დაღონებული ვეფხვები

ნ. არველაძე

აზიის ეკონომიკების უმრავლესობა წინდახედულობის ნიმუშად მიიჩნეოდა მაშინ, როდესაც ამერიკელები და ევროპელები თანდათანობით ვალების ჭაობში ეფლობოდნენ, აზიელები დანაზოგების მთებს დგამდნენ, სამაგიეროდ მდიდარი ქვეყნების ბანკები ფულს რისკიან აქტივებში აბანდებდნენ, აზიის ბანკები კი მათ თავს არიდებდნენ. რაც მთავარია, სანამ ამერიკა და ბრიტანეთი მსოფლიო დანაზოგებს ისრუტავდნენ, აზიის მთავრობები დაგროვებული უცხოური ვალუტის უზარმაზარ მარაგებს იმედის თვალით შეჰყურებდნენ.

ბედის ირონიით, აზიის ვეფხვების ეკონომიკები მსოფლიო კრიზისმა უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე მათი მფლანგველი დასავლეთელი ეკონომიკები. 2008 წლის ბოლო მეოთხედში ჰონგ-კონგის, სინგაპურის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის მშპ-ის წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ით, ექსპორტი კი 50%-ზე მეტით შემცირდა. აზიის ახალი ბაზრების საერთო ინდექსის ვარდნა ისეთივეა, როგორიც დეკადის წინ, აზიის ფინანსური კრიზისის დროს. ეს კრიზისი აზიის უცხოურ კაპიტალზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, ახლა კი აზიის ეკნომიკები მეტისმეტად დამოკიდებულნი გახდნენ ექსპორტზე.
აზიის ახალი ეკონომიკები დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე დინამიურად მიიჩნეოდნენ, გასულ დეკადაში მათი წლიური მშპ 7.5% იყო, რაც დანარჩენი მსოფლიოსას, ზრდის ტემპით, ორ-ნახევარჯერ აღემატებოდა. უცხოელებმა ეს ბაზრები მხოლოდ გასულ ზაფხულს გააფრთხილეს, რომ ძალიან სწრაფი ტემპით იზრდებოდნენ და შესაძლო იყო ხიფათს გადაჰყროდნენ, ამიტომ ინფლაციის პრევენციის მიზნით, საჭირო გახდა საპროცენტო განაკვეთების ზრდა. ახლა ყველა თავისუფალი ვარდნის პირობებშია, სიახლეები კი უფრო და უფრო მძიმეა.
2008 წლის ბოლო მეოთხედში, სამხრეთ კორეის წლიური მშპ 21%-ით დაეცა, სინგაპურისა კი 17%-ით, მწარმოებლურობა ორივე ქვეყანაში 3-4%-ია, რაც 2007 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. სინგაპურის მთავრობამ აღიარა, რომ მიმდინარე წელს შესაძლოა ქვეყნის მშპ 5%-ით შემცირდეს, რაც 1965 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. აღნიშნულთან შედარებით, მეტად წარმატებულია ჩინეთის 6.8%-იანი ზრდა, თუმცა ჩინეთის მწარმოებლურობა უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში სტაგნაციას განიცდის.
აზიის ყველაზე მდიდარი გიგანტია იაპონია – მისი ექსპორტის მაჩვენებელი დეკემბერში 35%-ით შემცირდა. იმავე პერიოდში ტაივანის ექსპორტი 42%-ით, ხოლო ინდუსტრიული პროდუქცია 32%-ით შემცირდა, მსგავსი შედეგი ამერიკასც კი არ უჩვენებია დიდი დეპრესიის დროს.
ამერიკის სამომხმარებლო ბუმის დროს ყველაზე დიდი სარგებელი ექსპორტზე დამოკიდებულმა აზიურმა ეკონომიკებმა მიიღეს, ამიტომ მათმა წარმოებამ დიდი დარტყმა მიიღო და ახლა აზიური ეკონომიკა ძლიერ რყევებს განიცდის. 2008 წლის ბოლოს, აზიის ექსპორტი 13%-ით შემცირდა, მაგრამ ოდნავ მაინც ჩამოუვარდება 1998, ან 2001 წლის იმავე მაჩვენებლებს, თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს რეკორდიც მალე მოიხსნება.
გლობალური საკრედიტო ბაზრის კრიზისით ექსპორტის პრობლემების გამწვავებამ, ვაჭრობისთვის აუცილებელი ფულის შოვნა გაართულა. მარაგების მკვეთრმა შეკვეცამ დიდი დარტყმა მიაყენა წარმოების სექტორს. აზიის შიდა ვაჭრობა იმაზე მეტადაც კი დაეცა, ვიდრე რეგიონის გაყიდვები ამერიკასა და ევროპაში. დანარჩენი აზიიდან ჩინეთში ექსპორტი დეკემბერში 2007 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 25%-ით ჩამორჩებოდა. მასზე ნაწილობრივ მოდის საქონლის ასაწყობი ნაწილები რეექსპორტისათვის, რომლებზეც მოთხოვნა შემცირდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ექსპორტის ციფრებს აზიის ყველა სატკივარს ვერ დავაბრალებთ. უფრო სერიოზული დაკვირვებით, ნათელი ხდება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში იმპორტის მოცულობის ვარდნამ ექსპორტისას გაუსწრო და ქვეყნის კრიზისის მიზეზი შიდა მოთხოვნის ვარდნაში უნდა ვეძებოთ. მაგალითად, ჩინეთში სამშენებლო ბაზრის მარცხის შემდეგ მკვეთრად შემცირებულია შიდა დანახარჯები; სამხრეთ კორეაში 2008 წლის მეოთხე მეოთხედში სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მოცულობის შემცირების ფონზე სუფთა ექსპორტმა დადებითად იმოქმედა ქვეყნის მშპ-ის ზრდაზე. სამხრეთ კორეის სამეურნეო ვალები თავისუფალი შემოსავლის 150%-ია, ამით ის ამერიკასაც კი უსწრებს. საკრედიტო ბაზრის გლობალურმა კრიზისმა დიდი ზარალი მიაყენა ქვეყნის საბანკო სისტემას, რომელიც ძლივს ახერხებდა საზღვარგარეთ ფულის სესხებას ქვეყანაში სესხების გასაცემად, ახლა კი ფირმებს კიდევ უფრო უძნელდებათ საინვესტიციო პროექტების დაფინანსება.
შიდა დანახარჯები შემცირდა ყველა ქვეყანაში: ტაივანის საცალო გაყიდვები 12 თვის განმავლობაში 11%-ით შემცირდა, სინგაპურის – 6%-ით, ჰონგ-კონგისა კი – 3%-ით. ორი ქალაქ-სახელმწიფო, როგორც მსხვილი ფინანსური ცენტრი, დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა გლობალურმა ქარიშხალმა; ორივე მათგანს აქციების მაღალი წილი აქვს, ამიტომ არასტაბილური ბირჟა და საკუთრებაზე ფასების ვარდნა მოხმარებას ამცირებს. ჰონგ-კონგში სახლის საშუალო ფასი ზაფხულის შემდეგ უკვე 20%-ით დაეცა, საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის პროგნოზით 2010 წლისათვის კიდევ 30%-იან ვარდნას ელიან.
ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ აზია ორ რეცესიას განიცდის: შიდას და გარეს. აზიელები ვარაუდობდნენ, რომ შიდა მოთხოვნა ექსპორტის შემცირების დარტყმას შეამსუბუქებდა, მაგრამ სანაცვლოდ ისე მოხდა, რომ აზიამ ორი სახის დარტყმა განიცადა. პირველი – 2008 წლის პირველ ნახევარში საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების უკიდურესად გაძვირებამ შეკვეცა კომპანიების მოგება და მომხმარებელთა დანახარჯები. მეორე – რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში, შეზღუდულ მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის კონტროლის ფუნქცია უნდა ეკისრა, ამ ტენდენციამ კი შიდა დანახარჯების შეზღუდვა გამოიწვია. უხეშად რომ ვთქვათ, ახალი აზიის ექსპორტი მშპ-ის 47%-ს შეადგენდა, ათი წლის წინათ კი – 37%-ს. ათვლა იწყება ინდოეთიდან 14%-იანი ექსპორტის წილით მშპ-ში და სრულდება სინგაპურით 186%, იაპონიაში კი, რომელიც ექსპორტზე ორიენტებულ ქვეყნადაა მიჩნეული, მშპ-ის მხოლოდ 16% მოდის.
მაგრამ ეს წილი აჭარბებს ქვეყნის დამოკიდებულებას გარე მოთხოვნაზე, თუ ექსპორტში მაღალი შემცველობითაა იმპორტირებული მასალები. ჩინეთის ექსპორტს მშპ-ში 36% უჭირავს, მაგრამ მისი დაახლოებით ნახევარი “გადამუშავებული ექსპორტია”, სადაც დიდი დოზით არის გამოყენებული იმპორტირებული მასალები; ამიტომ მშპ-ში ექსპორტის წილის შემცირება ნაწილობრივ იმპორტის მოცულობის კლების შედეგია.
ექსპორტის მნიშვნელობის ალტერნატიული საზომია ცვლილება წმინდა ექსპორტის მოცულობაში. 2002-07 წლებში ჩინეთის ექსპორტმა ქვეყნის მთლიანი მშპ-ის ზრდაში მხოლოდ 15%-იანი წვლილი შეიტანა; სამაგიეროდ სინგაპურსა და ტაივანში წმინდა ექსპორტმა მშპ-ის ზრდის თითქმის ნახევარი უზრუნველყო. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საზომი ნათლად არ წარმოაჩენს მთლიან გავლენას, რადგან ხდება იმ გავლენის იგნორირება, რომელსაც ექსპორტი ახდენს ბიზნესის ნდობაზე, ინვესტიციებზე, დასაქმებასა და სამომხმარებლო დანახარჯებზე. მცირე ეკონომიკები – ჰონგ-კონგი, სინგაპური და ტაივანი ძლიერ არიან დამოკიდებულნი ექსპორტზე, გოლიათები კი – ჩინეთი და ინდოეთი – უფრო ნაკლებად.
აქამდე დაღმავლობებიდან აზია მდიდარ ქვეყნებში ექსპორტს გამოყავდა, მაგრამ ახლო მომავალში აზიელებს ამის იმედი აღარ აქვთ. საკითხავია, შეუძლია თუ არა შიდა მოთხოვნას საკუთარ თავზე აიღოს შექმნილი პრობლემების გადაჭრა? სასაქონლო ფასების ვარდნა მომხმარებლებს შეძენის მეტ შანსს აძლევს. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს მონეტარული და ფისკალური ექსპანსიის გავლენას.
სამხრეთ კორეისა და ინდოეთის გამოკლებით, აზიამ გაითვალისწინა ის ფინანსური არეულობა, რომელიც დასავლეთში მძვინვარებს. HSBC-ის ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ რეგიონი უფრო საკრედიტო შეზღუდვებისგან ზარალდება, ვიდრე ფართომასშტაბიანი პრობლემებისგან საკრედიტო ბაზარზე. ამერიკისა და ევროპისგან განსხვავებით, სადაც ვალების გამო შესაძლებელია წლების განმავლობაში დანახარჯების სერიოზული პრობლემები შეიქმნას, აზიის ფირმების უმეტესობას (სამხრეთ კორეის გარდა) ნაკლები მოცულობის ვალები აქვს. ძლიერი საბანკო სისტემის გამო, აზიის ბანკები უფრო ნაკლებად ზარალდებიან შექმნილი კრიზისით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება აზიის მასობრივ ფისკალურ სტიმულს, რაც ძალზე ნაყოფიერი იქნება, რადგან კერძო სექტორი უფრო კარგ მდგომარეობაშია და დანახარჯების გაწევის მეტი შესაძლებლობა აქვს.
