უდიდესი ქალაქები და მათი ბიუჯეტები

მოამზადა ეკა წირღვავამ

მსოფლიო კრიზისის ფონზე უფრო თვალში საცემი გახდა ის ეკონომიკური დისბალანსი, რომელიც დიდი საფინასო ცენტრების დედაქალაქებსა და სხვა პატარა ქალაქებს, თუ ქვეყნის რეგიონებს შორის არის. ამ მხრივ ყველაზე ამორფული სიტუაცია რუსეთშია. მთელი რუსეთის ეკონომიკის 70% თავმოყრილია მოსკოვში და პეტერბურგში. რუსეთი შემდგომი განვითარების ხუნდერბი სწორედ მისი ცენტრისტული მოწყობის სქემაშია, რაც ცნობილი პოლიტოლოგის ბჟეზინსკის აზრით, რუსეთის რღვევის მიზეზი გახდება.

მოჩვენებითი სიმდიდრე
მოსკოვი პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია, მაგრამ რამდენად ეფექტურად იხარჯება 50-60 მლრდ დოლარი, რომელიც ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტში ირიცხება?
ბოლო წლებში რუსეთის დედაქალაქი შესამჩნევად გარდაიქმნა. სულ უფრო თანამედროვე ხდება, XXI საუკუნის მოთხოვნებს პასუხობს, ხოლო ამ ქალაქში ცხოვრება თითქმის არაფრით განსხვავდება მსოფლიოს სხვა მეგაპოლისებში ცხოვრებისაგან. ხელისუფლების ოცნებაა მოსკოვი მსოფლიო საფინანსო ცენტრი გახადოს და ამისთვის გარკვეული საფუძველიც გააჩნია. კერძოდ, აქ აკუმულირდება და გადანაწილდება სახელმწიფოს, ბანკებისა და კორპორაციების ფულადი რესურსების კოლოსალური რაოდენობა. მაგრამ სურათს აფუჭებს უამრავი გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც აფერხებს ქალაქის განვითარებას. მათ გადასაჭრელად საჭიროა დრო და ფულადი სახსრები, ეს უკანასკნელი კი მოსკოვს ნამდვილად არ აკლია. 2009 წლისთვის დედაქალაქის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიუჯეტი, მაგრამ ქალაქის პრობლემების გადაჭრა მაინც ვერ ხერხდება. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მთავარია არა ფულის რაოდენობა, არამედ მისი ხარჯვის მიზნობრიობა.

საპრიზო ადგილი
ბოლო რამდენიმე წელია რუსეთის დედაქალაქის ბიუჯეტის შემოსავალი უსწრაფესად იზრდება და 2008 წლის შედეგებით 1,2 ტრლნ რუბლს გადააჭარბებს, ეს მხოლოდ 6-ჯერაა ნაკლები მთელი ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლებზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით, მოსკოვის მერია თანასწორ კონკურენციას უწევს ტოკიოსა და ნიუ-იორკის მერიებს. მოსკოვის ხელისუფლება მიღწეულზე არ გაჩერდება. ქალაქის მერიის მიერ შეტანილი 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს შემოსავლების 1,4 ტრლნ რუბლამდე გაზრდას. აგვისტო-ოქტომბერში დოლარის მკვეთრი გამყარება რომ არა, დედაქალაქს 60 მლრდ დოლარით მეტი შემოსავალი ექნებოდა, რითაც ის ნიუ-იორკის მერიას გაუსწრებდა, რომლის 2009 წლის ბიუჯეტის შემოსავლები ფედერალური სუბვენციების ჩათვლით, 59 მლრდ დოლარი იქნება, ხოლო თვითონ ქალაქის შემოსავლები – 34 მლრდ დოლარი.
მოსკოვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი ფორმირდება გადასახადების ხარჯზე, რომელთა განაკვეთებს ფედერალური ხელისუფლება ადგენს და მისი 40% მსხვილი კომპანიების მოგების გადასახადზე მოდის. ვერც ერთი კომპანია ვერ იტყვის, რომ მათი კეთილდღეობა მერიის დამსახურებაა, მაგრამ ფაქტია, რომ მერიის და მთლიანად ქალაქის კეთილდღეობა ამ კომპანიებზეა დამოკიდებული, უმეტესწილად სანედლეულო კომპანიებზე. “ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაზე ზეგავლენა მოახდინა ბანკების დიდმა მოგებამ და ბაზრებზე დადებულმა მრავალრიცხოვანმა გარიგებებმა” – აღნიშნავს “შტანდარდ & Pოორ’ს”-ის მოსკოვის ბიუროს ანალიტიკოსი ფელიქს ეიგელი. 2007-2008 წლებში თავისი როლი “რაო იესისა” და “იუკოსის” აქციების აუქციონზე გაყიდვამაც ითამაშა. ბიუჯეტის შემოსავლების 30% საშემოსავლო გადასახადისგან ფორმირდება. ამ მხრივ მოსკოვი არაფრით განსხვავდება მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქებისგან. “ნიუ-იორკში შემოსავლის სამი ძირითადი წყაროა – აცხადებს ამერიკის მეგაპოლისის მერიის პრეს-მდივანი სტიუ ლოიზერი. – 2007 წელს ქონების გადასახადმა 27% შეადგინა, მცირე ბიზნესის გადასახადებმა – 12%, საშემოსავლო გადასახადმა – 19%”. რუსეთის დედაქალაქში ქონების გადასახადი 6% და მცირე ბიზნესის გადასახადი 1%-ია. ფელიქს ეიგელი ხაზს უსვამს იმას, რომ ქალაქის ბიუჯეტი უფრო მეტად დამოკიდებულია ქონებისა და ფიზიკური პირებისგან მიღებულ გადასახადზე, ვიდრე მოგების გადასახადზე.
მოსკოვის ხელისუფლებას დიდი შემოსავლებიც არ აძლევს არადეფიციტური ბიუჯეტის ფორმირების შესაძლებლობას. 2009 წელს დეგეგმილია 133,5 მლრდ რუბლის დეფიციტი, თუმცა მსოფლიო მეგაპოლისებისათვის ბიუჯეტის დეფიციტი ჩვეულებრივი მოვლენაა. მსოფლიოს უმსხვილესი ქალაქების ასოციაციის შეფასებით, ნიუ-იორკში ბიუჯეტის დეფიციტი 2009 წელს 2,3 მლრდ დოლარი იქნება, ხოლო 2011 წლისთვის – 5,2 მლრდ დოლარი. დეფიციტის დასაფარად ქალაქები უშვებენ ობლიგაციებს. ასე იქცევა მოსკოვიც, მაგრამ ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა ამ ქალაქში განსხვავებულად იჭრება. “ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცების დროს მასში ყოველწლიურად იდება დეფიციტი, მაგრამ ის ბევრ რამეში ხელოვნურია, – აცხადებს დუმის დეპუტატი სერგეი მიტროხინი, – პრაქტიკაში, ივლის-აგვისტოს თვეში ნათელი ხდება, რომ ბიუჯეტი იქნება არა დეფიციტური, არამედ პროფიციტური”. 2007 წლის დეფიციტურად დამტკიცებული ბიუჯეტი 52 მლრდ რუბლის პროფიციტით დაიხურა, 2008 წლის შედეგებით პროფიციტი 60 მლრდ რუბლამდე უნდა გაიზარდოს. “მოსკოვის ხელისუფლება სპეციალურად აჩვენებს დაბალ პროგნოზს, რათა პროფიციტი წლის ბოლოს დუმის თანხმობის გარეშე გადაანაწილონ”, – აცხადებს ს. მიტროხინი. გასული წლის “ზედმეტი” ფულის დახარჯვას ქალაქის მერია დედაქალაქის სამშენებლო კომპლექსზე აპირებს, რომელიც ფინანსური კრიზისის გამო ფულის დეფიციტს განიცდის. რამდენადაა ასეთი ხარჯები გამართლებული, ეს სხვა საქმეა.

ჩინოვნიკების სოციალიზმი
მართალია, რუსეთის დედაქალაქის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტში განათლებაზე, მედიცინასა და სოციალურ პოლიტიკაზე 535 მლრდ რუბლია ჩადებული, მაგრამ ამ ხარჯების ეფექტურად და მართლზომიერად მიჩნევა ძნელია. ნიუ-იორკის მერიამ 2008 წელს მხოლოდ განათლებაზე 16,8 მლრდ დოლარი დახარჯა, კიდევ 11,6 მლრდ დოლარი – სოციალურ პოლიტიკაზე. რუსეთის დედაქალაქის შესაბამისი ხარჯები 2008 წელს თითქმის ორჯერ ნაკლებია და შეადგენს 7,6 და 5,7 მლრდ დოლარს. პარიზის მერია ბიუჯეტის 24%-ს ხარჯავს ჯანდაცვასა და სოციალურ პრობლემებზე, განათლებაზე – 15%-ს, დასაქმების პროგრამებზე – 13,5%-ს. ხარჯების ანალოგიური სტრუქტურა აქვთ ვენასა და ბერლინს – ბიუჯეტის 50%-ზე მეტი მიდის ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე. ქალაქის ძირითადი ამოცანაა მოსახლეობა უზრუნველყონ სოციალური და სამშენებლო ინფრასტრუქტურით, ამიტომ მისი ინვესტიციების დიდი ნაწილი მიდის კულტურის, განათლებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის პროექტებში.
მოსკოვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დისბალანსი უფრო ნათელი ხდება, თუ გავიხსენებთ, რომ თავისი მოცულობით ის არაფრით არ შეედრება პარიზის, მით უმეტეს ვენისა და ბერლინის ბიუჯეტს. სად მიდის ფული? – ეგრეთწოდებულ ეკონომიკურ პრობლემებზე. 2008 წელს დედაქალაქი 400 მლრდ რუბლზე მეტს ხარჯავს სხვადასხვა კაპიტალდაბანდებებში. აშენდება სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სხვადასხვა სპორტული კომპლექსები, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტები. 80 მლრდ რუბლზე მეტი იხარჯება ბინათმშენებლობაზე, დაახლოებით 100 მლრდ რუბლი – სხვადასხვა საზოგადოებების საწესდებო კაპიტალებსა და შენატანებზე, 33 მლრდ რუბლი წავა “ექსპრეს-ბიზნეს-გეგმების” რეალიზებაში, რომელთა არსის გაგება მოსკოვის ხელისუფლების დოკუმენტაციების მიხედვით ძალიან ძნელია. ექსპერტების შეფასებით, ქალაქის ბიუჯეტის მესამედი იხარჯება არაპროფილური კომერციული მიზნებისათვის.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტი მიმართული უნდა იყოს სოციალურად მნიშვნელოვან პროექტებზე. ბიუჯეტის სახსრების ინვესტირება პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესთან და ფულის კეთებასთან, დაუშვებელია, საზოგადოებრივი სახსრები არ უნდა ხვდებოდეს კომერციული რისკების ქვეშ. კითხვებს აჩენს ასევე სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილის ქალაქგარეთ ინვესტირება – ეს უკვე ადგილობრივი გადამხდელების ფულის არამიზნობრივი ხარჯვაა.
ექსპერტები ასევე თვლიან, რომ მოსკოვს შეუძლია უფრო ეფექტურად განკარგოს მის ხელთარსებული ფინანსური რესურსები, მაგრამ მათი ხარჯვის გადაწყვეტილებები დახურული და არასაჯაროა. “ქალაქმა უარი თქვა მსოფლიო პრაქტიკაზე – როდესაც მის ხარჯზე კეთდება რაიონების რეკონსტრუქციის პროექტები, რომლებსაც განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საზოგადოება. მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება საინვესტიციო აუქციონები შენობა-ნაგებობების ასაშენებლად. ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება” – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის კომისიის თავმჯდომარე ვიაჩესლავ გლაზიჩევი. გადაწყვეტილების მიღების დახურული მეთოდი და კოლოსალური რაოდენობის ფული მოსკოვის ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ არ ეძიონ ეფექტური მეთოდები ქალაქის პრობლემების გადასაჭრელად.
გასაგებია, რომ მოსკოვი ჰგავს ქვეყნის დედაქალაქს, რომელიც განთქმულია ეკონომიკის სტრუქტურით და ბიუროკრატიით, ჰიპერტროფირებული მოხაზულობებით და გაუმჭვირვალე სახელმწიფო სექტორით. ვერც ის პოლიტიკური სისტემა ასტიმულირებს გარდაქმნებს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერის კანდიდატურას კრემლი წარადგენს.
თბილისის 2008 წლის ბიუჯეტი
თბილისის 2008 წლის ბიუჯეტის მთლიანი შემოსულობები განისაზღვრება 5 289 562 ლარის ოდენობით, მათ შორისაა საგადასახადო შემოსავლები – 64 100 000 ლარი, არასაგადასახადო შემოსავლები – 76 882 000 ლარი, შემოსავლები კაპიტალის ოპერაციებიდან 37 122 000 ლარი, გრანტები – 336 852 000 ლარი, სესხის აღება (დაფინანსება) – 7 მლნ ლარი. მათ შორის შემოსავალი ხარჯების დასაფარავად მიმართული წლის დასაწყისისათვის არსებული სახსრების ნაშთიდან – 5 000 000 ლარი, ქუვეითის ფონდიდან მისაღები კრედიტი – 2 000 000 ლარი.
