საახალწლოდ მსოფლიო დაბნეულია

ემზარ ჯგერენაია

მსოფლიო საახალწლო მზადებაშია და ძალიან სურს, მიმდინარე წელი დაასრულოს განცხადებით – საფინანსო კრიზისის ფსკერი ვიპოვნეთო! ამის თქმის უფლებას მსოფლიოში აღიარებული ვერც ერთი ექსპერტი ვერ აძლევს საკუთარ თავს, მიუხედავად საერთო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დადებითი დინამიკისა. ასე, მაგალითად, აშშ-ში, 2009 წლის I კვარტალთან შედარებით, ეკონომიკის ვარდნა სამჯერ შემცირდა; საფინანსო ბაზრის ძირითადი ინდექსები კარგა ხანია, ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და სვოპების ბაზარზე საკმაო გამოცოცხლება იგრძნობა; დერევატივებიც ისევ ფორმაში არიან!

ნოემბრის მთავარი მოვლენა, ჩვენი აზრით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრ ტიმოტი გაიტნერის განცხადება გახდა, რომელიც თვის ბოლოს სააგენტო ღეუტერ-მა გაავრცელა და რომელშიც საფინანსო ბაზრის მომავალი მოწყობის პლატფორმის შინაარსი გაჟღერდა. “აშშ საფინანსო ზედამხედველობისა და რეგულატორის რეფორმას საჭიროებს, საფინანსო ინსტიტუტებს ერთი მძლავრი სახელმწიფო ორგანო უნდა აკონტროლებდეს,”” – განაცხადა მინისტრმა კონგრესში ეკონომიკურ კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას და დაამატა, რომ ფსონები საკმაოდ მაღალია იმისთვის, რათა ამ საკითხში უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაქუცმაცდეს. მინისტრმა კრიზისის მთავარ მიზეზად სწორედ საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებზე არასათანადო რეგულირება დაასახელა. მისი აზრით, ძველი სისტემა კიდევ მუშაობს და ამიტომ არის აუცილებელი ფინანსური რეფორმა, რომლის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს სისტემის სიმტკიცე, დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, გაანელოს კრიზისული ტალღა და გააქროს მითი იმის შესახებ, თითქოს ზოგიერთი საფინანსო ინსტიტუტი ისეთი დიდია, რომ მისი გაკოტრება დაუშვებელია. ზუსტად იგივე განაცხადა ბენ ბერნანკემ ერთი დღით ადრე სენატში. მთავარ ინტრიგად იქცა ის, რომ მინისტრს არ დაუსახელებია, რა იქნება ეს ახალი რეგულატორი ორგანო – ფედერალური სარეზერვო სისტემა თუ… იქიდან გამომდინარე, რომ კონგრესში ამ ინსტიტუტის მიმართ კრიტიკა გაძლიერდა, სავარაუდოა, ხსენებული ახალი ორგანო ახლებურად დალაგებული სარეზერვო სისტემა იქნება. ერთი რამ ცხადია, მინისტრმა ეს საკითხი იდუმალებით მოცული დატოვა – როგორი იქნება ამერიკის საბანკო-საფინანსო რეგულირება და რა დევს ობამას ადმინისტრაციის პორტფელში?
(რეფორმირების გეგმა და ძველი არსებული სქემა შეგიძლიათ იხილოთ ვებ. გვერდზე – http://www.ft.com/cms/s/0/313aeca4-7864-11de-bb06-00144feabdc0. html).
ფინანსური რეფორმირების გეგმა კონგრესში მომავალ თვეს უნდა შევიდეს და როგორც ჟურნალისტი ტომ ბრეიტვეიტი “Fინანციალ ტიმეს”-ის 22 ნოემბრის გამოცემაში იუწყება, ხაზინის ხელმძღვანელი სერიოზული კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა იმის გამო, რომ ზოგიერთი წინააღმდეგია პრობლემატური საფინანსო ინსტიტუტის ნაციონალიზაციისა, რასაც ზოგი ლიბერალი მოითხოვს.
მეორე მხრივ, ნოემბერში ასპარეზზე ფრედერიკ მიშკინი გამოჩნდა, ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი იდეოლოგი, პროფესორი, რომელმაც ეკონომიკურ მეცნიერებაში ახალი კონცეფცია შემოიტანა, ყოველ შემთხვევაში – სცადა მაინც.
