რაში დავაბანდოთ ფული?

მაკა ღანიაშვილი

ცნობილი თანამედროვე ამერიკელი ნოველისტის ჯონ აპდაიკის ერთ-ერთი პერსონაჟი 1979 წელს მეუღლეს უხსნის, როგორ გადაიხადა 11 000 აშშ დოლარი 30 ოქროში. პასუხი ასეთია – “ოქროს მთელი სიდიადე იმაშია, რომ მას უყვარს ცუდი ამბები. მას შემდეგ სამი ათეული წელი გავიდა, მსოფლიო ეკონომიკა კვლავ “ცუდი ამბებით” არის სავსე და გლობალური ეკონომიკური კრიზისითა და რეცესიით გამოწვეული სასოწარკვეთილების ჟამს ოქრო კვლავ ასპარეზზეა.

მიმდინარე გლობალური კრიზისის ფონზე ყველა თავის გადარჩენასა და საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოებაზე ფიქრობს. სად დავაბანდოთ ფული? სად ჩავდოთ ჩვენი კაპიტალი? დოლარში თუ უძრავ ქონებაში? იქნებ ოქროში? აი კითხვები, რომელიც ახლა არავის ასვენებს. საქართველოში ლარი ქვევითკენ მიცოცავს და მისი გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ ეცემა, საბინაო ფონდი კარგა ხანია უფასურდება და ვარდნას განაგძობს, აქციებისა და ობლიგაციების მიმოქცევა ისედაც არ გვქონდა და საბანკო ანაბარზეც ბევრი ეჭვი ჩნდება. ანალოგიური სიტუაციაა სომხეთშიც, სადაც დრამი უფასურდება და რეალური ინვესტიციები შეჩერებულია. ასეთივე პრობლემებია აზერბაიჯანის ეკონომიკაშიც, რამაც კავკასიაში დააყენა არა ფულის შოვნის, არამედ მისი შენახვა-გადარჩენის პრობლემა, რასაც სათავე დასავლეთში უდევს. ევროპელი და ჩრდილოამერიკელი ინვესტორებისთვის (და, ალბათ, არამარტო მათთვის) ამ კითხვაზე პასუხია – ოქრო. გარდა იმისა, რომ ოქრო ტრადიციულად წარმოადგენს ძვირფას ლითონს და არასოდეს კარგავს ღირებულებას, ის წარმატებით უძლებს ინფლაციასაც. ეს ყველაფერი ინვესტორებმა კარგად იციან. შესაბამისად, ოქროს ფასი და მასზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით კოლოსალურად იზრდება. შობამდე მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქრო 800 აშშ დოლარი ღირდა, თებერვლის ბოლოსთვის კი მისი ფასი 1000 დოლარამდე გაიზარდა. AMEX-ზე (American stock exchange) ოქროს მომპოვებელი კომპანიების აქციების ღირებულება გაორმაგდა. World Gold Council-ი თავის მიმოხილვაში ვარაუდობს, რომ ოქროზე მზარდი მოთხოვნა დიდხანს შენარჩუნდება და შესაძლოა, ოქროს მარაგების ნაკლებობამ მოთხოვნა ვეღარ დააკმაყოფილოს.
ოქროს ფასის ზრდა 2008 წლის მარტიდან დაიწყო და ნიუ-იორკის ბირჟაზე უნციის ღირებულებამ 1000-დოლარიანი ზღვარი გადალახა. 2009 წლის დასაწყისიდან ოქროს ღირებულება 13%-ით გაიზარდა. შარშან ნავთობპროდუქტებზე ფასმა მნიშვნელოვნად იკლო და ოქრო თითქმის ერთადერთი საქონელი გახდა, რომლის ფასიც გაიზარდა. ოქრომ მაქსიმალურ ფასს (უნცია 1020 დოლარამდე) 2008 წლის მარტში მიაღწია. ეკონომიკის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ლითონი კვლავაც მომგებიან, უკონკურენტო ინვესტიციად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ოქროს ფასმა დაიწია – (2007 წლის დასაწყისიდან) უნციის ღირებულება 700 დოლარამდე დაეცა, რაც, ამ შემთხვევაში, საფონდო ბირჟებზე აქციების კურსის ვარდნამ გამოიწვია და არა უშუალოდ ოქროს გაიაფებამ.
