ფინანსურ სამყაროს საბანკო კაპიტალის დაზღვევის სქემა გადაარჩენს?

ალექსანდრა ლალიაშვილი

მას შემდეგ, რაც ბანკებმა მსოფლიოში არსებული კრიზისის შედეგად მრავალი მილიარდის ზარალი განიცადეს, დაიწყეს თავიანთი აქტივების გაყიდვა და დაკრედიტების შეზღუდვა, რათა არ დაეშვათ საკუთარი კაპიტალის ღირებულების დაცემა. ცალკეული ბანკების მხრიდან ეს რაციონალური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ საერთოდ საბანკო სექტორისათვის ეს მოჯადოებული წრის შექმნას ნიშნავს, კერძოდ, საკრედიტო რესურსების შემცირებას, რასაც მოყვება ეკონომიკური ზრდის კლება და ახალი დანაკარგები ვალების დაუბრუნებლობის გამო.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს, წააწყდნენ რა ერთხელ ასეთ არასასიამოვნო სიტუაციას, სურთ გაზარდონ მოთხოვნები საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ, რათა უფრო დაიცვან საკუთარი კაპიტალი. ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ბანკებს დააკისრებენ, რომ ჰქონდეთ უფრო დიდი მოცულობის საკუთარი კაპიტალი , მაშინ ბუმი გადახურების სტადიამდე არ მივა, ხოლო კრიზისის ალბათობა შემცირდება. ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, მაგრამ მსგავსი ლოგიკა შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს. ფინანსური ინსტიტუტების იძულება, რომ ჰქონდეთ დიდი მოცულობის საკუთარი კაპიტალი – ჩვეულებრივ, აქციების სახით – პირველ რიგში აქციონერების ინტერესებს ეწინააღმდეგება, რადგან ეს შემოსავლის შემცირებას იწვევს. ეს საბოლოო ჯამში უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, რადგან თანხები აკლდება ისეთ პროექტებს, რომლებსაც დიდი უკუგების მოტანა შეუძლია. გარდა ამისა, აღნიშნული მოთხოვნის გამო საკმაოდ სანდო მსესხებლებისთვის კრედიტი მიუწვდომელი ხდება. და ბოლოს, ყოველივე ეს შეიძლება ნაკლებშედეგიანი იყოს რადგან, ბანკებს ექმნებათ შანსი ჩაერთონ სისტემასთან პროვოცირებულ თამაშებში, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. სად არის გამოსავალი?
ეკონომიკურ კონფერენციაზე, რომელიც ჩაატარა კანზას-სიტის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა აშშ-ში, ჰარვარდისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის ექსპერტებმა კაპიტალის დაზღვევის წინადადება შემოიტანეს. ამ წინადადების მიხედვით, ნორმალური ფუნქციონირების დროს ბანკები ყიდულობენ სადაზღვევო პოლისებს, რომლებიც კრიზისის მომენტში დამატებითი კაპიტალის შემოდინების წყარო ხდება. ამ კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ცენტრალური ბანკების მოხელეებში, რომლებსაც ამჟამად ძლიერ აღელვებთ შემდეგი ეკონომიკური ციკლის დროს თუ როგორ უნდა მოიქცნენ.
1970-იან წლებამდე ჯერ კიდევ ისმოდა დიდი დეპრესიის გამოძახილი: ბანკები უპირატესობას კაპიტალს ანიჭებდნენ და არა საკუთარი კაპიტალის შემდგომ ზრდას. ამგვარი მიდგომა თანდათან შეიცვალა, მაგრამ აქცენტის გადატანა კაპიტალიდან ზრდაზე ხშირად ზედმეტად ზრდიდა საკრედიტო განაცემებს. განსაკუთრებით ეს ლათინური ამერიკისთვის იყო დამახასიათებელი, სადაც ხშირად ადგილი ჰქონდა ჩამოწერებსა და პერიოდულ ფინანსურ კრიზისებს.
რეგულატორების რეაქციამ 1988 წელს იჩინა თავი: მიღებულ იქნა ბაზელის შეთანხმება კაპიტალის შესახებ, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ბანკებისთვის ერთნაირი მოთხოვნები წესდებოდა საკუთარი კაპიტალის სიდიდესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ბანკები ყოველთვის პოულობდნენ ამ წესის შესასრულებლად შემოვლით გზებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფართოდ გავრცელდა არასაბალანსო ვალდებულებების სქემები, რომლებიც სეკუიტიზირებული იპოთეკური ქაღალდების დაგროვების შესაძლებლობას იძლეოდა. სტიმული იყო ის, რომ ასეთი ქაღალდები ან ძალიან მცირე კაპიტალს მოითხოვს, ან საერთოდ არ მოითხოვს მას. როდესაც გასულ წელს კრედიტორებმა უარი თქვეს იმ მოკლევადიანი ქაღალდების რეფინანსირებაზე, რომლებიც ამ სქემაში იყვნენ ჩართულნი, ბანკები იძულებულნი გახდნენ ეს ქაღალდები თავიანთ ბალანსზე აეყვანათ, რის გამოც შემცირდა მათი კაპიტალის ზღვრული ნორმა. “საბანკო საქმიანობა გულისხმობს თავის თავზე რისკების აღებასა და მათ მართვას, ამიტომ ნებისმიერი მასშტაბური მცდელობა სარისკო ოპერაციების ჩატარების ხელის შესაშლელად ამ მცდელობებს ნაკლებად გამჭვირვალეს გახდის”, – აღნიშნა კონფერენციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა რაგჰურამ რაჯანმა.
მოხსენებების ავტორები ასკვნიდნენ, რომ ძალიან ძნელია ბანკები აიძულო უარი თქვან საკრედიტო მხარდაჭერაზე. ეკონომისტების მტკიცებით, საკუთარი კაპიტალის შეზღუდუვა ხელს უწყობს მის მაღალხარისხოვან მართვას. თუ ბანკებს ზედმეტად ბევრ სახსრებს მისცემენ, ისინი მათ არაეფექტურ პროექტებზე დახარჯავენ. ამიტომ მათ ისეთი პირობები უნდა შეექმნას, რომ მოკლევადიან სახსრებს დაეყრდნონ, რის შედეგადაც დაკრედიტებასაც უფრო ფრთხილად განახორციელებენ, რათა მათი თანხები საეჭვო მსესხებლების ხელში არ აღმოჩნდეს.
კაპიტალის მოცულობისადმი უფრო მკაცრი მოთხოვნები სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ბანკები არ შეაფერხებენ ეკონომიკის განვითარებას მისი ზრდის შენელების პერიოდებში. ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები ძალიან ოპერატიულად იწყებენ დაკრედიტების პირობების გამკაცრებას უკვე მაშინ, როდესაც მათი “პირველი დონის” კაპიტალი (ძირითადად აქციონერთა კაპიტალია), რომელიც რისკების დონის მიხედვითაა შეფასებული, აქტივების 10.1%-მდე ეცემა, როგორც ეს მოხდა 30 ივნისს. ასეთი თანაფარდობა კი ბევრად აჭარბებს 6%-იან ნორმას, რომელსაც რეგულატორები ბანკების კარგი კაპიტალიზაციის მაჩვენებლად განიხილავენ. იტალიის ბანკის მმართველი მარიო დრაგი აღნიშნავს, რომ ბანკები კაპიტალის გადიდებას იწყებენ არა იმიტომ, რომ მისი დონე დაწესებულ მინიმალურ ზღვრამდე შემცირდა, არამედ მათ აწუხებთ ის, რომ ბაზრებმა შეიძლება დასაჯონ ის ორგანიზაციები, რომელთაც არ ექნება ბუფერები კაპიტალის სახით.
მარიო დრაგი, სხვა რეგულატორების მსგავსად, დარწმუნებულია, რომ ისეთი მაჩვენებლებისადმი წაყენებული მოთხოვნები, როგორიცაა კაპიტალის ზღვრული ნორმა უნდა განკაცრდეს იმ დონემდე, რაც მიღებულია კარგი რეპუტაციის მქონე ესპანურ საბანკო სისტემაში (იქ ეს მოთხოვნები იზრდება დაკრედიტების ბუმის დროს და მცირდება მისი ვარდნის დროს). მაგრამ ექსპერტთა ნაწილი არ ეთანხმება ამას, რადგან მათი აზრით, კრიზისები იშვიათად ხდება, ასეთი მიდგომის დროს კი ბანკები მეტწილად დატვირთულნი იქნებიან გამოუყენებელი კაპიტალით.
აღნიშნულის ნაცვლად ექსპერტები ბანკებს არჩევანს სთავაზობენ – საკუთარი კაპიტალისადმი უფრო მკაცრ მოთხოვნებსა და კაპიტალის სადაზღვევო პოლისის შეძენას შორის. მისი მუშაობის სქემა ასეთია – რომელიმე საპენსიო ან ეროვნული კეთილდღეობის უზრუნველყოფის ფონდი ამაზე პრემიას დააწესებდა, ვთქვათ, 10 მლრდ დოლარის თანხაზე სახაზინო ობლიგაციების დეპონირების სანაცვლოდ. წინასწარ მოლაპარაკებული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში ეს სახსრები ბანკებს მიეწოდება.
მართალია, ინიციატივა საინტერესოა, მაგრამ ასეთი შემოთავაზება კითხვებს იწვევს, კერძოდ, ვინ განსაზღვრავს X წერტილის დადგომის დროს? სად იქნება იგი განთავსებული? რომელი ქვეყნები და რა ტიპის კომპანიები (ბანკების გარდა) მიიღებენ მონაწილეობას მოცემულ სისტემაში? პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ალან ბლინდერმა აღნიშნა, რომ კრიზისი პრაქტიკულად ყველას ეხება და თუ არ გამოინახა ისეთი დამზღვევი, რომელიც ამ კრიზისისგან სარგებელს მიიღებს, მაშინ სადაზღვევო პრემია ძალიან მაღალი უნდა იყოს, რათა დამზღვევებმა შეძლონ სწორედ კრიზისის დროს გადაიხადონ სადაზღვეო თანხა და ამით სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს (მათ შორის ბანკებსაც) გაუადვილონ კრიზისიდან გამოსასვლელი გზების ძიება.
აღსანიშნავია ერთი გარემოებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი სისტემა არასრულყოფილია, როგორც ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, სულაც არ არის აუცილებელი მისი მოშლა. მართლაც, იგი ხელს უწყობს რისკების მიღებას და მოკლევადიან სესხებს და ასეთი განაწესის დროს ბანკები თავიანთ რესურსებს ყოველთვის ეფექტურად ან გონივრულად ვერ განათავსებენ. მიუხედავად ამისა, რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს არსებული სიტუაცია, აქამდე არცერთი მსხვილი ბანკი არ გაკოტრებულა ძირითადად კი იმის წყალობით, რომ მარეგულირებელი ორგანოები საკრედიტო ორგანიზაციებს აიძულებენ, საკმარისი საკუთარი კაპიტალი ჰქონდეთ. უფრო მეტიც, ბანკებმა მოახერხეს ისეთი მოცულობის მნიშვნელოვანი კაპიტალის მოზიდვა, რომელიც დღემდე არსებული ჩამოწერილი თანხების თითქმის ორი მესამედის ეკვივალენტურია, თუმცა ამის გაკეთება სულ უფრო რთულია.
რა თქმა უნდა, კრიზისი ჯერ კიდევ შორსაა თავისი დასასრულისგან, მაგრამ აღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეებმა გამოთქვეს შიში, რომ ყველაზე უარესს ჯერ კიდევ ელიან. ფინანსური კრიზისი უკვე ერთი წელიწადია გრძელდება, მაგრამ რეალურ ეკონომიკაზე ის ჯერ კიდევ სრულად არ ასახულა. ჯერ ძალიან ადრეა მოქმედი სისტემის განხილვა, მაგრამ ცვლილებები გარდაუვალია, ამიტომ დიდ ყურადღებას იმსახურებს მომავალი განვითარების ყველა კონცეფცია ერთ-ერთი ასეთი კონცეფცია, ბანკების კაპიტალის დაზღვევის სქემაა.
საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განხილვის ერთ-ერთი თემაა საბანკო კაპიტალის დაზღვევა. კერძოდ, ჩვენ წარმოვაჩენთ, თუ რა ხდება საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, როგორ იყენებენ ქართული ბანკები სადაზღვევო სქემებს და სთავაზობენ თუ არა აღნიშნულ მომსახურებას ჩვენი სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს? ამ საკითხებზე ჩვენ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის (რომელიც ბაზრის 31%-იან წილს ფლობს) “ალდაგი ბისიაის” კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ანგარიშთა მმართველს ეთერ მოდებაძე ვესაუბრეთ:
– აგვისტოს მოვლენების შემდეგ თითქმის ყველა სფეროში გაჩნდა პრობლემები, რა შეიცვალა სადაზღვევო ბაზარზე?
