ნობელის პრემია ბუშის კრიტიკოსს შეხვდა, მაგრამ მან არ იცის სად ჩადოს ფული

რედაქციისაგან

2008 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში პრინსტონის უნივერსიტეტის ამერიკელი მეცნიერ-მკვლევარი, “ნიუ-იორკ ტაიმსის” მიმომხილველი და უდრეკი ლიბერალი პოლ კრუგმანი გახდა. მას პრემია მიენიჭა ნაშრომისათვის: “სავაჭრო სტრუქტურისა და ეკონომიკური საქმიანობის გეოგრაფიული გადანაწილების ანალიზი”.

როგორც ნობელის კომიტეტში აღნიშნეს, კრუგმანის ნაშრომებით შესაძლებელი გახდა აეხსნათ გლობალიზაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების შედეგები, ასევე პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ურბანიზაციის მიზეზები. პოლ კრუგმანი დაიბადა ნიუ-იორკის რაიონში, ლონგ-აილენდში, სადაზღვევო კომპანიის მენეჯერის ოჯახში. მან იელის უნივერსიტეტი დაამთავრა და დოქტორის წოდება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიიღო. თითქმის 30 წლის წინ კრუგმანმა სახელი გაითქვა თავისი ნაშრომებით საერთაშორისო ვაჭრობის თეორიასთან დაკავშირებით, კვლევებით “ახალი ეკონომიკური გეოგრაფიის” მიმართულებით და სტატიებით სავალუტო კრიზისის შესახებ.
საპრიზო საბჭოს წევრი თოურ ელინგსენი აცხადებს, რომ კრუგმენი “იდეის ავტორია”, მაგრამ აქვე დასძენს, რომ მან ჯილდო ეკონომიკური გამოკვლევებისთვის დაიმსახურა და არა მისი პოლიტიკური კომენტარებისათვის. “ჩვენ პატივს მხოლოდ სამეცნიერო ხარისხს ვცემთ”, – განუცხადა ელინგსენმა “ესოშიეთედ პრესს”. უკვე 1990-იანი წლების დასაწყისში მისი კოლეგები კრუგმანს ნობელის პრემიას უწინასწარმეტყველებდნენ, ხოლო ჟურნალმა Newsweek-მა კი თავის სტატიაში იგი “ნობელის პრემიისთვის განწირულ ეკონომისტად” დაასახელა.
55 წლის პოლ კრუგმანი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თანამედროვე ეკონომისტად ითვლება.

ბუშის უმოწყალო კრიტიკოსი
თითქმის ყველა ეკონომისტი სტუდენტი კრუგმანს საერთაშორისო ეკონომიკის შესახებ მისი ცნობილი სახელმძღვანელოთი იცნობს, ხოლო ამერიკელთა უმრავლესობა კი – ჯორჯ ბუშის უმოწყალო კრიტიკით New York Times-ის ფურცლებზე.
ის ბუშის ადმინისტრაციას მიმდინარე ფინანსურ კრიზისზე მსჯელობისას არასწორი ფისკალური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს, რაც გლობალური ეკონომიკის რეცესიის გამომწვევი მიზეზი ხდება.
“კრუგმანის დაჯილდოება ნობელის პრემიით არ იყო მოულოდნელი, იგი შესანიშნავი ეკონომისტია და შეიძლება ითქვას, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ამ ჯილდოს იმსახურებს. მაგრამ სიურპრიზი ის იყო, რომ ბუშის ამ მკაცრ კრიტიკოსს პრემია სწორედ ეხლა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიანიჭეს”, – განაცხადა BBC-თან ინტერვიუში წიგნის “არალეგალური ეკონომისტი”-ს ავტორმა ტიმ ჰართფორდმა.