ყოფილმა იდეოლოგმა 9 ნოემბრის Financial times-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით – “ყველა ბუშტი ეკონომიკისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს””. ავტორი იცავს სარეზერვო სისტემას, რომელიც თითქმის ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით სთავაზობს ბიზნესს იაფ ფულს და ინფლაციისა და ახალი ბუშტის წარმოქმნის საშიშროებას ზრდის. ამაზე მიშკინის პასუხია – არა! იგი საპნის ბუშტს ორ ნაწილად ყოფს, რაც ეკონომიკურ თეორიაში ნამდვილი სიახლეა. პირველი – “საკრედიტო ბუმის ბუშტი””, რომელიც ეკონომიკისთვის ძალზე საშიშია, მიშკინის განმარტებით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დარღვევას იწვევს, იზრდება მოთხოვნა, ხდება აქტივების გადაფასება, რაც, თავის მხრივ, კრედიტის უზრუნველყოფის საფუძვლად იქცევა და ისევ გაბერილფასიანი აქტივი ხდება უზრუნველყოფის ინსტრუმენტი, იწყება საპნის ბუშტის გაბერვა, რაც უშუალოდ კრიზისის საფუძველია.
მეორე – “ბუშტების წმინდა ირაციონალური სიუხვე””, რაც აქტივების ფასების გაზრდას არ ახდენს და ნაკლებად საშიშია. მიშკინის აზრით, 1987 წლის საფონდო ბირჟაზე გამსკდარი ბუშტი და 2000 წელს მაღალტექნოლოგიური ბაზრის კრიზისი ასევე არ გამხდარა ქვეყნის მასშტაბით კრიზისის საფუძველი. ფულად-საკრედიტო პოლიტიკები ექიმებს ჰგვანან, – ამბობს მიშკინი და აგრძელებს – აუცილებელია, მიიღოთ ჰიპოკრატეს ფიცი, რომ “ზიანს არ მიაყენებთ””. ის ვერ ხედავს აშშ-სა და ევროპაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას – ეს ბერნანკეს მთავარი ლაიტმოტივია, რომელიც მიშკინმა გააჟღერა და 2010 წელს დოლარის კურსის მაგისტრალურ ხაზს განაპირობებს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდს ოქროს ზოლად გაუყვება წინააღმდეგობა აშშ-ს ხაზინასა და სარეზერვო სისტემას შორის, რადგან ფინანსური რეფორმის გეგმით ჩანს, რომ ფედერალური სისტემა მთავარი აღარ იქნება.
ბერნანკემ ნიუ იორკის ეკონომიკური კლუბის სხდომაზე განაცხადა, რომ დოლარის კურსის დაწევა მათი მთავარი საზრუნავია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფასების ზრდა ძირითად საბირჟო საქონელზე, ისეთებზე, როგორიც არის ნავთობი და ოქრო, გამოწვეულია არა მარტო დოლარის კურსის დაცემით, არამედ მსოფლიო ბაზრის გააქტიურებით ამ საქონელზე მოთხოვნის ზრდის გამო. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უახლოეს ხანებში სააღრიცხვო პროცენტის გადახედვა არ იგეგმება, მას ინფლაციის არ ეშინია. რეფინანსირების დაბალი პროცენტი 2010 წელსაც იქნება მხარდაჭერილი. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს ისევ გაგრძელდება უმუშევრობის ზრდა და ბანკების მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესისა და მოსახლეობის დაბალი დაკრედიტება, მომავალ წელს აშშ-ს ეკონომიკა მაინც ზრდას დაიწყებს.
კვლევითი ორგანიზაციის Conference Board-ის ცნობის თანახმად, რომელიც 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, აშშ-ს წამყვანი ინდექსები 0,3%-ით გაიზარდა, ასევე კაპიტალის სუფთა შემოდინების მაჩვენებელი ოქტომბერში 133 მილიარდ დოლარამდე ავიდა, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სერიოზულად მაღალი მაჩვენებელია.
უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ შეძენილი გრძელვადიანი ობლიგაციების თანხამ სექტემბერში 25,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ოქტომბერში – 28,5 მილიარდი. ბონდების პოპულარობა, მიუხედავად აშშ-ს ასტრონომიული საგარეო ვალისა – 10,5 ტრილიონი დოლარი, გამოწვეულია ობამას ადმინისტრაციისადმი საგარეო ნდობის ფაქტორით. აშშ-ს შრომის სამინისტროს ცნობით, სამომხმარებლო ფასები 0,3%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით ამდენითვე გაიზარდა სამრეწველო ფასები (PPI) – 0,3%-ით. წინა თვესთან მიმართებაში 0,1%-ით გაიზარდა სამრეწველო წარმოება, რომელიც 2009 წლის მთლიანი გამოთვლით 7,1%-ით შემცირდა (წყარო: ფედერალური სარეზერვო სისტემა).
ოქტომბერში საცალო ვაჭრობამ 347.48 მილიარდ დოლარს მიაღწია ანუ წინა თვესთან შედარებით 1,4%-ით მოიმატა. ახალი სახლების მშენებლობა წინა თვესთან შედარებით 10,6%-ით დაეცა და 529 ათასი ერთეული შეადგინა. ექსპერტთა აზრით, ეს მაჩვენებელი ნოემბრის ბოლოსთვის 600-მდე გაიზრდება. უმუშევრობა რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა – მან 10%-იანი ბარიერი გადალახა.
ევროზონაში ინფლაციისადმი სხვა დამოკიდებულება და პროგნოზი აქვთ – “დოიჩე ბანკის”” ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ის კიდევ გაიზრდება. ამას მეტყველებს ორი დიდი ფაქტორი: პირველი – კრიზისის დამანგრეველი ძალის შესუსტების მიზნით ეკონომიკაში სახელმწიფოს უპრეცედენტო ჩარევა და მიმოქცევაში ფულის მასის გაზრდა და მეორე – სახელმწიფო ვალების ასევე უპრეცედენტო ზრდა. OECD-ის მონაცემებით, ბევრ ქვეყანაში ვალი მშპ-ს 23%-ით გაიზარდა და ამერიკაში 100%-ს უახლოვდება, რაც ზრდის ინფლაციური ზეწოლის საშიშროებას. აქედან გამომდინარე, “დოიჩე ბანკის”” ექსპერტების აზრით, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა და ევროპის ცენტრალური ბანკი ფასების ზრდის შესაჩერებლად რეფინანსირების პროცენტის გაზრდას ნელ-ნელა დაიწყებენ – 2010 წლის ბოლოს 1-1,5%-ს და 2013 წელს 3%-ს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, დოლარის გაცვლით კურსში და განსაკუთრებით ევროსთან მიმართებაში 2010 წელს დიდ ცვლილებებს არ ელიან.
Eurostat-ის ცნობით, ევროპამ მიმდინარე წელს 37 მილიარდით ნაკლები საწვავი იყიდა (ძირითადად, რუსეთი დაზარალდა), რის ხარჯზეც თავიდან აიცილეს სავაჭრო ბალანსის უზარმაზარი დეფიციტი და 3,7 მილიარდევროიანი პროფიციტი მიიღეს, როცა ჯერ კიდევ სექტემბერში დეფიციტი მთელს ევროზონაში 11,3 მილიარდ ევროს შეადგენდა.
სამომხმარებლო ფასების ინდექსმა წლიური გათვლებით 0,3% შეადგინა და მშენებლობის მოცულობა 2008 წელთან მიმართებაში 8%-ით შემცირდა. სამაგიეროდ გაიზარდა (11%-ით) მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი და ასევე გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი (0,4%-ით). მთლიანად, 2008 წელთან შედარებით, ვარდნა 4,1%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსკერამდე ჯერ კიდევ შორია. სამრეწველო წარმოების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 0,3%-ით გაიზარდა, მაგრამ შემცირდა 2008 წელთან შედარებით (12,9%-ით).
სასაქონლო ბაზარი ფასების ვარდნით გამოირჩეოდა. ამის მიზეზია გადაჭარბებული მარაგების შექმნა და ბაზრის ქცევის გამო სპეკულანტების სიფრთხილე. ფასების კლების ლიდერი იყო ტყვია – 2%, თუთია – 1,5%, სპილენძი 0,66, ალუმინი – 0,5 და ნიკელი – 0,29%.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს სამრეწველო ლითონების ადრე შექნილი მარაგის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ 2010 წელს ამ ბაზარზე უფრო სერიოზული რყევა არ მოხდება, რადგან ვალატიურობისა და დოლარის კურსის რყევებიდან გამომდინარე, ფიუჩერსების ოპერაციებზე მოთხოვნა შემცირდა.
მსოფლიო ეკონომიკის ლიდერებს გაუძნელდათ კრიზისის ფსკერის პოვნა. ყველა გათვლებით, აშშ-ში კრიზისის ფსკერი ამ წლის ბოლომდე უნდა ენახათ, ხოლო ევროპაში – მომავალი წლის I კვარტალში. ახლა უკვე ნათელია, რომ ეს ვადები გადაიწევს – სავარაუდოდ, 2010 წლის I და II კვარტლებამდე. ის, რომ აზია მსოფლიო ეკონომიკას კრიზისიდან გამოიყვანდა, მითი აღმოჩნდა. კრიზისიდან გამოსავლის გასაღები ისევ აშშ-ში დევს.
აქედან შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში დასკვნა გავაკეთოთ: ჩვენ კრიზისის პერიპეტიები წინ გვაქვს, რომლის ფსკერსაც 2010 წლის III-IV კვარტლებში მივაღწევთ, თუ მანამდე მსოფლიოში ეკონომიკის რეალური სექტორის კრიზისი არ დაიწყო.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial