ჭორი ამერიკა-რუსეთის სასიყვერულო ურთიერთობის შესახებ

მოამზადა მარი წიკლაურმა

პასუხი კითხვაზე, თუ რა აინტერესებს ამერიკას ასეთ პატარა და შორეულ საქართვე- ლოში, დღესავით ნათელია, – ნავთობი, გეოპოლიტიკა და 11 სექტემბრის შემდეგ შეცვლილი მსოფლიო. შეერთებულმა შტატებმა კოლოსალური ინვესტიციები (როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური) ჩადეს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მასშტაბურ პროექტში, რომლის რეალიზაციაც საშუალებას მისცემს მას ნავთობის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე განახორციელოს.

ამგვარად, ახლო აღმოსავლეთში არასტაბილური სიტუაციის შემთხვევაში, შეერთებული შტატები ენერგიის უმნიშვნელოვანეს ალტერნატიულ წყაროს მიიღებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკას თავისი ინვესტიციების დაცვა სურს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილურობისა და დემოკრატიის მხარდაჭერა ზეპირი მხარდაჭერის ფარგლებს სცილდება. ვაშინგტონმა საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლადაც უკვე მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. ამგვარად, საქართველო მსოფლიოში ისრაელის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა ამერიკელების მიერ ერთ სულ მოსახლეზე გაღებული დახმარების მიხედვით.

სამაგიეროდ, ამერიკელებმა ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე ზეგავლენის მძლავრი ბერკეტები ჩაიგდეს ხელში. ამერიკის ელჩს საქართველოში ბევრი შევარდნაძის მთავრობის შტატგარეშე მინისტრს უწოდებს. მოსკოვი კი, შეშფოთებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე მოვლენებს ქვეყანაში, რომელიც ახლო წარსულში თავის საკუთრებად მიაჩნდა.

გაზის გიგანტი “გაზპრომი” დე-ფაქტო ქართული გაზის მიწოდება-განაწილების საქმეში მონოპოლისტი გახდა, რაო “ეეს-რუსეთი” კი, ამ ცოტა ხნის წინ ქართული ენერგოსისტემის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. მოახლოვებული არჩევნების წინ ეს ფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება.

იმ ეკონომიკური პროექტებიდან, რომლებიც ოფიციალურმა თბილისმა ბოლო დროს განახორციელა, ყველაზე დიდი რეზონანსი სწორედ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე რუსული სახელმწიფო ენერგოგიგანტების, “რაო-ეესისა” და “გაზპრომის” ინტერესების მოზიდვამ გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლებამ ერთდროულად რამდენიმე სექტორში (ნავთობპროდუქტები, ელექტროენერგია, ტელეკომუნიკაციები) დაიწყო რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების წარმოება. რასაკვირველია, ამ მოლაპარაკებებმა დასავლეთის მწვავე რეაქცია გამოიწვია. როგორც კი რუსეთ-საქართველოს გასაიდუმლოებული მოლაპარაკებები გახმაურდა (რამაც თბილისში “გაზპრომის” ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის ჩამოსვლა გამოიწვია), დასავლეთის რეაქციამ არ დააყოვნა – მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა ხანგრძლივი ეკონომიკური პროექტების განხილვისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინა. “საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაზის მოწოდების, სულ მცირე, სამი წყაროს არსებობაა საჭირო”, – აცხადებენ საერთაშორისო ექსპერტები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს ენერგომატარებლების დივერსიფიცირებას ურჩევდნენ, ქვეყნის მთავრობამ გადადგა ნაბიჯი, რომლის შედეგადაც გაზის ბაზარზე ერთი მომწოდებელი, “იტერა” შედარებით უფრო ოდიოზური – “გაზპრომით” შეცვალა. თავიდან ექსპერტები “გაზპრომის” შესახებ საუბარს არარეალურად მიიჩნევდნენ. მათი შეფასებებით, “გაზპრომის” მასშტაბებისა და ამბიციებისთვის ქართული ენერგობაზარი კომერციული თვალსაზრისით, ნაკლებად მიმზიდველი იყო და აქედან გამომდინარე, რუსული გაზის გიგანტის ინტერესების სფეროში ვერ მოხვდებოდა. ეს მოსაზრებები არც ისე უსაფუძვლო იყო, ვინაიდან წლების მანძილზე “გაზპრომი” საქართველოში ერთობლივი საწარმოების შექმნისგან თავს იკავებდა და თურქული ბაზრისაკენ გზას “ცისფერი ნაკადის” (“ბლუსტრიმი”) მეშვეობით იკვლევდა. იმის იმედი, რომ “გაზპრომი” ქართული გაზის ბაზრით დაინტერესდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც რუსულმა კომპანიამ, რომლის უკანაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დგას, გავლენისა და ინტერესების სფეროების გაფართოება დსთ-ის მთელ სივრცეზე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ “გაზპრომთან” ურთიერთობების გაუმჯობესება და ქართული ენერგოსექტორის კურატორების რუსეთში ვიზიტების გახშირება პუტინისა და შევარდნაძის სოჭში გამართულ შეხვედრას მოჰყვა. პარლამენტის კულუარებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს საიდუმლო მოლაპარაკება რუსეთთან იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს აფხაზეთში არსებულ მთელ ენერგოსექტორს დაუთმობს, გალის რაიონში ლტოლვილების დაბრუნების სანაცვლოდ. და ეს იმ დროს ხდება, როდესაც “გაზპრომის” გავლენის ზრდა ევროკავშირის ეკონომიურად ძლიერი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს და ისინი ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდებას მის გარეშე ცდილობენ.