როგორც აღინიშნა, სურათი 2008 წლის გაზაფხულიდან რადიკალურად შეიცვალა და ოქროს მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. მისი პოპულარობა თანამედროვე გლობალურ კრიზისსა და ეკონომიკურ ვნებათაღელვაზე რეაქციაა. როცა ისეთი დანაზოგები, როგორიც, მაგალითად, საბანკო დეპოზიტებია, არამყარი და ნაკლებშემოსავლიანია, ბევრისთვის საბანკო ანგარიშებზე მეტი უპირატესობა ოქროს ეძლევა, რადგან ის სიმდიდრის შენახვის ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს. ხალხი ოქროს აფასებს, როგორც ინფლაციისა და სუსტი დოლარისაგან თავდაცვის საშუალებას. ბევრი ინვესტორი აღნიშნავს, რომ “ოქრო არის ის, რასაც ყიდულობ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც გაქვს დასაკარგი.”
ოქროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 2008 წლის IV კვარტალში ამერიკის საფონდო ბირჟაზე – Exchange Traded Fund-ში (ETS), წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 18%-ით გაიზარდა. ETF-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტენდენცია დაიწყო 2008 წლის მესამე კვარტალში. 900-დან 1000 დოლარამდე მერყეობს უნცია ოქროს ფასი ლონდონის ბირჟაზეც.
აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოქროს დილერი, ნიუ-იორკში მდებარე კომპანია MTB-ს დირექტორის განცხადებით, მომხმარებელი იმაზე 2-3-ჯერ მეტ ოქროს ითხოვს, ვიდრე მიწოდება შეუძლიათ. აშშ-ს ზარაფხანამ მიმდინარე წლის პირველ 7 თვეს 193.500 უნცია ოქრო გაყიდა, რაც თითქმის 2007 წლისა და 2008 წლის პირველი 6 თვის მონაცემებს უთანაბრდება. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოქროს მონეტების (South Africas Krugerrand) მწარმოებელი კომპანია თჰე ღანდ ღეფინერყ-ის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალში ოქროს მონეტებზე მოთხოვნა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მათი წარმოების უნარიანობაა და, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს წარმოება კვირაში 10,000-დან 20,000 უნციამდე გაზარდეს, მოთხოვნა მაინც ვერ დააკმაყოფილეს. ზემოთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს: “კვირაში 30,000 უნციის წარმოება რომ შეგვეძლოს, ბაზარი მას მთლიანად შთანთქავდა”.
ოქროზე გაზრდილ მოთხოვნაზე საუბრობენ ახალი ზელანდიის ზარაფხანის წარმომადგენლებიც და ადასტურებენ, რომ ზარაფხანას დღეში იმაზე მეტი მოგება აქვს, ვიდრე წინა წლებში თვის განმავლობაში ჰქონდა.
რაც შეეხება ქართულ ოქროს მონეტებს – საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით “ოქროს საწმისის” გამოსახულებით პირველი ქართული საინვესტიციო ოქროს მონეტები ავსტრიის ზარაფხანაში 2006 წელს დამზადდა. გამოშვებულია ექვსი სხვადასხვა ზომისა და წონის საინვესტიციო მონეტა. ყველაზე მცირე 3,1 გრამს იწონის, ყველაზე დიდი კი – 311 გრამს.
საინვესტიციო მონეტების რეალიზაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული ბანკის რეგიონულ ფილიალებში. 1000, 300, 100, 50, 25 და 10 ლარის ნომინალის მონეტების გასაყიდ ფასს, საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველდღიურად ლონდონის ძვირფასი ლითონების ზოდების ბაზრის ასოციაციის მიერ დაწესებული ფასების მიხედვით ადგენს.
სტატისტიკურ მონაცემებს გულდასმით თუ გადავხედავთ (http://www.nbg.gov.ge/index.php?m=409&p=1), ვნახავთ რომ საინვესტიციო მონეტების ფასი 2008 წლის ბოლოდან სტაბილურად იზრდება.
საინტერესოა, სადამდე შეიძლება გაიზარდოს ოქროს ფასი? ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს – კომპანია ჩიტიGროუპ-ი აქვეყნებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 2009 წლის ბოლოსათვის უნცია ოქროს ფასი 2000 აშშ დოლარს მიაღწევს. საპირისპიროდ, კომპანია UBS-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოქროზე ფასების მატება დიდხანს აღარ გაგრძელდება და 2009 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 855 აშშ დოლარზე შენარჩუნდება. თუმცა სპეკულანტები უფრო იმ აზრს ემხრობიან, რომ ოქროს ფასი გაიზრდება და წლის ბოლოსთვის 2-300 აშშ დოლარსაც კი მიაღწევს და გამეორდება 1980 წლის პიკი, როცა უნცია ოქროს ფასი 2000-2500 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე სახეზეა ოქროზე კოლოსალური მოთხოვნა, რომელსაც მიწოდება ჯერ ვერ აბალანსებს, სანამ მსოფლიო ეკონომიკა სავსეა ცუდი ახალი ამბებით და ოქროს მიმზიდველობას საფრთხეს არაფერი უქმნის, ალბათ უფრო სავარაუდოა, რომ ფასები კვლავ გაიზრდება.
რა ხდება საქართველოში? გაიზარდა თუ შემცირდა მოთხოვნა და ფასები ოქროზე? ამის გასარკვევად, პირველ რიგში, შავ ბაზრებს – ე.წ. ოქროს ბირჟებს მივაშურეთ, სადაც ერთი გრამი იტალიური ოქროს ფასი დაახლოებით 40 ლარია, რუსულისა კი – 37-38 ლარი. როგორც ოქროთი მოვაჭრეები ამბობენ, ეს გაზრდილი ფასებია და ახალი წლის შემდეგ, როცა ოქროზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასებიც დაეცა, გრამი ოქრო 2-3 ლარით იაფი ღირდა. იმასაც აღნიშნავენ, რომ ბოლო კვირებში ვაჭრობა საერთოდ არ არის – “ხალხს ეტყობა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისიაო.
მომხმარებლის ნაკლებობას განიცდის ოქროს მაღაზიათა ქსელი “ზარაფხანაც. კომენტარისთვის მაღაზიის წარმომადგენელს დავუკავშირდით. “ზარაფხანაში, როგორც ყველა ცივილიზებულ კომპანიაში, ოქროს ნაკეთობა გრამობით არ ფასდება. ის ფასდება დიზაინის სირთულის, სინჯისა და დამზადების ტექნოლოგიური სირთულეების მიხედვით. საშუალოდ, ზარაფხანის 585 სინჯის ნაკეთობის გრამის ფასი არის 60 ლარი. რაც შეეხება ოქროზე მოთხოვნას ჩვენს მაღაზიაში, ლოგიკური იქნებოდა გაზრდილიყო, რადგან მსოფლიო კრიზისის დროს, როცა ინფლაციაა და ფულის გაუფასურება მიმდინარეობს, ოქრო ყველაზე ნაკლებ ლიკვიდური აქტივი და ფულის დაბანდების საუკეთესო გზაა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს მაღაზიათა ქსელში რეალიზაციის ზრდის ტენდენცია ჯერ არ შეინიშნება, – აღნიშნა კომპანია “ზარაფხანის მარკეტინგის მენეჯერმა მიშა ქურდაძემ.