– პრობლემები, როგორც ყველა ბიზნესს, რა თქმა უნდა, დაზღვევის თემასაც შეეხო. მაგალითად, უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული რამდენიმე პროექტი, რომელიც ჩვენ გვქონდა და მალე უნდა განხორციელებულიყო, შეჩერებულია. მაგრამ ჩვენ ამ პროექტების განხორციელებას ჯერ კიდევ ველოდებით. ამ პროექტებთან დაკავშირებით იყო რაღაც უმნიშვნელო პრობლემები, მაგრამ განსაკუთრებული ზარალი ჩვენს კომპანიას არ უნახავს. რაც იმანაც განაპირობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (მაგალითად, ევროკომისია) ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა და ხორციელდება ძალიან დიდი პროექტები. ამ პროგრამების განხორციელებაში ჩართულია სადაზღვევო სექტორი და მათ შორის ჩვენი კომპანიაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ჩვენს კომპანიას უფრო მეტი საქმე აქვს გასაკეთებელი.
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ჩვენი ლიკვიდურობა არ შეფერხებულა და “ალდაგი” დღემდეგ აგრძელებს ჩვეულებრივ ოპერატიულად მუშაობას. რომ ვთქვათ, რომ რაიმე განსაკუთრებული სახის ფინანსური პრობლემები გვქონდა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, არ იქნება მართალი.
– მოქმედებს თუ არა საბანკო დაზღვევის სქემა საქართველოში?
– ასეთი მომსახურება ჩვენთან არსებობს, მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ ბანკები ნაკლებად მიმართავენ კაპიტალის დაზღვევის სქემას. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ჩვენს ქვეყანაში სადაზღვევო ბიზნესი ძალიან ახალგაზრდაა, სულ რაღაც 18-20 წლის. აქედან გამომდინარე ის დროსთან ერთად ვითარდება და ალბათ ნელ-ნელა მოიკიდებს ფეხს ისეთი რთული პროდუქტები და დაზღვევა, როგორიცაა ფინანსური დაზღვევა, ბანკების კაპიტალის დაზღვევა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ის საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებობს და თვითონ ბანკებს უნდა ქონდეთ დაინტერესება, რომ აღნიშნული პროდუქტი შეიძინონ და მისით ისარგებლონ. თუმცა დღეისათვის რაღაც დონეზე ამას კანონმდებლობაც არეგულირებს. არის რაღაც კონკრეტული დაზღვევის სავალდებულო სახეობები, თუმცა უფრო მეტი ნაწილი ნებაყოფლობითია და ამა თუ იმ კომპანიის მენეჯმენტი განსაზღვრავს ამის საჭიროებას.
– კიდევ ერთი აქტუალური თემა სადაზღვევო ბიზნესთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს დაზღვევაა. რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით? მით უმეტეს, რომ ამ სფეროს ბოლო დროს სერიოზული პრობლემები შეექმნა!
– რა თქმა უნდა, სამშენებლო ფირმების ძალიან ცოტა ნაწილი ყიდულობდა ასეთ დაზღვევას, ამიტომ ის პრობლემები, რაც მათ ახლა შეექმნათ, მთლიანად თავის თავზე უნდა აიღონ. ფაქტობრივად საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ძალიან ცოტა პროექტი იყო და არის დაზღვეული. იმედია ეს კრიზისი დაანახებს სამშენებლო კომპანიებს იმის საჭიროებას, რომ მსგავსი ფინანსური საფრთხეებისგან თავი უნდა დაიცვან.
– თქვენი აზრით სამშენებლო ბიზნესში შექმნილი პორბლემების ერთ-ერთი მიზეზი სადაზღვევო კულტურის არარსებობაცაა, ანუ, დეველოპერების პროექტები დაზღვეული რომ ყოფილიყო, შეძლებდნენ კრიზისიდან ნაკლები დანაკარგებით გამოსვლას?
– რა თქნა უნდა. როცა ომი და ასეთი კოლაფსური სიტუაციაა, ეს არსებული კრიზისის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზია, მაგრამ საერთოდ დაზღვევის მექანიზმი შექმნილი და მოწესრიგებული რომ არაა, პრობლემას ეს უფრო ამძიმებს. საქართველოს სამშენებლო ბაზარზე არის ისეთი კომპანიები, რომლებიც საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება და პოპულარული არიან, მაგრამ დაზღვევას არ მიმართავენ. არადა, სადაზღვევო ბაზარი ვერ განვითარდება თუ არ იქნა დაინტერესება. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში ეს კულტურა ნელ-ნელა ყალიბდება.
– სამშენებლო პროექტების დიდი ნაწილი რომ დაზღვეულიყო, თქვენ არ შეგექმნებოდათ ამის გამო სერიოზული ფინანსური პრობლემები?
– ცალსახად ამ საკითხს ვერ განვიხილავთ. სხვა არ ვიცი, მაგრამ ჩვენი სადაზღვევო კომპანია ყველა თავის რისკს გადააზღვევს, ანუ ეს არ არის მარტო ჩვენს თავზე აღებული ფინანსური რისკი, ჩვენ უკან დგას ისეთი ფინანსური ინსტიტუტები (საერთაშორისო გადამზღვევები), როგორიცაა SWISS RE, MUNICH RE, LLOYOS OF LONDON და ა.შ., რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო რისკები გადანაწილებულია და ამის მართვა შედარებით უფრო მარტივია. ის, რომ ჩვენი კომპანიის უკან დგას სერიოზული საერთაშორისო გადამზღვევი კომპანიები, მომხმარებლისთვის დამატებითი გარანტიაა.
იგივეს აღნიშნავენ სხვა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები. მაგალითად, “ირაოს” წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში დაზღვევის ფენომენს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ დაზღვევისათვის ხშირად ჯანმრთელობაშერყეული ადამიანები მიმართავენ, მაშინ როცა დაზღვევა ჯერ არ დამდგარი რისკების მართვას გულისხმობს.
სამედიცინო დაზღვევა დღეს საქართველოში კიდევ ერთი აქტუალური თემაა. სამედიცინო დაზღვევაზე პროდუქტის ფასები გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა. რაც უმთავრესად ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდამ განაპირობა, გარდა ამისა, ძვირდება სამედიცინო მომსახურება და ამ სფეროში ინფლაციის დონე გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო ინფლაციური მაჩვენებელი.
ჯანმრთელობის დაზღვევის ტარიფები სწორედ სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასით განისაზღვრება. მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯები ქვეყანაში 2007 წელთან შედარებით დაახლოებით 50%-60%-ით გაიზარდა. გაძვირდა სტომატოლოგიური მომსახურებაც და შესაბამისად ის სადაზღვევო პორდუქტები, რომლებიც სტომატოლოგიური მომსახურების ნაწილობრივ, ან სრულად ანაზღაურებას ითვალისწინებს. ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ამ პროდუქტის გაჩენა, სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში სამედიცინო, მათ შორის სტომატოლოგიური მომსახურების შედარებით სიიაფითა და მძაფრი კონკურენტული გარემოთი იყო განპირობებული. მაგრამ მას შემდეგ რაც მთლიანად სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები გაძვირდა, ამ სფეროს იაფიანმა დაზღვევამ კომპანიებისათვის აქტუალობა დაკარგა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მოსალოდნელი ინფლაციის პირობებში ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, პოტენციური მომხმარებლის შესაძლებლობები შესაბამისად შემცირდება.
ასე, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ტარიფები სულ უფრო იზრდება, მომხმარებლის შემოსავალი კი ინფლაციის ფონზე სულ უფრო უბარაქო ხდება. თუკი ბაზარზე ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება დაზღვევის ამ პროდუქტზე მოხმარების მოთხოვნა შემცირდეს. ამ ეტაპზე ეს პროდუქტი სადაზღვევო პორტფელში ლიდერია. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი 13 სადაზღვევო კომპანიის მიერ 2008 წლის 6 თვეში მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 132,765 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან 78,407 მლნ ლარი სწორედ ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოდის.