ეს საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ საინვესტიციო გაანგარიშებათა ტიპური ტექნოლოგიები და ალგორითმები, აგრეთვე, სხვა ანალოგიურ საწარმოებს შევუდაროთ ეს მაჩვენებლები); ფორმირების მკაფიო რეგულარობა (დადგენილ ნორმატიულ კლასებში); საიმედოობის მაღალი დონე (ფინანსური აღრიცხვის ბაზაზე შესრულებული ანგარიშგება გარეშე მომხმარებლებს გადაეცემა და გარე აუდიტს გადის).
ამასთან, ფინანსური აღრიცხვის საფუძველზე ჩამოყალიბებულ საინფორმაციო ბაზას გარკვეული ნაკლოვანებებიც აქვს, რომელთაგან მთავარია: საინფორმაციო მაჩვენებლების ასახვა მხოლოდ მთელი საწარმოს მიხედვით (ეს საშუალებას არ გვაძლევს საინვესტიციო საქმიანობის ცალკეულ სფეროებს თუ ინვესტიციების ცენტრებში მმართველურ გადაწყვეტილებათა გამოსატანად გამოვიყენოთ იგი); შემუშავების მოკლე პერიოდულობა (როგორც წესი, კვარტალში ერთხელ, ანგარიშგების ცალკეული ფორმები კი – წელიწადში ერთხელ); მხოლოდ ღირებულებითი მაჩვენებლების გამოყენება (რაც ართულებს ინვესტიციებისა და საინვესტიციო რესურსების მოცულობითი მაჩვენებლების ფორმირებაზე ფასების ცვლილების გავლენის ანალიზს).
ამ ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ მაჩვენებლებს სამ ძირითად ბლოკად ყოფენ.
პირველ ბლოკში შედის ის მაჩვენებლები, რომლებიც “საწარმოს ბალანსშია” ასახული. წმინდა ინვესტიციები აქ ასახულია როგორც აქტივების ზრდა. ეს ბალანსი ორ ძირითად განყოფილებას მოიცავს – “აქტივსა” და “პასივს”.
ბალანსის აქტივის შემადგენლობაში ასახავენ შემდეგი სამი განყოფილების მაჩვენებლებს: 1. არასაბრუნავი აქტივები; 2. საბრუნავი აქტივები; 3. მომავალი პერიოდების აქტივები.
ბალანსის პასივის შემადგენლობაში ასახავენ შემდეგი ოთხი განყოფილების მაჩვენებლებს: 1. საკუთარი კაპიტალი; 2. გრძელვადიანი ვალდებულებები; 3. მიმდინარე ვალდებულებები; 4. მომავალი პერიოდების შემოსავლები.
ბალანსის პასივის მეორე და მესამე განყოფილებები წარმოდგენას გვიქმნის აქტივების ინვესტირებისათვის საწარმოს მიერ ნასესხები კაპიტალის მთლიან თანხაზე.
განხილულ განყოფილებებს შორის საბალანსო კავშირის შემდეგი ფორმები არსებობს:
შNA+შჩA=შჭჩ
შOჩ+შBჩ=A
შNA – არასაბრუნავი აქტივების თანხა;
შჩA – საბრუნავი აქტივების თანხა;
შჭჩ – გამოყენებული მთელი კაპიტალის თანხა;
შOჩ – გამოყენებული საკუთარი კაპიტალის თანხა;
შBჩ – გამოყენებული ნასესხები კაპიტალის თანხა;
A – მთლიანი კაპიტალის თანხა.
მეორე ბლოკში შესულია ის მაჩვენებლები, რომლებიც “ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებაშია” ასახული. ეს ანგარიშგება მოიცავს შემდეგი ძირითადი განყოფილებების მონაცემებს: 1. ფინანსური შედეგები; 2. საოპერაციო ხარჯების ელემენტები; 3. აქციების მომგებიანობის მაჩვენებლების ანგარიში.
ამ ანგარიშების განყოფილებათა თვით დასახელებიდან უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის შესახებ, რომ იგი ასახავს საწარმოს მოგების ფორმირებას, განაწილებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ძირითად წრეს.
“ფინანსური შედეგების” განყოფილებაში მოქცეულია მოგების ფორმირების მაჩვენებლები – საოპერაციო საქმიანობიდან, ქონების რეალიზაციიდან, არასარეალიზაციო ოპერაციებიდან; მოყვანილია საანგარიშგებო პერიოდში მიღებული საბალანსო მოგების ან ზარალის მთლიანი თანხა.
მესამე ბლოკი მოიცავს “ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებაში” ასახულ მაჩვენებლებს. ეს ანგარიშგება შეიცავს სპეციალურ განყოფილებას საინვესტიციო საქმიანობის პროცესში ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ, რომელშიც შედის მონაცემები საწარმოს ამ სახის საქმიანობიდან მიღებული დადებითი, უარყოფითი და წმინდა ფულადი ნაკადების შესახებ (დადებითია ფულადი სახსრების შემოსვლა, უარყოფითი კი – ფულადი სახსრების ხარჯვა).
მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ საწარმოს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საინვესტიციო საქმიანობის ფინანსურ შედეგებს. ამ ჯგუფის მაჩვენებელთა სისტემას იყენებენ საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის პრაქტიკულად ყველა ასპექტის მიმდინარე და ოპერატიული მართვისთვის. ამ ჯგუფის მაჩვენებელთა ფორმირება ეყრდნობა საწარმოში მოწყობილი მმართველური აღრიცხვის მონაცემებს.