აზიას არასოდეს გამოუყენებია მონეტარული და ფისკალური იარაღი ასეთი ძალისხმევით. რეგიონის ყველა ქვეყანამ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები და ყურადღება ფისკალურ სტიმულზე გადაიტანა. ადრინდელი ეკონომიკური პრობლემების დროს, აზიის მთავრობებს ხშირად უხდებოდათ საგარეო ვალების აღება ან ვალუტის მხარდაჭერა, მაგრამ ქვეყნების უმეტესობა კრიზისს მცირე მოცულობის საბიუჯეტო დეფიციტით ან ნამატითაც კი შეხვდა. აზიის ყველა წამყვან ქვეყანას, ინდოეთის გარდა, მშპ-ში საგარეო ვალების მცირე მოცულობა აქვს.
ფისკალური სტიმულის ნამდვილი ზომა ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ჩინეთში, უფრო მცირეა ვიდრე მთავრობისგან გახმოვანებული, მაგრამ ციფრი მაინც შთამბეჭდავია. ორმაგი ანგარიშებისა და არარეალური შეფასებების შესწორების შემდეგ, ჩინეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაივანი 2009 წელს ფისკალური სტიმულის 3%-ს მიიღებენ მშპ-ში. ჩინეთმა განაცხადა, რომ შესაძლებელია უფრო მეტი ზომების მიღება მომდევნო თვეებში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს მეტი დანახარჯები გასწიოს. სამხრეთ კორეასა და ტაივანში საშემოსავლო გადასახადის კლება იგეგმება, რაც მცირე გავლენას მოახდენს ფულის დაზოგვაზე და არა – დანახარჯების ზრდაზე. ტაივანის მთავრობა მომხმარებელთა დანახარჯების ზრდას მაღაზიის ვაუჩერების გამოშვებით ცდილობს, რომელიც თითოეულ პიროვნებაზე 3 600 დოლარის ღირებულებისაა. ეკონომისტები ახალ ინიციატივას სკეპტიციზმით შეხვდნენ, მაგრამ აზიის მთავრობებს ვაუჩერები ეიმედებათ.
უფრო პერსპექტიულია ის ფაქტი, რომ თითოეული ქვეყანა ინფრასტრუქტურაზე დანახარჯების ზრდას გეგმავს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს ალბათ მთავრობებისთვის საუკეთესო გზაა დანახარჯებისა და სამუშაო ადგილების მატების თვალსაზრისით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი უკეთესი გზები და რკინიგზა გაზრდის პროდუქტიულობას. აზიის ახალ ბაზრებზე ფისკალურმა შეზღუდვებმა 1998 წლის შემდეგ მთავრობები იძულებული გახადა, კაპიტალური დანახარჯები შეემცირებინათ, შედეგად კი ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ინდონეზიასა და ტაილანდში, ინფრასტრუქტურა 10 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით გაუარესებულია, ასე რომ, ფულის დასახარჯი ადგილი ნამდვილად არსებობს. თუ ჩინეთი და სხვა ქვეყნები სრულად განახორციელებენ ეკონომიკის სტიმულის გეგმას, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შესაძლებელია შიდა მოთხოვნის მდგომარეობის გაუმჯობესება.
მომდევნო წლების განმავლობაში ამერიკელებს იმპორტის მოცულობის შემცირება და დანაზოგების ზრდა მოუწევთ, რაც აზიის ექსპორტზე დამყარებულ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

აზიას ეკონომიკური ზრდის ახალი ძრავა სჭირდება: მომავალში მან გათვლა შიდა მოთხოვნაზე, განსაკუთრებით მოხმარებაზე, უნდა გააკეთოს. ბოლო წლებში საწინააღმდეგო მდგომარეობა იყო: მშპ-ში სამომხმარებლო დანახარჯების წილი მცირდებოდა, ექსპორტის მოცულობა კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩებოდა. 2009 წელს მოსალოდნელია აზიის ახალი ბაზრების ეკონომიკის ზრდის 4-5%-მდე შემცირება, რაც აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. ჰონგ-კონგის, სინგაპურის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის ეკონომისტები ციფრებს უფრო მეტად შეამცირებენ, ვიდრე დიდი, მაგრამ ნაკლებად ღია ეკონომიკის მქონე ჩინეთი, ინდოეთი და ინდონეზია: ისინი შედარებით უკეთეს ციფრებს გამოაქვეყნებენ.
ცხადია, აზიის მთავრობებს ეკონომიკის ზრდის შენელების გარდა სხვა სადარდელიც აქვთ. საიდან ელის აზია ეკონომიკურ ზრდას? ამერიკის სამომხმარებლო ბუმი და მზარდი სავაჭრო დეფიციტი, რომელიც აზიის ეკონომიკური ზრდის დიდ ძალას წარმოადგენდა, დასასრულს მიუახლოვდა, ამერიკის მომჭირნეობა და ინვესტიციები კი იზრდებოდა. ორი დეკადის წინ, აზიის მშპ-ში სამომხმარებლო დანახარჯებს 36%-იანი წილი ეჭირა. რა მეცადინეობით უნდა გაზარდოს აზიამ სამომხმარებლო დანახარჯების მაჩვენებელი? პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, თუ რატომ შემცირდა ის. ყველაზე პოპულარული ახსნა: მომჭირნე ოჯახებმა შემოსავლის დიდი ნაწილი დანაზოგებში გაუშვეს, რადგან გაურკვეველი იყო პენსიებისა და სოციალური კეთილდღეობის მომავალი; გაურკვევლობა კი აუცილებლად გაიზრდებოდა რეცესიის დროს.
თუმცა ეს ახსნა ფაქტებს არ შეესაბამება, რადგან ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით სამხრეთ კორეასა და ტაივანში, სამეურნეო დანაზოგების მოცულობა შემოსავალთან მიმართებაში გასული დეკადის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, ჩინეთში კი უცვლელ მაჩვენებელზე დარჩა (ჩინეთის დანაზოგების ზრდის კოეფიციენტი ფირმებსა და მთავრობაზე მოდის და არა ოჯახებზე).
თუ ოჯახები უფრო მეტ დანაზოგს არ აკეთებენ, რატომ მცირდება მშპ-ში სამომხმარებლო დანახარჯების წილი? იმიტომ, რომ შემცირდა სახელფასო შემოსავლები მშპ-ში: ჩინეთში 1998 წელს ხელფასების წილი 53%-ით, 2007 წელს კი 40%-ით შემცირდა.
შემცირების ერთი მიზეზია სამუშაო ადგილების შექმნის ტემპის შენელება, რადგან მთავრობის ყურადღება ისეთ ინდუსტრიებზე იყო გადატანილი, რომლებიც დიდ კაპიტალდაბანდებებს ითხოვდნენ. აზიაში და განსაკუთრებით ჩინეთში, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ინვესტიციებს დიდ სტიმულს მატებდა და ხელოვნურად გაიაფებული ვალუტა და სუბსიდიები ძვირადღირებული მუშახელის მომსახურებას პრივილეგიურს ხდიდა.
ერთი სიტყვით, თუ აზია აპირებს რამე ძვრების ხელშეწყობას მოხმარების ასპექტში, საკმარისი არ იქნება ოჯახების დარწმუნების ჩვეულებრივი რეცეპტი ფულის დახარჯვის აუცილებლობაში. მთავრობა უნდა შეეცადოს ეროვნულ შემოსავალში ოჯახების წილიც ჩართოს. ამისათვის მათ: უნდა შეამცირონ ისეთ წარმოებებზე აქცენტი, რომლებიც დიდ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს, გაზარდონ ფინანსური ლიბერალიზაციის ხარისხი, რათა გაიზარდოს კაპიტალის ღირებულება, მონოპოლიებზე შეტევა. უფრო მყარი გაცვლითი კურსი გაზრდის სამომხმარებლო დანახარჯებს და შეამცირებს იმპორტის ღირებულებას.
პარადოქსია, მაგრამ ჩინეთში ზოგიერთი მიუღებელი დაჟინებით ითხოვს იუანის გაუფასურებას, ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით. ეს ოდნავ შეინარჩუნებს ექსპორტის მოცულობას, რომელიც გარე მოთხოვნის ვარდნის გამო უფრო განიცდის ზარალს, ვიდრე კონკურენტუნარიანობის კლების მიზეზით, მაგრამ დააბრკოლებს აუცილებელ ეკონომიკური წესრიგის დამყარებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამეურნეო დანახარჯების კოეფიციენტი დაეცემა, ის მაინც მაღალ ნიშნულზე დარჩება, დაახლოებით 20%-მდე ჩინეთსა დ ტაივანში. ფაქტი ნაწილობრივ ასახავს ახალგაზრდა მოსახლეობის მიდრეკილებას, გააკეთონ დანაზოგი სამსახურიდან გადადგომის შემდეგ უზრუნველყოფილი ცხოვრებისათვის.
პოლიტიკის ცვლილებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს დანაზოგების მოცულობის ზრდა. ღარიბ ფინანსურ სისტემებში, მეურნეობებს უჭირთ სესხის გაცემა, ამიტომ ოჯახები შავი დღისათვის დანაზოგის გაკეთებას ამჯობინებენ, ხელმისაწვდომმა კრედიტმა კი შესაძლებელია მსგავსი დანაზოგების მოცულობა შეამციროს. ბოლო დროს განვითარებულმა საკრედიტო ბუმმა და შემდგომმა მარცხმა მთავრობები აიძულა, ფინანსურ რეფორმებს დიდი სიფრთხილით მოეკიდონ. არაადეკვატურმა სოციალურმა კეთილდღეობამ ხალხს დანაზოგების გაკეთებისკენ უბიძგა. ახლა კი მაღალი დანახარჯები ჯანმრთელობაზე, განათლებასა და კეთილდღეობის მხარდაჭერაზე მთავრობის მხრიდან მოსახლეობას ნაკლები დანაზოგისა და მეტი დანახარჯების გაწევას აიძულებს. ჩინეთი მომავალი 3 წლის განმავლობაში 850 მლრდ იუანის დახარჯვას (125 მლრდ დოლარი) ჯანდაცვაზე აპირებს, მაგრამ გეგმის დეტალები ჯერ უცნობია.
აზიის კრიზისის შემდეგ ბევრმა უცხოელმა ნაჩქარევად რეგიონი მკვდრად მიიჩნია, მაგრამ აზიის ეკონომიკები სწრაფად აღდგა, რაც მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლის დამსახურება კი არ იყო, არამედ იმ ფაქტისა, რომ აზიას ჯერ კიდევ ჰქონდა ეკონომიკური ზრდის საიდუმლოს გასაღები: პროდუქტიულობის ზრდა, მსხვილი დანაზოგების გადასროლა ფინანსურ ინვესტიციებში, იმპორტის ბარიერების გაიოლება. ეს ყველაფერი აზიას მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონის ტიტულს შეუნარჩუნებს, მაგრამ მოგების მნიშვნელოვანი წილი მუშახელისა და მომხმარებლების საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენონ.
აზიის დაბალი საპროცენტო განაკვეთი მიგვანიშნებს, რომ მომავალ დეკადაში რეგიონს შეუძლია მოხმარება ეკონომიკური ზრდის ლოკომოტივად აქციოს.