მენეჯერი შეკრებილი საზოგადოების წინაშე

ომარ შუდრა

ბრბო ჩუმად, უჩინარად მიჰქუხდა,
როგორც ღვარცოფი და მის წინაშე
უძლური იყო თვით ღმერთი!
გ. ლეონიძე, “მარიტა”

საქართველოში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, ექსპერტთა პროგნოზით, 1-2 თვეში თავის პიკს მიაღწევს. გაგრძელდება სამუშაოდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა. დიდია ალბათობა, რომ ისევ გაგრძელდეს ლარის გაუფასურება. უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების პრობლემებს ემატება დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია დაკარგული ტერიტორიებით, ომების გამო მოსახლეობის მუდმივი მიგრაციით, სოციალური კავშირების გაწყვეტით და ხელისუფლების რიგგარეშე არჩევნებზე გაუთავებელი დისკუსიით.
ასეთ პირობებში რევოლუციურად განწყობილ, უკმაყოფილო ადამიანთა სტიქიური შეკრებები (და არა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ მოედნებზე) ბუნებრივი ხდება.
დაწესებულების ხელმძღვანელი, ფირმის მაღალი რანგის მენეჯერი სრულიად მოუმზადებელია ხოლმე შეკრებილი საზოგადოების წინაშე, რომელიც, გარკვეულ პირობებში, სრულიად ახალი ნიშნების მატარებელია: ერთიანობის და სოლიდარობის შეგრძნების შედეგად ის იქცევა ერთიან არსებად და ბრბოს სულიერი ერთობის კანონს ემორჩილება (ბრბოს ერთ-ერთი განმარტებით – ესაა კონტაქტური, გარეგნულად არაორგანიზებული ერთობა, რომელიც გამოირჩევა მისი შემადგენელი ინდივიდების მაღალი კონფორმიზმით).
ამდენად, მენეჯერისთვის სასარგებლო იქნება შეკრებილი საზოგადოების, მიტინგების ფსიქოლოგიის ცოდნა და სტიქიური მასების მართვის, “განეიტრალების” პრაქტიკული რეკომენდაციები.
შეკრებილი საზოგადოების კონტროლის ჩარჩოებში მოქცევა მართვის თეორიის ყველაზე რთულ ამოცანად ითვლება. ამის მიზეზია კრებაზე, მიტინგზე პიროვნების შეგნებულობის, პასუხისმგებლობის შემცირება. ეს კი, თავის მხრივ, გამოწვეულია ანონიმურობის, უსახოობის, “უმისამართობის” (და აქედან გამომდინარე – დაუსჯელობის) შეგრძნებით.
ასაში ყოფნისას ინდივიდი ქვეცნობიერად ითვისებს სხვისი ქცევის ნიმუშებს, ექვემდებარება მას. ეს ურთიერთდამუხტვის ზომა დამოკიდებულია პიროვნებათა საერთო განვითარებაზე (უფრო ზუსტად – თვითშეგნების განვითარებაზე). საბოლოოდ, ბრბო ინტელექტუალურად მის შემადგენელ ინდივიდებზე გაცილებით სუსტია.
ურთიერთშთაგონების შედეგად ადამიანთა გრძნობები და აზრები ერთ მიმართულებას იღებს. ბრბოსთვის დამახასიათებელია მოუთმენლობა, მიამიტობა, ამორფულობა, ავტორიტარიზმი, ყურადღების ცვალებადობა, ფანტასტიკური მოარული ხმები, მოწოდებებისა და ლოზუნგებისადმი იოლი დამორჩილება.
ყოველივე ეს ხელს უწყობს მიტინგის მონაწილეებს, განახორციელონ ირაციონალური, რისკიანი, ძალადობის, სისატიკის, ვანდალიზმის ნებისმიერი აქტი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში მათ ვერც კი წარმოუდგენიათ.
ერთი სტიმულით გამოწვეულ, იდენტური ემოციებისგან წარმოქმნილ ბრბოს არ გააჩნია რაიმე მორალური ნორმების კომპლექსი. ბრბოში აღმოცენდება პრიმიტიული (მაგრამ ძლიერი) იმპულსები, რომელთაც ვერ აკავებს ვერავითარი ეთიკური ან ორგანიზაციული ნორმები. ემოციური დაძაბულობა კი ამაღლებს საკუთარი ძალის შეგრძნებას და ამცირებს პასუხისმგებლობის გრძნობას.
განსაკუთრებულ ძალას ბრბოს აძლევს კონკრეტული ოპონენტების არსებობა (ალბათ, ამიტომ ერიდებიან ხოლმე ქვეყნის ლიდერები ასეთ მიტინგებზე გამოჩენას).
შეკრებილ საზოგადოებაში, მიტინგზე ადამიანთა ქცევა გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება. პირველ რიგში, მათზე მოქმედებს ჩახუთული ჰაერი (უჟანგბადობა). სტიქიურ გამოსვლებს ხშირად თან სდევს დამატებითი ეფექტები, გამოწვეული ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ზემოქმედებით. საინტერესოა, რომ ადამიანთა ერთობლიობის ბრბოდ გადაქცევის (ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი) მექანიზმია ე.წ. ცირკულარული რეაქცია, ურთიერთდამუხტვა. ამის მიზეზებია: წინასწარი, მდგრადი განწყობა, ახალგაზრდა ასაკი, არასაკმარისი სოციალური გამოცდილება და ნებისყოფა, დაბალი პოლიტიკური კულტურა. ურთიერთდამუხტვა თან ახლავს ნებისმიერ მასობრივ ღონისძიებას და, გარკვეულ ოპტიმალურ დონემდე, სასარგებლოც კია (როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი), მაგრამ კონტროლიდან გამოსვლის შემდეგ ის უკვე დეგრადაციის მიზეზი ხდება.
ადამიანს, რომელიც ამ პროცესებშია ჩართული, ეზრდება ბრბოს შიგნიდან მომავალი იმპულსებისადმი მგრძნობიარობა, კარგავს ინდივიდუალურ განსხვავებულობას, ქცევაზე ცხოვრებისეული გამოცდილების ზეგავლენას, საღ აზრს. ინდივიდი იქცევა “როგორც ყველა”, იწყება ფსიქიკის ყველაზე მდაბიო, პრიმიტიული ფენების გააქტიურება.
ამ ფონზე წარმოიშვება ბარიერები რაციონალური არგუმენტების წინააღმდეგ, ამიტომ რაციონალური მეთოდებით ზემოქმედება არა მარტო უდროოა, არამედ საშიშიც.
საინტერესია ბრბოთა კლასიფიკაცია:
1. შემთხვევითი ბრბო (მაგ. ცნობისმოყვარეები საგზაო შემთხვევისას, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის);
2. ექსპრესიული ბრბო (მაგ. პროტესტი საელჩოსთან, დაკრძალვით დამწუხრებუყლი პროცესია), რომლის ექსტრემალური ფორმაა ექსტაზური ბრბო (მაგ. Gგულისწასვლამდე ცეკვა ლათინოამერიკული ქვეყნების კარნავალზე, ზოგიერთი დისკოთეკა);
3. კონვენციური ბრბო (მაგ. ფეხბურთის მატჩზე, წინასწარ გამოცხადებული პოლიტიკური მიტინგი), რომელსაც აქვს “კონვენციის” გარეგანი ნიშნები: ფიქსირებული ადგილები, შემოღობილი და აკრძალული ზონები. Kკონვენციური (მხოლოდ გარკვეულ მომენტამდე) ბრბო შეიძლება გადავიდეს მოქმედში;
4. მოქმედი ბრბო მენეჯერისათვის ყველაზე აქტუალური და საშიშია, მაგრამ ის, ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალურ-პოლიტიკური გაგებით და ამიტომ ყველაზე უკეთაა შესწავლილი. ასეთ ბრბოში დომინირებს გაღიზიანება, ღვარძლი, სოციალურად სამართლიანი ხასიათის აღშფოთება. თავის მხრივ, მოქმედ ბრბოს შეიძლება ჰქონდეს აგრესიული, პანიკური, მომხვეჭელი ან მეამბოხე თვისებები. ამბოხებული ბრბო ყველა რევოლუციური რყევის აუცილებელი ატრიბუტია, კლასობრივი ერთგვაროვნებითა და თავისი კლასის ფასეულობების გაზიარებით. წარმატების შემთხვევაში ის იქნება “რევოლუციურიც”1, ხოლო დამარცხებისას – “პუტჩისტური”.
მოყვანილი კლასიფიკაცია საკმაოდ პირობითია, რადგან გარდაქმნის უნარი, პრაქტიკულად, ბრბოს ძირითადი თვისებაა: ერთი სახიდან მეორეში ის იოლად (სპონტანურად ან პროვოცირებულად) გადადის.
მიტინგის კონტროლის, მანიპულაციის მეთოდები სწორედ ამ გარდაქმნის თვისებების გამოყენებას ეყრდნობა. საქმე ისაა, რომ პრობლემა ბრბოზე ზემოქმედება კი არაა, არამედ მისი სწრაფი ტრანსფორმირება (ერთი სახიდან მეორეში).
თუ ბრბოს გამოუჩნდა ლიდერი, მისი ძალაუფლება შუუზღუდავია, რადგან მისი მიმდევრები კი არ აზროვნებენ, არამედ ბრმად მიჰყვებიან მის მითითებებს. ასეთ პირობებში აგრესიული ბრბო შეიძლება გადაიქცეს ამბოხებულად (რისი მაგალითიც ბევრია ჩვენს რეალობაში).
ბრბოზე ზემოქმედებისას საჭიროა აგრეთვე სპეციფიკური ფენომენის (ე.წ. ბრბოს გეოგრაფიის) გათვალისწინება:
საერთო მასის წინ წარმოიშვება მკვრივი ბირთვი, სადაც, როგორც წესი, ლიდერები არიან. მასის საერთო “დამუხტვა” სწორედ აქედან იწყება.
მომდევნო რიგებში არიან ის პირები, რომლებიც ლიდერების მიზნებს ემსახურებიან, ხოლო უფრო შორს – ბრბოს “მომხვეჭელი” ნაწილია, რომელიც მხოლოდ აგრესიული გზით გამდიდრებაზე ფიქრობს. სულ ბოლოში გაფანტულები არიან ცნობისმოყვარეები (ეს კარგად ჩანს ზემოდან გადაღებისას) – მათ მოვლენის მიზანი და არსი ცუდად ესმით.
ბრბოზე ზემოქმედება შეიძლება როგორც შიგნიდან, ისე გარედან. შიგნიდან ზემოქმედებისათვის საჭიროა ბირთვში შეღწევა (მაგ. დაწესებულების ადმინისტრაციის გამოყენებით), გარე ზემოქმედებისას კი, პირველ რიგში, ცნობისმოყვარეთა ჩამოცილებით იწყებენ.
შეკრებილ საზოგადოებას, მიტინგს თან სდევს ხოლმე მოარული ხმების, ჭორების გავრცელება. ამის მიზეზია, ძირითადად, საჭირო ოფიციალური ინფორმაციის დეფიციტი და საზოგადოებაში ემოციური ბალანსის დარღვევა (ზედმეტი დაძაბულობა, ან პირიქით პროვინციალიზმი – საინტერესო მოვლენების ნაკლებობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში).
დიდ, ფართო საზოგადოებაში მოარული ხმები არასდროს არის ბოლომდე ჭეშმარიტი, ცირკულაციის პროცესში სიუჟეტი განიცდის რიგ კანონზომიერ ცვლილებებს, რომლებიც საწყის ვერსიას მეტ-ნაკლებად ამახინჯებს (ქრება საწყისი დეტალები, დარჩენილს კი ამახინჯებს საზოგადოების სტერეოტიპები).
ცნობილია აგრეთვე, რომ თავიდანვე ნაკლებ სანდო მოარული ხმა, (მაგ. “მინისტრს ხსნიან”) მოქმედებს რა ადამიანთა განწყობაზე და მოქმედებებზე, იწვევს სიუჟეტში აღწერილ ეკონომიკურ-პოლიტიკურ სიტუაციებს: როგორც სოციალური ცხოვრების აქტიური ფაქტორი, თითქოსდა ობიექტურ რეალობას თავის სიუჟეტში ათავსებს.