“გაზპრომთან” მოლაპარაკებების დროს, თავდაპირველად ორი ვარიანტი განიხილებოდა: “გაზპრომს” ან ქართული გაზის კორპორაციის მიერ ერთობლივი კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების 50% უნდა ეყიდა (ისევე, როგორც სომხეთის შემთხვევაში) და მისთვის 80 მლნ დოლარი გადაეხადა (სომხეთში “გაზპრომს” აქციათა 45% ეკუთვნის, 45% – “არმროსგაზს”, “იტერა” კი, გაზის ძირითად მიმწოდებლად 10%-იანი წილობრივი მონაწილეობით დარჩა), ან ერთობლივ საწარმოში დამფუძნებლის სახით 49%-იანი პაით, ანუ 150 მლნ დოლარით უნდა შესულიყო. მეორე შემთხვევაში, “გაზპრომს” არჩევანის საშუალება ჰქონდა: მას შეეძლო საქართველოსთვის იმავე საფასურის გაზი მოეწოდებინა, რომლის რეალიზაციის შემდეგ მიღებული თანხა არსებული გაზსადენის რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა.

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური განცხადებისა იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ გაზის მოწოდების შესახებ გაიმართა, შევარდნაძის კაბინეტიდან გამოსვლისთანავე მილერი აცხადებდა “გაზპრომისა” და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის მონაწილეობით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ. მისი თქმით, ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებები საკითხთა მთელ კომპლექსს – გაზის გაყიდვას, მის ტრანსპორტირებას და მოსახლეობისათვის მიწოდებას მოიცავდა.

როგორც ჩანს, მილერს საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ ხანგრძლივი გეგმები აქვს. მისი ოფიციალური განცხადებით, “გაზპრომის” მთელი კომერციული ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველომ საკუთარი ენერგობაზარი აითვისოს. “მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოში გაზის ტრანსპორტირების საშუალებებში დიდი ინვესტიციები ჩაიდება (“გაზპრომისა” და საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის წინასწარი გათვლებით, ამისთვის დახლოებით 250 მლნ დოლარი იქნება საჭირო), მათი დაბრუნებისათვის კი, საშუალოვადიანი ინვესტიციების შემთხვევაშიც კი, საკმაოდ დიდი დრო იქნება საჭირო. ამიტომ, გაზის საკითხებში თანამშრომლობა ასევე გრძელვადიანი უნდა იყოს”, – განაცხადა მილერმა.

ამ შეთანხმების პარალელურად “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დროს, თურქეთის მიმართულებით ახალი გაზსადენის გაყვანის საკითხიც განიხილებოდა, რომლის გამტარუნარიანობაც წელიწადში დაახლოებით 9 მლრდ კუბმეტრი იქნება.

ექსპერტთა აზრით, მას შემდეგ, რაც რუსული გიგანტი საქართველოს სამაგისტრო გაზსადენების თანამფლობელი გახდება, გზა როგორც საქართველოს, ისე აღმოსავლეთ თურქეთის ენერგობაზრისკენ მისთვის ხსნილი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ “გაზპრომი” წარმატებულად განახორციელებს თავის გეგმებს, ზემოთ ხსენებულ ბაზრებს 20-30 მლრდ კუბმეტრ გაზს მიაწვდის. ასე რომ, მისი დაინტერესება საქართველოთი – “გაზპრომის” ბოლოდროინდელი საერთო სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სწორედ ეს გეგმა გახდა დასავლეთის შეშფოთების მიზეზი, რაც სავსებით ბუნებრივია: ექსპერტების გაანგარიშებით, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების გამოყენებით, თურქეთის აღმოსავლურ ბაზარზე “გაზპრომის” მოსალოდნელი ექსპანსიის შედეგად, თურქული ბაზარი შესაძლებელია გაზით გადაიტვირთოს, შესაბამისად, შაჰდენიზის “საუკუნის პროექტს” სერიოზული საფრთხე შეექმნას. შეგახსენებთ, რომ შაჰდენიზის გაზსადენი თურქეთს წელიწადში სულ 7,3 მლრდ კუბმეტრი გაზით ამარაგებს. თურქეთში რუსეთ-თურქეთის სამთავრობო ხელშეკრულებით (“ბლუსტრიმის” პროექტით), რომლის შედეგადაც “გაზპრომს” ახლო მომავალში შეუძლია ამ ბაზარზე სრული მონოპოლისტი გახდეს, ისედაც უკმაყოფილოები არიან. თურქეთის ახალმა ხელისუფლებამ თავის წარმომადგენელს ამ საკითხში გარკვევა დაავალა და, შესაძლებელია, ახლო მომავალში ამ ხელშეკრულების თავიდან განხილვაც მოითხოვოს.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ “გაზპრომი” გაზის თურქეთში ტრანსპორტირებას საქართველოს ტერიტორიის გავლით დააპირებს, მას შეეძლება საქართველოს კორპორაციის გაზსადენებით ისარგებლოს და საქართველოს ბიუჯეტში ტრანზიტის გადასახადი შეიტანოს. ამ დროს საქართველომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ “გაზპრომმა” შაჰდენიზის პროექტი ნაკლებად მიმზიდველი არ გახადოს. იმ შემთხვევაში, თუ “გაზპრომი” მაგისტრალურ გაზსადენებს დაეუფლება, საქართველო საბოლოოდ დაკარგავს ამ პროცესის მართვის ბერკეტებს.

ჩვენი ქვეყნის სამთავრობო წრეებში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ბაზარზე “იტერას” და “გაზპრომის” ერთდროული მონაწილეობა კონკურენციას შექმნის და გაზზე ფასების დაწევას გამოიწვევს, თუმცა ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი. საქმე იმაში გახლავთ, რომ “იტერა” საქართველოს გაზს “გაზპრომის” გაზსადენებით აწვდის. ამ უკანასკნელმა კი, უკვე გააფორმა ხანგრძლივი ხელშეკრულება თურქმენეთთან, რომლის თანახმადაც, მთელი თურქმენული გაზის მარაგი წინასწარ შეისყიდა. ამგვარად, “იტერას” დარჩენა საქართველოს ბაზარზე Dდღეისათვის “გაზპრომზე” უფროა დამოკიდებული, ვიდრე საქართველოს მთვრობის სურვილსა თუ ნებაზე. გაზსადენები, რომლებითაც “იტერა” საქართველოს აწვდის გაზს, “გაზპრომს” შეუძლია თურქმენული გაზით შეავსოს და იგი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გაუშვას. ასე რომ, თუ “გაზპრომი” მოისურვებს “იტერას” წინააღმდეგობა გაუწიოს, თურქმენეთთან დადებული ხელშეკრულება უბრალო ქაღალდად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ თურქმენეთი “გაზპრომს” გაზს უფრო ძვირად ჰყიდის (44 დოლარად 1 ათას კუბომეტრში), ვიდრე “იტერას” (36 დოლარ 1 ათას კუბომეტრში), ყველასთვის ნათელია, რომ ამ პირობებში საუბარი რაიმე კონკურენციაზე “იტერასა” და “გაზპრომს” შორის ალოგიკურია.

რაც შეეხება “გაზპრომის” მიერ შემოთავაზებულ გაზის ფასებს, სიტუაცია საიმედო აქაც არ არის. საქმე იმაში გახლავთ, რომ “გაზპრომის” მიერ დსთ-ის ქვეყნებში მიწოდებული გაზის ფასები კომერციულ ლოგიკას ყოველთვის არ ექვემდებარება. ამავე დროს, “გაზპრომი” გავლენას სხვა მიმწოდებლებზეც ახდენს, რომლებიც მისი გაზსადენებით სარგებლობენ, ანუ, პრაქტიკულად, დსთ-ის მთელ სივრცეზე გაზის ფასებს სწორედ ეს კომპანია კარნახობს. მაგალითისათვის: ბელორუსია თურქმენეთისაგან უკრაინაზე გაცილებით უფრო შორს არის, მაგრამ გაზში იგი ორჯერ უფრო ნაკლებს იხდის, საქართველო კი, რომელიც თურქმენეთთან უფრო ახლოს მდებარეობს – ორივეზე ძვირს. ამიტომ “გაზპრომის” მიერ შემოთავაზებული ფასი “იტერას” ტარიფზე ნაკლები ვერ იქნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ძალიან დაბალია, მას შემდეგ, რაც ჩვენ “გაზპრომს” მის კუთვნილ თანხას გადავუხდით, ქვეყნის შიდა ქსელების რეაბილიტაციისათვის სახსრები აღარ დაგვრჩება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ “გაზპრომი” ქართულ მხარესთან ერთობლივ კომპანიას შექმნის, მაშინ იგი თვითონ განახორციელებს საქართველოს მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაციას. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სწორედ ქსელების რეაბილიტაცია გახდება ის საბაბი, რომელსაც ხელისუფლება გაზის ფასის გაზრდის გასამართლებლად გამოიყენებს. ასე რომ, “იაფი გაზი”, რომელსაც “გაზპრომი” საქართველოს ხელისუფლებას დაჰპირდა, მხოლოდ სიმბოლური წინადადებაა, რომელიც რუსულმა კომპანიამ დემპინგური პოლიტიკის მეშვეობით საქართველოს ბაზარზე დასამკვიდრებლად გაგვიკეთა.

ცნობილია, რომ “რაო ეესმა” თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია “თელასის” აქციათა 75%, თბილისის ჰესის ორი ენერგობლოკის შეძენა და ს/ს “ხრამის” მართვის უფლება მოიპოვა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსული კომპანიის მიერ განხორციელებული ზემოთ ჩამოთვლილი სვლები არა კომერციული, არამედ პოლიტიკური ნაბიჯია. აშკარაა, რომ საქართველომ მკვეთრად შეიცვალა ენერგეტიკული პოლიტიკის დასავლური მიმართულება და რუსეთთან საერთო ენის გამონახვა დაიწყო.

ამგვარად, “რაო” საქართველოს ახალ პროექტებს, უფრო სწორად, ძველი გეგმების განხორციელებას სთავაზობს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის გამო იყო გადადებული. “რაოს” სპეციალისტებმა უკვე შეიმუშავეს მდინარე ენგურზე განლაგებული ვარდნილჰესების კასკადის სარეაბილიტაციო პროექტი. ამ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი ელექტროხაზების მშენებლობისა (რომლებიც საქართველოს რუსეთთან დააკავშირებს) და “ჰუდონჰესის” შეჩერებული მშენებლობის განახლების შესახებ.