პოლ კრუგმანს მყარი რეპუტაცია აქვს არა მხოლოდ როგორც რესპუბლიკელების კრიტიკოსს, არამედ როგორც ეკონომიკური მითების გამბათილებელსაც. მას არ ეშინია საერთო მიღებული აზრების საწინააღმდეგოდ გამოსვლა. თავის დროზე მან განაცხადა აშშ-ს იაპონიასთან ვაჭრობის უზარმაზარი დეფიციტის შესახებ, რომელიც არ იყო “დიდ მნიშვნელობის”. იგი ამბობდა, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში სამუშაო ადგილების გადინების პრობლემა “ძლიერ გაზვიადებულია” და გაცილებით ნაკლებ საშიშია, ვიდრე შრომის დაბალი მწარმოებლურობა განვითარებულ ქვეყნებში.
კრუგმანი ეწინააღმდეგებოდა პოლიტიკოსებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ცივი ომი ეკონომიკურმა ომმა შეცვალა და არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ სახელმწიფოები ეჯიბრებიან ერთმანეთს ეკონომიკურ სფეროში, რადგან ქვეყნები კორპორაციებთან შედარებით სრულიად განსხვავებულად ფუნქციონირებენ.
პოლ კრუგმანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ზედმეტ პროტექციონიზმს და მთავრობის ჩარევას ეკონომიკაში. მიუხედავად ამისა, მან მათემატიკური სიზუსტით ახსნა, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს მთავრობა ამა თუ იმ დარგს და მიიღოს გარკვეული უპირატესობები ბაზარზე.
ჯერ კიდევ 10 წლის წინ პოლ კრუგმანი აღიარებდა, რომ მას აშინებდა ის, რაც ამერიკულ საზოგადოებაში ხდებოდა. იგი მოუწოდებდა “იმის გაუმჯობესებასა და სრულყოფას, რაც ინგრეოდა, კერძოდ, ბავშვების ჯანდაცვას და ღარიბთა ბავშვების განათლებას”.

თეორიები და შრომები
კრუგმანის მრავალი თეორია ეფუძვნება იმას, რომ საქონლის და მომსახურების წარმოება და მიწოდება გაცილებით უფრო იაფად შეიძლება, თუ დიდი ხნის განმავლობაში და დიდი რაოდენობით იწარმოება. ეს კონცეფცია ცნობილია, როგორც მასშტაბის ეფექტი ეკონომიკაში (economies of scale).
მიუხედავად იმისა, რომ პოლ კრუგმანი არასდროს ადიდებდა მეცნიერებს, თავად მისი პოპულარობა აიხსნება მისი უნარით, რომელიც რთული ეკონომიკური პროცესების მარტივი ენით გადმოცემაში მდგომარეობს.
პოლ კრუგმანმა უამრავი წიგნი დაწერა, ისინი ეკონომიკურ პრობლემებს, მსოფლიო ვაჭრობასა და გლობალიზაციას ეძღვნებოდა. მის ბესტსელერებს შორისაა “დეპრესიის დაბრუნება” (The Return of the Depression Economics), რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს აზიურ ეკონომიკურ კრიზისს ეხება, “უნებლიე თეორეტიკოსი” (The Accidental Theorist) და “დიდი ტყუილი” (The Great Unravelling), რომელსაც გამომცემლობამ “1990-იანი წლების ოპტიმიზმის დაცემისა და ნგრევის ქრონიკა” უწოდა.
პრემია ეკონომიკის დარგში – ნობელის პრემიათა შორის ყველაზე ახალია. იგი შვედეთის ბანკმა 1968 წელს დააწესა და ეკონომიკის დარგში პრემიებს შორის ყველაზე პრესტიჟულად ითვლება. სხვა პრემიებისგან განსხვავებით, იგი არ წარმოადგენს ალფრედ ნობელის დანატოვარს. მიმდინარე წელს ამ პრემიის სიდიდე თითქმის 1.5 მლნ დოლარია.
მიმდინარე წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკის დარგში პოლ კრუგმანმა კომენტარი გაუკეთა დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ბაზრების ფინანასური კრიზისიდან გამოსაყვანად მიღებულ ზომებს.
აშშ-ს და ევროპის ქვეყნები ფაქტიურად ბანკების ნაწილობრივ ნაციონალიზაციაზე გადავიდნენ – ისინი მრავალ მილიარდ დოლარებს გამოყოფენ თავიანთი ქვეყნების უმსხვილეს ბანკებში წილების შესასყიდად. საფონდო ბაზრები ამ მოვლენას უმალ ზრდით გამოეხმაურნენ.
– რას ფიქრობს ყოველივე აღნიშნულის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც სახელი ეკონომიკური კრიზისების აღწერით მოიხვეჭა?
პოლ კრუგმანი: საფონდო ბაზრები დიდ გავლენას არ ახდენენ ჩემს შეხედულებაზე. მათი რყევები სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ამ კრიზისის განვითარებაში არის ის, რომ თითოეულ სტადიაზე ხელისუფლების წარმომადგენლები უარესად, უფრო სუსტად რეაგირებდნენ, ვიდრე ვიმედოვნებდით. ყოველ სტადიაზე იყო იმედგაცრუება და ყოველივე ამან თანდათანობით ნდობის დაკარგვა გამოიწვია. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, კვირას, ევროკავშირის სამიტზე მათ უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მათი გეგმა ნამდვილად უფრო უკეთესი, ეფექტური, გათვლილი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ველოდი. ეს შეიძლება საბედისწერო შემობრუნება იყოს აღნიშნულ კრიზისში.
– მრავალი კომენტატორი აკრიტიკებს პოლიტიკოსებს იმის გამო, რომ დაგვიანებით რეაგირებდნენ, მაგრამ არსებობს კი რომელიმე ეკონომიკური თეორია, რომელსაც შეიძლებოდა ისინი დაყრდნობოდნენ?
პოლ კრუგმანი: რა თქმა უნდა, მრავალი ეკონომიკური თეორია არსებობს. გარკვეულწილად ეს თეორიები საკმარისად საიმედო და სანდო რომ ყოფილიყო, მაშინ ყველაფერზე წინასწარ გავაფრთხილებდით, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჯერ კიდევ ორი თვის წინ უკვე მრავალმა ეკონომისტმა ამოიცნო განსაზღვრული გადამწყვეტი ინდიკატორები, რომლებიც მიუთითებდნენ რეკაპიტალიზაციისა და გარანტიების აუცილებლობას. სწორედ ეს არის ბრიტანული გეგმის საფუძველი, რომელიც გასულ კვირას იყო წარმოდგენილი და ევროზონის მიერ კვირას გამოცხადებული გეგმის საფუძველი. ასე, რომ დაახლოებით ორი თვეა, რაც თეორიული მექანიზმები გვაქვს მომზადებული და მოხარული ვარ, რომ მათ იყენებენ.
– თვლით თუ არა, რომ ბაზრები ნაკლებად წინასწარმეტყველებადი გახდნენ მათი დერეგულირების გამო?
პოლ კრუგმანი: მე სხვაგვარად ვიტყოდი: ბაზრებმა გადააჭარბეს იმ რეგულაციას, რომელიც ჩვენ გვქონდა. არსებობდა საბანკო სისტემა – მაღალი მარმარილოს შენობები, რომელთა ფანჯრებს უკან ხალხი იჯდა და თქვენი ფულის მართვით იყო დაკავებული, მაგრამ შემდეგ ჰეჯ-ფონდების, ვირტუალური ფულადი ბაზრების, ნაწარმოები ფასიანი ქაღალდებისა და ყველა იმ რაღაცეების სამყაროში აღმოვჩნდით, რაშიც ბევრი არაფერი გაგვეგება. ჩვენ აღმოვჩნდით სისტემაში, სადაც საბანკო საქმიანობის ძირითად ნაწილს აწარმოებდნენ ის ორგანიზაციები, რომელთაც არ ერქვათ ბანკები და შესაბამისად, არც მათი საქმიანობის რეგულირება ხდებოდა ბანკების მიერ. რეგულირება ამ გარემოებების შესაბამისად უნდა მომხდარიყო, რაც არ მოხდა და ამიტომაც აღმოვჩნდით აღნიშნულ კრიზისში ასეთ სუსტ პოზიციაში.
– თქვენ ნობელის პრემია მიიღეთ “სავაჭრო სტრუქტურისა და ეკონომიკური საქმიანობის გეოგრაფიული გადანაწილების ანალიზისათვის”, სადაც ახსნილი გაქვთ გლობალიზაციის, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობისა და მოსახლეობის ურბანიზაციის შედეგები. რას ნიშნავს ეს?
პოლ კრუგმანი: საერთაშორისო ვაჭრობაში დიდი ცვლილებები მოხდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე და დაახლოებით 1980-იან წლებს შორის პერიოდში, როდესაც მე ამ სფეროში დავიწყე მუშაობა. ადრე ბრიტანეთი იყო მწარმოებელი და საქონელგაცვლას აწარმოებდა ინდოეთთან, რომელიც აგრარულ ქვეყანას წარმოადგენდა. შემდეგ კი მწარმოებელმა ქვეყნებმა დაიწყეს სამრეწველო საქონლის გაცვლა ერთმანეთს შორის და ამასთან, ხშირად საკმაოდ მსგავსი საქონლისაც. მაგალითად, ფრანგული მანქანები მიდიოდა გერმანიაში, ხოლო გერმანული კი – საფრანგეთში. მე ვეცადე ამ ყველაფერში გავრკვეულიყავი, გამეგო, თუ რატომ ვითარდებოდა ასეთი ვიწრო სპეციალიზაცია, რატომ დამყარდა საერთაშორისო ვაჭრობა ისეთ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთს ჰგავს – და იმ საქონლითაც კი, რომელიც ერთმანეთის მსგავსია. აი, სწორედ ამაში გამოიხატება “ვაჭრობის ახალი თეორია”, როგორც ჩვენ მას მანამდე ვუწოდებდით.
– და თქვენ დღემდე თვლით, რომ გლობალიზაცია კარგია?
პოლ კრუგმანი: გლობალიზაციას მნიშვნელოვანი დადებითი ასპექტი აქვს. გლობალიზაცია მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების იმედია, მაგრამ მას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ფინანსური გლობალიზაციის გამო სახლებთან დაკავშირებულმა კრიზისმა შეიძლება ფინანსური ქაოსი გამოიწვიოს ისლანდიაში, რისი მოწმენიც ჩვენ უკვე გავხდით. ასე, რომ აქ პლიუსებიცაა და მინუსებიც. ზოგადად მე მომხრე ვარ, მაგრამ მუდმივად თვალყური უნდა ვადევნოთ ამ პრობლემებს.
– ეხლა თქვენ გაქვთ 1.4 მლნ დოლარის ოდენობის პრემია. სად ჩადებთ მას? სად არ ემუქრება თქვენს ფულს არაფერი?
პოლ კრუგმანი: წარმოდგენა არ მაქვს. მე ვთვლი, რომ ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციები საკმაოდ უსაფრთხოა. ეტყობა, ყველა მივიდა ამ დასკვნამდე და ალბათ ამიტომაა, რომ მათზე პროცენტი დაახლოებით ნოლია. ამაზე ჯერ კიდევ უნდა დავფიქრდე, თუმცა ერთი რამ ვიცი – ლეიბის ქვეშ ნამდვილად არ დავმალავ. ამბობენ, რომ ხალხს ეხლა მხოლოდ ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების და ბოთლის წყლის ყიდვა უნდათ. მე უფრო ალბათ სახელმწიფო ობლიგაციებს ავირჩევ.