ამ სახის აღრიცხვა თანდათანობით ვითარდება საერთაშორისო პრაქტიკაში საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაზე ჩვენი ქვეყნის საწარმოების გადასვლის გამო, რაც ფინანსური აღრიცხვის არსებითად შევსების შესაძლებლობას იძლევა. ესაა იმ ყველა აუცილებელი მაჩვენებლის აღრიცხვის სისტემა, რომლებიც აყალიბებენ ოპერატიული მმართველური გადაწყვეტილებებისა (ძირითადად, საინვესტიციო საქმიანობის ცალკეული ფორმებისა და მისი მოგების მართვის სფეროში) და მომავალ პერიოდში დაგეგმვის საინფორმაციო ბაზას.
ფინანსურ აღრიცხვასთან შედარებით მმართველურ აღრიცხვას შემდეგი ძირითადი უპირატესობები აქვს: იგი ასახავს მაჩვენებელთა არამარტო ღირებულებით, არამედ ნატურალურ მნიშვნელობებსაც (შესაბამისად კი – ნედლეულის, მზა პროდუქციის და ა.შ ფასების ცვლილების ტენდენციებსაც); მმართველური აღრიცხვის შედეგების წარდგენის პერიოდულობა მთლიანად შეესაბამება ოპერაციულ მმართველურ გადაწყვეტილებათა მიღებისათვის საჭირო ინფორმაციაზე არსებულ მოთხოვნილებას (აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ინფორმაციის ყოველდღიურად მიწოდებაც კი); შესაძლებელია ამ აღრიცხვის სტრუქტურიზება ნებისმიერ ჭრილში – ინვესტიციების ცენტრების მიხედვით, საინვესტიციო საქმიანობის ფორმების მიხედვით და ა.შ. (იმავდროულად მთლიანად საწარმოს მიხედვით მაჩვენებლების აგრეგირებისას); მას შეუძლია ასახოს ცალკეული საინვესტიციო აქტივები დროში ფულის ღირებულების, ინფლაციის ტემპების და ა.შ. გათვალისწინებით. ამ აღრიცხვის შედეგები საწარმოს კომერციული საიდუმლოებაა და გარეშე მოსარგებლეებისთვის მათი მიცემა არ შეიძლება.
საინვესტიციო საქმიანობის მართვის საინფორმაციო უზრუნველყოფის სისტემის აგების პროცესში მმართველურმა აღრიცხვამ უნდა ჩამოაყალიბოს იმ მაჩვენებელთა ჯგუფები, რომლებიც ასახავენ საინვესტიციო საქმიანობის მოცულობას, საინვესტიციო დანახარჯების თანხასა და შემადგენლობას, მიღებული საინვესტიციო შემოსავლების თანხასა და შემადგენლობას და სხვა. მაჩვენებელთა ეს ჯგუფები მმართველურ აღრიცხვაში, ჩვეულებრივ, შემდეგი ბლოკების მიხედვით ყალიბდება:
ა) საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის ფორმების მიხედვით;
ბ) რეგიონალური საქმიანობის მიხედვით (თუკი საწარმოს ახასიათებს საინვესტიციო საქმიანობის რეგიონული დივერსიფიკაცია);
გ) ინვესტიციების ცენტრების მიხედვით.
მმართველურ აღრიცხვას ინდივიდუალურად აწყობენ ყოველ საწარმოში და იგი, პირველ რიგში, საინვესტიციო საქმიანობის ოპერატიული მართვის პროცესის საინფორმაციო უზურნველყოფის ამოცანებს უნდა ექვემდებარებოდეს.
საწარმოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ნორმატიულ-საგეგმო მაჩვენებლებს იყენებენ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების მსვლელობაზე მიმდინარე და ოპერატიული კონტროლის პროცესში. ჩვენი მოსაზრებით, ისინი უშუალოდ საწარმოში უნდა განხორციელდეს შემდეგი ორი ბლოკის მიხედვით:
ა) საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის მარეგულირებელი შიდა ნორმატივების სისტემა. ამ სისტემაში შეაქვთ საწარმოს ცალკეული სახის აქტივების ნორმატივები, ცალკეული სახის აქტივების თანაფარდობისა და კაპიტალის სტრუქტურის ნორმატივები, ფინანსური რესურესების ხვედრითი ხარჯებისა და დანახარჯების ნორმატივები და ა.შ.
ბ) საწარმოს საინვესტიციო საქმიანობის საგეგმო მაჩვენებლების სისტემა. ამ ბლოკის მაჩვენებლთა შემადგენლობაში შეაქვთ ყველა სახის მიმდინარე და ოპერატიული საინვესტიციო გეგმების მაჩვენებელთა მთელი ერთობლიობა.
გარე და შიდა წყაროებიდან ჩამოყალიბებული ყველა საინტერესო მაჩვენებლის გამოყენება საშუალებას მოგვცემს ყველა საწარმოში შეიქმნას საინვესტიციო საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფის ისეთი მიზანმიმართული სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც სტრატეგიული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაზე, ისე საინვესტიციო საქმიანობის მიმდინარე ეფექტიან მართვაზე.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial