სახელმძღვანელო ცნობარი ტურისტებისათვის

ადგილობრივი მოსახლეობის წეს-ჩვეულებები და მათთან ურთიერთობის წესები (ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიები)

ტურისტებისათვის სახელმძღვანელო ცნობარში განხილულია 2003 წლის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით და მსოფლიო ბანკისა და გარემოს დაცვის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე “საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის” ხელშეწყობით დაარსებული დაცული ტერიტორიებიდან ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობის წეს-ჩვეულებები და ტრადიციები.
დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს უწყობს ბუნებისა და ადამიანის ერთიანობის ისტორიულ-კულტურული ტრადიციების აღორძინებას, ყოფითი წეს-ჩვეულებების შენარჩუნებასა და ამ ულამაზეს კუთხეში ტურიზმის განვითარებას.
ცნობარში აღწერილი ტრადიციული რიტუალებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა დაეხმარება აღმოსავლეთ საქართველოში და კერძოდ, კახეთში ჩამოსულ ტურისტებს იოლად დაამყარონ ურთიერთობები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაუადვილდეთ ადაპტაცია უცხო კულტურულ გარემოში და ნაწილობრივ მაინც მოეხსნათ მოსალოდნელი ინფორმაციული დეფიციტი.
წინამდებარე ცნობარში აღწერილი ზოგიერთი ტრადიცია წარსულს ჩაბარდა, ზოგიერთი კი გაფერმკრთალებულია და დავიწყებას ეძლევა, უმეტესობა ჯერ კიდევ შემორჩენილია ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებასა და ჩვევებში. მათი ერთიანობაში განხილვა მოგზაურს დაეხმარება კახეთის, კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონის, ვაშლოვანისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების და მათი მიმდებარე ტერიტორიები, მოსახლეობის ტრადიციული კულტურის ზოგადი კონტურების დანახვასა და ტრანსფორმირებულ სივრცეში მომხდარ ცვლილებებზე დაკვირვებაში.