კლიენტების სიმცირესა და საკუთარ პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას არ უჩივის შპს “კვარციტი, რომელიც ოქროს შემცველი მეორადი კაჟოვანი მადნის გადამუშავების გზით ძვირფასი ლითონების მოკრეფას ახორციელებს. მათი პროდუქტის (ოქროს შემცველი მადანი) 100% გადის ექსპორტზე სხვადასხვა საერთაშორისო ბირჟაზე, მათ შორის ლონდონის ოქროს ბაზარზეც (The LBMA-London Based Trade Association). “კვარციტის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1.700.000 ტონა გადამუშავებულ მადანს შეადგენდა. დღეისათვის კი, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და მსოფლიოს ბირჟებზე აღნიშნული პროდუქციის მიმართ გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, წარმოების სიმძლავრე 3.200.000 ტონამდე გაიზარდა.
აქვე აღსანიშნავია ერთი ფაქტიც – თუ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს ვენდობით, საქართველოს საექსპორტო პროდუქტების მიმდინარე წლის რეიტინგში პირველ ადგილზე დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროა. მის წილად 2009 წლის იანვარში ექსპორტის 12.2% მოდის, რაც ჯამში 7.6 მილიონ დოლარს შეადგენს.
რამდენად კარგია ოქროს ასეთი პოპულარობა და წაადგება თუ არა ეს ეკონომიკის განვითარებას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია მსოფლიო მასშტაბზე? ამ საკითხის გარშემო უცხოელ ექსპერტთა აზრი ორად იყოფა. მათი ნაწილი ოქროს ბუმს უარყოფითად უყურებს და აღნიშნავს, რომ ოქროზე მზარდი მოთხოვნა და მასში ამდენი კაპიტალის ჩადება წამგებიანი იქნება ეკონომიკის განვითარებისთვის გრძელვადიან პერესპექტივაში. რადგან მეტალის ლოდები ვერ გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და ვერ გააუმჯობესებს ცხოვრების დონეს, – მიიჩნევენ ისინი, – ინვესტორები მხოლოდ საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, სარისკო წამოწყებებისთვის ახლა აღარავის სცხელა, ბიზნესზე თითქმის აღარ ფიქრობენ, ამის გარეშე კი სამუშაო ადგილების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შექმნა წარმოუდგენელია. მართალია, თითოეულ ინვესტორსა თუ ინდივიდს შეუძლია საკუთარი კაპიტალი დააბანდოს იმ მიმართულებით, რომელიც მას სურს, მაგრამ ექსპერტთა ის ნაწილი, რომელიც უარყოფითად აფასებს ოქროს არნახულ პოპულარობას, იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება და ინვესტორები თავიანთ დანაზოგებს მიმართავენ იმ მიმართულებით რომელსაც ეკონომიკური ზრდა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება მოჰყვება.
შეიძლება რაღაც ჭეშმარიტება ამ მტკიცებაში მართლაც არის, მაგრამ გლობალური კრიზისისა და რეცესიის ფონზე მართლაც ვერავის გავამტყუნებთ, პირველ რიგში საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოებაზე ზრუნავდეს. ხომ გვსმენია “ჯერ თავო და თავოო”… ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღების დროს ჯერ კიდევ თავდაცვის მექანიზმია გადამწყვეტი და არა მომავალ მოგებაზე ფიქრი. შესაბამისად, კითხვაზე – დოლარი, უძრავი ქონება თუ ოქრო – პასუხიც ლოგიკურია: სანამ საბანკო სფერო და მთლიანად ფინანსური სექტორი, ისევე როგორც სამშენებლო ინდუსტრია, ფეხზე დადგება და შემდეგ მის მიმართ ნდობა დაბრუნდება, ოქრო კაპიტალის შენახვის ყველაზე საიმედო გარანტად გვევლინება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial