რისთვის იომებს რუსეთი და რაში გაცვლიან საქართველოს

ემზარ ჯგერენაია

“ნაბუქო” (Nabucco) ყოველწლიურად 31 მილიარდი კბმ გაზის გადამზიდი გაზსადენია, რომელიც დაიწყება ბაქოში, ან ყაზახეთში და გაივლის თურქეთს, ბულგარეთს, უნგრეთს და დამთავრდება ავსტრიის ქალაქ ბაუმგარტენში.
პროექტის მიხედვით გაზსადენს სავარაუდოდ რამდენიმე განშტოება ექნება. პირველი, უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაბუქო ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის გაგრძელებაა. “ნაბუქო”-ს პროექტით არაა ნავარაუდევი საქართველოს გავლით ახალი მილსადენის აშენება.

სწორედ ამიტომ, როცა 2006 წლის 26 ივნისს ამ პროექტს ხელი მოეწერა, მას ხელს აწერდნენ არა საქართველოს, არამედ თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის და ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრები. მთავარი მეწილეები არიან: Botas AS-Turkey, BulgargazHolding EAD, MOL Pic Hungary,OMV OGB Austria, RWE GErmani and Transgaz SA Romania. პროექტს ევროკომისია აწერს ხელს და მხარს უჭერს აშშ. მილსადენის ჯამური სიგრძე არის 3,3 ათასი კილომეტრი და გამტარუნარიანობა – მაქსიმუმ 31 მილიარდი კბმ წელიწადში. ექსპლოატაციაში შესვლის სავარაუდო თარიღია 2013 წელი. პროექტის ღირებულება სავარაუდოდ 8 მილიარდი ევროა.
ყველაზე აქტუალური კითხვაა, თუ საიდან ივსება გაზსადენი, რადგან ის შეიძლება შეივსოს აზერბაიჯანული, ყაზახური, თურქმენული, ეგვიპტური, ირანული და შესაძლებელია ერაყის გაზითაც. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ პროექტს გაზის ექსპორტიორთა შორის დღემდე ერთადერთი საიმედო და ერთგული პარტნიორი ჰყავდა აზერბაიჯანის სახით, რადგან თურქმენეთი საერთოდ არ საუბრობს ამ პროექტთან მიერთებაზე და ის ჯერჯერობით რუსეთზეა ორიენტირებული.
ყაზახეთი, რომელიც დამკვირვებელივით მონაწილეობდა ამ პროექტში, თავს იკავებს და გაზის ტრანსპორტირებაზე ხელშეკრულებას რუსეთთან აწერს ხელს, რუსეთის ზეგავლენით ამ პროექტს ჯერ არ უერთდება. პროექტის ავტორები რუსეთს, რომლის წინააღმდეგობა ჯერჯერობით დასავლეთმა ვერ გადალახა და საქართველოზე რუსეთის თავდასხმის უმთავრესი მიზეზი სწორედ ამ პროექტის ჩაშლა იყო, სთავაზობენ მისი პროექტით ცისფერი ნაკადი, რომელიც რუსეთის პორტ ბერეგოვაიადან ანკარამდე აწვდის ბუნებრივ აირს, შეუერთდეს ამ პროექტს ანკარაში, ანუ “ნაბუქო”-ს დატვირთვით. შესაძლებელია ცისფერი ნაკადი ერთ-ერთ შტოდ იქცეს, რაზედაც ბუნებრივია, რუსეთის რეაქცია არც თუ ისეთი დადებითია, რადგან მას სრული კონტროლი სჭირდება. მეორე პრობლემა ირანია. ამ პროექტში მისი ჩართვაა დაგეგმილი, თუმცა იგი პროექტს ჯერ არ მიერთებია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ ირანის ატომურ ამბიციას და დასავლეთისა და ირანის დაძაბულ ურთიერთობას, პრობლემის სიმწვავე ნათელი ხდება. ამას ბოლოდროინდელი რუსეთ-ირანის შეთანხმებაც ემატება გაზის ტრანსპორტირებასა და ფასებზე შეთანხმების სახით. დასავლეთი ჯერჯერობით აქაც აგებს. რაც შეეხება ეგვიპტურ და ერაყულ გაზს, ეს შორეული პერსპექტივაა, რადგან ჯერ არ არსებობს “ნაბუქო”-სა და ამ ქვეყნებს შორის შემაერთებელი მილები. ამას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა – აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის გავლით ერზერუმამდე დამატებითი შტოს აგება სურთ. ეს ვექტორი აქტუალურად მუშავდება. ამას ემსახურება თურქეთ-სომხეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი დაახლოება. ეს, მათი აზრით, მთიანი ყარაბახის საკითხს გადაწყვეტს და საუკუნის წინ ნაჩხუბარ თურქებსა და სომხებს შეარიგებს. ეს პოზიცია 2 ნოებერს ნოვოოგარევოში მედვედევის, რუსეთის ფორმალური პრეზიდენტის მონაწილეობით გაფორმებულმა ბოლო 15 წლის მანძილზე ერთადერთმა სომხეთ-აზერბაიჯანის მემორანდუმმაც დაამტკიცა. თუმცა ამ პროცესის სწრაფ განვითარებასაც ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებს. ამ დიდი შერიგების მომხრეა ყველა: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ამერიკა და რუსეთიც. თითოეულ მათგანს თავის ვარიანტები აქვს, თუმცა ის, რომ ყველა მხარე მომხრეა ნიშნავს, რომ ეს საკითხი მომწიფდა.
საქართველოს რუსეთის მიერ ანექსიის შემდგომ ე.წ. ყარაბახის საკითხის მინსკის ჯგუფის ვიზიტი ბაქოში და ერევანში, ასევე მოსკოვში გახშირდა. ბატონი მეთიუ ბრაიზა ახლა მხოლოდ ამით არის დაკავებული. მან საქართველოზე გული აიცრუა, ალბათ ჩათვალა, რომ აფხაზეთის და ოსეთის საკითხი უიმედოა და ახალ-ახალი გზის ლობირებას შეუდგა სომხეთის გავლით და ალბათ, წინაც მიიწევს. ამ საკითხში ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რაც ვფიქრობთ, რომ დიდი პრობლემაა – რუსი სამხედროები სომხეთსა და მთიან ყარაბახშიც დგანან. რამდენად მოსალოდნელია დასავლეთმა დაუშვას რუსეთის საწინააღმდეგოდ მიმართული მილსადენი, რომელიც ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გარანტიაა, გადიოდეს რუსულ სამხედრო ბაზებზე, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მას ისევ რუსეთი გააკონტროლებს. არადა, რუსეთი სომხეთიდან და ყარბახიდან ჯერ ჯარების გაყვანას არ აპირებს და შესაბამისად ეს “ნაბუქო”-ს სომხური ვექტორის დიდი პრობლემაა.
ერთი რამ ცხადია, რომ ბაქოს გაზი ამ პროექტისათვის ნამდვილად არ არის საკმარისი და რუსეთის წინააღმდეგობის გადალახვის გარეშეც, “ნაბუქო”-ს პროექტი ჩავარდნილია. მიუხედავად იმისა, რომ “ნაბუქო”-ს ჰქვია ტრანსკასპიური ნავთობსადენი და თურქმენეთი ჰპირდებოდა ევროპას, რომ 2009 წელს აქ გამოატარებდა 10 მილიარდ კბმ გაზს, რუსეთის ზეწოლისგან გამოსვლას ჯერ ვერავინ ბედავს და ყველა საქართველოს შეჰყურებს, თუ რამდენად ეფექტური და ქმედითი იქნება ჩვენთვის გაწეული დასავლეთის დახმარება და რამდენად შესძლებენ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთის და ოსეთის რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებას. დასვლეთის ენერგოუსაფრთხოება ცხინვალსა და სოხუმში, ანუ საქართველოში წყდება.
დასავლეთს ხანდახან სურს სიტუაცია შეარბილოს და რუსეთთან მეგობრობას შეუთავსოს ენერგოთავისუფლება, დამოუკიდებელი პატარა ქვეყნების მხარდაჭერა, რაც მგელთან ცხვრების სიცოცხლის უფლებებზე დიალოგს წააგავს.
და ბოლოს, აზერბაიჯანის ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრმა ნატიკ ალიევმა განაცხადა, რომ “ნაბუქო” აზერბაიჯანისათვის ტრანზიტული მილსადენია და ის მოემსახურება თურქმენულ და ყაზახურ გაზს. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ აქ მნიშვნელოვანია კასპიის ზღვის სტატუსის განსაზღვრის პრობლემაც, რომელიც მუდმივი დავის საგანია ამ პროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის, მათ შორის ირანთან, რომლის გაზის გარეშე, ექსპერტთა აზრით, “ნაბუქო”-ს გაზსადენი არ დაიტვირთება. ნატიკ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია რამდენიმე საბადოს ამუშავებს, ეს არის შაჰდენიზი (ShahDeniz) ერთი ტრილიონ 200 მილიარდი კბმ გაზის რესურსით, რომლის ათვისებაც პირველი ფაზით ხდება. მეორე ფაზის დამთავრების შემდეგ ის 20 მილიარდ კბმ გაზის მოპოვებას მიაღწევს წელიწადში; გუნეში (Gunesh), სადაც მინისტრის განცხადებით 500 მილიარდი კბმ გაზის მარაგია და ახალი საბადოები არაზ (Araz) და ალოვ (Alov NhahWevani), არის საბადო შარგიც, სადაც მოპოვება ჯერ არ დაწყებულა.
“ნაბუქო”-ს კონკურენტია სამხრეთის ნაკადი- ახალი მილსადენი, რომელიც იწყება რუსეთის შავიზღვისპირა პორტ ბერეგოვაიაში და მიდის ბულგარეთში. იგი 900 კმ სიგრძისაა და შავ ზღვაში 2000 მეტრის სიღრმეზე გაივლის. შემდეგ გადის საბერძნეთს, უნგრეთს, ავსტრიას და მიდის იტალიამდეც. თუმცა მისი გამტარუნარიანობა შეზღუდულია საზღვაო ტრასის თავისებურებების გამო. მიუხედავად ამისა, ევროპის ბევრ ქვეყანას, მათ შორის საბერძნეთს, უნგრეთს და ბულგარეთს ის მიაჩნია საკმაოდ რენტაბელურ პროექტად და მისი მეორე შტოს განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რუმინეთსა და ჩეხეთზე გადის, მას საერთო ევროპული მილსადენის სტატუსი მიენიჭება.
ყოველ შემთხვევაში ამ ორი მილსადენის დაპირისპირებაზეა დამოკიდებული არა მარტო საქართველოს ბედი და მშვიდობა კავკასიაში, არამედ ევროპის უსაფრთხოებაც და რუსეთის იმპერიული ზრახვების განხორციელება. საგულისხმოა, რომ ამაზეა მიბმული ამერიკის მსოფლიო ლიდერი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კუშნერმა ამერიკის არჩევნების წინა დღეს ტელევიზიით ბრიფინგზე განაცხადა და ალბათ, გაახმოვანა მთელი ევროპის სურვილი თუ არა სარკოზის პოზიცია მაინც, რომ აშშ-ს მომავალ პრეზიდენტად იმიტომ უნდა აირჩეს ობამა, რომ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ მსოფლიოში მარტო არ არის და ამერიკის მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების დრო დამთავრდა – ის ევროპას ანგარიშს უნდა უწევდეს. კუშნერმა მაგალითად მოიყვანა საქართველო-რუსეთის ომის დაზავებაში საფრანგეთის როლი და ხაზი გაუსვა, რომ აქ აშშ არ ჩარეულა. არდა, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია დღესაც გრძელდება და თანაც სასტიკ ფორმებში. ამაზე ჯერჯერობით მკაცრად არავინ რეაგირებს. ეს XXI საუკუნის მსოფლიო დიპლომატიური ფარსის რეალობაა.
ბუნებრივ გაზს მსოფლიოში 60 მილიონი ოჯახი იყენებს, გაზს იყენებს არსებული რესტორნების 78%, სავადმყოფოების 51% და საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელის 58%. მას იყენებენ სამრეწველო მიზნებით: ტანსაცმლის და საერთოდ, საფეიქრო წარმოებაში, ქიმიური სასუქების წარმოებაში, ხალიჩების, სპორტიული საქონლის და მოწყობილობების წარმოებაში, პლასტმასის და ავტოსათადარიგო ნაწილების, ფარმაცევტული, სამხედრო წარმოებაში და რაც მთავარია, ელექტროენერგიის წარმოებაში. ბუნებრივ გაზს ასევე იყენებენ ქიმიურ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და მას დაახლოებით იმდენივე ოჯახი მოიხმარს, რამდენიც არათხევად ნატურალურ გაზს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში პერმანენტულად იზრდებოდა ფასები გაზზე. 1990 წლიდან ის თითქმის 2.5-ჯერ გაიზარდა და ასევე გაიზადა მოხმარება. ამასთან, ბუნებრივი გაზის ფასი მისი საერთო ღირებულების დაახლოებით 55%-ს შეადგენს ხოლო, 42% მისი ტრანსპორტირების და ოპერატორი კომპანიის წილია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე განუხრელად იკლებს ტრანსპორტირებისა და ოპერატორი კომპანიების შემოსავლის წილი, რადგან მილსადენებით სულ უფრო მეტი გაზი გადადის და ეს პროგრესირებადი პროცესია. ამიტომაც გადამწყვეტია არა მარტო ის, თუ ვის აქვს გაზი, არამედ ვის გადააქვს იგი. ამაშიც ძალზე დიდი ფულია.
მსოფლიო პოლიტიკა მილსადენებთან დაკავშირებით იქმნება, მათ შორის მასზეა დამოკიდებული საქართველოს ევროინტეგრაცია, თუ დამოუკიდებლობაც. “ნაბუქო” საქართველოსთვის გადარჩენის გზაა, მაგრამ სხვისთვის კომერციული პროექტია. ის მხოლოდ პოლიტიკური ფარია და საბაბი საქართველოს ანექსიისა, ერთი მხრივ და პოლიტიკური ზეწოლისა – მეორე მხრივ. საქართველოს როლი აქ ძალზე მცირეა, რუსეთთან ან უნდა იომო, ან უნდა დაემონო, სხვა გზა რუსეთს არ აქვს. მითია, ვინც რუსეთს ებრძვის, ის თვით იქნება ძლეულიო. რუსეთს ყოველთვის ევროპის ფარისევლობა შველოდა და ახლაც იომებს “ნაბუქო”-ს გასანადგურებლად, იმპერიის აღსადგენად. რუსეთმა ევროპასთან მორიგება უკვე დაიწყო. გაზპრომის ცნობით, ევროპას 2009 წელს ათას კბმ გაზს, ნაცვლად 460-520 დოლარისა 350-400 დოლარდ მიყიდის, ანუ 120 დოლარით ნაკლებად. ნუთუ მხოლოდ იმის გამო, რომ ნავთობი გაიფდა. ვითომ? მარტო 2008 წელს ევროპისთვის გაზის მიყიდვიდან 75-77 მილიარდ დოლარს მიიღებს!!! ხოლო თავის ტრანსპორტირებიანად მთლიან შემოსავალს – 100 მილიარდს! და შესაძლოა გაცვალონ საქართველო გაზში. რუსეთი ახლაც თუ გაიმარჯვებს, როგორც ისტორიულად ხდებოდა, ისევ ევროპის დამსახურება იქნება.
წყარო: აზერბაიჯანის რესპუბლკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ჟურნალი Contact, ვებ-გვერდი www.api.org.