რეცენზია დოქტორ, აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის წიგნზე – “ეკონომიკური დოქტრინები”, თბ., 2009

ემზარ ჯგერენაია, თსუ პროფესორი 

“ადამიანის გონის მფლობელები უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობენ, ვიდრე ეს შეუძლია მისცეს ვინმეს ხმალმა ან მეფის სკიპტრამ”, ზუსტად ამიტომ, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ავთანდილ სილაგაძის ენციკლოპედიური ნაშრომის “ეკონომიკური დოქტრინების” გმირები განსაზღვრავდნენ მსოფლიოს კონტურებს და მართავდნენ მას. საოცარი ისაა, რომ ამისათვის მათ თითიც არ გაუტოკებიათ, ისინი უბრალოდ სწავლული ეკონომისტები იყვნენ, თავისთვის იკვლევდნენ და დოქტრინებს ქმნიდნენ. მათ გამო იღუპებოდნენ იმპერიები, ნადგურდებოდნენ კონტინენტები, ინგრეოდნენ პოლიტიკური რეჟიმები და ხან პირიქით, საკუთარი ცოდნით ამყარებდნენ მას. მათი ნებით და მითითებით კლასები აღსდგნენ კლასების წინააღმდეგ, ხალხები – ხალხების წინააღმდეგ და ეს ყველაფერი ხდებოდა არა მათი გეგმების სატანურობისა და სისასტიკის გამო, არამედ, მათი იდეებისა და დოქტრინების უსაზღვრო ძალის გამო. ვინ იყვნენ ეს ადამიანები – ჩვენ მათ ვუწოდებთ დიდ ეკონომისტებს. ეს სიტყვები, რომელიც ეკუთვნის რობერტ ჰეილბრონერს (Robert L. Heilbroner)1 ზუსტად შესაბამება ამ სქელტანიანი ნაშრომის კრედოს და სტრუქტურას.  

               ნაშრომი ბოლო 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა, რადგანაც ავთანდილ სილაგაძის ბოლო 30 წლის კვლევის ობიექტი ეკონომიკური დოქტრინები იყო და ყოველი ცალკე აღებული თემა ამა თუ იმ ფორმით აისახებოდა მის მრავალრიცხოვან ნაშრომებში. ავტორი აჯამებს ეკონომიკური თეორიების მთელს თანავარსკვლავედს ბაბილონიდან თანამედროვე მოდერნ-კონცეფციებამდე. ნაშრომში განხილულია ყველა მეტ-ნაკლებად გავლენის მქონე დოქტრინა ისტორიული ქრონოლოგიით, კრიტიკულ მეცნიერულ პრიზმაში. თუმცა, მკვლევარი აღნიშნავს, რომ “თანამედროვე მაგისტრალური ეკონომიკა, მეტაფორას თუ მოვიშველიებთ, შეიძლება შევადაროთ ნაგებობას. ძველ ქალაქებში ხშირად ვხდებით შენობებს, რომელთა ნაწილები სხვადასხვა ეპოქით თარიღდებიან, ასე მაგალითად, ზოგ მათგანს ფოლადის და მინის ნაკეთობანი დამატებული აქვს შემდგომ, ზოგს მიშენებული აქვს ფლიგელი, ზოგს – ფასადი ვიქტორიანული სტილით… ისინი უჩვეულო გეგმით უწესრიგო სტრუქტურებს გვანან. იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელი მაგისტრალური ეკონომიკის შესახებ. წიგნის მიზანია წარმოაჩინოს ის მშენებლები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შენობის აგებაში და ის სამშენებლო აგურები, რომლებიც მათ მიიტანეს”. (გვ.19) 
               ეს მეტად მნიშვნელოვნია დღევანდელი კრიზისის ფონზე, როცა გაისმის გამწარებული ყიჟინა ეკონომიკური თეორიების წინააღმდეგ და მუდმივი დავა – კეინსია მართალი თუ ფრიდმანი, თუ როგორც ეს მოხდა 1929-33 წლების დიდი დეპრესიის შემდგომ, ახალ მსოფლიო დოქტრინებსა და, შესაბამისად, ეკონომიკას უნდა ველოდოთ. ადამ სმიტის უხილავი ხელი კიდევ აქაა სადღაც, როგორც ჩვენი წინაპართა სულები და მართავს ბაზარს თუ ის მოგონებაში დარჩა და სახელმწიფო რეგულირება ხდება დომინანტი ბაზარზე? ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, როცა სახელმწიფო კონტროლის და საერთაშორისო ჟანდარმერიის შექმნის  გარდა, სხვა იდეები დღეს არ არის. ამ ძიების პროცესში მეცნიერ-ეკონომისტებს 
               და საერთოდ მმართველ ელიტას თუ ბიზნესს სჭირდება კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს ამ ეკონომიკურ დოქტრინებს და ვნახოთ, რითია აგებული თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის შენობა. 
               “სინამდვილეში, მხოლოდ ეკონომისტები და მათი თეორიები მართავენ მსოფლიოს. პრაქტიკის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ სრულიად თავისუფალს ამ დოქტრინების ზეგავლენისგან თავს, სინამდვილეში არიან რომელიმე ეკონომისტების დოქტრინების ზეგავლნის ქვეშ. შეშლილები, ხელისუფლების სათავეებში მდგარნი, რომელთაც ესმით ზეცის ხმა, სინამდვილეში თავის იდეებს იღებენ, რომელიღაც აკადემიური შემომქმედისგან, მწერლისგან, რომელიც შექმნილია რამდენიმე წლის წინ”, – წერდა ჯონ მეინარდ კეინსი.2 
               დღეს, როგორც არასდროს ეს ნაშრომი საზოგადოებას სჭირდება, რათა კიდევ ერთხელ მშვიდ გონებაზე გავიაზროთ გზა პირველი ეკონომისტის, არისტოტელედან სმიტამდე, სმიტიდან კეინსამდე, ამოვიაროთ ფრიდმანთან და კრუგმანის ცივი კრიტიკით შევხედოთ მართალაც ამოუცნობ 21-ე საუკუნეს და ერთად ვეძებოთ გზა, თუ რა ეკონომიკური თეორია სჭირდება სუპერ-ტექნოლოგიურ საუკუნეს და გამძაფრებულ რესურსთგადანაწილების თუ პოლიტიკურ-ფინანსურ ომს!