2008 წლის თბილისის ბიუჯეტის გადასახადები შეადგენს 5, 22 მლრდ ლარს. მათ შორისაა: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება – 60, 34 მლნ ლარი, საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება – 11, 49 მლნ ლარი, ეკონომიკური საქმიანობა – 158 141, გარემოს დაცვა – 31 150, საბინაო კომუნალური მეურნეობა – 143 911,6, ჯანმრთელობის დაცვა – 17 870,0, დასვენება და კულტურა – 23 297,0, განათლება – 45 446.2, სოციალური დაცვა – 30 300.
ქ. თბილისის ბიუჯეტის საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობა 2009 წლის 1 იანვრისათვის განსაზღვრულია 900.0 ათასი ლარის ოდენობით. 2008 წლის განმავლობაში ქ. თბილისის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა ბიუჯეტის მიხედვით უნდა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამასთან, მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის წლიური ბიუჯეტის ეკონომიკური კლასიფიკაციის – “მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების” მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.
ბიუჯეტის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებული 70000-ზე დაბალი ქულის მქონე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე 2008 წლის განმავლობაში შემდეგი შეღავათები არსებობს:
1. 75%-იანი ფასდაკლება მეტროთი მგზავრობისას;
2. 75%-იანი ფასდაკლება მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობისას;
3. 50%-იანი შეღავათი წყლის გადასახადზე;
4. 50%-იანი შეღავათი დასუფთავების მოსაკრებელზე;
5. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის “03”-ის უფასო გამოძახება;
6. უფასო აღზრდა-განათლება ქ. თბილისის საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში;
7. უფასო სწავლება ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში;
8. უფასო სწავლება ქ. თბილისის ხელოვნების სკოლებში;
9. უფასო სწავლება ქ. თბილისის სპორტულ სკოლებში;
10. უფასო შესვლა ქ. თბილისის ზოოლოგიურ პარკში;
11. უფასო შესვლა მუნიციპალურ მუზეუმებში;
ქ. თბილისის 2008 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ფარგლებში ფინანსდება:
ა) კომუნალური გადასახადისა და ტელეფონის სააბონენტო გადასახადზე დახმარება თითოეულ ოჯახზე წელიწადში შესაბამისად 60 ლარის და 25 ლარის ოდენობით;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის ბავშვზე ფულადი დახმარება, ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე – 20 ლარის ოდენობით;
გ) მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 600 ლარი, 800 ლარი, 1000 ლარი და ა.შ ყოველ შემდეგ შვილზე 200 ლარით მეტი.
დ) ინვალიდი ბავშვების საქართველოს კურორტებზე დასვენება-რეაბილიტაცია;
ე) 100-წლიანი ხანდაზმულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება 600 ლარის ოდენობით.
ბიუჯეტის მიმართ არსებული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა მისი გამჭვირვალობა. ამ მოთხოვნის შესასრულებლად მოსახლეობას საბიუჯეტო პროცესებში გარკვევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
2008 წლის ბიუჯეტს რთულია უწოდო პროგრამული, ვინაიდან იგი მხოლოდ დანართებს შეიცავს, სადაც ხარჯების დანაწილება მოცემულია ცალკეული ორგანიზაციების მიხედვით. ხშირად გაუგებარია რა პრინციპითაა დადგენილი მოცემული ხარჯის ოდენობა, რა მიზანი აქვს ყოველ ამგვარ ხარჯს. ხარჯები წარმოდგენილია ცხრილის სახით და მხოლოდ დაფინანსების რაოდენობის შესახებ იძლევა ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული დაფინანსების შესახებ დასაბუთებების განხილვაც.
განვიხილოთ თბილისის 2008 წლის ბიუჯეტის შემოსულობები. როგორც დიაგრამიდან (იხ. დიაგრამა #1) ჩანს, საგადასახადო შემოსავლები თბილისის ბიუჯეტის მხოლოდ 11,8%-ს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი მონაცემისგან რადიკალურად განსხვავდება (2007 წელი – 55,5%). ეს გამოწვეულია 2007 წელს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, კერძოდ, სოციალური გადასახადის გაუქმებით და საშემოსავლო გადასახადის 12%-დან 25%-მდე გაზრდით. ამ ცვლილებას უნდა მოჰყოლოდა თბილისის ბიუჯეტის არასაკუთარი საგადასახადო შემოსავლების გაორმაგება. აქვე დავსძენთ, რომ შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ კანონის თანახმად, 2008 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადი აღარ ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში და იგი 100%-ით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი გახდა.
ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებამ საშემოსავლო გადასახადის ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვის თაობაზე საკმაოდ დააზარალა თბილისის ბიუჯეტი. კერძოდ, ამ გადაწყვეტილების შედეგად თბილისმა დაკარგა 117 299 ათასი ლარი (ბიუჯეტის 16%). თბილისის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავალი მხოლოდ ერთი ადგილობრივი გადასახადისგან შედგება – ქონების გადასახადისაგან. ამ მუხლით მიღებული შემოსავალი შემდეგნაირად ნაწილდება:
საწარმოთა ქონების გადასახადი 42 000 ათასი ლარი;
ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი 4 000 ათასი ლარი;
მიწის გადასახადი 13 000 ათასი ლარი;
თბილისის ბიუჯეტი შედგება თბილისის საქალაქო ბიუჯეტიდან და 6 რაიონის ბიუჯეტებისგან. მათ შორის თანხა გადანაწილებულია შემდეგნაირად:
თბილისის საქალაქო ბიუჯეტი – 414 170.7 ათასი ლარი;
გლდანი-ნაძალადევის რაიონი – 13 482.0 ათასი ლარი; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი – 5 982.0 ათასი ლარი; ვაკე-საბურთალოს რაიონი – 10 090.0 ათასი ლარი; ისანი-სამგორის რაიონი – 15 360.0 ათასი ლარი; ძველი თბილისის რაიონი – 38 415.0 ათასი ლარი; დიდგორის რაიონი – 2 500.3 ათასი ლარი.
ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ხარჯების განხილვისას აუცილებელია თბილისის საქალაქო და რაიონული ბიუჯეტების მონაცემების გაანალიზება ფუნქციონალურ და ეკონომიკურ ჭრილში.
თბილისის ბიუჯეტის ხარჯები ფუნქციონალურ ჭრილში ასე გამოიყურება: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება – 54 024.7 ათასი ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება – 11 397.0 ათასი ლარი; ეკონომიკური საქმიანობა – 162 636.0 ათასი ლარი; გარემოს დაცვა – 28 950.0 ათასი ლარი; საბინაო-კომუნალური მეურნეობა – 152 304.0 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვა – 8 160.0 ათასი ლარი; დასვენება და კულტურა – 20 077.0 ათასი ლარი; განათლება, 41 650.0 ათასი ლარი; სოციალური დაცვა – 20 801.3 ათასი ლარი.
როგორც დიაგრამიდან (იხ. დიაგრამა #3) ჩანს, თანხის ძირითადი ნაწილი იხარჯება ეკონომიკურ საქმიანობაზე (32,5%) და საბინაო-კომუნალურ მეურნეობაზე (30,5%).
საბინაო-კომუნალური მეურნეობა მოიცავს: ბინათმშენებლობას; კომუნალური მეურნეობის განვითარებას; კეთილმოწყობის ღონისძიებებს; კვლევებს და განვითარებას საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში.
ეკონომიკური საქმიანობის უმეტეს ნაწილს შეადგენს ტრანსპორტი, რაზეც 157 891.0 ათასი ლარი მოდის. 2008 და 2007 წლების ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილების შედარებითი ანალიზი შემდეგნაირად გამოიყურება:
თბილისის 2008 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ჭრილში კი შემდეგნაირად ნაწილდება (იხ. დიაგრამა #4):
ქალაქ თბილისის 2008 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სოციალური პროგრამები:
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარება კომუნალურ გადასახადზე – 2400 ათასი ლარი;
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება, ჯამში – 1 100 ათასი ლარი;
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ტელეფონის სააბონენტო გადასახადის ნაწილობრივი ანაზღაურების პროგრამა – 270 ათასი ლარი;
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4; მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების “ახალშობილთა” პროგრამა – 130 ათასი ლარი;
ინვალიდ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამა – 300 ათასი ლარი
100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა – 20 ათასი ლარი;
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების პროგრამა – 1 000 ათასი ლარი;
სასამართლოს მიერ ქმედითუუნაროდ აღიარებული და შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონე პირთათვის ზედამხედველობის განხორციელების პროგრამა – 38 ათასი ლარი;
უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი – 60 ათასი ლარი;
ქ. თბილისში მცხოვრები პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა – 5 200 ათასი ლარი;
სხვა სოციალური პროგრამები – 3 000 ათასი ლარი.