საუბარს ვარდნილჰესების კასკადის აღდგენის შესახებ ნაადრევად მიიჩნევდნენ: აფხაზური კონფლიქტის გამო მდინარე ენგურზე განლაგებულ ელექტროსადგურებში სარემონტო სამუშაოების ჩატარება სახელისუფლებო წრეებში უტოპიად ითვლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც “რაო ეესმა” განაცხადა საქართველოს ენერგობაზარზე ადგილის დაკავების სურვილის შესახებ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მოიწვია ექსპერტთა ჯგუფი, რათა ვარდნილჰესიების კასკადზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაედგინა. ამავე ჯგუფმა “ჩერნომორენერგოსთან” (აფხაზეთის ენერგოსისტემა) ერთად სოხუმჰესის რეაბილიტაციის ღირებულებაც შეაფასა და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტიც შეიმუშავა, რომელიც წინასწარი შეფასებით, დაახლოებით, 32 მლნ დოლარი დაჯდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დააფინანსებს ამ პროექტს, მაგრამ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მხარე ინვესტორის სტატუსით მესამე მხარესაც მოიწვევს.

ქართული მხარე “რაო ეესის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მაღალი ძაბვის ელექტროსადგურის აღდგენის შესახებაც აწარმოებს. დღის წესრიგშია ადლერ-ენგურჰესის 500-ვოლტიანი ხაზისა და 220-ვოლტიანი ერგანაი-გურჯაანის ხაზის მშენებლობა და აღდგენა, რომელიც დაღესტანსა და კახეთს დააკავშირებს. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ეს ორი ხაზი საქართველოს საშუალებას მისცემს რუსეთთან პარალელურ სტაბილურ რეჟიმში იმუშავოს. რუსეთისთვის საქართველოს ენერგეტიკა ორი მიზეზის გამოა მიმზიდველი: ჯერ ერთი, საქართველოს ენერგობაზარი ბოლო დროს გადახდისუნარიანი გახდა. დამატებითი გადამცემი ელექტროხაზების მეშვეობით რუსეთი საქართველოში ორჯერ უფრო მეტი ელექტროენერგიის მიწოდებას შეძლებს, ვიდრე დღეს მოქმედი ხაზის, “კავკასიონის” მეშვეობით ახორციელებს. მეორეც, ქართული ელექტროხაზების მეშვეობით რუსეთი სომხურსა და აზერბაიჯანულ და, რაც ყველაზე მთავარია, მისთვის ასეთ მიმზიდველ თურქულ ბაზარზე გასვლას შეძლებს.

სწორედ ასეთი მიზნები მიაჩნიათ საქართველოში “რაო ეესის” ქართული ელექტროსადგურების მიმართ ინტერესის მიზეზად. ვინაიდან საქართველოს ენერგოსისტემა არასტაბილურია, ავარიებს, რომლებიც რუსეთთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის ხაზებზე ან ჩვენ შიდა ხაზებზე ხდება, მთელი ქვეყნის ენერგოსისტემა გამოჰყავს მწყობრიდან. ნათელია, რომ ეს “რაო ეესი” ელექტროენერგიის ტრანზიტსაც შეუშლის ხელს. შესაბამისად, რუსეთის ინტერესების სფეროში ქართული ელექტროსადგურებიც ხვდება, რომელთა მეშვეობითაც, ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ენერგოსისტემის ფუნქციონირების რეგულირება და ტრანზიტის დროს შეფერხებების თავიდან აცილება.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ენერგოსექტორში შეიქმნა დასავლური ექსპერტებისათვის სავსებით მიუღებელი სიტუაცია. დღეს ქვეყანა რეალურად დგას რუსული ექსპანსიის საფრთხის წინაშე. ამას ექსპერტები აფასებენ, როგორც რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირის დროინდელი ეკონომიკური კავშირების აღდგენის მცდელობას. იმ შემთხვევაში, თუ “რაო” და “გაზპრომი” საქართველოს ენერგობაზარზე საფუძვლიანად მოიკიდებენ ფეხს, ისინი საკუთარი პირობების კარნახს დაიწყებენ, რაც გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფებზე აისახება. და არა მარტო ამ ტარიფებზე. ის, ვინც მაგისტრალურ მილსადენებს და ელექტროხაზებს აკონტროლებს, საბოლოო ჯამში, მთელ ეკონომიკასაც აკონტროლებს.