დემოკრატიულ სისტემაში (ტოტალიტარული რეჟიმისგან განსხვავებით) მოარულ ხმებთან ბრძოლას შეზღუდული მნიშვნელობა აქვს. სისტემას, დაწესებულებას გარკვეულობისა და გაურკვევლობის ოპტიმალური შეხამება შინაგანად მეტ მრავალფეროვნებას აძლევს, ამიტომ ის უფრო ადაპტური და სიცოცხლისუნარიანია.
დემოკრატიულ საზოგადოებაში არ დგას მოარულ ხმებთან ბრძოლის ამოცანა, რომელიც, პრაქტიკულად, დაიყვანება მხოლოდ ცალკეული შეზღუდული ჯგუფების (საბრძოლო ნაწილი, ექსპედიცია, პოლიტიკური პარტია და სხვ.) მოარული ხმებისგან დაცვამდე.
მიუხედავად ამისა, ის შეიძლება საშიშ იარაღად იქცეს შეგნებული პროვოკატორის ხელში და ბრძოლის იგნორირებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, საინტერესოა, რომ მოარული ხმების პირდაპირი გამოყოფა და უარყოფა ხშირად საწინააღმდეგო ეფექტს იწვევს – მისი ინტენსივობა იზრდება. ჩვეულებრივ არაეფექტურია სტანდარტული ფრაზაც: “არ დაუჯეროთ მტრის ჭორებს!”.

ცხოვრების ყველა შემთხვევისათვის მარტივი და ცალსახა ინსტრუქციები არ არსებობს. ეფექტური ღონისძიებების მისაღებად კი საჭიროა წყაროს სანდოობის შემოწმება. თუ ინფორმაციის წყარო (ტელეარხი, ჟურნალისტი, პოლიტიკური მოღვაწე) საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს, შედეგიანი იქნება “პირდაპირი” შეტევა, მოარული ხმის შინაარსის, მიზეზის მითითებით და ალტერნატიული ვერსიის ჩამოყალიბებით.
რაც შეეხება ცირკულარული რეაქციის (ურთიერთდამუხტვის) ფენომენის ბუნებას, ის ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული. საქმე ისაა, რომ ბრბოს ფსიქოლოგიის კლასიკური შრომების ავტორი, მე-19 საუკუნის ფრანგი მეცნიერი ლებონი განათლებით ექიმი იყო. აქედან გამომდინარეობდა მისი “ურთიერთდასნებოვნების” კონცეფციაც. ამ ფენომენის ბუნების გარკვევაში, როგორც ჩანს, მხოლოდ მედიცინისა და ფსიქოლოგიის ძალისხმევა არაა საკმარისი.
უკანასკნელ წლებში ამ მხრივ ბევრი რამ დაზუსტდა თანამედროვე თეორიული აღმოჩენებით ფუნდამენტური ფიზიკის დარგში (კერძოდ, მაღალი ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში). არაა გამორიცხული, რომ ურთიერთდამუხტვის პროცესში გარკვეულ როლს თამაშობდეს სხეულის მიერ წარმოქმნილი არა მხოლოდ რამდენიმე ელექტრომაგნიტური ველი, არამედ ელემენტარული ნაწილაკებიც (მიკროლეპტონები), რომელთა მეშვეობითაც ხდება ადამიანებს შორის (და საერთოდ, სამყაროსთან) ურთიერთობა. ბრბოში ინტელექტუალური თვითკონტროლის შემცირების გამო, მგძნობიარობა ამ ფიზიკური ველების მიმართ, უბრალოდ, იზრდება.
და ბოლოს, სამწუხაროდ, ცივილიზაციებში, საზოგადოებაში, რომელშიც ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში მიტინგებს (და ბრბოს) წამყვანი როლი უკავია, ადამიანი არსებობის აზრს, თავის “მე”-ს კარგავს. ერთდროულად მასში იწყებს დომინირებას განგაშის გრძნობა, ვინაიდან თავს მტრული და გაურკვეველი ძალების სათამაშოდ გრძნობს.
საერთოდ, ქვეყნის ხელისუფლების რეგულარული შეცვლა პუტჩებითა და რევოლუციებით მხოლოდ სუსტი პოლიტიკური კულტურის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.