ფინანსურმა კრიზისმა ერთიანი ევროპის იდეასაც გაუჩინა ბზარი

მაკა ღანიაშვილი

მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესებმა ძალიან ბევრი კითხვა წარმოშვა. ძველი თეორიები და შეხედულებები აქტუალობას კარგავს. უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ბჭობა იმის შეახებ, გაამართლა თუ არა თავისუფალი ბაზრების თეორიამ, აუცილებელია თუ არა სახელმწიფო რეგულირების გაზრდა, თუ ბაზარი უნდა გადარჩეს ისევ და ისევ თვითრეგულირების წესით?Aმიუხედავად ამისა, საკითხი აქტუალობას ჯერაც არ კარგავს, ამიტომ უპრიანი იქნება მასზე კიდევ ერთხელ შევჩერდეთ.

ქვემოთ მოცემულ მასალაში ძირითადად მსოფლიოს წამყვანი ჟურნალ-გაზეთების მიმომხილველთა მასალების ანალიზს შემოგთავაზებთ. რას ფიქრობენ ჩვენი კოლეგები თავინთ მთავრობებსა და იქ მიმდინარე პროცესებზე? რას ელის ამერიკული პრესა ახალი პრზეიდენტისგან და რაში ეპარებათ ეჭვი ევროპელ მიმომხილველებს. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ვერც საქართველოს და აქ მიმდინარე მოვლენებს და სტატიის ბოლოს ორი – საბანკო და სადაზღვევო სფეროს მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ
მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია გრძელდება. კრიზისის გეოგრაფია სულ უფრო ფართოვდება, ხოლო იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, მატულობს. ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 2007 წლის ბოლოსათვის დაიწყო, ევროპისა და აზიის ყველა ქვეყანას შეეხო, განსაკუთრებით კი ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორებიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვ. მართალია, ზოგადი შეფასებით ფინანსურმა კრიზისმა პიკს უკვე მიაღწია, მაგრამ ეკონომიკურ სფეროში ბევრი არანაკლებ უარყოფითი მოვლენა 2009 წელსაც გველის.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში – “მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და 2009 წლის პერსპექტივები”. გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2009 წელს მსოფლიოში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 1% იქნება, მაშინ, როდესაც 2008 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2,5% იყო.
როგორც UNCTAD (United Nationas Conference on Trade and Development) კონფერენციაზე აღინიშნა, 2009 წლის მიწურულს მსოფლიო ეკონომიკას “ამოსუნთქვის” შანსი მიეცემა, თუმცა, ბანკებს მსოფლიო საფინანსო ბაზარში უწინდებური ადგილის დასაკავებლად, სავარაუდოდ, 6-დან 9 თვემდე დასჭირდებათ.
დსთ-ს ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტემპები 2009 წელს 4,8%-მდე შემცირდება (2008 წელს ეს მონაცემი 6,9% იყო). “ფასების ვარდნა, გლობალური რეცესია და საინვესტიციო კლიმატის მიმდინარე გაუარესება დსთ-ს ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად რუსეთზე, უკრაინასა და ყაზახეთზე აისახება” – აღნიშნულია ანგარიშში.
იმედის მომცემად არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2009 წლის ეკონომიკური პროგნოზები ჟღერს. როგორც მისი ექსპერტები აცხადებენ, ბაზარს ახლო მომავალში აღარ აქვს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ილუზიები და თუკი წლეულს მშპ 1%-ზე მეტად მოიმატებს, ეს ძალზე ოპტიმისტური სცენარი იქნება.
ამერიკისა და ევროპის შემდეგ კრიზისი აზიასაც მოედო და ისეთი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანასაც მისწვდა, როგორიც იაპონიაა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მეთაური მასააკი სირაკავა აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, რადგან კომპანიებისთვის კრედიტების აღება უკიდურესად გართულდა. მოსახლეობას ოპტიმისტურს ვერაფერს ეუბნება ვერც იაპონიის ეკონომიკის მინისტრი, რომლის განცხადებითაც, ქვეყნის საავტომობილო მრეწველობაში დაკვეთების ზრდა მოსალოდნელი არაა. ეკონომიკური ზრდის ტემპები მთელ მსოფლიოში, მათ შორის, განვითარებულ ქვეყნებშიც ეცემა. ამას ემატება იაპონური იენის კურსის ზრდა, რაც ნეგატიურად აისახება ექსპორტზე. ქვეყანაში მასობრივი ხასიათი მიიღო შემცირებებმა.
Aამ დროს ასპარეზზე ჩნდება აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელსაც არამარტო ამერიკა, არამედ მთელი მსოფლიო დიდი იმედის თვალით უყურებს. მისი გაპრეზიდენტება სუნთქვისშემკვრელი მომენტია შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსათვის.Aამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის მმართველმა ანგელა მერკელმა მისალოც სიტყვაში, პირველ რიგში, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება უსურვა ობამას, რადგან, როგორც კანცლერმა გაუსვა ხაზი, “ამერიკის ეკონომიკაში მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გასაღები დევს”.
Financial Times-მა ობამას ინაუგურაციიდან მეორე დღესვე ვრცელი სარედაქციო სტატია მიუძღვნა მის გაპრეზიდენტებას. ობამა წარუმატებელი პრეზიდენტის შემცვლელად მოდის და იგი არანაკლებ სერიოზული გამოცდის წინაშე დგას, ვიდრე ფრანკლინ რუზველტი იდგა დიდი დეპრესიის პერიოდში. ამავე დროს, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტს მრავალ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა:
ეკონომიკა, ისევე, როგროც 30-იან წლებში, ღრმა რეცესიაშია და ეს ჩვეულებრივი ვარდნა არ არის. ხელისუფლებამ ასობით მილიარდი დახარჯა მის გადასარჩენად, თუმცა აშშ-ის ფინანსური სისტემა გამოჯანმრთელებისგან ჯერ კიდევ შორსაა. კრიზისის გაგრძელების საფრთხე სრულიად რეალურია.
ახალმა პრეზიდენტმა უნდა გადაჭრას ირანისა და ავღანეთის პრობლემები, გაუმკლავდეს ქაოსს ახლო აღმოსავლეთსა და პაკისტანში, რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებს და გაძლიერებულ ჩინეთსა და ინდოეთს. პოლიტიკური ამინდის დაჩქარებული ცვლილებების შესაჩერებლად ის სათავეში უნდა ჩაუდგეს ეფექტურ საერთაშორისო ძალისხმევას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა შესაძლოა უკონტროლო გახდეს.
ქვეყნის შიგნით ობამამ უნდა დაამტკიცოს ხელისუფლების ერთგულება კანონის მიმართ და აღადგინოს კონსტიტუციური წონასწორობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, ამავე დროს, გაუმკლავდეს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე დამდგარ სერიოზულ გამოწვევებს. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ გაატარებს ყოვლისმომცველ რეფორმებს ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში. ამ სფეროში პრობლემები დიდი ხანია მომწიფდა და საჭირო ღონისძიებები მიღება ახალი პრეზიდენტისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
დღეს ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში, საჭიროა ეკონომიკური ღონისძიებების გატარება. ახალმა გუნდმა ახლებულრად უნდა შეხედოს ფინანსურ სისტემას, სასწრაფოდ უნდა მოახდინოს გაბანკროტებული ბანკების ნაციონალიზაცია და აღადგინოს იმ ბანკების კაპიტალი, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ თავიანთი ფინანსური ვალდებულებები.
ახალ ადმინისტრაციას ასევე დასჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის სფეროში უფრო მკვეთრი მოქმედებების დროსაც. სკეპტიკოსები, რომელთაც არ სურთ რეალობის დანახვა, მიუთითებენ წინა უშედეგო მცდელოებებზე. ახალი ძლიერი ფინანსური სტიმულირების გარეშე 2009 წლის მოთხოვნების პერსპექტივები და, აქედან გამომდინარე, მრეწველობისა და დასაქმების პერსპექტივები იქნება უიმედო არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის.
ობამა ალბათ შეეჯახება მისთვის ყველაზე რთულ გამოცდას იმ შემთხევაში, თუ ის თავისი ინიციატივების რეალიზებას მოახდენს. მან უნდა მოამზადოს საზოგადოება ფინანსური სისტემის გადარჩენის მიზნით განხორციელებული ქმედებების გრძლევადიანი შედეგებისთვის, უფრო ზუსტად კი გადასახადების გაზრდისა და სახელმწიფოებრივი დანახარჯების შემცირებისათვის. მაცდუნებლად მომხიბლავია ამაზე საუბრისგან თავის არიდება, მაგრამ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა და უცხოელმა ინვესტორებმა უნდა იცოდნენ ბიუჯეტის დაბალანსებულ მდგომარეობაში დაბრუნებისათვის საჭირო გასატარებელი გეგმების შესახებ.
თუ ეს გაკეთდება, შემდგომი მოთხოვნა იქნება საერთაშორისო თანამშრომლობაზე ყურადღების გაძლიერება, განსაკუთრებით, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. მაგრამ ეს ამავე დოზით ვრცელდება ეკონომიკაზეც. როცა დადგება შეერთებული შტატების ბიუჯეტის კონსოლიდაციის დრო, აქტიური სალდოს მქონე ქვეყნების პოლიტიკა მიმდინარე საგადასახადო ბალანსით გაცილებით ექსპანსიური უნდა გახდეს. ამგვარი ტიპის თანამშრომლობისათვის აუცილებელია ახალი ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
ამჟამად კი ახალი პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს თავისი ხალხის ნდობით, არამედ აღფრთოვანებას იწვევს მთელ მსოფლიოში. ბარაკ ობამა ის ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც მთელ მსოფლიოს სჭირდება და მისი წარმატებული პრეზიდენტობის უზრუნველყოფა, რაც ამავე დროს მსოფლიო საზოგადოების ინტერესებს შეესაბამება, არის თანაბარი ამოცანა, როგორც ობამასთვის, ისე მთელი მსოფლიოსათვის, სადაც რადიკალურად იცვლება არა მხოლოდ ეკონომიკური ხედვა, არამედ პოლიტიკური იდეებიც.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა “The Economist”-ი თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში სვამს კითხვას – იქნებ ევროპისათვის ერთიანობის და ერთიანი საგარეო პოლიტიკის იდეა ისეთი სანუკვარი აღარ არის, როგორც ერთ დროს? იქნებ ევროპის, როგორც ერთიანი ბაზრის იდეასაც მოერყა ძირი? გააგრძელებს თუ არა ევროპა იმავე შემართებით სვლას “აღთქმული მიწისაკენ”, რომელსაც ერთიანი ევროპული ფინანსური ბაზარი ჰქვია? თუ კრიზისმა ევროკავშირი უკან დასწია სრული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე? ეს ის კითხვებია, რომლებსაც არამარტო “The Economist”-ის, არამედ სხვა ევროპული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით.
ეს მაშინ, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთიანი ბაზრის შექმნა ევროპული ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ მთავარ მიღწევადაა მიჩნეული. მაგრამ ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ერთიანი ბაზარი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ერთიან ეკონომიკურ სივრცედ თუნდაც იმ მიზეზით, რომ ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი, მაგალითად, საგადასახადო და სოციალური დაცვის სისტემები კვლავაც ევროკავშირის წევრ ქვეყანათა ეროვნული კანონმდებლობებით რეგულირდება. მაშინ რატომ გაჩნდა მსგავსი კითხვები ევროპაში ახლა?
რა თქმა უნდა, ამაშიც ეკონომიკური რეცესიაა დამნაშავე და ამაში არაფერია გასაკვირი. ყველას კარგად ახსოვს ისლანდიის საბანკო სისტემის კრახი, უკვე სრული სიცხადით გამოაშკარავდა დიდი ბრიტანეთის პრობლემები, უკეთეს დღეში არც გერმანია და ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები არიან. თუმცა, თავდაპირველად, ისლანდიის საბანკო კრიზისზე შემთხვევით არ შევჩერებულვართ. ევროპის ამ პატარა ქვეყანაში მიმდინარე კრიზისმა ყველა წამყვან სახელმწიფოს უკვე რეალურად დაანახა, რომ ერთიანი ეკონომიკური სივრცე და ერთიანი ფინანსური ბაზარი ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ერთ ქვეყანაში არსებული პრობლემა არ არის მხოლოდ ამ სახელმწიფოს მოსაგვარებელი და პასუხისმგებლობა და მოვალეობა ბევრ სხვა ფინანსურ ინსტიტუტსაც ეკისრება.
ამისი გაცნობიერება მთავრობებისათვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა თანამედროვე კრიზისის ფონზე. დიდ სახელმწიფოებს ახლა არანაკლებ (ხშირ შემთხვევაში უფრო მეტადაც) უჭირთ და მცირე ერები მათთვის დამატებით ტვირთად იქცევიან. ამიტომ აღარ მიესალმებიან წამყვანი ქვეყნების მთავრობები პატარა სახელმწიფოების ბანკების მიერ სესხების იმ მოცულობითა და ისეთი თავისუფალი სქემებით აღებას დიდი სახელმწიფოების ფინანსური ინსტიტუტებისაგან, როგორც ეს აქამდე იყო (თუ აღარ იარსებებს უსაფრთხოების რეალურ გარანტიები). მაშინ ისმის საპირისპირო კითხვა: რა უნდა ქნან პატარა ქვეყნებმა? ნუთუ მართლა საფრთხის წინაშეა ერთიანი ევროპის იდეა? მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ თეორიებია, არსებობის უფლება კი, რომ იტყვიან, ყველაფერს აქვს. მათ შორის, იმ იდეასაც, რომ მიმდინარე ფინანსურმა კრიზისმა შეიძლება სულაც საპირისპირო შედეგი გამოიღოს და ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებელია უფრო მჭიდრო ინტეგრაცია და საბანკო სისტემის მართვის ერთიანი სისტემა მთელი ევროკავშირის მასშტაბით, რომელიც დაახლოებით აშშ-ის ფედერალური ქარტიისა და საბანკო სისტემის რეგულირების მსგავსი იქნება. ერთ რამეში კი შეიძლება სრულიად დარწმუნებულები ვიყოთ – მიმდინარე ეკონომიკური რეცესია უფრო ნათელს გახდის ევროპის წევრი ქვეყნებისათვის “ძალა ერთობაშია” თუ “ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს”?
… მაგრამ ნებისმიერი ქართველი რომ გააჩერო დღეს ქუჩაში და ჰკითხო, რა გაწუხებს ყველაზე მეტადო, პასუხი, რა თქმა უნდა, არც ობამას სამომავლო გეგმები იქნება და არც ის, რამდენად თანამიმდევრულად მიდიან ევროპული ქვეყნები ერთიანი ევროპის იდეისაკენ; მავანი არც იმას დაგიდევთ დიდად, ვინ ან რომელი ეკონომიკური თეორიაა მსოფლიო კრიზისში დამნაშავე. მისთვის მთავარი ის პრობლემებია ის, რაც მას უშუალოდ ეხება, მაგალითად, რა ბედი ელის ქართულ საბანკო სისტემას? რა ხდება ჩვენს სადაზღვევო ბიზნესში? მით უმეტეს, რომ არსებულ ეკონომიკურ ვითარებაში, შესაძლოა, სადაზღვევო პროდუქტები გაძვირდეს. ეს განსაკუთრებით სამედიცინო დაზღვევაზე ითქმის, რადგან წამალი და სამედიცინო მომსახურება ქვეყანაში დღითიდღე ძვირდება.
სადაზღვევო კომპანია “სახალხო დაზღვევაში” აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სადაზღვევო პროდუქტების გაძვირება არ იგეგმება, თუმცა, სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო გაძვირების შემთხვევაში სადაზღვევო პროდუქტებზე ფასის გაზრდას არ გამორიცხავენ. მით უმეტეს, რომ სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობიდან სამედიცინო მომსახურების 20-25%-ით გაძვირების შესახებ წერილი უკვე მიღებული აქვთ. “სახალხო დაზღვევას” ამ დროისთვის ბაზარზე არსებული ყველა სადაზღვევო პროდუქტი აქვს და მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით ჯანმრთელობის დაზღვევა სარგებლობს. სადაზღვეო პოლისის საშუალო ფასი კი 15-20 ლარია.
დაახლოებით იმავე მდგომარეობაშია კომპანია “GPI ჰოლდინგი”. აქ სადაზღვევო პროდუქტებზე ფასების მატებას ყველანაირი მეთოდით ეწინააღმდეგებიან, მაგრამ როდემდე შენარჩუნდება არსებული ფასები, არავინ იცის.
ამ ეტაპზე სადაზღვევო პროდუქტები არ გაუძვირება არც “ალდაგი ბისიაის” და, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამას არც გეგმავენ. მენეჯმენტის ინფორმაციით, მათ სადაზღვევო პორტფელშიც კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევა ლიდერობს, რასაც სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებებისა და ქონების დაზღვევა მოსდევს.
იმ ქვეყანაში, სადაც სადაზღვევო სისტემები ჩანასახოვან მდგომარეობაშია, ხელისულფების ხელშეწყობის გარეშე სადაზღვევო ბიზნესის განვითარება რთულია, მითუმეტეს, თანამედროვე კრიზისის ფონზე. მართალია, ფასების ზრდას ჯერჯერობით ქართული სადაზღვევო კომპანიები მაქსიმალურად ერიდებიან, მაგრამ თუკი მთელ სექტორში ვითარება არ გამოსწორდა, ეს პროცესი გარდაუვალი იქნება. ის კი, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაზღვევის გაძვირებას, არავინ უწყის, რადგან ხელმოკლე ადამიანები სადაზღვევო შენატანებს ისედაც ვერ ახორციელებენ. მზღვეველებს კარგად აქვთ შეგნებული, რომ პოლისებზე ფასების ზრდა კლიენტების ავტომატურ კლებას გამოიწვევს. გამოდის, რომ მზღვეველები თითქმის გადაუჭრელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.
ინექციების მოლოდინში არიან ქართული ბანკებიც. გასაკვირი არაა, რომ ქართული ბანკები შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობენ და მათთვის უცხოური კაპიტალის დროული წაშველება ძალიან მნიშვნელოვანია. 2009 წელი ჯერ ხეირიანად არც დაწყებულა და რამდენიმე ბანკმა უკვე განაცხადა აქციების შესაძლო გაყიდვის შესახებ.
საინფორმაციო პორტალ “presa.ge”-ს ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, შესაძლოა, “საქართველოს ბანკის” აქციათა 5%-ის მფლობელები გახდნენ. საფინანსო კორპორაციასა და ევრობანკს სუბორდინირებულ-კონვერტირებადი სესხის გამოყოფის შემდეგ შეუძლიათ “საქართველოს ბანკის” აქციათა გარკვეული რაოდენობის მფლობელები გახდნენ. თუმცა, მათი წილი არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს. “იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ კორპორაციებს სურვილი ექნებათ, ისინი ფულის ნაცვლად ბანკისგან აქციათა 5%-ს მიიღებენ” – განმარტავენ “საქართველოს ბანკში”.
ევრობანკი უფრო შორსაც მიდის და საქართველოს ფინანსური სექტორის მხარდაჭერის პირობას იძლევა. როგორც ამ ორგანიზაციის საბანკო სისტემის განყოფილების დირექტორმა ჟან-მარკ პიტერშმიტმა განაცხადა, წლეულს ევრობანკი საქართველოს ეკონომიკას 300 მლნ ევროს ოდენობით დააფინანსებს. – “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი კვლავ გააგრძელებს საქართველოს ფინანსური სექტორის მხარდაჭერას. გარდა ამისა, თანხები ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, ტელეკომუნიკაციისა და ტრანსპორტის სფეროებში, ენერგოსექტორში, მცირე და საშუალო საწარმოებში, სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებაში ჩაიდება”, – განმარტა პიტერ შმიდტმა და იქვე დასძინა, რომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელვანი ენერგო-ეფექტურობის საკითხია.
ამასობაში გაირკვა, რომ “თიბისი” ბანკში თვის ბოლომდე ახალი აქციონერები შევლენ. ოთხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (რომელთა შორის არიან ევროპის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია) ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით, 140 მილიონი დოლარი იქნება. ამ თანხიდან ინვესტორები 80 მილიონი აშშ დოლარით ბანკის სააქციო კაპიტალში შევლენ, შესაბამისად, “თიბისის” ამჟამინდელ ქართველ აქციონერებს წილები შეუმცირდებათ.
უკვე გაიყიდა “სახალხო ბანკის” აქციათა 65%, რომლის მფლობელიც ოფიციალური ინფორმაციით “ევრო-ოილი” გახდა. “ევრო-ოილმა” აქციები ირინა ჯინჭარაძისგან (24,88%), ელენე კოვალენკოსა (20,18%) და შპს “სტარქოდ რესურსიზგან” (20,18%) შეიძინა. საქართელოს ერთ-ერთი უმხვილესი საბანკო ინსტიტუტი 12 მილიონად გაიყიდა და ბანკის ერთი აქციის ფასმა 1,2 თეთრი შეადგინა.
ასეთია მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისის ექო და მომავალში განვითარების შესაძლო პერსპექტივები, იმედები და მოლოდინები აშშ-ში, ევროპასა თუ საქართველოში. უკვე ყველასათვის ცხადია, რომ მსოფლიო ახალ ლიდერებს, ახალ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სისხლს, თეორიებს და იდეებს საჭიროებს. მსოფლიოში ახალი წესრიგი ინერგება, სადაც ძალთა გადანაწილება, სავარაუდოდ, შეიცვლება. ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ამერიკის ჰეგემონობა დასასრულს უახლოვდება და მალე ჩინეთისა და ინდოეთის დრო დადგება.