სომხეთის ეკონომიკამ საფინანსო კრიზისის შედეგად შეიძლება თავისი პოტენციალი გაამყაროს

მოამზადა ეკა წირღვავამ

“სომხეთის ეკონომიკა საფინანსო კრიზისის შედეგად გარკვეულ ვარდნას განიცდის, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გამყარდეს ქვეყნის ეკონომიკური სისტემის პოტენციალი” – აცხადებს რუსულ-სომხური უნივერსიტეტის დოქტორი ედვარდ სანდოიანი. მისი აზრით, საფინანსო კრიზისის შედეგად შეიძლება მკვეთრად შემცირდეს ტრანსფერტებისა და უცხოური ინვესტიციების მოცულობა სომხეთის ეკონომიკაში. მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება შეწყდეს უცხოური ინვესტიციების შემოდინება საბინაო მშენებლობაში. კერძოდ, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება 1-1,5 მლრდ დოლარით შემცირდება.

სომხეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2008 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნის საბანკო სისტემიდან ფიზიკურ პირებზე შემოვიდა 1035,3 მლნ დოლარი, ანუ არაკომერციული სახსრები.
ე. სანდოიანი ასევე მიუთითებს ექსპორტში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ, კერძოდ, სპილენძსა და სხვა სასარგებლო წიაღისეულზე მსოფლიო ფასების შემცირების გამო. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, შეიძლება შემცირდეს მოსახლეობის გადახდისუნარიანობის დონე, რადგან რესპუბლიკის მოსახლეობის დაახლოებით 35% უცხოურ ტრანსფერტებზეა დამოკიდებული.
ეკონომისტი თვლის, რომ ყველა ამ ფაქტორმა შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის შენელება, რაც 2002 წლიდან ორნიშნა ციფრით განისაზღვრებოდა. 2007 წელს ეს მაჩვენებელი 13,7% იყო, ხოლო 2008 წელს ქვეყნის მშპ გეგმის მიხედვით 10%-ით უნდა გაიზარდოს.
ამასთან შემდეგ ეტაპზე ამ პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში უცხოური ვალუტის გამყარება, თუ ამ პროცენტში ცენტრალური ბანკი არ ჩაერევა და შეცდომებს არ დაუშვებს.
“ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც აგრძელებს ინფლაციასთან ბრძოლას, შეიძლება ვერც შეამჩნიოს, რომ დადგა მომენტი ბაზარზე დამატებითი ლიკვიდურობის ფორმირებისათვის. თუ ყველაფერი ნორმალურად გაკეთდა, მოვლენებიც პოზიტიურად განვითარდება” – აცხადებს ე. სანდოიანი.
ბოლოს და ბოლოს უცხოური ვალუტა სომხეთის ბაზარზე გამყარდება, რაც ეკონომიკის ზოგიერთი საექსპორტო სფეროს აღდგენას შესაძლებელს გახდის.
ბოლო წლებში სომხეთის ეკონომიკამ მრავალი რყევა განიცადა. ამ პრობლემების მიუხედავად, 1994 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ხელისუფლების მიერ საბაზრო ეკონომიკის შესაქმნელად სტრუქტურული რეფორმების გატარების დროს არსებული მნიშვნელოვანი წარმატებების დახმარებით, შესაძლებელი გახდა წარმოების წელიწადში საშუალოდ 5,9%-ით ზრდა. დღეისათვის ქვეყნის ეკონომიკა ხასიათდება ინფლაციის დაბალი დონით და ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსით.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, ქვეყანაში შეუძლებელია სამუშაოს შოვნა, რის შედეგადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან სამუშაო იშოვა 6362 ადამიანმა, მათ შორის 3474 ქალია. გარდა ამისა, 2008 წლის განმავლობაში 770 უმუშევრისა და 36 ინვალიდისთვის ორგანიზებული იყო სასწავლო კურსები შემდეგ პროფესიებზე: ტუროპერატორზე, ტელეოპერატორზე, კონდიტერზე, მზარეულზე და სხვ. სექტემბერში დროებით საზოგადოებრივ სამუშაოზე დედაქალაქიდან მოეყო 1405 ადამიანი.
2008 წლის დასაწყისიდან სპეციალური დასაქმების პროგრამაში ჩართული იყო 108 ადამიანი, 39 მათგანი ინვალიდია, ორი – ლტოლვილი, ხოლო 67-ს 3 წელია უმუშევრის სტატუსი აქვს. 1 ოქტომბრის მონაცემებით, უმუშევართა დახმარება მიიღო 17165 ადამიანმა.
სომხეთში 2008 წლის II კვარტალში ინფლაცია 6,3% იყო, ხოლო წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 5,4% იქნება, თუ ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები არ შეცვალა.
ცენტრალური ბანკის საბჭოს აზრით, ზოგიერთი შიდა და საგარეო მოვლენების განვითარებამ შეიძლება ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა გამოიწვიოს. კერძოდ, შესაძლოა ნავთობისა და სურსათის მოსალოდნელზე მაღალი ფასებისა ფორმირება. მით უმეტეს, რომ ნავთობის ფასების ზრდა დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ ფაქტორებსა და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებასთან.
გარდა ამისა, ინფლაციის ზრდაზე შეიძლება ზეგავლენა იქონიოს მოხმარებისა და სამომხმარებლო ბალანსის დადებითი სალდოს მკვეთრმა ზრდამ. ცენტრალური ბანკის წარმომადგენელთა აზრით, ინფლაციის ზრდის კიდევ ერთი ფაქტორი არის ეკონომიკის დაფინანსების ტემპების გაზრდა. ამასთან ერთად ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრები თვლიან, რომ არსებობს ზოგიერთი ფაქტორი, რომლებსაც შეუძლია ინფლაცია შეანელოს, კერძოდ, ესენია – იმპორტირებულ საქონელზე ფასების შემცირება, როგორც დრამის რევალვაციის შედეგი კაპიტალის შემოდინების ზრდის პირობებში, ასევე ექსპორტის მოცულობის ზრდა. ინფლაციის როგორც ზრდა, ასევე შემცირება შეიძლება გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის განვითარებამ, რომელიც ძირითადად ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული.
2007 წლის IV კვარტალში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, 2008 წლის განმავლობაში სომხეთში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი იქნება, მხოლოდ წლის ბოლოს ჩამოვა ზედა ზღვარს ქვემოთ.
2008 წლის II კვარტლის შედეგებით, სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე 889,8 მლნ დრამის თანხის 95 გარიგება შედგა. გასული კვარტლის მონაცემებით კი შედგა 860,5 მლნ დრამის 114 გარიგება. ამასთან ამ გარიგებიდან 685,5 მლნ დრამი მოდის კორპორატიული ობლიგაციების გარიგებებზე, 195,6 მლნ დრამი – სახელმწიფო ობლიგაციებზე და მხოლოდ 8,7 დრამი – აქციების გარიგებებზე. 2008 წლის II კვარტლის შედეგებით, სომხეთის საფონდო ბირჟაზე ლისტინგი გაიარა 13 კომპანიამ.
“სომხეთის საფონდო ბირჟა” (Armex) დაარსდა 2001 წელს თვითრეგულირებადი ორგანიზაციის სახით 21 საბროკერო კომპანიის გაერთიანების შედეგად. 2007 წლის დასაწყისში მოხდა მისი რეორგანიზაცია ღია სააქციო საზოგადოებად. 2008 წლის 7 იანვრიდან კომპანია NASDAQ OMX არის სომხური Aრმეხ-ის 100%-იანი მფლობელი.