ნობელის პრემია ღარიბთა ბანკირისათვის

ამბროსი გრიშიკაშვილი კრაკოვიდან

2006 წლის 13 ოქტომბერს ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა (აქ პრემიას მხოლოდ მშვიდობისათვის ბრძოლაში ანიჭებენ. ყველა დანარჩენ სფეროში ნობელის პრემიის ბედი შვედეთში წყდება) მეტად უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, აღნიშნული პრემია მშვიდობისათვის ბრძოლაში მიენიჭა ბანგლადეშის საზღვრებს გარეთ აქამდე აბსოლუტურად უცნობ ეკონომისტს, პროფესორ მუჰამედ იუნუსს. საინტერესოა, რომ ამ ადამიანის გვარი აღნიშნულ პრემიასთან დაკავშირებული აქამდე გამოქვეყნებულ არც ერთ რეიტინგში არ ყოფილა მოხსენებული. იგი თავადაც გაკვირვებული და გახარებული იყო ამ ცნობით: – “საოცარი, დაუჯერებელი ამბავია – ამბობდა ნობელიანტი – ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ეს მშვენიერი ამბავი სასიხარულოა ჩვენი ხალხისათვისაც.
“კრედიტის მიღების უფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა”. მუჰამედ იუნუსი,
2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი
მოკლე ისტორია: 1976 წელს იუნუსმა ღარიბთათვის ბანკი დაარსა (სხვათა შორის, აღნიშნულის შესახებ მკითხველს უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ჩვენს მიერ პოლონურიდან თარგმნილი, ცნობილი პოლონელი ეკონომისტის, ამ ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის წიგნიდან “თავისუფლება და განვითარება-დან შეუძლია, რომელიც ამ ორიოდე წლის წინათ გამოიცა). მომავალი ნობელიანტი ყურადღებას არ აქცევდა თავისი კოლეგების – ეკონომისტებისა და ფინანსისტების ნიჰილისტურ საუბარს, რომელთაც ვერა და ვერ სჯეროდათ ამ სახის საფინანსო დაწესებულების პერსპექტივები. საიდან იცით, რომ ღარიბებს არა აქვთ სათანადო საკრედიტო უნარ-ჩვევები, თქვენ ხომ მათთვის არასოდეს მიგიციათ კრედიტი – ეუბნებოდა მომავალი ნობელიანტი მათ ამის საპასუხოდ.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იუნუსი მართალი იყო. მისმა ბანკმა, რომლის საწესდებო კაპიტალიც თავდაპირველად ძალიან მცირე იყო, ბოლო 30 წლის განმავლობაში დახმარება გაუწია ექვს მილიონ ბანგლადეშელს, ძირითადად ქალებს.
– როგორც წესი, ტრადიციული ბანკები მდიდარი მამაკაცების საკუთრებაა – წერს იგი თავის ინტერნეტ გვერდზე – “გრამმენ ბანკი” კი ძირითადად ღარიბ ქალებს ეკუთვნით. ამ ხნის განმავლობაში ბანკმა თავის კლინტებს 5 მილიარდ დოლარზე მეტი კრედიტი გამოუყო (ერთი მიკროკრედიტი 50-დან 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს). “გრამმენ ბანკს”, რაც ბანგლადეშურად “სოფლის ბანკს ნიშნავს, მიმდევრები მსოფლიოს 60 ქვეყანაში (აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკა) გამოუჩნდა.
თავის ბანკს პროფესორი იუნუსი სხვა ტრადიციული ბანკებისაგან იმით ასხვავებს, რომ ეს უკანასკნელნი, როგორც წესი, მოგების მაქსიმალიზაციას ესწრაფიან, “გრამმენ ბანკის” უმთავრეს დანიშნულებას კი ღარიბი მოსახლეობის, ძირითადად ქალებისათვის, ფინანსური დახმარების გაწევა, რათა მათ სიღარიბე დაძლიონ.
ბანკის კრედიტი მის კლიენტს, ქალს, საშუალებას აძლევს შეიძინოს, მაგალითად, საკერავი მანქანა, რაღაც შეკეროს და გაყიდოს, ან ფიჭური ტელეფონი იყიდოს და თანასოფლელებს მოემსახუროს. ამგვარი საქმიანობიდან შემოსავალი კი მათ ოჯახის რჩენას შეაძლებინებს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: სოფია ბეგუმმა, ისევე, როგორც არა ერთმა სხვა ბანგლადეშელმა ქალმა, ადგილობრივი მევახშისაგან ფული ისესხა. იგი სესხში დრაკონულ პროცენტს იხდიდა, რის გამოც ვერ შეძელო მისი დაბრუნება. ბეგუმმა ეს ყველაფერი ამერიკიდან ახლადდაბრუნებულ ეკონომიკის პროფესორს უამბო, რომელიც თავის სტუდენტებთან ერთად მეორე დღესვე ამ სოფელში გაჩნდა. მათ მევახშეებს დაუყოვნებლივ დაუბრუნეს მსესხებლების ვალი, დაახლოებით 27 დოლარი.
ხალხი ქუჩებში შიმშილისაგან იხოცებოდა, მე კი სტუდენტებს მშვენიერ ეკონომიკურ თეორიებს ვასწავლიდი – იგონებს რამდენი წლის შემდეგ იმდროინდელ თავის განცდებს პროფესორი და თან დასძენს: – გავა დრო და ჩვენი შვილიშვილები მხოლოდ მუზეუმებში გაეცნობიან, თუ რა იყო სიღატაკე, მისი ბანკის მიკროსესხების საშუალებით მრავალი მცირე საწარმო შეიქმნა, სადაც მილიონობით ადამიანმა იპოვა სამუშაო.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ “გრამმენ ბანკს” თითქმის არ ერიცხება დაუბრუნებელი კრედიტები, რაც ყველა ბანკისათვის “აქილევსის ქუსლია. ბანკს თითქმის არა აქვს განყოფილებები ქალაქად, იგი მხოლოდ სოფლებში მუშაობს (აქვს დაახლოებით 2000 განყოფილება).
პროფესორ იუნუსის ნაცნობ-მეგობრები ჰყვებიან, რომ მართალია მან ასე გაითქვა სახელი თავისი კეთილი საქმეებით, მაგრამ არ უყვარს მათხოვრებისათვის ფულის მიცემა: იგი მხოლოდ მათ ეხმარება, ვისაც საკუთარი თავისათვის მიხმარება სურს.
ბანგლადეშში ხალხის მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამოსაყვანად გასაკეთებელი კვლავ ძალიან ბევრი რჩება. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 144 მილიონს აღემატება, თითქმის ნახევარი სიღატაკეში ცხოვრობს. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნადაა მიჩნეული. ეკონომიკურ წინსვლაში მას ხელს უშლის ასევე წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანების დიდი რაოდენობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ბანგლადეშში 15 წლის ასაკს ზევით მოსახლეობის 60 პროცენტი სწორედ ასეთია.
ქვეყანაში თანდათან უფრო მეტი ადამიანი იღებს ერთ დოლარზე ნაკლებს დღეში, რაც სიღატაკის უკიდურეს ზღვარს ნიშნავს. ამასთან, თუ 1992 წელს ასეთი ადამიანების ხვედრითი წილი მთელ მოსახლეობაში 28 პროცენტი იყო, ბოლო წლებში გაიზარდა და 35 პროცენტს გადააჭარბა (ცნობისათვის: როგორც ჩანს, მსოფლიოში მრავალი ქვეყანაა ბანგლადეშზე უარეს მდგომარეობაში. კერძოდ, გასულ წელს ბანგლადეშმა ცხოვრების დონის მიხედვით ჩატარებულ რეიტინგში 139 ადგილი დაიკავა, მასში პოლონეთი 33 ადგილზე იყო. ბოლო, 177 ადგილზე კი ნიგერიაა. ამ უკანასკნელში ერთი მოსახლის წლიური შემოსავალი 900 დოლარს არ აღემატება, ბანგლადეშში იგი 2000 ათას დოლარამდეა.
მძიმე მატერიალური მდგომარეობა ბანგლადეშელებს აიძულებს ქალაქში ჰპოვონ თავშესაფარი, რის შედეგადაც ამ ქვეყნის ზოგიერთი ქალაქი ძალიან გაიზარდა და თავკომბალას დაემსგავსა. კერძოდ, დედაქალაქ დაკაში ცხოვრობს 12 მილიონამდე ადამიანი, ხიტაგონში – 4 მილიონამდე და ა.შ.
საგულისხმოა, რომ იუნუსს და მის ბანკს ამგვარი კეთილშობილური წამოწყებისათვის 90-იან წლებში ბოიკოტი გამოუცხადეს ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა. ისინი ფიქრობდნენ და, არც თუ უსაფუძლოდ, რომ მიკროკრედიტები ხელს შეუწყობდა და დააჩქარებდა ქალთა ემანსიპაციას და ქვეყანაში არსებულ ტრადიციულ იერარქიას დაარღვევდა.
იუნუსმა განაცხადა, რომ ნობელის პრემიას (1,1 მილიონი ევრო) ძირითადად გამოიყენებს იაფი სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი ფაბრიკების, საავადმყოფოების, სკოლების ასაშენებლად, სასმელი წყლის სისტემის რეკონსტრუქციისათვის და სხვა მსგავსი ღონისძიებებისათვის.
იმ ადამიანების დაინტერესებაზე, თუ რა საერთო აქვთ მშვიდობის დამყარებასთან, მშვიდობისათვის ბრძოლასთან ბანკსა და მის დამფუძნებელს, ნობელის კომიტეტი პასუხობს, რომ სწორედ სიღატაკეა, უმთავრეს შემთხვევაში, მესამე სამყაროს ქვეყნებში ომების, სისხლიანი კონფლიქტების გაჩაღების ძირითადი მიზეზი.
– “სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციის ხალხს იუნუსმა და მისმა “გრამმენ ბანკმა” თვალნათლივ უჩვენეს, რომ უღატაკეს ადამიანებსაც კი შეუძლიათ სამუშაო იპოვონ და შემოსავალი გაიჩინონ – ასე დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება ნობელის კომიტეტმა.
ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება მრავალი პოლიტიკოსისათვის იმის ნიშანსია, რომ აფრიკისა თუ აზიის იმ რეგიონებისათვის, სადაც ხშირად აქვს ადგილი მწვავე შეიარაღებულ დაპირისპირებას, უმთავრესი საერთაშორისო ფინანსური თუ ჰუმანიტარული დახმარება კი არაა (რომელიც ძალზე ხშირად ადგილობრივი კორუფციული კლანების ჯიბეებში ილექება და ადრესატამდე ვერც კი აღწევს), არამედ სახელდობრ, ამ სახის ღონისძიებები, ანუ სჯობს მშიერ ადამიანს ანკესი მისცე და თევზაობა ასწავლო, ვიდრე თევზი, მით უმეტეს, რომ ეს თევზი ხშირად ვერც აღწევდა დანიშნულების ადგილამდე. მუჰამედ იუნუსი თავის თანამემამულეებს (და არა მხოლოდ მათ) აძლევს ანკესს, რადგან დარწმუნებულია ყოველი ადამიანის სამეწარმეო გერგილიანობაში. ის, რასაც ბანგლადეშელი ბანკირი გვასწავლის, ალბათ მრავალმა ძლიერმა ამა ქვეყნისამ უნდა გაითვალისწინოს და დასკვნები გააკეთოს.
დასასრულს, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, თუ ზოგიერთი გამოჩენილი ადამიანის აზრს გავეცნობით მუჰამედ იუნუსის მიერ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებასთან დაკავშირებით.
ლეხ ვალენსა, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, 1983 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი: ვულოცავ! თუმცა ვერ ამიხსნია ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, მშვიდობის დარგში პრემია ეკუთვნის ადამიანს, ვინც მოაგვარა რომელიმე კონფლიქტი ხალხებსა თუ სახელმწიფოებს შორის, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში. მას, ვინც იბრძვის თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის თუ ადამიანის უფლებებისათვის.
მსოფლიოში არის ამ ბანკის მსგავსი მრავალი დაწესებულება, ამიტომ, ალბათ, უკეთესი იყო მისთვის პრემია ეკონომიკაში მიგვენიჭებინა ანდა სხვა სახის პრემია დაგვეწესებინა. მსგავს ბანკებს, რომლებიც გლობალური მასშტაბებით საქმიანობენ, მართლაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ცხოვრების დონის გამოთანაბრებას და მაშასადამე, კონფლიქტების ჩაქრობასაც.
რა ვქნა, მე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების ასეთი ტრადიციული გაგება მაქვს. ამასთან, შესაძლოა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება იმისთვისაა მოწოდებული, რომ შესაძლებელი გახდეს ღარიბების პრობლემის გლობალური გადაწყვეტა.
ოდესღაც მე ასევე ვერ გავიგე, თუ რატომ ვერ მიიღო ეს პრემია ისეთი დიდი საქმეების მკეთებელმა ადამიანმა, როგორიც იოან პავლე მეორე იყო.
შემდეგ მივხვდი, რომ იოან პავლე ყოველგვარ პრემიაზე მაღლა იდგა.
კიმ მაკ�ქუენი, საქველმოქმედო ორგანიზაციის “Asia Foundation-ის ხელმძღვანელი:
პროფესორი მუჰამედ იუნუსი მეტად ცნობილი მეცნიერია, რომელიც ღარიბთათვის დახმარების პრობლემებზე მუშაობს. მის პროექტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა ბანგლადეში და ასევე მრავალი სხვა ქვეყანა.
მისი საქმიანობა ბანგლადეშისათვის მეტად სასარგებლოა. ამგვარი საქმიანობის წყალობით თანდათან მეტი და მეტი ადამიანი აღწევს თავს სიღატაკეს. ესაა ერთ-ერთი იმ სახის დახმარებათაგანი, რომელიც დამოკიდებული არაა მდიდარი უცხო ქვეყნების მიერ ხელის გამოწვდაზე.
ამის გარეშე ბანგლადეშს ძალიან გაუჭირდებოდა. ახლა კი ბიუჯეტში თანდათან კლებულობს უცხოეთიდან შემოსული დახმარებების ხვედრითი წილი. ეს იმის ნიშანიცაა, რომ საერთაშორისო პროგრამები საკმაოდ შედეგიანია, ხოლო ბანგლადეშელებს შეუძლიათ მათი სასარგებლოდ გამოყენება. მათი საშუალებით ეს ღარიბი, სხვადასხვა სახის სტიქიური უბედურებებით გატანჯული ხალხი, მართლაც რომ სწრაფად იუმჯობესებს ცხოვრებას.
ფაზანა შაიხი, “Brytysh Institut Chatham House-ს ექსპერტი: ამ გადაწყვეტილებით ნობელის კომიტეტი იმას გვეუბნება, რომ მშვიდობის დამყარებაში მთელ მსოფლიოში შეუძლიათ იბრძოლონ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ ეკონომისტებმა, ისეთებმა, როგორიც პროფესორი მუჰამედ იუნუსია. მისი “გრამენ ბანკის საქმიანობა ბანგლადეშის ეროვნულ მეურნეობას განვითარებისა და წინსვლის საშუალებას, ხალხს კი უკეთესი ცხოვრების იმედს აძლევს. ეს თითქოს ეკონომიკური ხასიათის საქმიანობაა, მაგრამ მისი მიზანია სუსტი ადამიანების დაცვა და არა მაქსიმალური მოგების მიღება. და რა კარგია, რომ ეს ასე კარგად აღითქვეს მათ, ვინც ნობელის პრემიას ანიჭებენ.