რამდენ მილიარდში გამოიხატება ახალი ხელისუფლების ამბიცია რესაგან

სოფიკო სიჭინავა

2004 წლის ბიუჯეტის მიღება 2004 წლის მოწვევის პარლამენტს მოუწევს, რომლის არარსებობის გამო წინასწარ ძნელი სათქმელია, რამდენად ცხარე და საინტერესო დებატები გველოდება. მაგრამ, ერთის თქმა წინასწარ შეიძლება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ძლივსშეთანხმებული ბიუჯეტის დაწუნება და მასში მკვეთრი და სერიოზული კორექტირების შეტანა, ნაკლებად სავარაუდოა.

ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სსფ-მ, როგორც იქნა, ჩვენსკენ მოიხედა. მართალია, ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ბრმად აღარაფერში დაეთანხმებიან, მაგრამ წინ არის პარიზის კლუბის მოლაპარაკებები, სადაც ფონდის მხარდაჭერა ჰაერივით გვჭირდება, ამიტომაც ამ კუთხითაც გარკვეული ინტრიგა, ალბათ, მოსალოდნელი არ არის.

2004 წლის ბიუჯეტი ყველა მის წინამორბედთან შედარებით ყველაზე ამბიციურია და ქართული რეალობის ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა არის დაგეგმილი, მაგრამ მეორეა, თუ რამდენად შეძლებს ახალი ხელისუფლება გაარღვიოს ის მოჯადოებული წრე, რომელიც ქვეყნის ფინანსების მობილიზების საკითხში უკვე ამდენი ხანია არსებობს, ანუ, როცა დათვლილი ციფრებით საგადასახადო შემოსავლები შესაძლოა დღეს არსებულზე მეტი დაფიქსირდეს, მაგრამ ახლანდელი ადმინისტრირების პირობებში საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მხოლოდ გარკვეული ზღვარი არსებობს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იანვარ-თებერვლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციებს, ადვილი მოსალოდნელია, რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისთან გვქონდეს საქმე. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იანვარ-თებერვალში 106%-ით არის შესრულებული და ორ თვეში საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით, 10 362 200 ლარით მეტია მობილიზებული. მისივე თქმით, 2003 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ბიუჯეტში 16 553 400 ლარით მეტია მობილიზებული, რაც 126,1%-ს შეადგენს. მთლიანად, იანვარ-თებერვალში გასულ წელთან შედარებით, 10 550 00 ლარით მეტი შეგროვდა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად დააფინანსა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 მლნ 106 ათას 985 ლარი მიიღო და სხვათა შორის, აჭარის ექვსმა საარჩევნო ოლქმაც, რაც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ მომხდარა.

ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის 2003 წლის მთავარ საფინანსო კანონს “ბოლოში მოუსწრო”, მართალია, მას მაინც ვერაფერი ეშველა და გაირღვა, მაგრამ არა ისეთი კატასტროფული მაჩვენებლით, როგორიც მოსალოდნელი იყო და ვარაუდობდნენ. ამასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის მადლობაც კი დაიმსახურა და ეს ნოღაიდელის თავაუღებელ მუშაობას “დაბრალდა”.

2003 წლის ბიუჯეტი საარჩევნო და პოპულისტური იყო, ამდენად არარეალური და მისი ვერშესრულების პროგნოზი სავსებით რეალური გახლდათ. შემოსავლებისა და გრანტების ნაწილში 2003 წლის ბიუჯეტის გარღვევამ 167 მლნ ლარს გადააჭარბა, ყველაზე დიდი გარღვევა უცხოეთიდან მისაღები გრანტების ნაწილში იყო, ბიუჯეტის ხსენებული მუხლი 50%-ით არის შესრულებული. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა საგადასახადო შემოსავლების შესრულებაში – 88%. ამ მაჩვენებლის ძირითადი ნაწილი საგადასახადო დეპარტამენტის ხაზით სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღები გადასახადების წილზე მოდის, რომელიც მხოლოდ 79%-ით არის შესრულებული. რაც შეეხება გასული წლის არასაგადასახადო შემოსავლებს, ის წლიური პროგნოზის 92%-ა შესრულებული. ბიუჯეტის ამ ნაწილში ყველაზე მეტი გარღვევა პრივატიზაციიდან მისაღებ მუხლში დაფიქსირდა. წლის დასაწყისში დაგეგმილი 41 მლნ 500 ათასის ნაცვლად, წლის ბოლოს 24 მლნ-ზე ნაკლები დაფიქსირდა. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, გეგმით გათვალისწინებული 1 მლრდ 17 მლნ ლარის ნაცვლად, შარშან გაწეული ხარჯების მოცულობამ 877 მილიონს ოდნავ გადააჭარბა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, შარშან სპეციალური შემოსავლებიდან ხარჯების გაწევა უკონტროლოდ და მიზანმიმართული პოლიტიკის გარეშე ხორციელდებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ათწლეულის მანძილზე, ბიუჯეტს თუკი როდესმე საარჩევნო ელფერი დაჰკრავდა, ალბათ, ყველაზე მეტად 2004 წლისას. იგი არა მარტო საარჩევნოა, არამედ, ფაქტობრივად, ახალი ხელისუფლების სამოქმედო პროგრამის ძირითადი ნაწილია. ამდენი ხნის მანძილზე ის, რაც ოპოზიციისა და ხელისუფლების იმ ნაწილის, რომელიც ხელისუფლების შიგნიდან ოპოზიციას წარმოადგენდა, კრიტიკის საგანი გახლდათ, დღევანდელი ხელისუფლების ხელში ახლანდელი ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ობიექტი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ასე არ მოხდეს, რათა დაადასტუროს, რომ მას სახელმწიფო ფინანსების მობილიზების, მართვის, გონივრულად და პრიორიტეტების მიხედვით მიზანმიმართულად განკარგვის უნარი გააჩნია, ანუ, შეიძლება ითქვას, ბიუჯეტი პოლიტიკასთან ასე გადაჯაჭვული ჯერ არ ყოფილა.

ზურაბ ნოღაიდელი (ფინანსთა მინისტრი) – ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, პრაქტიკულად, მოსალაპარაკებელი აღარაფერი იყო, რადგან თბილისშივე შევთანხმდით და ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 მილიარდ 540 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხოლო ხარჯები – 1 მლრდ 960 მილიონით. ბიუჯეტში ჩადებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლების 1,6%-იანი ზრდა და ბიუჯეტის და ვალდებულებათა დეფიციტის 2,2 პროცენტული პუნქტით შემცირება.

ფინანსთა მინისტრი არ უარყოფს, რომ პარამეტრები ოპტიმისტურია და მეტიც, ამბიციური. იგი აცხადებს, რომ ამგვარი ამბიციური პარამეტრების შესრულების გარანტად პირადად თვითონ და მთავრობის ერთობლივი მუშაობა გამოდიან. მაგრამ, ერთია ძირითადი პარამეტრები, ხოლო მეორე ცალკეულ მუხლებად გაწერილი ბიუჯეტი. მინისტრთა კაბინეტი საბიუჯეტო თანხების უწყებებისთვის განაწილებაზე მუშაობს. სამუშაო ვარიანტის თანახმად, სამინისტროებზე თანხები ასე გადანაწილდება:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 15 მლნ ლარით ეზრდება, შარშან 23 მლნ-ით უნდა დაფინანსებულიყო, წელს კი – 39 მლნ 808 ათასით.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – შარშან – 1 მლნ 700 ათასი, წელს – 5 მლნ 558 ათასი. ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 4,5-ჯერ მატულობს, შარშან – 1 მლნ 300 ათასი, წელს – 5 მლნ 946 ათასი. იუსტიციის სამინისტრო შარშან – 13 მლნ 845 ათასი, წელს – 14 მლნ 473 ათასი.

კულტურისა და სპორტის სამინისტრო – შარშან – 14 მლნ 632 ათასი, წელს – 21 მლნ 872 ათასი.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – შარშან – 61 მლნ, წელს – 57 მლნ 232 ათასი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო – შარშან 28 მლნ 031 ათასი, წელს – 28 მლნ 380 ათასი.

ენერგეტიკის სამინისტრო – შარშან – 37 მლნ 264 ათასი, წელს – 39 მლნ 548 ათასი.

უშიშროების სამინისტრო – შარშან – 11 მლნ 668 ათასი, წელს – 13 მლნ 592 ათასი.

თავდაცვის სამინისტრო – შარშან – 67 მლნ 287 ათასი, წელს დაფინანსება უცვლელია, წელს ამ თანხაში არ შედის “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის” დაფინანსება.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო – შარშან – 22 მლნ, წელს – 24 მლნ 973 ათასი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შარშანდელზე მილიონით მეტს მიიღებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მართალია, მასში საკმაოდ ბევრი ინფრასტრუქტურა გაერთიანდა, მაგრამ დაფინანსება შემცირდა, შარშან – 4 მლნ 246 ათასი, წელს – 3 მლნ 873 ათასი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო – დაფინანსება მთელი 13 მლნ-ით იზრდება, შარშან – 65 მლნ 752 ათასი, წელს – 78 მლნ 510 ათასი.

სამუშაო ვარიანტის კორექტირება გამორიცხული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ არ შემცირდება და, შესაძლოა, პირიქით, გაიზარდოს კიდეც.

რა რეზერვები გააჩნია სახელმწიფოს ასეთი ამბიციური ბიუჯეტის შესასრულებლად?

დავიწყოთ იქიდან, რომ ფინანსთა სამინისტრომ ფინანსური პოლიციის შექმნით მთელი პასუხისმგებლობა ბიუჯეტის შესრულებაზე საკუთარ თავზე აიღო და თუკი ეს სამსახური მართლაც გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს, ხელისუფლებას ხელთ მნიშვნელოვანი ბერკეტი ექნება ქვეყნის მთავარი ფინანსური კანონის აღსრულებისათვის. თავისთავად ამ კანონს ბევრი მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი ჰყავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუკი საქართველოში საგადასახადო ლიბერალიზაცია განხორციელდა, ეს სტრუქტურა ქვეყანას, ალბათ, სიკეთეს მოუტანს.

საგულისხმოა ისიც, რომ საბიუჯეტო წესრიგის დასამყარებლად 2004 წლის 1 აპრილიდან საბიუჯეტო შემოსავლები ეროვნულ ბანკში გახსნილ ხაზინის ერთიან ანგარიშზე მოიყრის თავს, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით მოგროვებული შემოსავლები ჯერ ამ ანგარიშს გაივლის და შემდეგ მოხვდება ადგილობრივი ბიუჯეტების ანგარიშებზე. დაიხურება საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების 14 000-მდე სატრანზიტო ანგარიში. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ამით ფინანსთა სამინისტროს საფინანსო რესურსების ოპტიმალური მართვა და ლავირება შეეძლება, შემოსავლების დათვლასა და სისწორეზე პასუხისმგებელი კი ხაზინა იქნება. წინა ხელისუფლების მიერ შემუშავებულ 2004 წლის ბიუჯეტის პროექტში აჭარიდან მისაღები შემოსავლები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. ამ ნაბიჯით ინსტიტუციონალური საფუძველი ეყრება აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში გადმოურიცხავი თანხების პრობლემის მოგვარებას. ნოღაიდელი ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკვეთრ განცხადებას აკეთებს: – ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ თანხების გადარიცხვა ბიუჯეტში ვიღაცის კეთილ ნებაზე იყოს დამოკიდებული, ამიტომ არ მაინტერესებს, რა რეაქცია ექნება რეგიონებს, მათ შორის, აჭარას! ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ იყო მისაღები, რათა სწორედ ცენტრისა და რეგიონების საბიუჯეტო ურთიერთობები დარეგულირებულიყო. როგორც ამბობენ, რეგიონებს კუთვნილი თანხები ანგარიშიდან მექანიკურად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გადაერიცხებათ. გარდა ამისა, ამ ცვლილებით შესაძლებელი იქნება, რომ ექსპორტიორებს, რომლებთაც კანონით წინასწარ გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნება ეკუთვნით, ეს გადასახადები რეალურად დაუბრუნდეთ. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, საბიუჯეტო წესრიგის დამყარების გარდა, ეს არის მეწარმეებთან ნდობის აღსადგენად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან საქართველოს გაციებული ურთიერთობები ერთგვარად დათბა, ყინული დაიძრა. სსფ-სთან დაძაბულმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და, როგორც ცნობილი გახდა, ფონდის სამწლიანი ფინანსური დახმარების პროგრამა, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში აღდგება. მანამდე კი, საქართველოს იმ შეთანხმებების შესრულება მოუწევს, რომლის მიღწევაც ფონდის მისიასთან ორკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა შესაძლებელი. სსფ-ს მიერ დატოვებულ მემორანდუმში საქართველოს ხელისუფლებისთვის შემდეგი რეკომენდაციებია გათვალისწინებული: განხორციელდეს რეფორმები ფისკალურ სფეროში, პარლამენტში დამტკიცდეს 2004 წლის ბიუჯეტი, დაიწყოს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა, პარლამენტმა მიიღოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონთა პაკეტი, განხორციელდეს რეფორმები ენერგეტიკის დარგში, ჩატარდეს აუდიტი მსხვილ საწარმოებში, შეიქმნას აქციზის გადამხდელთა ინსპექცია და ა.შ. მაისში შეკრებილმა ფონდის დირექტორთა საბჭომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ფონდი საბოლოო პასუხს გვეტყვის – აღადგენს თუ არა პროგრამას. აღდგენის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების გასამყარებლად დაახლოებით 36 მლნ დოლარს მიიღებს და “პარიზის კლუბში” საგარეო ვალების რესტრუქტურიზაცია შესაძლებელი გახდება. ნოღაიდელის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ “მწვანე შუქი” მიიღო დონორებთან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და საქართველო წელს საფინანსო ორგანიზაციებიდან 240 მილიონი ლარის სესხს და 160 მლნ ლარის გრანტებს მიიღებს.

საგარეო ვალების საერთო რაოდენობამ 2004 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, 3 მლრდ 907 მლნ 208 ათასი ლარი შეადგინა. ამ ვალების მომსახურებისთვის საქართველოს ხელისუფლებას მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებში 88 მლნ ლარის გათვალისწინება მოუხდა. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია იმ თანხებთან შედარებით, რომლის გაღებაც სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევდა, “პარიზის კლუბში” წარუმატებელი მოლაპარაკებების შემთხვევაში. თუმცა, ხელისუფლება დარწმუნებულია ამ მოლაპარაკებისას სსფ-ს მხრიდან მხარდაჭერაზე. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული ის საგარეო ვალი, რომელიც “პარიზის კლუბში” რესტრუქტურიზაციას ექვემდებარება, სსფ ამ მხარდაჭერაზე, შეიძლება ითქვას, რომ თანახმაა – ამით ბიუჯეტმა სულ ცოტა 222 მლნ ლარი დაზოგა. იმის გათვალისწინებით, რომ ფონდი ბიუჯეტის ამგვარ დაგეგმვაზე დაგვთანხმდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის “პარიზის კლუბშიც” დაგვეხმარება – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ვასიკო გიგოლაშვილმა.

“პარიზის კლუბში” შეხვედრა მაის-ივნისისთვის შედგება, სადაც ვადამოსული დავალიანებების დიდი ნაწილის რესტრუქტურიზება უნდა მოხდეს. საუბარია ავსტრიის (96მლნ 745 ათასი დოლარი), ნიდერლანდების (ევროგაერთიანების ვალში შედის), აზერბაიჯანის (16 მლნ 190 ათასი აშშ დოლარი), რუსეთის (156 მლნ 858 აშშ დოლარი), გერმანიის (25 მლნ 967 ათასი აშშ დოლარი), აშშ-ს (39 მლნ 620 ათასი აშშ დოლარი), იაპონიის (37 მლნ 655 ათასი აშშ დოლარი), ქუვეიტის (13 მლნ 203 ათასი აშშ დოლარი), უზბეკეთის (802 ათასი აშშ დოლარი), ჩინეთის (3 მლნ 29 ათასი აშშ დოლარი) წინაშე ვალის რესტრუქტურიზებაზე.

აპრილიდან ფინანსთა მინისტრი საპენსიო და სოციალური დახმარებების დავალიანების გასტუმრებას გეგმავს. შემუშავებულია ვალის გასტუმრების წინასწარი გრაფიკი. სამინისტრო ჯერ საპენსიო დავალიანებების ნაწილს, შემდეგ ლტოლვილთა შემწეობების და სახელფასო დავალიანებებს გაისტუმრებს. დავალიანებების საერთო რაოდენობა 280 მლნ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრი ძირითად აქცენტს თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე, ასევე მსხვილ ბზინესზე აკეთებს, მისი განცხადებით, მიდის მუშაობა სხვა სასაქონლო ჯგუფებზეც, მაგრამ გადასახადების ყველაზე დიდი ბაზა აქ არის. შარშან თამბაქოდან და ნავთობპროდუქტებიდან შემოსავალი 150 მლნ ლარი იყო, აქედან 60-70 მლნ, ძირითადად, ჩათვლებით იყო გაკეთებული, წელს ამ ორი სექტორიდან 270 მლნ ლარს ელოდებიან. ფინანსთა მინისტრი თამბაქოს ნაწილში არსებული ტენდენციებით უკმაყოფილო არ არის, ხოლო რაც შეეხება ნაბთობპროდუქტების ნაწილს, იგი კმაყოფილების საფუძველს საერთოდ არ იძლევა.

რამდენად შესრულდება ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდილი პარამეტრები, რომელსაც ორ მილიარდამდე თითქმის აღარაფერი აკლია, წინასწარ ძნელი სათქმელია. კომენტარებს ამ თემაზე, ჯერჯერობით, ექსპერტები არ აკეთებენ, თუმცა ბიუჯეტი ჯერ არც არავის უნახავს, მაისამდე მისი დამტკიცება, ალბათ, ვერ მოხერხდება. თუმცა, მხოლოდ ბიუჯეტის შესრულება და ხელფასებისა და პენსიების დროული გაცემა და დავალიანებების დაფარვა, თვითკმაყოფილების საფუძველს ვერ უნდა იძლეოდეს.